პოლიტიკა

"ერთად უნდა მოვახერხოთ სწორი მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ დიდხანს ვიქნებით იმ ადგილზე, სადაც დღეს ვართ"

ნატო გოგელია  2017-01-09 16:11:49

საქართველოში ნარჩენები განსაკუთრებულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს _ დღემდე ის რჩება ეკოსისტემების დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების წყაროდ. ამასთან, არსებული პრაქტიკა გულისხმობს ნარჩენების განთავსებას უკონტროლო/არაოფიციალურ ნაგავსაყრელებზე _ უახლოეს ხევებში, გზების პირას და მდინარეების ნაპირზე, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების და სანიტარულ-გარემოსდაცვითი ნორმების უგულებელყოფით.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, პოლიგონებზე ხვდებოდა და ხვდება სამრეწველო, სამშენებლო, სამედიცინო, ბიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის სახიფათო ნარჩენები.

სპეციალისტების დასკვნით, ქვეყანაში მოქმედი ნაგავსაყრელების უმრავლესობა არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო დირექტივებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ მყარი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ამ ვალდებულების შესრულებაზე რამდენიმე უწყებაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ამ პრობლემას ვერ უმკლავდება. შესაბამისად, ე. წ. სტიქიურ ნაგავსაყრელებს ბევრ ადგილზე შეხვდებით.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთში, სადაც მუნიციპალური ნაგავსაყრელი ნაგავს ვეღარ იტევს. როგორ ირკვევა, ლანჩხუთში ნაგვის მანქანების და ურნების პრობლემაცაა, რომლის მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრისგან ელოდება.

სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სტანდარტებთან მიახლოებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები, სადაც ნაგვის ურნებიც კი არ დგას და შესაბამისად მოსახლეობა სტიქიურ ნაგავსაყრელებს ქმნის.

სტიქიური ნაგავსაყრელების სიმრავლეა ჩოხატაურშიც _ უმეტეს სოფლებში ნაგვის ურნების არ არსებობის გამო დაბინძურებულია საუბნო და ცენტრალური გზები, მდინარეები, სადაც ინერტული მასალაც კი იყრება.

ურნების დადგმას და დამატებას ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი ხანია პირდება, თუმცა, ჯერჯერობით,უშედეგოდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ ნაგვის გამოტანა მხოლოდ იმ სოფლებიდან ხდება, სადაც ნაგვის ურნები დგას _ მარტივად რომ ვთქვათ, სუფთავდება მხოლოდ დაბა ჩოხატაური და მასთან ახლო მდებარე სოფლები.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად, პრობლემას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონეც ქმნის _ ქუჩაში, მდინარეში, ბუნებაში ნაგვის დაყრა რომ არ შეიძლება, ეს ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია და გვავიწყდება, რომ ნაგვის თვალთახედვიდან მოშორება არ ნიშნავს მის გაქრობას.

მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წელს ჩაატარა. რა წერია დასკვნაში, გაითვალისწინეს თუ არა უწყების რეკომენდაციები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, არსებობს თუ არა მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგია, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "გურია ნიუსის" ყოველთვიურ გადაცემაში "არჩევანი _ მე" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ ისაუბრა:

_ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა არა მარტო ჩვენი რაიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ფაქტობრივად, რაც უფრო ვითარდება ქვეყანა, რაც უფრო წინ მიდის, მატულობს მყარი ნარჩენები. მაგალითად, აშშ-ს სიახლოვეს, წყნარ ოკეანეში არის მყარი ნარჩენებისგან შემდგარი კუნძული, რომელიც თითქმის უკრაინის ტერიტორიის ტოლია. ამით იმის თქმა მსურს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას. იგი მსოფლიოს აწუხებს და ამიტომ დადგა საკითხი, რომ საქართველოშიც მოხდეს მყარი ნარჩენების ეფექტური მართვა. ეს გამოიწვია იმ მდგომარეობამაც, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდა. ასევე, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის კუთხით, არამედ იმ პროექტების კუთხითაც, რომლითაც უნდა შევუერთდეთ ევროკავშირს. მათი დაფინანსებით, ხშირ შემთხვევაში ხდება ახალი პროექტების გახორციელება და ასეთი ბევრი მაგალითი გვაქვს. ბევრიდან ერთ-ერთი საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბება ახლა იდგამს ფეხს, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ზაალ მამალაძემ.

_ ბატონო ზაალ, თუ შეგიძლიათ, დაზუსტებით გვითხრათ, რამდენ სოფელს ემსახურება დასუფთავების სამსახური ჩოხატაურში და რამდენი სოფელია დარჩენილი ამ უმნიშვნელოვანესი მომსახურების გარეშე?

 _ ძირითადად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ამ მდგომარეობით, ემსახურება დაბას და რამდენიმე მიმდებარე სოფელს. ასევე, ბახმაროს ზაფხულის პერიოდში. ამის მიზეზი ძალიან მცირე რესურსია. მათ შორის, ურნების პრობლემაც დგას.

_ გასულ წელს, ჩვენს გადაცემაში სტუმრობისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირობა დადო, რომ ურნების შესაძენი თანხა 2017 წლის ბიუჯეტში იქნებოდა გამოყოფილი. ეს იყო მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მოთხოვნა. გაითვალისწინეთ ბიუჯეტის მიღებისას მოსახლეობის აზრი?

_ პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ მოძველებული ურნებისა და ტექნიკის პირობებში, რთულია განახორციელო რაიმე სერვისი, რადგან იყო შემთხვევები, როცა ტექნიკა მწყობრიდან გამოდიოდა. ამიტომ ვახერხებდით იმ სოფლების ათვისებას, სადაც ურნები იდგა _ ზემო ფარცხმა, შუა ფარცხმა, ჯვარცხმა, გუთური, გოგოლესუბანი. გეთანხმებით, რომ ურნები არ არის საკმარისი, მაგრამ არის ის, რის საშუალებაც ჰქონდა ბიუჯეტს. ჩვენ, ასევე, დიდი პრობლემის წინაშე ვიდექით ზაფხულში ბახმაროს ტურისტულ სეზონზე. ჩვენი ურნები დაბასაც კი არ ყოფნიდა, არათუ ბახმაროს. თუმცა, მეგობრების დახმარებით ეს პრობლემა მოვაგვარეთ; ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ნაგავმზიდი ვითხოვეთ და საჭირო ურნებიც მოვაგროვეთ. ფოთის მერიის, ქუთაისის მერიის, ოზურგეთის მერიის და მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დახმარებით ეს პრობლემა მოვაგვარეთ და მინდა "გურია ნიუსის" მადლობა გადავუხადო მათ.

2017 წელს უკეთესი სიტუაცია გვექნება _ სახელმწიფოს დახმარებით, უკვე მივიღეთ სამი მანქანა სესხის ფორმით, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის ძალიან საჭირო იყო. "მერსედესის" მარკის, 13 კუბური მეტრი ტევადობის ორი ნაგავმზიდია საკმაოდ მაღალი ხარისხის და ერთი ორხიდიანი 8-კუბიანი ტევადობის, რომელიც ბახმაროსთვის იქნება და არა მარტო ბახმაროსთვის. მე მახსენდება თქვენი სიუჟეტი წინა წელს, როდესაც დიდთოვლობა გვქონდა და ურნები გადავსებული იყო. ეს არ იყო დასუფთავების სამსახურის ბრალია _ ჩვენ არ გვყავდა მანქანები, რომლებიც თოვლში იმოძრავებდა. ეს პრობლემა, როგორც უკვე აღვნიშნე, მოგვარდა. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა მოგვცეს 100 ცალი, 4-კუბიანი, სტანდარტების შესაბამისი ურნა.

_ ეს ყველაფერი სამყოფი იქნება მუნიციპალიტეტისთვის?

_ სამყოფი არ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე გაცილებით უკეთეს სერვისს შევთავაზებთ მოსახლეობას.

_ ფინანსური კრიზისის და დაანონსებული შემცირებების ფონზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კომუნალურ სამსახურს, რომელსაც მეტი სამუშაოს გაწევა მოუწევს, დაფინანსება გაეზრდება?

_ "სხივის" ბიუჯეტი იყო და დარჩა 400 000 ლარი. ეს საკმარისია, რადგან გამოყოფილი თანხის საკმაოდ დიდი წილი ძველი ავტომანქანების რემონტზე იხარჯებოდა. წელს, ეს ხარჯი მოგვაკლდება. ასევე, შემცირდება საწვავის ხარჯიც, რადგან, როგორც გითხარით, ავტომანქანები ახლებია და დიდი ტევადობის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგავსაყრელზე რამდენიმე გზის გაკეთება არ მოუწევთ.

_ საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანდებით და საინტერესოა, თუ გადაგიმოწმებიათ ის სოფლები, სადაც ურნები დგას, რამდენად სწორად არის განაწილებული, რა ურჩევნია მოსახლეობას... ამას ერთი კონკრეტული სოფლის _ ბუკისციხის მაგალითზე გეუბნებით, სადაც გადამოწმებისას გავარკვიეთ, რომ ორი ნაგვის ურნა დგას, ისიც არა დასახლებულ პუნქტთან არამედ, ე. წ. "გურისტბაზე" _ ერთი ხიდის თავში, მეორე ბოლოში, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს... აღარაფერს ვამბობ იმ სოფლებზე, სადაც ურნები არ დგას.

_ "გურისტბაზე" ნაგვის ურნების დადგმა ზაფხულში გადაწყდა. ის ადგილი ორ სოფელს აკავშირებს და დამსვენებელიც სტუმრობს. 2016 წელს იქ ინფრასტრუქტურა მოეწყო, გალამაზდა და დამსვენებლის რაოდენობამაც იმატა. ამის გათვალისწინებით დაიდგა ორი ურნა. დღეს რა ხდება, არ ვიცი და აუცილებლად გადავამოწმებ, _ აღნიშნა მამალაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს და გამგეობის მთავარი ამოცანა ამ მიმართულებით სწორი სტრატეგიის შემუშავება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა:

_ ძალიან ხშირად მყარი ნარჩენები შედგება ისეთი ნარჩენებისგან, რომლებიც შეიძლება განახლებადი იყოს. ამიტომ, ის, რაც არის აღდგენადი, რის გადამუშავებაც და მეორადი გამოყენება შეიძლება, დამატებით შემოსავალს იძლევა. შესაბამისად, ამ სფეროში იმავე თანხის ჩადება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ურნებიც ვიყიდოთ და ტექნიკაც. სწორედ ამ მიმართულებაზე ვმუშაობთ ახლა.

_ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ წავიკითხეთ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის დეპუტატის ნინო წილოსანის სამომავლო გეგმები, სადაც იყო ასეთი ჩანაწერი: "ჩოხატაურს 2017 წელს ექნება მოწესრიგებული ნაგავსაყრელი". თქვენი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატობის კანდიდატს არ ჰქონდა ინფორმაცია ჩოხატაურში არსებული ნაგავსაყრელის შესახებ, რომლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა გასულ წელს თუ იმას, რომ კიდევ უნდა გამოიყოს თანხა და ნაგავსაყრელი მოექცეს ევროპულ სტანდარტებში?

_ 200 000 ლარი დაიხარჯა ნაგავსაყრელის და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაზე. გაკეთდა ის, რის საშუალებაც იყო ამ თანხით. გეთანხმებით, რომ სტანდარტების შესაბამისი არ არის, მაგრამ მთავარი პრობლემა მოგვარებულია. 2017 წელს ვაპირებთ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასაც. ზოგადად, მდინარის ნაპირზე ნაგავსაყრელის განთავსება დიდი პრობლემას წარმოადგენს და ამაზეც ვმუშაობთ. ასევე, აუცილებელია მოსახლეობის განათლება და ჩართულობა _ ყველამ უნდა იცოდეს შეგროვების პრინციპი.

_ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც მყარი ნარჩენების მართვას ეხება, საკმაოდ ბევრი რეკომენდაციებია მუნიციპალიტეტებისთვის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად გამოყოფილია დასუფთავების მოსაკრებელი არარსებობა...

_ 2016 წელს, ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 7 000 ლარი შეადგინა. ეს თანხა იურიდიული პირებისგან შემოვიდა. იმის მიზეზი, რომ თანხა მცირეა და ყველა არ იხდის, არასრული სერვისია. ამ ყველაფრის გასწორებას შეეცდება ის ჯგუფი, რომელიც საკრებულოს იურისტებთან ერთად, მყარი ნარჩენების მართვის მუნიციპალიტეტის სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს. გარდა ამისა, როდესაც ახალი მანქანები დაიწყებენ მოძრაობას, როცა დამატებითი ურნები დაიდგმება და მოსახლეობას ქუჩის ერთი თავიდან მეორეში ხელით არ მოუწევს ნაგვის ტარება, ბუნებრივია, მოსაკრებელიც დაწესდება. მუნიციპალიტეტს საშუალება არ აქვს რომ ყველაფერს ერთად გაართვას თავი _ ნაგავმზიდი მანქანების შეძენის სესხი გადასახდელია, ახალი ურნები შესაძენია. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ და სწორი მართვა გავახორციელოთ ამ სფეროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ დიდხანს ვიქნებით იმ ადგილზე, სადაც დღეს ვართ.

_ ბატონო ზაალ, მუნიციპალიტეტს აქვს თუ არა ზუსტი სურათი, სად არის სტიქიური ნაგავსაყრელები, როგორ ხდება სოფლებში ნაგვის შეგროვება და ა. შ.?

_ სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვახსენე და რომელსაც ლელა მდინარაძე ხელმძღვანელობს, შემთხვევით არ არის შერჩეული. მათ აქვთ რამდენიმე კვლევა ჩატარებული და ფაქტობრივად, გვაქვს რუკა, სადაც აღნიშნულია, თუ სად არის ახალი ურნების განთავსება საჭირო, სად რა მდგომარეობაა...

_ ეს ყველაფერი ეხება თუ არა სამშენებლო ნარჩენებს, რომლის სიუხვითაც გამოირჩევა ჩოხატაური... მაგალითად, დაბის ცენტრში, ხელოვნების სასახლის უკან, დღესაც ყრია სამშენებლო ნარჩენები.

_ კი, ეს სამშენებლო ნარჩენებსაც ეხება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს სამედიცინო ნარჩენების კუთხით. არსებობს კომპანია, რომელიც კლინიკებს თვეში ორჯერ სტუმრობს და სამედიცინო ნარჩენები მიაქვთ. ზოგადად კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე მუშაობა აქტიურადაა დაწყებული და საკითხზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. ამ მიდგომით აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რომ შევუერთდებით ევროკავშირის ამ პროექტებს, მათ მოთხოვნებს, მით უმეტეს, რომ სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბოლო დროს და იმედი მაქვს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც გამოსწორდება ყველაფერი, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ზაალ მამალაძემ.

ამავე გადაცემიდან, ჩვენს მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, გაიგოს, რა მდგომარეობაშია ქვეყანაში მოქმედი 53 ნაგავსაყრელი და რა გეგმები აქვს საქართველოს ნარჩენების მართვის კომპანიას. ამ საკითხზე "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ესაუბრა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ კი უწყების სტრატეგიაზე ისაუბრა.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში.

M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს,
როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


სახელმწიფო კანცელარიასთან "ქართული დასის" მაჟორიტარობის კანდიდატის ჯონდი ბაღათურიას გამოჩენამ დისონანსი
პირველი იყო მოლდოვა, შემდეგ იქნება საქართველო, _ ეს პოლიტიკური მესიჯი
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფოთის მაჟორიტარულ ოლქში
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ სახელმწიფო საკონსიტუციო კომისიის ფორმირებასთან
 კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლა, რომელიც ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ "თავისუფალი
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი. „ჩემი