ზაფრანი

ცივილიზაციას ემალებიან

გიორგი გაჩეჩილაძე  2017-01-11 17:54:33

დღეს უკვე დადასტურდა 10 წლის განმავლობაში მოარული ხმები იმის შესახებ, რომ კოლუმბიაში, ამაზონის ცენტრალურ ჯუნგლებში, ეგრეთ წოდებული „არაკონტაქტური“ ინდიელები ბინადრობენ. მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც მათ საძებრად წავიდა, ინდიელთა ტომები ტროპიკულ ტყეში, მდინარეების – კაკუტასა და პატუამაიოს შორის, რიო-პურის ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

სპეციალისტებმა პარკის ტერიტორია რეთმოტორიანი თვითმფრინავიდან, ანუ, ზემოდან დაათვალიერეს. თავდაპირველად მათ ხეებს შორის პალმისგან აგებული ინდიელთა ქოხი – მალოკა შეამჩნიეს და რამდენიმე ფოტოც გადაუღეს, გადიდებულ ფოტოზე კი აღმოაჩინეს, რომ ქოხებთან ცისკენ თვალაპყრობილი ინდიელი ქალები და ბავშვები იდგნენ, რომლებსაც „სამოსი“ მხოლოდ თეძოზე ჰქონდათ შემოხვეული, სხეულის ზედა ნაწილები და სახე კი საღებავებით ჰქონდათ მოხატული. მეორე დღეს მეცნიერებმა კიდევ ოთხი ასეთივე ქოხი აღმოაჩინეს. ისინი ადგილობრივი ორი ტომის – იურისა და პასეს ხალხს ეკუთვნის, რომლებიც, შეიძლება, უკანასკნელნიც კი იყვნენ კოლუმბიური ამაზონის ჯუნგლებში.

1900 წელს, როდესაც კოლუმბიაში კაუჩუკის ბუმი გაჩაღდა, მისკენ მეწარმეები დაიძრნენ. ისინი ათასობით ინდიელს აიძულებდნენ, შეეგროვებინათ კაუჩუკი, სცემდნენ, აშიმშილებდნენ და კლავდნენ კიდეც. სწორედ მაშინ შემცირდა ზოგიერთი ტომის რაოდენობა ათჯერ და ასჯერ, ზოგი კი საერთოდ ამოწყდა, გადარჩენილებმა კი თვითიზოლაცია აირჩიეს.

იურისა და პასეს ტომელები ჯუნგლებში შეიმალნენ და დიდი ხნის განმავლობაში გადაშენებულად ითვლებოდნენ, სანამ ისინი 1969 წელს შემთხვევით არ აღმოაჩინეს დაკარგული მონადირის ბეწვით მოვაჭრის და მისი თანამგზავრის საძებნელად წასულმა მაშველებმა. ინდიელთა დასახლებაში მათ 100-მდე ქალი და ბავშვი დახვდათ. ზოგს კისერზე მონადირის პიჯაკის ღილებისგან აცმული მძივები ეკეთათ, ფოთლებში კი მისი ცული ეგდო. თვით მონადირესა და მის თანამგზავრს რა ბედი ეწია, მათ ვერ გაიგეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად მაშველებმა ძლივს უშველეს თავს.

რიო-პური კოლუმბიის ხელისუფლებამ 2002 წელს 2,47 მილიონი ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე დააარსა – ნაწილობრივ, როგორც ინდიელების გადარჩენის საშუალება. აქამდე ინდიელთა ადგილსამყოფელი უცნობი რჩებოდა. მეცნიერთა აზრით, ხელისუფლებამ ახლა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს ინდიელთა დასაცავად მათგან, ვისაც მათთვის ვნების მიყენება შეუძლია. თავისდაუნებურად, ეს ტომები „გარემოს ბუნებრივი დამცველები არიან, რადგან სჯერათ, რომ ტყის დაზიანება ან სხვა ტომების განადგურება ცუდ შედეგს გამოიღებს, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნება“.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დიდი ნებისყოფის დაძაბვისა და ტანჯვა-წამების შემდეგ, როგორც იქნა, მიაღწიეთ სასურველ
ავსტრიის პოლიციას გამოცხადებული აქვს ძებნა დამნაშავეზე, რომელიც ბარაკ ობამას ნიღბით
ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის და დაგვიცავს  სავალალო შედეგებისგან: მას ორგანიზმიდან
ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე სევდიანი
ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი სწავლულების მიერ მიღებული ახალი მონაცემები იმის
ბრიტანულმა  კომპანიამ SUCK UK-მა  სპეციალურად კატებისთვის ლეპტოპი - "კატაბუკი" შექმნა.