საზოგადოება

წინასაარჩევნოდ გაორმაგებული ხელფასი და ერთი რწმუნებულის რვა მოადგილე

გიორგი გირკელიძე  2012-07-30 03:56:24

სოფლის რწმუნებულებს წინასაარჩევნო წელს ხელფასები მოემატათ, ამის შესახებ "გურია ნიუსი" უკვე წერდა. რწმუნებულების როლის მნიშვნელობაზე ახალდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილსაც ისაუბრა, როდესაც მან ოზურგეთში, ჟურნალისტების გარეშე საიდუმლო შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სოფლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყველაზე დიდხანს სოფლის რწმუნებულებს ესაუბრა.

ბრძანება #70

2012 წელის 30 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის #70 ბრძანებულება გამოვიდა, რომლის მიხედვით, სოფლის რწმუნებულების და სხვა საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა _ თუ ადრე რწმუნებულების ხელფასი 320 ლარი იყო, ახლა ეს თანხა გაორმაგდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, ნინო სალუქვაძის თქმით, რწმუნებულების შრომითი ანაზღაურება 700 ლარია, მათი მოადგილეების კი _ 250.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდა საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ირინა საჯაია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რწმუნებულების ანაზღაურება ნამდვილად დაბალი იყო და უფრო მეტი ეკუთვნოდათ:

_ რწმუნებულებს რამდენიმე თვეა, გაეზარდათ ხელფასები და მიმაჩნია, რომ აქამდე მათი ანაზღაურება ნამდვილად დაბალი იყო. ამ ხალხს იმდენი საქმე აქვთ, ეს მატება საჭიროა და არ ითვლება წინასაარჩევნო ავანსად.

საპირისპიროს ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლელა ნაცვალაძე. მისი თქმით, ცინიზმია, როცა საქართველოს პრეზიდენტი სახალხოდ საუბრობს ჩინოვნიკთა ქამრების შემოჭერაზე, ამ დროს კი ოზურგეთის 2012 წლის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი, საბიუჯეტო სამსახურების ხელფასებსა და პრემიებს უკავია:

_ პოლიტიკური ნაგავსაყრელის პირას მდგომი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა მსხვილი მარყუჟით დააბას მასზე დაქვემდებარებული ადამიანები. ამის სანაცვლოდ მათთვის "ჰონორარს" არ "იშურებს". 800 ლარს იღებს ჩინოვნიკი, რომელიც "ხელმძღვანელობს" სოფელსა თუ თემს, რომლის ბიუჯეტი ნულია, ან სად გვაქვს სოფელი?! _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ნაცვალაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ თითოეული სოფელი გადააქცია დასახლებად და ის ცდის ამ დასახლებაში მცხოვრები ადამიანების მოთმინებას: _ წარმოიდგინეთ, როგორი ასატანია გაჭირვებული, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი გლეხისთვის იმის გაგონება, რომ არაფრის მაქნისი, გაქსუებული ჩინოვნიკი, რომელიც მას ვერც ერთ პრობლემას ვერ უგვარებს, ამხელა ანაზღაურებას იღებს მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებას არჩევნები მოაგებინოს, მას კი საკუთარი შვილების გამოსაკვებად ლუკმა პური არა აქვს და ერთ აბ წამალსაც ვერ ყიდულობს?!

ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება, როგორც არასდროს, გაუგონარ კრიზისშია. საზოგადოებას აღარ სჯერა სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ყალბი დაპირებებისა და ფარატინა ფურცლების, რომლის დაბეჭდვაზეც ათასობით ლარი იხარჯება. სააკაშვილს ეშინია სახელისუფლებო განხეთქილებების და ბიუჯეტის ხარჯზე ცდილობს ამ ადამიანების მოსყიდვას. თუ საკრებულოს თავმჯდომარე მამეშვილი საკრებულოს პირველი სხდომების დროს კატეგორიულად ითხოვდა ბიუჯეტში ეკონომიას და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს ავალებდა უკლებლივ ყველა სამუშაოს შესრულებას, დღეის მდგომარეობით გადავხედოთ, როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების საშტატო განრიგსა და სტრუქტურებს. ნათლად დავინახავთ, რომ სახელისუფლებო რესურსი წინა წელთან შედარებით, გასამმაგებულია, საკრებულოს ყველა წევრი ჩემი და თემური სალუქვაძის გარდა, საჯარო სამსახურში მუშაობს; რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ისინი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და აიპ-ების თანამშრომლები არიან, _ თქვა ლელა ნაცვალაძემ.

ჩვენ რამდენიმე სოფლის რწმუნებულსაც დავუკავშირდით. მათი თქმით, ხელფასის მომატება სრულებითაც არ ეხება არჩევნებს.

_ ყველაფერზე იმატებს ფასები და რა გაგიკვირდათ, რომ ჩვენც მოგვემატა ხელფასი? აქ არაფერ შუაშია არჩევნები, _ გვითხრა ერთ-ერთმა რწმუნებულმა.

რწმუნებულის რვა მოადგილე

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის რწმუნებულს რვა მოადგილე (სპეციალისტი) ჰყავს.

ერთ-ერთმა მოადგილემ, სოსო ბარამიძემ ჩვენთან საუბრის თქვა, რომ ის არ არის ამ საქმეში კომპეტენტური და მისთვის თურმე არ უნდა დაგვერეკა.

ჩვენ კიდევ ერთ-ერთ რწმუნებულის მოადგილეს დავუკავშირდით (სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ), რომელმაც დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ აკეთის სოფლის რწმუნებულს რვა მოადგილე, ანუ სპეციალისტი ჰყავს.

_ დიახ, მართალია, _ დაგვიდასტურა მან.

_ რამდენი ხანია, რაც რვა მოადგილე ჰყავს?

_ ბოლო მოადგილეები ახლა დაინიშნნენ, რამდენიმე თვეა.

_ ანუ ექვსი ადრე დაინიშნა და ორი ახლა?

_ დიახ, დიახ. ასეა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ეთერ ჭყონიას ინფორმაციით, აკეთში რწმუნებულს ორი მოადგილე ჰყავს და ორი კიდევ ხელშეკრულებით აიყვანეს. რაც შეეხება ბოლო დროს დასაქმებულ ორ ქალბატონს. ეთერ ჭყონიას თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ახალი მემარჯვენეების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით წულაძის თქმით, რწმუნებულების ანაზღაურების გაზრდა დაკავშირებულია მოახლოებულ არჩევნებთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტიდან უკვე ორჯერ იქნა თანხა "გადასროლილი": _ სოფლის რწმუნებულებთან ერთად, ხელფასი მის მოადგილეებსაც გაეზარდათ. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცი. ეს მოხდა წინასაარჩევნოდ. რწმუნებული სოფელში არის იმისთვის, რომ ხალხის ხმების მობილიზაცია გააკეთოს. რწმუნებულების აპარატები საზღვარგარეთის მოსაჩვენებლად გაკეთდა, რომ თითქოს ჩვენთან თვითმმართველობა არსებობს. სატირალში "ვენოკი" რომ მიაქვს წესის გულისთვის ადამიანს, იმ დონეზეა თვითმმართველობები ჩვენთან, _ გვითხრა დავით წულაძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ასკანის თემში მცხოვრები ვარდო ლომიძის საცხოვრებელი სახლი წლების მანძილზე მძიმე
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საზოგადოებას
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები და კახეთის სამხარეო მთავარი
პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ოზურგეთის II საჯარო სკოლაში
14 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, დღის წესრიგის
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის