მთავარი თემა

დეპუტატი და კოალიცია, როგორც იქნა, შეთანხმდნენ

ლალი იმედაიშვილი  2013-01-17 14:38:24

რამდენიმეჯერ წინასწარ დაანონსებული და გადადებული შეხვედრა მაჟორიტარ დეპუტატსა და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ლიდერებს შორის, ბოლოს და ბოლოს შედგა. დღეს კოალიციის ყოფილი შტაბ-ბინის შენობასთან დილიდანვე იყვნენ შეკრებილები კოალიციის კოორდინატორები და ოფისის ყოფილი თანამშრომლები. ისინი მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჩხაიძის მოსვლას ელოდნენ, რომელსაც გამგებლობის კანდიდატი უნდა წარედგინა მათთვის.

დეპუტატი შეხვედრაზე ოდნავ დაგვიანებით მოვიდა, რაც იმით ახსნა, რომ ბევრ ამომრჩეველს შეხვდა. ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი იმის გამო, რომ პარლამენტის არც ერთ სხდომას არ აცდენს, ხშირად იმყოფება მშობლიურ ქალაქში და აქტიური ურთიერთობა აქვს მოსახლეობასთან.

ადგილობრივი მედიიდან შეხვედრაზე მხოლოდ "გურია ნიუსი" იმყოფებოდა, რაც სავარაუდოდ, არ მოეწონა დაჯგუფებას, რომელიც კვირკველიას დაჯგუფების სახელითაა ცნობილი. მაკა კვირკველიამ შეხვედრის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე გარეთ გამიხმო და "საიდუმლოდ" მითხრა, რომ შეხვედრა ჟურნალისტებისათვის დახურულია და ზაზა ურუშაძე წინააღმდეგია დეტალები პრესით გახმაურდესო. იმის გამო, რომ არ დავემორჩილე მის თხოვნას თუ მოთხოვნას და მაინც დავბრუნდი დარბაზში, მისი თანამოაზრეები ცოტათი უკმაყოფილონი ჩანდნენ.

თემურ ჩხაიძემ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ზაზა ურუშაძე წარუდგინა, როგორც გამგებლობის კანდიდატი და დაამატა, რომ მზადაა ამ თემის ირგვლივ ყველა კითხვას უპასუხოს. შემდეგ თავად წარდგენილი კანდიდატი შეეცადა მისი მისამართით დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გაეცა.

შეხვედრა მცირედი ინციდენტით დაიწყო _ მომავალი გამგებლის მისამართით ერთ-ერთმა დამსწრემ გარკვეული პრეტენზიები გამოთქვა. მან ბრალი დასდო ურუშაძეს მისი და კიდევ რამდენიმე ლანჩხუთელის მიმართ ჩადენილ აფიორაში. როგორც დაზარალებული რეზო ორმოცაძე ამტკიცებდა, წლების წინ ზაზა ურუშაძემ ის და სხვა გლეხები "გადააგდო" და გაყიდული მანდარინის საფასური არ გადაუხადა. მის განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა და კოალიციის ერთ-ერთი წევრი ვახტანგ ზენაიშვილი იძულებული გახდა, შეკრებილებისთვის განემარტა, რომ ეს იყო გამგებლობის კანდიდატის შეხვედრა კოალიციის წევრი პარტიების წარმომადგენლებთან და შეხვედრის ფორმატი პირადი პრეტენზიების გამოთქმის საშუალებას არ იძლეოდა. ამის შემდეგ ორმოცაძემ დარბაზი დატოვა და ზაზა ურუშაძეს საშუალება მიეცა შეკითხვებზე პასუხი გაეცა.

მან უარყო რაიმე შეხება ამ საქმესთან: "ამ ადამიანს არ ვიცნობ, არც მანდარინით ვაჭრობასთან მქონია შეხება არასოდეს. 1997 წელს და მომდევნო წლებშიც კი საქართველოში საერთოდ არ ვიმყოფებოდი." ასეთი იყო გამგებლობის კანდიდატის განცხადება.

რაც შეეხება ამირან ქანთარიასთან დაკავშირებულ გახმაურებულ უსიამოვნებას, დეპუტატის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მცირე განმარტება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ამირან ქანთარიას ერთხელ შეხვდა პირადად და ისიც მისი ძმის დავალებით. როგორც ურუშაძე ამბობს, საქმე ეხებოდა წლების ყაზახეთში მომხდარ შემთხვევას. ზაზა ურუშაძის ძმა და ლანჩხუთელებისთვის კარგად ნაცნობი ექიმის ამირან ქანთარიას ძმა ყაზახეთში ბიზნესპარტნიორები იყვნენ. ურუშაძემ განაცხადა, რომ ქანთარიამ დიდი რაოდენობით თანხა მიითვისა და მას ყაზახეთის პოლიცია ეძებდა. "როცა ის საქართველოში დააკავეს, მე გამომიძახეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც ჩემი ძმის წარმომადგენელი. მაშინ ვნახე პირველად ამირან ქანთარია. არც მანამდე და არც მას შემდეგ მასთან შეხება აღარ მქონია. ის ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მე დავინიშნებოდი ლანჩხუთის გამგებლად, გამოაქვეყნებდა ჩემს მაკომპრომეტირებელ მასალას გაზეთებში. მე მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ცილისწამებისთვის ვუჩივლე. ამ საქმესთან დაკავშირებით მინდა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გარკვეული იყოს და აღარ მომიწიოს თავის გასამართლებელი განცხადებების კეთება," _ აღნიშნა ზაზა ურუშაძემ.

ამის შემდეგ მან საკუთარ ხედვაზე ისაუბრა, თუ როგორ მოახერხებს საკუთარი კონტაქტებით და სახელმწიფოს ხელშეწყობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ლანჩხუთში. ამ საქმეში კი, უპირველესად, იგი დეპუტატის მხარდაჭერას ელოდება.

ზაზა ურუშაძეს მამათის ჩაის ფაბრიკასთან დაკავშირებითაც მოუხდა განმარტებების გაკეთება. საზოგადოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით მამათელებს, მისი მისამართით აქვთ პრეტენზიები _ ხალხი უკმაყოფილოა იმით, რომ მან და მისმა ოჯახმა შეიძინა და შემდეგ კი დაანგრია ჩაის ფაბრიკა მამათში. "ეს ჩაის ფაბრიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სრულიად კანონიერად შეიძინა ჩემმა ოჯახმა. შევისყიდეთ ყველა აქციონერის კუთვნილი აქციები, რომლებშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა გადავიხადეთ. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როცა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა ქონების გადასახადის გადახდა, სახელმწიფომ ვალი დაგვაკისრა და გადაუხდელობის გამო ჩაის ფაბრიკა ჩამოგვართვეს. 2004 წელს კი კვლავ დაგვიბრუნეს (ამ ფაქტთან დაკავშირებით რეზო ორმოცაძემ მოკლე რეპლიკა წარმოთქვა _ კარგად დააკვირდით, როდის დაუბრუნეს ჩამორთმეული ქონება _ როცა "ნაციონალები" ყველას ყველაფერს ართმევდნენო! მაგრამ რეპლიკის ადრესატმა ამას ყურადღება არ მიაქცია). მეც არ მსიამოვნებს დემონტაჟს რომ ვახდენთ, მაგრამ ფაბრიკა 1934 წელსაა აშენებული და ამორტიზირებულია. გადაწყვეტილი გვაქვს, მის ნაცვლად მცირე საწარმოები გავაკეთოთ მამათში, კერძოდ, ხილის გადამამუშავებელი, მცირე ჩაის ფაბრიკა და აგურის საამქრო. მოლაპარაკებები უკვე დავამთავრეთ ჩინურ კომპანიასთან და მალე რეალობად ვაქცევთ ამ დაპირებას," _ ასეთი იყო ურუშაძის პასუხი.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა კოალიციის შემადგენელი ორი სუბიექტი, იგრძნობოდა, რომ შეთანხმება დეპუტატსა და კოალიციის წარმომადგენლებს შორის უკვე შედგა და შედეგიც მიღწეულია.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ელგუჯა ჩხაიძე აცხადებს, რომ მის პარტიას კვლავ ექნება კიდევ ერთი დახურული შეხვედრა გამგებლობის კანდიდატთან, რომელზეც იგი, ამჯერად უკვე მათ შეკითხვებს უპასუხებს.

მიუხედავად "თავისუფალი დემოკრატების" თავშეკავებისა, აშკარაა, რომ ზაზა ურუშაძის გამგებლობაზე უკვე აღარავინ დაობს. ახლა თემურ ჩხაიძეს მხოლოდ ერთი საზრუნავი დარჩა _ რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ დაითანხმოს "ნაციონალური" საკრებულო და ახალი გამგებელი დაამტკიცებინოს.

მალე, ალბათ, ლანჩხუთის გამგეობის წინ გაშლილი კარავიც დაკარგავს აქტუალობას და ქუჩის პოლიტიკის შემოქმედები მუნიციპალური შენობიდან პარტიულ დროშასაც ჩამოხსნიან. დღეს კი ამ გუნდმა უარი განაცხადა შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ამ წუთებში დასრულდა ოზურგეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების (შპს "მექანიზატორის"
საქართველოს სამუფთოსთან არსებული თეოლოგიური სასწავლებლისთვის სახელმწიფო, ბათუმის გარეუბანში, ორ საცხოვრებელ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით - "გალის რაიონის
ამ წუთებში ოზურგეთში ფონდ "ქართული გალობის" ორგანიზებით დასრულდა გურული მომღერლების
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხვალ 11 საათზე, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო