მთავარი თემა

ოფიციალური წყაროს მიხედვით, "ნდობის ჯგუფს" ისევ გივი თარგამაძე ხელმძღვანელობს

თამარ ლეფსვერიძე  2013-04-12 10:37:22

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებზე საპარლამენტო კონტროლის შესახებ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, განხორციელება არ უწერია.

"საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელ არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებზე. ასევე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაწეულ და მიმდინარე საქმიანობაზე.

პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო   ვალდებული იქნება "ნდობის ჯგუფს" წარუდგინოს ინფორმაცია განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასაყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება - 4 მილიონ ლარს, რათა განხორციელდეს რეალური საპარლამენტო კონტროლი  შეიარაღებულ ძალებზე.

ცვლილებები კი, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა, "საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონსა და "ნდობის ჯგუფის შესახებ" კანონში აისახება.

როგორც ჩანს, ამ კონტექსტში საპარლამენტო კონტროლის განხორციელება შეფერხდება, რამდენადაც ახალი მოწვევის პარლამენტში "ნდობის ჯგუფი" ჯერ საერთოდ არ ჩამოყალიბებულა.

რატომ გაჭიანურდა ამ დრომდე ნდობის ჯგუფის შექმნა და რა იყო ამის ხელისშემშლელი ფაქტორები, ამ კითხვებზე პასუხს უკვე მესამე დღეა ვერ ვიღებთ. ირაკლი სესიაშვილი არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც ტექსტურ შეტყობინებებს, რაც სხვათა შორის, უმრავლესობის უმრავლესობას, ბოლო დროს, ჩვევად ექცა.

"საქართველოს კანონ ნდობის ჯგუფი შესახებ" ვკითხულობთ: "საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი".

ამავე კანონის მიხედვით: "ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი უმრავლესობის წევრი, ერთი მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, ხოლო ორი უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.

პარლამენტის ოფიციალურ, განახლებულ ვებგვერდზე კი "თავდაცვისა და უშიშროების" კომიტეტის "ნდობის ჯგუფის" ჩამონათვალში შემდეგი შემადგენლობაა:

გიორგი (გივი) თარგამაძე თავმჯდომარე ;ზაზა გელაშვილი; სამსონ ქუთათელაძე; გიორგი თარგამაძე; გია თორთლაძე.

რადგან ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირება და მისგან რაიმე პასუხის მიღება  ჩვენს ძალებს აღემატება, ამასთან დაკავშირებით განმარტება ვთხოვეთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, დავით დარჩიაშვილს.

დავით დარჩიაშვილი: "უმრავლესობას უნდა შეეტანა ეს საკითხი და თუ კიდევ დიდხანს გაიჭიმება ეს პროცესი, აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, რადგან კანონში წერია, რომ "ნდობის ჯგუფი" უნდა შეიქმნას. ცოტა ხანიც დაველოდებით უმრავლესობას, საინტერესოა, რა ახსნა ექნებათ მათ.

უბრალოდ, აქამდე,  უმცირესობაც ბევრი სხვა საკითხით ვიყავით დაკავებულები, თუმცა, ეს საკითხიც მუდმივად გვახსოვს.

_ რამდენი ხანი აპირებთ დაელოდოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას?

_ ჩვენ, უახლოეს მომავალში მოვითხოვთ განმარტებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ არის დაინტერესებული უმრავლესობა ამ საკითხით.

_ შეგნებულად ხომ არ აჭიანურებთ დროს, მერე პრეტენზიაც რომ მეტი გქონდეთ?

_ არა, ნამდვილად არა, პირიქით, გვინდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარღვევა მოხდეს, რადგან ამის ნაკლებობას არ განიცდიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანმა საკითხებმა გადაფარა. მაგრამ, დავიწყებით არავის დავიწყებია და დადგება დღის წესრიგში.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ "ნდობის ჯგუფი" ნამდვილად არ არის შექმნილი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს არც არის რაიმე კონკრეტულ ვადებში გაწერილი

_ თავდაცვის კომიტეტს უფრო ეცოდინება რაში მდგომარეობს პრობლემა. დაზუსტებულად ვერ გეტყვით, მაგრამ უმცირესობამ მე მგონი გივი თარგამაძის კანდიდატურა წარმოადგინა თავის კვოტაში და გივისთან კი იცით, რა პრობლემებიცაა, ის არ დადის რაღაც პერიოდია პარლამენტში. ჯობია, კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ჰკითხოთ, მას უფრო ეცოდინება დეტალები.

_ ვიცით, რომ ირაკლი სესიაშვილს უფრო ეცოდინება დეტალები, მაგრამ ამისთვის საჭიროა ან სატელეფონო ზარზე გვიპასუხოს, ან ტექსტურ შეტყობინებაზე...

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ "ნდობის ჯგუფი"  ამდენი ხანიც უნდა შექმნილიყო.

_ უნდა შექმნილიყო, მასე არაა, რადგან კონკრეტულ ვადებში არ არის გაწერილი. და ბატონი დავითი რას ამბობს, ჩვენი კანდიდატურა ვინ იყოო? თუმცაღა, კიდევ გეუბნებით, დეტალურად ნამდვილად არ ვიცი, რა მიზეზის გამო არ არის შექმნილი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ წინა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენა უმრავლესობასაც და უმცირესობასაც, იქნება შეთანხმდეთ კანდიდატურებზე, რომ დროულად შეიქმნას "ნდობის ჯგუფიო." მე გიდასტურებთ, რომ დღესდღეობით, პარლამენტში ეს ჯგუფი არ არის შექმნილი.

რაც შეეხება ირინა იმერლიშვილის კომენტარს გივი თარგამაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს ერთ-ერთი მიზეზია ამ ჯგუფის შექმნის გაჭიანურებისა, არც ესაა რეალური პრობლემა.

მაგალითად, 2004-2008 წლებში უმცირესობას ნდობის ჯგუფში წევრი საერთოდ არ ჰყავდა , რადგანაც მაშინდელმა უმრავლესობამ არ გამოუცხადა ნდობა უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატურას _ დავით გამყრელიძეს. თავის მხრივ, უმცირესობამ წარდგენილი კანდიდატი არ შეცვალა და ნდობის ჯგუფის მუშაობამ ამ მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.

წესით კი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში კანონით დადგენილი წესით იქმნება ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფის საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით.

კანონით, "ნდობის ჯგუფის" სხდომები  (თუ ასეთი ჯგუფი შექმნილია) ტარდება წელიწადში ორჯერ ან საჭიროებისამებრ, ნდობის ჯგუფის ნებისმიერი წევრის წინადადებით, თუ სხდომის ჩატარებას მხარს დაუჭერს ნდობის ჯგუფის წევრთა უმრავლესობა.

ასევე,  სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს "ნდობის  ჯგუფი", რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტში ჯერაც არ შექმნილა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


წყარო www.telegraph.co.uk
გასულ კვირას, G_news TV-ის გადაცემა "კვირის თემაში", ტრადიციულ დებატებში ერთმანეთის
დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართომ მოქალაქე ამირან დევაძის საჩივარი განიხილა, რომლითაც
31 მარტს, "ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისში, ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი
"ჩვენ ყველამ ერთად საკმაოდ რთული წელიწადი მოვიტოვეთ უკან. სპორტის და