"წარმატების მოსაპოვებლად ძალიან ბევრი უნდა იშრომო"

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

"წარმატების მოსაპოვებლად ძალიან ბევრი უნდა იშრომო"

მაისი 02
23:34:08 2011
თეა კეჭაყმაძე ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთ-ერთი წამყვანი ახალგაზრდა მსახიობია. მისი გმირები სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან. ზოგი იმედგაცრუებილი, ზოგი მებრძოლი ხასიათის ან კიდევ ბედს შეგუებულნი... თითოეული სახის გახსნაში მსახიობი მაქსიმალურად ცდილობს მართალი იყოს მაყურებლის წინაშე და მის მიერ ხორცშესხმული გმირები სამუდამოდ აღიბეჭდოს მნახველთა მეხსიერებაში. თეა კეჭაყმაძის მიერ შესრულებული როლები ყოველთვის გამოირჩევა გრძნობათა სიწრფელით და მაღალი არტისტიზმით. ნიჭიერი, ახალგაზრდა მსახიობი ყოველდღიური დაუღალავი შრომით საინტერესო და დასამახსოვრებელ სახეებს ქმნის. რითაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ოზურგეთის თეატრის ისტორიას. თეა კეჭაყმაძის მიერ განსახიერებული როლები: ნინიკო _ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია," ფაცია _ "გუშინდელნი," ბაბალე _ "ბუტიაობა", გულთამზე _ "ყვარყვარე თუთაბერი," კირა _ "შვილები და რძლები," ლალი _ "ლალი, სიყვარული სხვები," თამრიკო _ "წერილები შვილებს" და სხვ. მაყურებლის მოწონებას იმსახურებს.

_ თეა, როდის მოხვედი თეატრში?

_ თეატრში 2005 წელს მოვედი, თუმცა შეიძლება ითქვას, ამ თეატრში გავიზარდე. მამა ოზურგეთის თეატრის მსახიობი ჯემალ კეჭაყმაძე გახლავთ, დედა ნანული ქავთარაძე, გარდერობის თანამშრომელია. მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ყველა კუთხე _კუნჭული ჩემთვის ნაცნობი და მშობლიურია. უსაზღვრო სიყვარული მაქვს ამ თეატრისადმი.

_ მართალია თეატრთან ბავშვობიდან გქონდა ახლო ურთიერთობა, მაგრამ გქონდა თუ არა გააზრებული, რომ ეს სფერო ბევრი დაბრკოლების გადალახვას მოითხოვს. რომ თეატრში წარმატებების გვერდით, წარუმატებლობაც შეიძლება საკმაოდ იყოს?

_ რა თქმა უნდა, ესეც მქონდა გააზრებული. ჩემი თვალით მინახავს ამა თუ იმ ცნობილი მსახიობის ჩავარდნები, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია. თეატრის კორიფეების ჩავარდნებიც ხომ არის ცნობილი. და არა მხოლოდ მსახიობებს, არამედ თეატრებსაც ჰქონიათ და აქვთ აღმავლობის და დაღმავლობის პერიოდები.

_ ცნობილია, რომ მსახიობს კოლოსალური მუშაობა უწევს წარმატების მოსაპოვებლად...

_ რა თქმა უნდა, წარმატების მოსაპოვებლად ძალიან ბევრი უნდა იშრომო. უნდა დაიხარჯო როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. შეგეძლოს გარდასახვა, ანუ თუ საჭიროა, უნდა გაიცინო მაშინ, როცა გეტირება ან პირიქით, იტირო მაშინ, როცა გეცინება. ამ უნარს გამომუშავება სჭირდება, რაც ყოველდღიური, დამქანცველი შრომის შედეგად მიიღწევა. მსახიობს აუცილებლად ფანატიკურად უნდა უყვარდეს თავისი საქმე, რის საფასურადაც იგი შემოქმედებით სიხარულსა და მაყურებლის სიყვარულს აუცილებლად მიიღებს.

_ ვის მიუძღვის წვლილი თქვენს სასცენო დაოსტატებაში?

_ პირველი სპექტაკლი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა განახორციელა აწ. გარდაცვლილმა რეჟისორმა შალვა ურუშაძემ. შემდეგი სპექტაკლების რეჟისორებია შოთა ბაბილოძე და ოთარ კუტალაძე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჩემს სასცენო დაოსტატებაში. მათ სპექტაკლის დადგმის თვალსაზრისით თავიანთი ინდივიდუალური ხელწერა აქვთ, მაგრამ ორივე რეჟისორი მაქსიმალურად ცდილობს თავისუფლება მიანიჭოს მსახიობს და დამოუკიდებლად ჩასწვდეს თავისი პერსონაჟის სულიერ სამყაროს და მისი გმირი წარმოაჩინოს ისეთი, როგორც დრამატურგს ჰქონდა ჩაფიქრებული.

_ თეა, ამჟამად რაზე მუშაობთ?

_ ამჟამად ვმუშაობთ თამაზ მეტრეველის პიესაზე "შეშლილი, შეშლილი ახალი წელი," რომელშიც შევასრულებ თიკოს როლს. ეს პიესა თანამედროვე თემაზეა დაწერილი, რომელსაც განახორციელებს რეჟისორი ოთარ კუტალაძე.

_ თქვენ თურქეთის ქალაქ ბულანჯაკში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მიიღეთ მონაწილეობა, სადაც წარმოდგენილი იქნა აკაკი წერეთლის ვოდევილი "ბუტიაობა" (რეჟ. შოთა ბაბილოძე). როგორ გაიხსენებთ ამ ფესტივალს?

_ ფესტივალი არაჩვეულებრივ პირობებში მიმდინარეობდა, როგორც ორგანიზაციული ასევე შემოქმედებითი და გურჯი მაყურებლის ოვაციებისა და იქაური მაცხოვრებლების მხრივ. იქაური გურჯები ძალიან გვანებივრებდნენ ყურადღებით. თვალცრემლიანებმა გამოგვაცილეს. ჩვენმა სპექტაკლმა სპეციალისტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

_ თქვენ დღეს მუშაობთ იმ თეატრში, სადაც იღვწოდნენ ისეთი მსახიობები, როგორიც იყვნენ ლამარა თურმანიძე, რომან ლომინაძე, ანა ანდღულაძე და ქართული სცენის მრავალი ოსტატი. ამ სცენაზე გენიალურ რეჟისორებს განუხორციელებიათ სპექტაკლები...

_ დიახ, მე ვამაყობ, რომ ოზურგეთის თეატრს ამშვენებდა მრავალი ბრწყინვალე ხელოვანი, ეს დღევანდელ ახალგაზრდებს ბევრს გვავალებს. აქ ნოყიერი ნიადაგია იმის, რომ სასურველი შემოქმედებითი ნაყოფი მივიღოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაყურებელს მაღალ პროფესიულ დონეზე განხორციელებული სპექტაკლები ვაჩვენოთ. მივანიჭოთ მათ ესთეტიკური სიამოვნება, განვაწყოთ ოპტიმიზმით, ზოგ შემთხვევაში კი შთავბეროთ მებრძოლი სულისკვეთება. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფის წევრი ვარ. მაქსიმალურად ვეცდები გავამართლო კოლეგებისა და ჩვენი თეატრის მაყურებლის იმედები.



არქივი