ლელა იმედაშვილი: "გარემო და მატერიალური ბაზა სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი"

gurianews.com

21-ს ქვევით

ლელა იმედაშვილი: "გარემო და მატერიალური ბაზა სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი"

აგვისტო 29
10:16:04 2011
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან ბევრ სიახლეს გვპირდება. როგორც ამბობენ, სიახლეები სწავლის პროცესის გამკაცრებით დაიწყება. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სამინისტრო ბავშვებისთვის სრულყოფილი განათლების მისაცემად ყველაფერს აკეთებს.

_ ქალბატონო ლელა, როგორც ცნობილია, ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო ხდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღებია "აი იასთან" ერთად ინგლისურის სწავლება?

_ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან 1-6 კლასებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება. VII კლასიდან სკოლა ასწავლის ნებისმიერ უცხო ენას, მათ შორის, რუსულსაც. რუსულის სწავლება სკოლებიდან არ ამოვარდნილა _ შესაბამისად, ეს ,,შიში,, უსაფუძვლოა. მეორე უცხო ენას სკოლა ყოველთვის აირჩევს თვითონ, თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე.

_ ბევრს მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუკი აქამდე დაწყებით კლასში რუსული ენის სწავლების აუცილებლობა იყო, ახლა რა ხდება, რა შეიცვალა?

_ ინგლისური ენის პრიორიტეტულობა დღევანდელი რეალობით არის გამოწვეული. საგანმანათლებლო რესურსები, კომუნიკაცია სხვა საგანმანათლებლო ქსელებთან ინგლისურის კარგი ცოდნით არის შესაძლებელი. ჩვენ კონკურენტუნარიანი თაობა უნდა გვყავდეს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, თამამად გახდეს კონკურენტი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის თანატოლისა. რაც შეეხება სხვა ენებს, არც ერთი ენა სკოლებიდან არ გადის. VII კლასიდან სკოლა, მოსწავლე და მშობელი თავად წყვეტს, რომელი უცხო ენა იყოს მისთვის მეორე. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს მისცეს 2 უცხო ენის კარგად შესწავლის შესაძლებლობა.

_ ცნობილია, რომ სწავლებაში შემოდის თურქული და იტალიური... რატომ მაინცდამაინც ეს ენები?

_ ამ ენების სტანდარტი შემუშავდა ახლა და სკოლებს შესაძლებლობა მიეცათ თურქული და იტალიური ენების არჩევის. აქამდე, სურვილიც რომ ჰქონოდათ, ამ ენების სტანდარტი არ არსებობდა. მეორე ენის არჩევა სკოლის პრეროგატივაა და ამაში სამინისტრო არ მონაწილეობს.

_ რატომ უნდა ისწავლებოდეს ქართულ სკოლებში მაინცდამაინც თურქული ენა?

_ ჩვენს სკოლებში"მაინცდამაინც" თურქული ენა არ ისწავლება.

_ ქალბატონო ლელა, არსებული ინფორმაციით, კერძო სკოლებს დაფინანსება უმცირდებათ. მათ შორის, საპატრიარქოსთან არსებულ სკოლებსაც... რა არის ამის მიზეზი?

_ ასეთი ინფორმაცია მე ნამდვილად არ მაქვს. მთავრობის დადგენილებით, კერძო სკოლებს ეძლევათ ვაუჩერი 300 ლარის ოდენობით. ეს დღემდე ასე გრძელდება.

_ მასწავლებლებს საშვებულებო ხელფასების აღება რატომ დაუგვიანდათ?

_ ეს ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული. კერძო სკოლებს ავტორიზაცია უნდა გაევლოთ. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა ბაზების დაზუსტება. ეს იყო და ეს.

_ გამკაცრდება თუ არა სასწავლო პროგრამა და რა კეთდება საგანმანათლებლო სფეროში იმისთვის, რომ მოსწავლეების წიგნიერების დონე, რომელიც საერთაშორისო კვლევების თანახმად დაბალია, გაიზარდოს?

_ სკოლაში სასწავლო დისციპლინა ნამდვილად გამკაცრდება. საატესტატო გამოცდებიც ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ სკოლას ზოგადსაგანმანათლებლო ფუნქცია დაუბრუნდეს. სამინისტრომ უკვე გააუქმა საგნების ტრიმესტრული სწავლება, შემოიღო აბიტურის საათები, გაამკაცრა ნიშნების წერის სისტემა და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის სტატუსი დაუბრუნა ჟურნალს. იზრუნა პედაგოგთა გადამზადებაზე. სერტიფიცირების პროცესიც აქტიურ ფაზაშია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ეტაპობრივად აისახება მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე.

_ რა ბედი ელით იმ პედაგოგებს, რომლებმაც სერტიფიცირება ვერ გაიარეს?

_ სამინისტრო ჯერ მასწავლებლებს არჩევნის შესაძლებლობას აძლევს _ პროცესი ნებაყოფლობითია. თუმცა, წლევანდელი სერტიფიცირებული პედაგოგები უპირობოდ მიიღებენ სრულ განაკვეთს სკოლებში.

_ სრული განაკვეთი რუსული ენის სერტიფიცირებული პედაგოგებსაც ექნებათ?

_ რა თქმა უნდა. ნებისმიერი საგნის სერტიფიცირებული პედაგოგი მიიღებს სრულ განაკვეთს.

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს კვლავ გადაეცემათ საჩუქრად სახელმძღვანელოები...

_ ქვეყნის მასშტაბით, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები სახელმწიფოსგან მიიღებენ საჩუქრად წიგნებს. სიახლეა ის, რომ ყველა პირველკლასელი და ამ კლასის ხელმძღვანელი მიიღებს საჩუქრად ნოუთბუქს. უკვე დაწყებულია ტრენინგები მასწავლებლებისთვის, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის ტარდებოდა ტრენინგები. იცით, რომ ახალი სასწავლო წლიდან შემოდის ახალი საგანი, მართვის სწავლება. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ინგლისური ენის ყველა პედაგოგმა გაიარა ტრენინგები. უკვე დაიწყო ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში, რათა მასწავლებლებმა გაკვეთილების დაგეგმვა, ელექტრონული გაკვეთილების შედგენა და პრეზენტაციების მომზადება იცოდნენ. ყველა ეს ტრენინგი პედაგოგებისთვის უფასოა.

_ გასულ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის წიგნების გადაცემის პროცესი შეფერხებით ხდებოდა.

_ წლევანდელ ხარვეზებთან დაკავშირებით, ჯერ ვერაფერს გეტყვით. ჩვენ მოვამზადეთ ბაზები, ეს მოხდა 10 ივნისს და გადავაგზავნეთ სამინისტროში. გარდა ამისა, ჩვენ გავაკეთეთ კიდევ ერთი ბაზა _ როგორც მოგეხსენებათ, წინა წელს სოციალურად დაუცველს ბავშვებს წიგნები უფასოდ გადაეცათ, ეს წიგნები სკოლებში დარჩა. სკოლები ამ წიგნების გათვალისწინებით მიიღებენ დამატებით წიგნებს. ეს პროექტი შარშან დაიწყო და რაღაც ხარვეზები იყო, მაგრამ წელს, ვფიქრობ, ეს აღარ იქნება. როგორც ვიცი, აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ჩვენ წიგნებს მოგვაწოდებენ.

_ ხშირად ხდება, რომ უმეტესი პროგრამები და პროექტები საქართველოს რამდენიმე ქალაქში ხორციელდება. გურიაში _ მოგვიანებით. მაგალითად, მანდატური ჯერ კიდევ არ არის შემოსული.

_ ზოგადად, განათლების სამინისტრო არჩევს, სად რომელი პროექტი გახორციელდეს, რაც შეეხება მანდატურებს, შეიძლება, ეს იყოს დამოკიდებული დანაშაულის პროცენტულობაზე სკოლებში. მე არ ვიცი კრიტერიუმები, მაგრამ როცა რაღაც სიახლე იწყება, ყოველთვის იწყება სინჯით ანუ აპრობაციით. მე მახსოვს კარგად, არ გვინდა მანდატურებიო, ამბობდნენ და ახლა გვინდა? თუ როგორ არის საქმე?!

_ ცნობილია, რომ დირექტორები მოსწავლეების მიერ საატესტატო გამოცდებში მიღებული დაბალი ქულების გამო გაათავისუფლეს. პროფესიით თავადაც პედაგოგი ბრძანდებით და როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში პედაგოგებს პასუხი არ უნდა ეგოთ?

_ განათლების სამინისტროს უფლებამოსილება, ვგულისხმობ ადმინისტრაციული სასჯელის დადება-არდადების საკითხს, დირექტორებთან სრულდება. დანარჩენი დირექტორების გადასაწყვეტია.

_ ერთმა პედაგოგმა, გაზეთ "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და შაშკინიც რომ ჩამოსულიყვნენ, უკეთეს შედეგს ვერ აჩვენებდნენ და ამის მიზეზად სკოლის ავარიული შენობა და უკომფორტობა დაასახელა...

_ ძალიან ბევრ სკოლაში, სადაც შენობებით და მატერიალური ბაზებით ვერ დავიკვეხნით, შესანიშნავი შედეგები დაიდო. არიან სკოლები, რომლებსაც არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს ჩაჭრილი და ამ დროს მათი შენობები გაცილებით უარესია, ვიდრე ცუდი შედეგების მქონე სკოლებისა. გარემო და მატერიალური ბაზა სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, არა გადამწყვეტი.



არქივი