რვა გამოცდა გარდაუვალია

gurianews.com

21-ს ქვევით

რვა გამოცდა გარდაუვალია

დეკემბერი 22
22:51:04 2010

მიუხედავად სკოლის მოსწავლეების პროტესტისა, ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრი რვა გამოცდისთვის მზადებას მაინც აპირებს და მოსწავლეებს ცოდნისკენ მოუწოდებს. ისინი სკოლის მოსწავლეებს რეგიონებში სტუმრობენ და მეთორმეტე კლასელებთან საინფორმაციო შეხვედრებს აწყობენ.
გასულ კვირას ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ეროვნული გამოცდების ცენტრის წარმომადგენლები ია კუტალაძე და ივა მინდაძე იმყოფებოდნენ, რომლებიც ორი საათის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს არწმუნებდნენ, რომ წლების შემდეგ, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, სიამაყით ეტყვიან, რომ მათ დროს დაიწყო რვა გამოცდის ჩაბარება. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს მათი ახალი წამოწყება და გახდება თუ არა ახალი თაობისთვის რვა საგანი საამაყო.
დღევანდელ ნომერში ამ შეხვედრის დეტალებს გაეცნობით, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის.
ია კუტალაძე: _ ეს პროექტი ახალია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როდესაც 2005 წელს, პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება დაიგეგმა, ჩავდიოდით ყველა რეგიონში, ვხვდებოდით აბიტურიენტებს, ვაწვდით ინფორმაციას. დღეს მზად ვართ, ამ შეხვედრაზე მაქსიმალურად ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც თქვენ გაინტერესებთ საატესტაციო გამოცდებზე.
2010 წლის იანვარში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა ამ ახალი გამოწვევის შესახებ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა როგორც სკოლებისთვის, პედაგოგებისთვის, ასევე, ეროვნული საგამოცდო ცენტრისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ახალი პროექტი იყოს ობიექტური, სამართლიანი. პირველი პრობლემა იყო ის, რომ არ გვინდოდა, ეს გამოცდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მსგავსად, ჩატარებულიყო საგამოცდო ცენტრებში. გვინდა ჩატარდეს იქ, სადაც 12 წელი ისწავლა მოსწავლემ, ანუ მოსწავლეებს არ შეექმნათ დისკომფორტი.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით, გახლდათ ის, რომ  სასწავლო პროცესში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებობდა ხარვეზები. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ ამ სისტემაში, ვატარებთ სხვადასხვა კვლევას და ძალიან კარგად ვიცით, რა პრობლემებია და რა სირთულებთან გვაქვს საქმე. ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველ წელს, როცა ეს პროექტი შემოვა, მაქსიმალურად გაგვეთვალისწინება რეალობა და შედარებით ადვილი დავალებები შეგვეთავაზებინა მოსწავლეებისთვის. საკითხთა რაოდენობა შევზღუდეთ და დავტოვეთ მხოლოდ საკვანძო საკითხები, ის საკითხები, რომლის სწავლება აუცილებელია მოსწავლისთვის და რომელიც მან უნდა იცოდეს.
კუტალაძის თქმით, სწორედ სასწავლო პროცესში არსებულმა ხარვეზებმა უკარნახა პოლიტიკოსებს და საქართველოს პრეზიდენტს მიეღო გადაწყვეტილება, რომ  ამ გამოცდებით ბიძგი მიეცა, მასწავლებელს და სკოლას გასჩენოდა მეტი პასუხისმგებლობა, მასწავლებელს მეტი ცოდნა გადაეცა მოსწავლისთვის, უფრო მეტი ემუშავა მასთან.
_ გამოდიან ჩვენი ოპონენტები და ამბობენ, რომ წარმატებულ ქვეყნებში არ არსებობს საგამოცდო სისტემა, ეს არ დაიჯეროთ, ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავიანთი პოლიტიკური მიზნით, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, ბევრ ქვეყანაში ტარდება გამოცდები და მათ შორის წარმატებულ ქვეყნებშიც, _ განაცხადა ია კუტალაძემ.
ივა მინდაძე ამბობს, რომ რვა გამოცდა 20 მაისიდან დაიწყება და ივნისის პირველ კვირაში დასრულდება, რის შემდეგ, ორ კვირაში დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები. მინდაძემ ბავშვებს იმ პროგრამის შესახებ უამბო, რომლითაც მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ რვა გამოცდა. მისივე თქმით, ეს ადვილია, მთავარია ბავშვს ცოდნა ჰქონდეს. მანვე უპასუხა დარბაზში მსხდომ მეთორმეთეკლასელების შეკითხვებს.
_ გამოცდაზე იქნება თუ არა დამხარე საშუალებები?
_ ყველა სამუშაო ადგილზე დაგვხდებათ კალმისტარი და ფურცელი. კალკურატორების შეტანა არ შეიძლება, იგი კომპიუტერებშიც გათიშული იქნება.
_ რა დრო მოგვეცემა გამოცდის ჩასაბარებლად?
_ სავარაუდოდ, თითოეულ საგანში საათნახევარი.
_ მარტივი და რთული კითხვების პასუხები ერთნაირად ფასდება?
_ ერთნაირად ფასდება, იქნება უარყოფითი და დადებითი შეფასება.
_ თუ ვერ ჩავაბარე პირველ წელს სასკოლო გამოცდები, მეორე წელს უნდა ჩავაბარო?
_ მხოლოდ იმ გამოცდას ჩააბარებთ, რომელშიც ჩაიჭრებით. მაგრამ, იმედია, ყველა გადალახავს ამ გამოცდებს.
_ თუ ვერ გადავლახავ, ხომ დამენგრა ცხოვრება?! და რატომ უნდა დამენგრეს მომავალი ერთი საგნის გამო?
_ ყველას გისურვებთ, რომ ჩააბაროთ ეს გამოცდები, ვინმემ თუ ვერ ჩააბარა, მგონი ამით მომავალი არ დაენგრევა.
_ ატესტატის გამოცდა თუ ვერ ჩავაბარე, ეროვნულ გამოცდებზე ვერ გავალ?
_ სტუდენტობის წინა პირობა არის ის, რომ მოსწავლეს ჰქონდეს ატესტატი, ამის შემდეგ აბიტურიენტი ხდება, რაც მისთვის აუცილებელია. ორი კვირის განმავლობაში ხდება ცნობილი, ვინ მოიპოვა ატესტატი. თუ არ აქვს ადამიანს ატესტატი, მას არ აქვს უფლება, გავიდეს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე.
_ როდის შეგვეძლება ახალი პროგრამაზე მუშაობა ინტერნეტში?
_ ეს პროგრამა მარტში იქნება ვებ-გვერდზე. ამ ეტაპზე იგეგმება პრობაცია 7000-მდე მოსწავლისთვის, სამწუხაროდ, ოზურგეთი არ არის ჩართული ამ პროცესში.
_ არ გვინდა ფიზიკა, რა ვქნათ?
_ მე მინდა დაგეხმაროთ, ძალიან ვწუხვარ ფიზიკა, რომ არ იცით, ისე, როგორც საჭიროა. ეს პრობლემა ცნობილია და ვაცნობიერებთ, რასთან გვაქვს საქმე, არა მარტო ფიზიკა, ბევრი პრობლემა იყო: ტრიმესტრული სწავლება, ზოგ სკოლაში საერთოდ არ იყო ქიმიის მასწავლებელი, არსებობს ასეთი სკოლაც, სიზარმაცის ბრალიც არის, მოსწავლეებს არ უნდა ფიზიკის სწავლა, ზოგი სკოლის ბრალია, ზოგი კიდევ სახელმწიფოს, ბევრი კომპლექსური პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით არის განპიროვნებული. ფიზიკა თუ არ ვიცით, ეს ძალიან ცუდია, მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ ფიზიკას, ქიმიას და საერთოდ ყველა საგანს.
_ როდის გავიგებთ სატესტაციო გამოცდის შედეგებს?
_ ივნისის შუა რიცხვებში. შეიძლება იყოს მყისიერადაც.
_ პროექტის ავტორმა თავად თუ იცის საბუნებისმეტყველო საგნები?
_ ბევრი ავტორი ჰყავს ამ გამოცდებს, პროგრამისტები არიან. ცხადია, იციან ეს საგნები.
_ რატომ არ დაიწყეს ამ გამოცდების ჩატარება დაბალ კლასებში?
_ მახსოვს, 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების წინ, ძალიან დიდი მღელვარება იყო, მაშინაც ამბობდნენ, რომ რატომ იწყებთ წელსო, როდესმე ხომ უნდა დაიწყოს. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ შევხდებით ერთმანეთს, თქვენ იქნებით ამაყები, რომ სწორედ თქვენ იყავით პირველები, ვინც ჩააბარა ეს რვა გამოცდა.
_ ეროვნული გამოცდებზე შედარებით იოლი იქნება თუ არა?
_ გპირდებით იოლი იქნება.
_ შეგვიძლია თუ არა რომელიმე გამოცდაზე არ გავიდეთ?
_ შეუძლია მოსწავლეს არ გავიდეს რომელიმე გამოცდაზე, მაგრამ ვერ მიიღებს ატესტატს.
_ მოსწავლე, რომელსაც საგნებში 6,7 ქულა ეწერება, შეძლებს ამ გამოცდების ჩაბარებას?
_ არ ვიცი, მე ვერ გეტყვით, რომელ სკოლაში რისთვის იწერება ექვსი ან შვიდი ქულა.
და ბოლოს, გურიის ახალგაზრდულმა გაზეთმა ერთ-ერთ მთავარ შეკითხვაზე თვით ეროვნული საგამოცდო ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის კომენტარი მოიპოვა. შეკითხვაზე _ როგორ უნდა ჩააბაროს მოსწავლემ საბუნებისმეტყველო საგნები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში არ უსწავლიათ, _ ის პასუხობს:
_ შესანიშნავად ვიცი, რა პრობლემებიც არსებობს სწორედ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებასთან დაკავშირებით.  სხვათა შორის, ადრე მე ვიყავი ერთ-ერთი მომხრე იმისა, რომ 2011 წელს არ ჩაგვეტარებინა საატესტატო გამოცდები და ვადა გადაწეულიყო. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, სრულიად დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება დროულია. დავუშვათ, მეცხრე-მეათე კლასელებს ვუთხარით, ორი წელი გაქვთ წინ სამეცადინოდ, რადგან გამოცდების ჩაბარება მოგიწევთ. მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასელებს რას ვეუბნებით? _ იცით, თქვენ შეგიძლიათ არ იმეცადინოთ და მაინც მიიღებთ ატესტატს. ისეთი შეგძნება მაქვს, რომ თითქოს მათ ხელს ვკრავთ ასეთი გადაწყვეტილებით, თითქოს აღარ მაინტერესებს შენ ისწავლი, თუ არ ისწავლი, როგორი იქნები შემდეგ და იქნები თუ არა წარმატებული, შენზე უარს ვამბობ, სამაგიეროდ, მეცხრე კლასელებზე ვიზრუნებ აუცილებლად და სხვა თაობაზე... მე პირადად, არც ერთი მოსწავლე არ მემეტება იმისთვის, რომ სავალდებულო საგნებში საბაზისო, ელემენტარული ცოდნა არ ჰქონდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემა შევქმნათ, მაგრამ, ასე ვთქვათ, იძულების მეთოდი გარკვეულ სიტუაციებში ძალიან კარგად მუშაობს და უფრო მეტსაც გეტყვით: როდესაც კითხვას სვამენ იმასთან დაკავშირებით, რაში მჭირდება ქიმია და ფიზიკა, როცა ჰუმანიტარულზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და მომავალი ფილოლოგი ან ისტორიკოსი ვარ, კატეგორიულად არ ვეთანხმები. მოსწავლეს თუ დღეს არ ესმის, რაში სჭირდება საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა, მე ძალიან კარგად ვიცი, რაში დასჭირდება მომავალში. სჭირდება კერძოდ იმაში, რომ ეს არის მისი წარმატების საწინდარი. იმაზე უკეთ იმ უნარებს, რომელშიც ჩვენ გამოცდას ვუტარებთ აბიტურიენტებს,  მოსწავლეს არაფერი განუვითარებს ისე, როგორც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება. ვიმეორებ, არ მინდა უარი ვთქვა ამ თაობაზე და გავწირო წარუმატებლობისთვის. მართალია, ვაიძულებთ მე-12 კალესელებს, რომ აუცილებლად ისწავლონ, ან გაიმეორონ განვლილი მასალა, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს მათი მომავალი წარმატებისთვის კეთდება.
P.S. გასულ კვირას ქალბატონი მაია მიმინოშვილი ჩოხატაურში იმყოფებოდა. ამის შესახებ გურიის ახალგაზრდული გაზეთისთვის არავის უცნობებია. როგორც ჩანს, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა არ მიიჩნია საჭიროდ შეხვედრაზე ჩვენი დასწრება, ან კიდევ ქალბატონ მიმინოშვილს არ სურდა ჟურნალისტებთან საუბარი.



არქივი