ვინ არის ოზურგეთში ყველაზე პოპულარული

gurianews.com

21-ს ქვევით

ვინ არის ოზურგეთში ყველაზე პოპულარული

აპრილი 05
00:29:07 2011

სოციალური ქსელი რომ პოპულარობის პიკშია, ალბათ, საკამათო თემა არ არის. კამათს არც ის იწვევს, რომ ბლოგები და ბლოგერები თინეიჯერების ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

ჩვენი გაზეთი ბლოგებს, ინტერნეტფორუმებს და სხვა სოციალურ ქსელებს ხშირად სტუმრობს. აქ გამართული ცხარე დისკუსიებით ვიგებთ, რა არის თქვენთვის საინტერესო და მერე ბევრი რამ ფურცლებზე გადმოგვაქვს.

ინტერნეტსამყაროში ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობს დროს ვიპოვეთ ოზურგეთელი თინეიჯერების ბლოგი. ბლოგზე შემქმნელის ვინაობა მითითებული არ არის, თუმცა ძალიან პოპულარული რომ არის, ამას ფაქტები მოწმობს.

ამ ბლოგის საშუალებით ოზურგეთის საჯარო სკოლებს ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენცია აქვთ. ყოველ კვირას კონკრეტული სკოლის პუპულარული სახე ვლინდება, რომლებიც ფინალში ერთმანეთს საუკეთესო ტიტულის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან.

პირველი ეტაპის გამარჯვებულები რამდენიმე დღის უკან გამოვლინდნენ _ ოზურგეთის მეორე საჯაროს სკოლის პოპულარული ბიჭი გიორგი სვანიძე და გოგო ნანუკა ჯუღელი გახდნენ.

პირველ ტურში მეორე საჯარო სკოლიდან 18 ბიჭი და 11 გოგონა მონაწილეობდა:

საბა მამალაძე, გაგა კოსტავა, გიორგი სვანიძე, ილია დარჩია, ვაკო მამალაძე, ლაშა მეფარიშვილი, ვაკო ბლიაძე, გიორგი ჩხაიძე, ვანიკო ჩხაიძე, ერეკლე სალუქვაძე, კობა ახალაძე, თომა თავდუმაძე, აკაკი დარჩია, გიორგი ინწკირველი, ილა სიხარულიძე, სიო ფარესაშვილი, მიხეილ მამალაძე, ლევან თევდორაძე _ ნანუკა ბოლქვაძე, ნანუკა ჭელიძე, თაკო სარიშვილი, მედეა იმედაშვილი, თიკო ჩხაიძე, ნატა ჩხაიძე, თიკო ჩილაჩავა, ნანუკა ჯუღელი, ნინი ტყეშელაშვილი, თამუნა ხუჭუა, ლედუკა შაფაქიძე.

ბლოგზე რამდენიმე კონკურსანტის დახასიათებაც არის _ ქრისტი მეგრელაძე _ "ძაან გიჟი და საყვარელი" ყველაზე განსხვავებული"ადამიანი, რომელსაც ვერავის შეადარებ"; ნანუკა ჯუღელი: "მოკლედ, ძაან საყვარელი, ლამაზი და ჭკვიანი... ძაან მაგარი ადამიანი" მეორე სკოლის ყველაზე პოპულარული გოგო"; კობა ახალაძე: "ადამიანი, რომელზეც გოგოები აფანატებენ. ცნობილი გიტარისტი, მოცეკვავე და საერთოდაც, ძაან მაგარი კაცი!!! ოპერაციის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა საზოგადოებას". თომა თავდუმაძე: "ოზუს განგსტერი", ყველას იცნობს, ყველაფერი იცის, ყველგან არის და ყველაფერს ჩალიჩობს (კარგი გაგებით)!!! მაგარი კაცი".

ამჯერად, ჩვენი სტუმარია ერთ-ერთი გამარჯვებული, მეორე საჯაროს სკოლის მეათეკლასელი ნანუკა ჯუღელი:

_ გამოკითხვის შესახებ მოგვიანებით გავიგე, ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ბლოგს, სადაც მიმდინარეობდა მეორე საჯარო სკოლის პოპულარული გოგოს და ბიჭის გამოვლენა. რომ გავიმარჯვე სასიამოვნო და სასიხარულო ამბავია.

_ როდესაც გაიგე, შემდეგ რა მოხდა?

_ არც არაფერი, უბრალოდ, ვნახე, რომ ჩემთან ერთად, ჩემი მეგობრებიც მონაწილეობდნენ გამოკითხვაში.

_ ხშირად ტარდება მსგავსი გამოკითხვები სკოლის მოსწავლეებს შორის?

_ არც ისე ხშირად, მე ასეთი გამოკითხვა პირველად ვნახე და ძალიან კარგია.

_ როგორც ვიცი, მეორე საჯარო სკოლის გარდა, სხვა სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას?

_ არ არის გამორიცხული, ქალაქის სხვა სკოლის პოპულარული გოგო და ბიჭი აირჩიონ.

_ ვინ შექმნა ეს ბლოგი?

_ ნამდვილად არ ვიცი.

_ შენი ფოტო, როგორ მოხდა ბლოგზე?

_ ალბათ, სოციალური ქსელიდან აიღეს.

მეორე საჯაროს სკოლის დირექტორის მოადგილე ფატი სიორიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი კონკურსები საინტერესო და მისასალმებელია.

_ ჩვენს დროს ინტერნეტი არ იყო, კარგად მახსოვს, ტარდებოდა სილამაზის კონკურსები, გაზაფხულის მეჯლისი, რაიონული ღონისძიებები. ბლოგის შესახებ მეც შემთხვევით გავიგე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, რომ მსგავსი გამოკითხვები ბავშვებს უფრო დააახლოებს ერთმანეთთან და დამეგობრდებიან. საიტზე უმეტესად მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების შესახებ არის ინფორმაცია, ფოტოებიც ბლომად არის, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ფატი სიორიძემ.

საიტზე ასევე მეორე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლეების შესახებაც გაეცნობი ინფორმაციას, მაგალითად, საფრანგეთში წასული კატო კილაძის ჩანაწერს და ნოდარ ლომჯარიას ლექსს წაიკითხავთ:

კატო კილაძე: ამ დღეს ვაღიარე ჩემი ტრაგედია. ის, რომ მე კი არ გავზრდილვარ, არამედ ბავშვობა გაიზარდა ჩემში. იყო დღე, როდესაც ცრემლი იყო ღიმილი, წამი კი მარადისობა. ამ დღეს მე ცხოვრება მოვიზუკუტურე, ცხოვრება კი უკვე ზურგით ატარებდა "მე"-ს..

არაფერს რომ გამოაკლებ არაფერს აღარაფერია. არაფერს რომ მიუმატებ არაფერს ორი არაფერი. ყველაფერს თუ დაუმატებ ყველაფერს სუყველაფერს მიიღებ", თუ გამოაკლებ, არაფერს _ ცხოვრებისეული მათემატიკა. მერე ჩვენ ვირჩევთ არაფერზე ვიმოქმედოთ თუ ყველაფერზე და მეც ავირჩიე. ამ დღეს მე კი არ მოვკვდი, არამედ "გარდავიცვალე", ადამიანები არ კვდებიან, ისინი "იცვლებიან"!



არქივი