“ათსაათიანი სამუშაო დღის მანძილზე გიწევს საკუთარი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგომა“

gurianews.com

21-ს ქვევით

“ათსაათიანი სამუშაო დღის მანძილზე გიწევს საკუთარი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგომა“

ნოემბერი 13
12:09:09 2019

საქართველოდან გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც გაეროს ჟენევის ოფისმა უმასპინძლა, ათმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

“გურია ნიუსი“ ერთ-ერთ მათგანს, თათული შავიშვილს დაუკავშირდა.


“საქართველოს დელეგაცია დააკომპლექტა კანტის აკადემიამ შასარჩევი კონკურსის შედეგად, რომელიც წარმატებით გავიარე და გავხდი საქართველოს დელეგაციის ათეულის წევრი. დელეგაციას ქალბატონი მარეხი გვარამაძე ხელმძღვანელობდა.

ჩემთან ერთად დელეგაციას წარმოადგენდნენ: ნინი მანჯგალაძე; თათა ვარადაშვილი; ლიზი წულაია; ნიკა ტალახაძე; ნიკა ჩიხლაძე; ლიზი ბოცვაძე; ლუკა მკლავიშვილი; მარი აბუთიძე ნიკა კოღუაშვილი.

საკომიტეტო მუშაობის ფარგლებში დელეგატები წარმოვადგენდით სხვადასხვა ქვეყნის კონკრეტულ პრობლემატიკას: თავდაცვის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებში", _ გვითხრა თათული შავიშვილმა.

თათული შავიშვილის თქმით, გაეროში ათსაათიანი სამუშაო დღის მანძილზე გიწევს საკუთარი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზრე დგომა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, პოლიტიკურად გამართლებული გადაწყვეტილებების მიღება.

ჩემი კომიტეტი განიხილავდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების როლს მრავალი აქტუალური პრობლემის გადაჭრაში. ჩემი, როგორც განვითარებადი ქვეყნის დელეგატის გამოსვლა ეხებოდა სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის გამოწვევას, რომელიც, ჩემი აზრით, გაეროს შეთანხმების საფუძველზე 2030 წლისთვის დასახული 17 მიზნიდან ერთ-ერთი უმთავრესია. განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის პრობლემის გადაჭრის მნიშვნელოვანი წინაპირობა კი თანამედროვე ტექნოლოგიების რევოლუციური მიღწევების დანერგვაა.
შევეცადე, მკაფიოდ და აქტიურად გამომეხატა ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხში გაეროს მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ, რაც დაძაბული დებატებისა და დისკუსიის შემდეგ მნიშვნელოვნად აისახა კიდეც ჩვენი კომიტეტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში.

გაეროს მოდელირებაში მონაწილეობის მიღებამ დიდი გამოცდილება და მომავლის სტიმული შემძინა", _ აღნიშნა თათული შავიშვილმა ჩვენთან საუბრის დროს.
ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, რა მიღწევები აქვს თათულის საქართველოში.

“ვარ 15 წლის, თანამედროვე განათლების აკადემიის 10 კლასის მოსწავლე. მიმდინარე სასწავლო წელს ამირჩიეს აკადემიის თვითმმართველობის თავჯდომარედ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ვარ სხვადასხვა საგნობრივი ოლიმპიადის საპრიზო ადგილების მფლობელი. ლიტერატურული ოლიმპიადა “სენტენციის” გამარჯვებული, ინგლისური ენის ოლიმპიადის ორგზის თასის მფლობელი პირველი ადგილსათვის, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო კულტურულ საგანმანათლებლო ფესტივალში (“ოქროს საწმისი”) მონაწილეობის მიღება, სადაც დამჯილდოვეს საუკეთესო მოხსენებისთვის _ “საიათნოვა და ქართული პოეზია” . მონაწილეობა მაქვს მიღებული რამდენიმე პროექტში, მათგან აღვნიშნავდი “Recognizing and Protecting human Rights”. ამ პროექტმა მომცა მნიშვნელოვანი გამოცდილება სიტყვის თავისუფლების დაცვის საკითხებში. პროექტის ფარგლებში გადმომეცა “გლობალური მოქალაქის” სერტიფიკატი.

ვფლობ ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს, რაც საშუალებას მაძლევს, ჩემი საყვარელი ავტორები ორიგინალში ვიკითხო, რაც ჩემი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს იკავებს", _ გვითხრა თათულიმ.

“გურია ნიუსი“ წარმატებებას უსურვებს გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეებს.



არქივი