"დამეძინა", "ასე მოხდა და რა ვქნა" _ რატომ იგვიანებენ მოსწავლეები სკოლაში

gurianews.com

21-ს ქვევით

"დამეძინა", "ასე მოხდა და რა ვქნა" _ რატომ იგვიანებენ მოსწავლეები სკოლაში

იანვარი 30
16:21:32 2020

დილით გაკვეთილზე დაგვიანება, თითქმის, ჩვეულებრივი ამბავია ყველა სკოლისთვის. ამ ჩვევის შესაჩერებლად, აქტიურობენ სკოლების დირექტორები, მანდატურის სამსახურები, თუმცა, ჯერ ვითარება უცვლელია.

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ, 2019 წლის ბოლოს, მშობელთა კრებაზე, ხაზი გაუსვა პირველ გაკვეთილზე მოსწავლეთა დაგვიანების ტენდენციას და საგანგებოდ სთხოვა ყველას, რომ შვილებს დახმარებოდნენ სკოლაში დროულად მოსვლის პროცესის დასარეგულირებლად.
_ დილით სწავლა ათის ნახევარზე იწყება. უფრო გვიან დაწყება შეუძლებელია. თუმცა, მოდით დილით და ნახეთ, პირველი გაკვეთილის დასრულებამდე შეხედავთ დაგვიანების უსიამო სურათს. დავეხმაროთ ერთმანეთს ამ ცუდი ჩვევის დაძლევაში, _ განუცხადა დირექტორმა მშობლებს.
რა მდგომარეობა დღეისთვის აქ?
28 იანვარს დილის ცხრა საათიდან, პირველი გაკვეთილის დასრულებამდე ჩვენი ახალგაზრდული გაზეთი დააკვირდა სკოლაში მოსწავლეთა მოსვლის პროცესს. უფრო მეტად ასეთი სურათი გამოიკვეთა _ უმეტესად ის მოსწავლეები აგვიანებენ, რომლებიც მშობლებს მანქანით მოჰყავთ ან მოდიან სოფლებიდან.
დაწყებით კლასებში ყველაზე მეტი "ურჩი" მესამე კლასში აღმოჩნდა _ სულ ცხრა მოსწავლემ დააგვიანა. მაღალ კლასებში "რეკორდი მოხსნეს" მეათე და მეთერთმეტე კლასელებმა _ შესაბამისად, ამ კლასებში მეათე კლასში _ ცამეტმა, ხოლო მეთერთმეტე კლასში თორმეტმა მოსწავლემ დააგვიანა. სამი-ოთხი მოსწავლე მივიდა გვიან დანარჩენ დაწყებით კლასში. ასევე, შედარებით ცოტა რაოდენობამ დააგვიანა მეხუთე (სამი ბავშვი), მეექვსე (ორი ბავშვი) და მეშვიდე კლასებში (სამი ბავშვი).
კითხვაზე, რატომ იგვიანებდნენ სკოლაში, მოსწავლეებს თითქმის ერთგვაროვანი პასუხი ჰქონდათ: "დამეძინა, მასწ", "სოფლიდან დადივართ". ზოგი იუმორს და მერე საწარაფოდ გაქცევას არ იშურებდა: "ნუ, ასე მოხდა და რა ვქნათ... შეგვინდეთ".
ჩვიდმეტი მოსწავლე მოვიდა დაგვიანებით და სკოლის სხვა შესასვლელში სირბილით შევიდნენ მას შემდეგ, რაც შეგვამჩნიეს, რომ ვაკვირდებოდით.
სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე ამ პრობლემის შესახებ, ამბობს, რომ დირექცია და მანდატურის სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა ჯერ შედეგი არ ჩანს.
_ დირექცია და მანდატურის სამსახური უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ სკოლაში მოსწავლეთა დაგვიანების აღმოსაფხვრელად. თქვენი ეს ნაბიჯიც ერთგვარი დახმარებაა ჩვენთვის. ჯერჯერობით, შედეგი დადებითი არაა. მინდა, ვთხოვო მშობლებს, ამჯერად თქვენი საშუალებითაც, რომ უფრო აქტიური და პასუხისმგებლიანი გახდნენ შვილების მომზადების საკითხში, რომ სკოლაში დროულად გამოცხადნენ. თქვენ ამბობთ და ასეა ზუსტად _ აგვიანებენ, ძირითადად, ის მოსწავლეები, რომლებიც მშობლებს მანქანით მოჰყავთ ან სოფლებიდან დადიან. თუმცა, იმ სოფლებიდან დილით ტრანსპორტი დროულად ჩამოდის ქალაქში. ამინდები, ხედავთ, ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი და მზიანია. სკოლაში მოსწავლეს ხვდება სითბო, ადაპტირებული გარემო. რატომ უნდა დაიგვიანონ? ასევე, მეტი პასუხისმგებლობა მართებთ იმ მშობლებს, რომლებსაც შვილები სკოლაში მოჰყავთ მანქანით. ასეთ დროს დაგვიანება, უკვე პირდაპირ მშობლის ბრალია, _ თქვა სიორიძემ და ასევე, აღნიშნა ამ ეტაპზე, გაცდენების შესახებაც.
_ დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ბავშვი არ დადის მეორე და მერვე კლასში. ამ კლასებში სწავლობს რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვი, და-ძმები. როგორც დავადგინეთ, მათ ვირუსი შეეყარათ და მაღალი სიცხით შინ იმყოფებიან. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მოსწავლე იზოლირებული უნდა იყოს და გაცდენას გვერდს ვერ ავუვლით, _ ამბობს სკოლის დირექტორი.
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში სულ 958 მოსწავლე ირიცხება. იმ დღეს, როცა ჩვენ ამ სკოლაში მივედით, გაკვეთილებზე 50-მდე ბავშვმა დააგვიანა. საგანგაშო რიცხვი არ არის, თუმცა, ასეთი ტენდენცია მიუღებელია, მით უფრო, რომ ხელისშემშლელი პირობა არსად გამოკვეთილა.



არქივი