ევროპის ყველაზე მაღალი კურორტის ისტორია _ გაიცანით ბახმარო

gurianews.com

21-ს ქვევით

ევროპის ყველაზე მაღალი კურორტის ისტორია _ გაიცანით ბახმარო

თებერვალი 02
12:43:15 2018

ბახმარო გურიის უნიკალური კურორტია. აჭარა-გურიის მთების ბუნებრივი განლაგების შედეგად ამ ადგილას ზღვიდან წამოსული ჰაერის მასები  მთების ჰაერთან  ერთად უნიკალურ ნაზავს ქმნის. ბახმაროს კლიმატური თვისებები პირველად ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელაო, მოგვითხრობენ ადგილობრივი დამსვენებლები.

სპეციფიურ კლიმატთად ერთად ჰაერში მინიმალურად ნაკლებია მტვრის შემცველობა, ამიტომ  ოზურგეთის მაზრის ექიმმა 1893 წელს არტემ დავითიანცმა ციებითა და ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე ავადმყოფი ბახმაროში გაგზავნა სამკურნალოდ, იქიდან კი უმეტესობა გაუმჯობესებული ჯანმრთელობით დაბრუნდა.

მოგვიანებით თავად დავითიანცი, რომელიც ასევე ტუბერკულოზით იყო დაავადებული, გაემართა ბახმაროში სამკურნალოდ. მანვე პატარა სახლი ააშენა იქ (ბახმაროს მოედანი, სადაც დავითიანცმა სახლი აიშენა, დღემდე მის სახელს ატარებს). შემდეგ წელს კი დავითიანცი ფერშლებთან ერთად ავიდა ბახმაროზე და აკვირდებოდა სხვადასხვა სენით შეპყრობილ მოაგარაკეთა მდგომარეობას.

ცნობილია, რომ 1895 წელს ბახმაროში იმყოფებოდა ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია. მისი აღწერით იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. მისასვლელად გამოიყენებოდა საცალფეხო ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან.

1900 წელს ჩამოყალიბდა „ბახმაროს მომხმარებელთა საზოგადოება ჯანმრთელობა“, რომლის ფუნქცია აგარაკის მართვა-გამგეობა და კეთილმოწყობა იყო. შეიქმნა გზის, სასურსათო-საკონტროლო, ტყეებისა და საკურორტო ზონის დაცვის კომისიები, დაიწყო მისასვლელი გზების გაჭრა და სახლების აგების ხელშეწყობის სამუშაოები. გაჩნდა პირველი მაღაზია, რომელიც ვინმე კასიანე ქინქლაძემ გახსნა. 1908-1914 წლებში ყველა დასახლებული უბანში წყაროს წყლები გაიყვანეს.

1923 წელს ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. დაიწყო ბახმაროს პოპულარიზაცია, გამოდიოდა წიგნები, ეწყობოდა სამედიცინო და სამეცნიერო ექსპედიციები. 1932-1933 წლებში პროფესორ გავრილენკოს ხელმძღვანელობით ბახმაროზე მოეწყო ექსპედიცია, რომლის მიზანიც იყო ბახმაროს, როგორც ზამთრის კურორტის პოტენციალის შესწავლა.

1940 წელს გამოსულ წიგნში „მასალები ბახმაროს ისტორიისათვის“ ბახმარო ევროპაში ყველაზე მაღალ კურორტად მოიხსენიება: „ბახმარო ყველაზე მაღალი კურორტია არა თუ საქართველოში და საბჭოთა კავშირში, არამედ მთელს ევროპაში. ზღვის დონიდან წმინდა მორიცის სიმაღლეა 1855 მ; აროზასი - 1.720 მ; დავოსის - 1.560 მ; ბახმაროსი კი - 2050 მ.“

წყარო



არქივი