მე ვარ საქართველოს ჯარისკაცი _ რამდენიმე შტრიხი პავლე ინგოროყვას პორტრეტისთვის

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

მე ვარ საქართველოს ჯარისკაცი _ რამდენიმე შტრიხი პავლე ინგოროყვას პორტრეტისთვის

აპრილი 02
09:46:52 2019

ყველაფერი მაშინ დაიწყო, 25 თებერვლის ნაცრისფერი დღე რომ გათენდა. ამ დღეს: "თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი..." (კოლაუ ნადირაძე).

მოგვიანებით, პოეტი _ მეფე გალაკტიონი კიდევ უფრო ლამაზად და მტკივნეულად იტყვის: "თებერვალს უხმობენ, თებერვალს, სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები."

ეს საქართველოს გასაბჭოების დღე იყო. წითლები თბილისში შემოვიდნენ. განცვიფრებული და დაბნეული ხალხი დუმდა. ზოგი გარბოდა სადღაც... უმისამართოდ. მატარებელში ტევა არ იყო, ქალაქი პანიკას მოეცვა. ათასი ჯურის კრიმინალს დრო ეხელთა და ძარცვა-გლეჯა გაემართა. ნაწილი კი... ახალი მონობის უღლისთვის ემზადებოდა, მონობისა, 70 წელზე მეტი ხანი რომ გაგრძელდა.

შვილების მიერ გაყიდული ქვეყანა ეთხოვებოდა თავისუფლებას. თუმცა მთლად ასეც არ იყო. ჩვენ ყოველთვის გვყავდა ღირსეული მამულიშვილები და ახლაც გამოჩნდა ახალგაზრდა პატრიოტთა ჯგუფი "შავჩოხოსნები": კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, ვახტანგ კოტეტიშვილი და პავლე ინგოროყვა. ისინი ქალაქში შავი ჩოხებით გამოვიდნენ, პატრიოტი ქართველები გლოვობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას.

ეს რაინდული აქტი იყო, პროტესტი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ეს ცხადყოფდა, რომ მამულიშვილები არასოდეს შეეგუებოდნენ ქვეყნის დამონებას. ვისაც ოდნავი წარმოდგენა აქვს,თუ როგორი დაუნდობლობით გამოირჩეოდნენ ბოლშევიკები, ის კარგად მიხვდება ამ პატრიოტი ვაჟკაცების თავგანწირვის ძალას.

პავლე ინგოროყვა საკუთარ თავს "საქართველოს ჯარისკაცს" უწოდებდა. ეს ალბათ ყველაზე საპატიო ტიტული იყო მისთვის. ხოლო სანამ ამ ღირსეულ წოდებამდე მიაღწევდა, რთული და საინტერესო გზა გაიარა. იგი 1893 წელს დაიბადა გურიაში. მამამისი ჩვეულებრივი გლეხი იყო, დღედაღამ შრომობდა. პავლე კი ძირითადად წიგნებს კითხულობდა. დაღლილი მამა ხშირად საყვედურობდა ყმაწვილს, შეეშვი ცოტა ხნით წიგნებს და მოდი, მომეშველეო. ამიტომ, მშობლების თვალს რომ მოჰფარებოდა, ჩაჯდებოდა ხოლმე ნავში, შეცურავდა პალიასტომის ტბაში, ჩერდებოდა შუაგულში და იქ კითხულობდა.

პავლეს მამასთან დაკავშირებით, ჩვენს ოჯახში ხშირად იხსენებდნენ ერთ სასაცილო ამბავს: როდესაც ის პირველად ჩამოვიდა თბილისში, მამა და პავლე რუსთაველზე სეირნობდნენ. საღამო ხანი იყო და, როგორც წესი, ბევრი ხალხი ირეოდა. მამამ პავლეს ჰკითხა:

_ რას აკეთებს ეს ხალხი აქ, სად არის ამათი მიწები?

_ შენ რომ თოხნი სოფელში, ის არის ამათი მიწები, _ უპასუხა პავლემ.

ერთი ამოიოხრა მამამ და თქვა: _ ეხ, წავედი სოფელში, ბევრი საქმე მქონიაო.

პავლემ პირველი ნაშრომი 20 წლისამ გამოაქვეყნა: "ძველი ქართული სასულიერო პოეზია". ერთი წლის შემდეგ კი ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია: "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა". იგი იკვლევდა საქართველოს პოლიტიკური ისტორიის და ქართული კულტურის განვითარების არა რომელიმე ერთ, ცალკე აღებულ ეპოქას, კულტურის არა რომელიმე ერთ დარგს ან მიმართულებას, არამედ მთლიანად და გლობალურად სწავლობდა ქართული ცივილიზაციის ისტორიას. ქართული ცივილიზაციის მკვლევართა შორის ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ასე მასშტაბურად ეკვლიოს ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ყველა ძირითადი ეტაპი. ამ მხრივ იგი ივანე ჯავახიშვილის გვერდითაც დგას. თავისი სიტყვა აქვს ნათქვამი ქართული ანტიკურობის და შუა საუკუნეების ისტორიისა და კულტურის კვლევაშიც ნაშრომებით: "გიორგი მერჩულე", "რუსთაველიანა", "მოქცევაი ქართლისა", "იბერიის მეფეთა სია" და ა.შ.

პავლე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, მიუხედავად რთული პერიოდისა, გაჭირვებისა და ავადმყოფობისა, წუთით არ გაჩერებულა. სულ მუშაობდა. იბრძოდა ქვეყნის სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის. იბრძოდა ფრონტზეც, გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით, ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად. ტუბერკულიოზით დაავადებულმაც კი აიღო იარაღი ხელში, როდესაც სამშობლოს დასჭირდა. პავლე ყველგან უზარმაზარი პორტფელით ხელში დადიოდა, ავტობუსში ამოიღებდა ხოლმე ფურცლებს და მუშაობას აგრძელებდა, დრო რომ არ დაეკარგა.

დადიოდა საქართველოს ყველა კუთხეში და ატარებდა აღწერას. იცოდა, სად რამდენი ქართველი თუ სომეხი ცხოვრობდა, ისიც იცოდა, რომელ ოჯახს რამდენი მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვი ჰყავდა. ყველა ადგილი შესწავლილი ჰქონდა, სადაც საქართველოს ტკიოდა და დახმარება ესაჭიროებოდა. ბევრჯერ ეცადა დახმარება მიეღო მთავრობისგან, იყო ორჯონიკიძესთან, რომელსაც ძლივს გადაურჩა, იყო ბერიასთან და იყო შევარდნაძესთან, რომელმაც არც კი მიიღო. რას იზამ, ერისკაცობა და სამშობლოზე ზრუნვა საბჭოთა ეპოქაში არათუ მიუღებელი, არამედ დანაშაული იყო.

მთელ მაშინდელ რუსეთის იმპერიაში პირველად შეიქმნა მწერალთა კავშირი, რომლის შექმნის მთავარი ინიციატორი პავლე ინგოროყვა გახლდათ.

პავლე ინგოროყვას მოღვაწეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც იგი დამოუკიდებლობა დაკარგული ქვეყნის გადარჩენას ცდილობდა. არადა, რომ წარმოვიდგინოთ, რა დრო იყო "წითელი ტერორის" წლები. აი, გალაკტიონი რომ ამბობს: "ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები."

ყოველგვარი აქტიურობა ძალიან საშიში იყო ყველა ქართველისთვის, რადგან როგორც ვიცით, წითლები შემოსვლის მეორე დღიდანვე შეუდგნენ ბრძოლას ყოველგვარი ეროვნულის წინააღმდეგ. ეს პავლეს არ აშინებდა, თითქოს აძლიერებდა კიდეც. უფრო და უფრო მეტს ზრუნავდა სამშობლოზე. ამ პერიოდში დააარსა ჟურნალი "კავკასიონი", რომლის რედაქტორიც და გამომცემელიც თვითონ იყო. ამასთან ერთად, ა.აბაშელთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა გამომცემლობა "ქართული წიგნი", სადაც მოგვიანებით ინგოროყვას ინიციატივით და რედატირებით გამოვიდა ილია ჭავჭავაძის სრული კრებული ათ ტომად. ეს კი იმ დროს, როდესაც ილიას სახელის ხსენებაც კი სახიფათო იყო საქართველოში. ასეთი აქტიურობით განაგრძობდა პავლე მოღვაწეობას.

ბუნებრივია, ეს ასე უმტკივნეულოდ არ ჩაივლიდა. "საქართველოს ჯარისკაცი" საშიში ხდებოდა ბოლშევიკებისათვის. 1931 წელს გაუხსენეს კიდეც ყველაფერი და მწერალთა კავშირიდანაც გარიცხეს კონსტანტინე გამსახურდიასთან და იოსებ იმედაშვილთან ერთად. მკაცრად მიუთითებდნენ, ინგოროყვამ ჯერ კიდევ ანტი-საბჭოთა ჟურნალის "კავკასიონის" რედაქტორობის დროს ნათლად გამოავლინა "რეაქციონერული" და "ნაციონალისტური" სახეო. ილიაც გაუხსენებიათ და უთქვამთ, პავლე ინგოროყვა საბჭოთა ხელისუფლებას ილია ჭავჭავაძეს ამოფარებული ებრძვისო.

მინდა გავიხსენო კიდევ ერთი ფაქტი პავლე ინგოროყვას მოღვაწეობიდან:

1917 წელს, საისტორიო საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე წაკითხულ მოხსენებაში, პავლემ პოლიტიკურ ისტორიაში პირველად ახსენა სახელი: "ადერბეჯანი". სწორედ მან დაარქვა ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს "ადერბედრიჯანელები". მერე და მერე ეს ტერმინი გავრცელდა ყველგან, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც, მაგრამ დღეს თითო-ოროლა კაცის გარდა, აღარავინ მოიგონებს ამ ქვეყნის ვინაობას. მას შემდეგ აზერბაიჯანელები სადაც შეხვდებოდნენ პავლეს, ეუბნებოდნენ: "შენ ხარ ჩვენი ნათლიაო."

კიდევ ერთ ისტორიულ მოვლენასაც მოვიგონებ, რომელიც პავლე ინგოროყვას დიდ ღვაწლს და თავდადებას საქართველოს წინაშე კიდევ ერთხელ ცხადყოფს:

საქართველომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგად თურქეთში მოხვედრილი ბათუმის ოლქი 1918 წელს ბრძოლით დაიბრუნა, თუმცა თურქეთს დათმობა არ უნდოდა და მისმა პარლამენტმა ბათუმი თურქეთის მიწა-წყლად გამოაცხადა. ბათუმი გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით 1921 წლის 20 მარტს მეორედაც დავიბრუნეთ (ამ ბრძოლაში პავლეც მონაწილეობდა), თუმცა თურქები ისევ არ ნებდებოდნენ, მათ ჰქონდათ "დოკუმენტები", რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ბათუმი თურქეთის ოლქს ეკუთვნოდა. დოკუმენტში ეწერა, რომ მდინარე ჩოლოქს იქით მიწა-წყალს საბჭოთა რესპუბლიკა თურქეთს უთმობდა. პავლე ინგოროყვამ, რომელიც ამ პრობლემის გადამჭრელი საერთაშორისო კომიტეტის წევრი გახლდათ, დაადგინა, რომ დოკუმენტში ჩოლოქის ნაცვლად მდინარე ჭოროხი ეწერა, რომელიც ბევრად შორს იყო, ვიდრე მდინარე ჩოლოქი, ამრიგად, აჭარა რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას ეკუთვნის, ამაში პავლეს დიდი დამსახურებაცაა.

როდესაც ბესტ-ლიტოვსკის ზავს ხელი მოეწერა და თურქეთმა იურიდიული უფლება მოიპოვა, შეეყვანა ჯარები ბათუმის, ყარსისა და ასტაანის ოლქებში, ქართველებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და საჭირო გახდა მოლაპარეკებების წარმოება. ასეც მოხდა, გაიმართა ე.წ. ტრაპიზონის კონფერენცია, რომელიც, ერთი მხრივ თურქეთის, მეორე მხრივ კი ამიერკავკასიის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამიერკავკასიის რესპუბლიკების დელეგაციაში იმდროინდელი ვითარების და საზღვრების ნაკლებად მცოდნე ადამიანები აღმოჩნდნენ.

მაგალითად, ერთ-ერთ მათგანს, როცა პავლეს რუკაზე კახეთი უჩვენებია, უთქვამს: "ქე დიდი ქვეყანა ყოფილა კახეთიო..." და აი, საქართველოს მამულების ბედი მისნაირებს უნდა გადაეწყვიტათ, ამიტომ პავლე ინგოროყვამ და რევაზ გაბაშვილმა, დიდი გაჭირვებით და მუქარით მოახერხეს, დაიქირავეს პატარა ნავი, რომლითაც ბათუმიდან ტრაპიზონში უნდა ჩასულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ პავლეს საშინლად ტანჯავდა ტუბერკულიოზი და ზღვაც ღელავდა. შუა ზღვაში რომ ყოფილან, ქარიშხალი ამოვარდნილა, ბეწვზე გადარჩენილან და მაინც ჩაუღწევიათ ტრაპიზონში. ასე ნაწამები კაცი საკონფერენციო დარბაზში არ შეუშვეს და უკან გასამგზავრებელი ბილეთიც არ აუღიათ, ისე გააბრუნეს უკან. ამ მოგზაურობის შემდეგ პავლე დიდი ხნით მიეჯაჭვა ლოგინს, ფეხზე ვერ დგებოდა, ისე გაურთულდა დაავადება.

კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი პავლე ინგოროყვას ცხოვრებიდან. ეს ამბავი ცოტა სასაცილო კია, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ძალიან სერიოზულად ასახავს პავლე ინგოროყვას პიროვნებას, მის მრწამსს:

პავლე უკვე მოხუცი იყო, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა მისი მონახულება. პავლე ხელმოკლედ ცხოვრობდა და მისი ბინა ოდნავ არ შეესაბამებოდა ასეთი რანგის მეცნიერს, არა იმიტომ, რომ იგი ამბიციური ან კეთილდღეობის მოყვარული იყო, არამედ მისი სამუშაოსთვის წარმოუდგენლად მძიმე იყო ასეთი პირობები. და აი, გუგული მგელაძემ, პავლეს სიძემ, ასეთი რამ მოიფიქრა: შევარდნაძე აუცილებლად ჰკითხავდა პავლეს, რამე სათხოვარი ხომ არ გაქვთ ჩემთანო, (ამას მოითხოვდა ეტიკეტი).

გუგული მგელაძემ (პროფესიით რეჟისორმა) რამდენჯერმე გაატარა "რეპეტიცია", როგორ უპასუხებდა პავლე მის კითხვისთვის: "დიახ, ბინა მჭირდებაო." და როდესაც მართლა ესტუმრა პავლეს ედუარდი, წასვლის წინ შეეკითხა: "რამე ხომ არ გჭირდებათ ჩემგანო?" პავლემ მიიხედ-მოიხედა, ჩემი სიძე ხომ არ არის ახლოსო და რომ დარწმუნდა არავინ იყო გარშემო, უთხრა: "კი მაქვს სათხოვარი, მოუარე საქართველოსო".

ასე მარცხით დამთავრდა ცნობილი რეჟისორის არაერთი რეპეტიცია. "მსახიობი" მას არ დაემორჩილა. მართალია, ამ ეპიზოდში იუმორიც ურევია, მაგრამ მთავარი ერთია - ამ სიტყვებით, "მოუარეთ საქართველოს" პავლე თავისი ცხოვრების მთავარ სათქმელს ამბობს. ეს გამოთქმა ნიკო ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. დიდ ქართველს, რომლის სულიერ მემკვიდრეთაც, ამ შემთხვევაში შეგვიძლია პავლე ინგოროყვა დავასახელოთ.

სწორედ ასე ცხოვრობდა დიდი ადამიანი პავლე ინგოროყვა, რომლის ცხოვრებაც "ჩვეულებისაებრ მამულისაი სვლა" იყო, გრიგოლ ხანძთელის კვალზე სვლა, რომელსაც უზარმაზარი წიგნი "გიორგი მერჩულე" მიუძღვნა.
პავლე ინგოროყვა გარეგნობითაც წმინდა მამებს ჩამოჰგავდა, მათ, ვისი ცხოვრებაც მამულის, ენისა და სარწმუნოების სამსახურში ილეოდა.

ამას მოითხოვდა "საქართველოს ჯარისკაცის" ხვედრი.



არქივი