პრობლემა სახელწოდებით, „უმუშევრობა“ _ რას ფიქრობენ ახალგაზრდები გურიაში

gurianews.com

21-ს ქვევით

პრობლემა სახელწოდებით, „უმუშევრობა“ _ რას ფიქრობენ ახალგაზრდები გურიაში

სექტემბერი 23
16:00:55 2020

საქართველო დიდი ხანია, ებრძვის უმუშევრობის პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება  ცდილობს, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა, ეს საკითხი მაინც აქტუალურია _ ახალგაზრდები ვერ ახერხებენ მუშაობის დაწყებას ვაკანსიების არ არსებობის გამო.

საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს თანამედროვე, საღად  მოაზროვნე  ახალგაზრდები, რომლებიც საუბრობენ რეალობაზე, აქვთ კრიტიკული შეხედულება, გარკვეულწილად, მაგრამ, ამავდროულად, საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საყოველთაო პრობლემა, „უმუშევრობა.“

ანა ფუტკარაძე: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სერტიფიცირებული ახალგაზრდა მასწავლებელი

წლებია, რაც საქართველოში აქტუალურ პრობლემად იქცა უმუშევრობა. ახალგაზრდების პროფესიის მიხედვით დასაქმება უკვე დაუძლეველ საკითხად დგას. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ამას განაპირობებს არასათანადო განათლება, მაგრამ, მეორე მხრივ, ამაში სახელმწიფოს ბრალს ვხედავ.

უდიდესი პრობლემა მგონია სწორედ ის, რომ საქართველოში არ ფასდება აგრარული თუ სხვა მეცნიერებები, რომლებიც, წესითა და რიგით, ქვეყნის აღმშენებლობას უნდა ემსახურებოდეს. სახელმწიფო რომ ხელს უწყობდეს და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წინსვლას, ახალისებდეს და აწინაურებდეს, შესაბამის პატივს სცემდეს ამ კუთხით ნიჭიერ სტუდენტებს, აუცილებლად იქნებოდა უკუკავშირი. კარგი გაგებით. ახალგაზრდობა მიზნად დაისახავდა, აეღორძინებინა თავისი პროფესია და თუნდაც საბუნებისმეტყველო საგნებში უამრავი სიახლე შეეტანა. ამასაც კი არ უწყობს ხელს განათლების სისტემა საქართველოში. ეს არის უგულებელყოფა ახალგაზრდობისა, რომელსაც თანდათან ინტერესი ეკარგება.

ასევე,  უმუშევრობას ვხსნი იმით, რომ სახელმწიფო გასაქანს არ აძლევს საწარმოებს, რათა გაფართოვდნენ. აშენდეს მანქანათმშენებელი ქარხნები, სადაც უამრავი პროფესიის ადამიანი დასაქმდება.

მე რომ ვიყო განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, აუცილებლად ვიზრუნებდი, სკოლა გახდეს 10-წლიანი, შემდეგ მოსწავლეები გამოცდების საშუალებით გადანაწილდნენ და სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ, თუნდაც ეს იყოს კოლეჯი. ხელს შევუწყობდი ხალიჩების ქარგვის, თექაზე მუშაობის, ქსოვისა და ამ ტიპის საქმიანობის აყვავებას, ბაზარზე გატანას და ა.შ. სახელმწიფო უნივერსიტეტები იქნებოდა უფასო, კერძო სასწავლებლები - უფასოც და ფასიანიც.

 ჩემ გარშემო უამრავი ადამიანია დაუსაქმებელი. ეს გაუნათლებლობის ბრალი არ არის, არამედ სამუშაო ადგილების უკმარისობისა და დაბალი ანაზღაურებისა. საქართველო ამ კრიზისიდან ვერასოდეს გამოვა, თუკი არ აღადგენს მიწათმოქმედებას, არ ააშენებს ქარხნებს, სამრეწველოებს, ფერმებს და არ დაასაქმებს მოსახლეობას.

 ნინო მიმინოშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული: როგორც ყველას, მეც მინდა, რომ მოგვარდეს ეს პრობლემა, უმუშევრობა ყოველთვის იყო საქართველოში და იქნება კიდეც,  ის,  რომ დიპლომებს აღარ აქცევენ ყურადღებას და ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მიუხედავად, უმუშევრად არიან დარჩენილნი, ეს მოტივაციას უკარგავს მომავალ თაობას.  ზოგიერთ შემთხვევაში არასერიოზულადაც კი ეკიდებიან სწავლა-განათლებას.

ჩემი აზრით, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ამ კრიზისისგანაც შეიძლება თავის დაღწევა, თუ ახალგაზრდები გაერთიანდებიან, ზოგიერთი ცდილობს საზღვარგარეთ წასვლას და იქ მუშაობის დაწყებას.

თუ ყველა გაერთიანდება, ვისაც ეს პრობლემა გულთან მიაქვს, ხმას მივაწვდენთ მთავრობას. ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ სათქმელი და მივითხოვოთ ახალგაზრდების დასაქმება”.

 ანა ზედგინიძე, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული: „დღეს უმუშევრობა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობის, დაახლოებით, 12% დაუსაქმებელია. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობის არის თვითონ სამუშაო ძალის პროდუქტიულობა არის საკმაოდ დაბალი, ანუ არ ხდება ბაზარზე პროდუქტიული სამუშაო ძალის მიწოდება და შესაბამისად, გარკვეული კომპანიებიც თავს იკავებენ ადამიანების დასაქმებისგან.  სტუდენტების შემთხვევაში, მაგალითად, სტუდენტი სწავლობს ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებებზე, მაგრამ სამუშაო ბაზარზე კომპანიის მოთხოვმები არის გარკვეულად მაღალი და კონკრეტული.

დამსაქმებლებს სჭირდებათ გარკევული რაოდენობის პოტენციური დასაქმებულები და მოთხოვნადი უნარ-ჩვევები, ძალიან კონკრეტული.

და შესაბამისად, სტუდენტები დაუსაქმებელი რჩებიან. ჯერჯერობით, მეც უმუშევარი ვარ. ვცდილობ და ბევრ პროგრამასა და სტაჟირებაში ვმონაწილეობ, რომ მივიღო შესაბამისი სამსახური, რომელსაც დიდი გამოცდილება სჭირდება, როგორც ითხოვენ დამსაქმებლები.

 ვფიქრობ, რომ სტუდენტებს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, ცოტა შეუმსუბუქონ ის კონკრეტული უნარ- ჩვევების მოთხოვნა, რომელსაც ითხოვენ.

იმიტომ, რომ 21 და 22 წლის კურსდამთავრებულს, რა თქმა ინდა, ვერ ექნება 2 და 3-წლიანი გამოცდილება.

სოფო თურმანიძე, ბათუმის შოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

ეს პრობლემა ღრმა და კომპლექსურია და საჭიროებს აღმოფხვრას. პირველ რიგში, კოლეჯების მიმართ უნდა შეიქმნას კეთილგანწყობა, რადგან აქ მიღებული თეორიული და პრაქტიკული განათლებითაც შეიძლება ახალგაზრდების დასაქმება და საკმაოდ პერსპექტიულია. ხოლო უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს თვითონ დაასაქმოს წარმატებული კურსდამთავრებულები.

პედაგოგებმა, რომლებიც გაურბიან გამოცდებს, უნდა დატოვონ სამსახური ან მიეცეთ არაუმეტეს 5 საათი კვირაში და გზა გაუხსნან პერსპექტიულ, ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომელთაც ახალი იდეები აქვთ და ყველა გამოცდა ჩაბარებული.

შეიქმნას უნდა სამუშაო სივრცეები. სტუდენტებს პროექტების განხორციელების საშუალება უნდა მიეცეთ. უფრო ღია და გამჭვირვალე იყოს საპრიზო აქტივობები... სტუდენტს ყველა პირობა შეექმნას, რომ პრაქტიკული გამოცდილება მიიღოს... გათავისუფლდეს ადგილები, რომელსაც საქმის არმცოდნე ადამიანები იკავებენ და დასაქმდეს ახალი თაობა.“

 არიან ისეთი კურდამთავრებუკლებიც, რომლებიც დასაქმებულნი არიან და კმაყოფილნი არსებული პირობებით. 

უმუშევრობასთან დაკავშირებული კრიზისის მუხედავად, აღსანიშნავია ის, რომ ახალგაზრდობა კრიტიკულად აზროვნებს, ახალ თაობას შეუძლია კარგისა და ცუდის დანახვა,  შეუძლია კრიტიკასთან ერთად საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოსავლის ძებნა, რომ დამარცხდეს პრობლემა სახელწოდებით, „უმუშევრობა.“

ლუკა ლელაძე



არქივი