სასკოლო ნიშნის გავლენა მოსწავლეზე

gurianews.com

21-ს ქვევით

სასკოლო ნიშნის გავლენა მოსწავლეზე

მაისი 26
17:21:11 2018

ნიშნები ხშირად სწავლის პროცესში ერთ-ერთ მთავარ მოტივატორს წარმოადგენს, ამიტომ, ალბათ, არცაა გასაკვირი მისი მნიშვნელოვანი გავლენა მოსწავლეზე. თავიანთი სასკოლო გამოცდილებიდან მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს საკუთარ თავზე, როგორც ცოდნის ამთვისებელზე. ეს შეფასება მნიშვნელოვნად ეყრდნობა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასებას, რაც ხშირად ქულებით გამოიხატება.

სწორედ ამ შეფასებებს მიჰყავს მოსწავლე დასკვნამდე - შეუძლია მას თუ არა მიაღწიოს წარმატებას და შეუძლია თუ არა სასკოლო გამოცდილებაში საკუთარი ძალისხმევის ბოლომდე მობილიზება. ეს ორი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს აკადემიური მიღწევებისთვის.

ნიშანს ხშირად მოტივაციური ფუნქცია აქვს. როცა მოსწავლე მაღალ ნიშანს იღებს, მას ძალაუნებურად უჩნდება განცდა, რომ ეს ნიშანი გაამართლოს და მეტ შრომას და ძალისხმევას დებს ამ საგნის შემეცნებაში. როცა მოსწავლეს მაღალი ნიშნები ყავს, ის საკუთარი თავის აღქმას ახდენს, როგორ წარმატებული მოსწავლის და ცდილობს მისი ქცევაც ამ აღქმას დაუკავშიროს. აქედან გამომდინარე მაღალი ნიშანი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი მოსწავლისთვის წარმატების მიღწევის გზაზე.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სკოლაში დაბალი ნიშნები წარუმატებლობასთან ასოცირდება, მაგრამ ეს არც ისე მარტივადაა. წარუმატებლობა რაღაც დოზით შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს მოსწავლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა წარუმატებლობის შემდეგ მასწავლებელი დაეხმარება მოსწავლეს, გააცნობიეროს წარუმატებლობის მიზეზი. ხშირად მიუთითებენ, რომ წარმატებისკენ სავალ გზაზე აუცილებელია წარუმატებლობა, რადგან თუ მოსწავლე წარმატებას მინიმალური ძალისხმევით იღებს და არ უწევს გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა, უყალიბდებათ შეხედულება, რომ მაღალი ნიშნები მათი ოფიციალური უფლებაა.

დაბალი ნიშნების ერთ-ერთი თანმდევი შედეგი შეიძლება იყოს კლასში დარჩენა. რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს? კვლევები მიუთითებს, რომ სკოლადამთავრებულთა 20% მინიმუმ ერთხელ მაინც დარჩენილა კლასში, უფრო ხშირად ეს დაწყებით კლასში ხდებოდა. ასეთი ბავშვების უმეტესობა მამრობითი სქესის, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები და ღარიბი ოჯახებიდან არიან.

კლასში დარჩენა მოსწავლისთვის ასოცირებულია ხანგრძლივ წარუმატებლობასთან. შედეგად მაღალია ალბათობა სკოლისთვის თავის დანებების, ციხეში მოხვედრის, ისინი ძნელად პოულობენ სამუშაოს, საკუთარ ღირსებებსა და შესაძლებლობებში ხშირად შეაქვთ ეჭვი. კვლევების მიხედვით, მოსწავლეების აკადემიური მოსწრება უმჯობესდება, როცა ისინი ჩამორჩენის მიუხედავად, კლასიდან კლასში მაინც გადადიან. მაგალითად, 29 დარჩენილ და 50 დაბალი მოსწრების, მაგრამ კლასიდან კლასში გადაყვანილ მოსწავლეზე ჩატარებულ ხანგრძლივ განმეორებად კვლევაში ამერიკელმა ფსიქოლოგმა შეინ ჯიმერსონმა აღმოაჩინა, რომ წლების შემდეგ კლასში დარჩენილ მოსწავლეებს, განათლებისა და დასაქმების კუთხით უფრო დაბალი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე კლასიდან კლასში გადაყვანილებს.



არქივი