ვანდალიზმის ფაქტები ჩოხატაურში _ რა ხდება მაშინ, როცა გაკეთებულს აფუჭებენ

gurianews.com

21-ს ქვევით

ვანდალიზმის ფაქტები ჩოხატაურში _ რა ხდება მაშინ, როცა გაკეთებულს აფუჭებენ

იანვარი 16
12:00:30 2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბის ცენტრიდან 200-ოდე მეტრში, იქ, სადაც სოფელი შუაფარცხმა იწყება და სადაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ  ავარიული გზა და ჭაობი იყო, გასული წლის 24 დეკემბერს მოასფალტებული გზა, მინისტადიონი და სკვერი გაიხსნა.

სწორედ ამ დროიდან ჩოხატაურში პირველად დაიწყო ფუნქციონირება  ერთ სივრცეში მოქცეულმა  კალათბურთის, ფრენბურთის და მინი-ფეხბურთის მოედანმა.

აქ მისულ პატარებს ოქტომბერში უფასო ბატუტით სარგებლობა და საქანელებზე გართობაც შეეძლოთ, თუმცა, დღეს რეალობა შეცვლილია _ სკვერის გახსნიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ბატუტი გატეხეს.

ბატუტის დაზიანებას სხვა ატრიბუტიკის გაფუჭებაც მოჰყვა _ ახლა, იქ ასულებს კალათბურთის ფარი არ დაგხვდებათ _ როგორც ჩანს, ვიღაცამ მოტეხა და მოიპარა; გატეხილია საბავშვო საქანელა, პატარა ატრაქციონი, ე. წ. „აიწონა-დაიწონა“; დაზიანებულია ღობეების საკეტები, დახეულია ბადეები.

არადა, ამ თვეების განმავლობაში ამ ობიექტით ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ ისარგებლა და არა მარტო სოფელ ფარცხმიდან. აქ ყოველდღე შეგეძლოთ და დღესაც შეგიძლიათ ნახო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან და დაბიდან ამოსული ახალგაზრდები, რომელთა ნაწილს, როგორც ჩანს, ვანდალიზმისკენ აქვთ მიდრეკილება.

უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი კარგად განმარტავს ვანდალიზმის მნიშვნელობას და ზუსტად აღწერს იმას, რაც შუაფარცხმაში მოხდა _ საზოგადოების, ან კერძო პირების კუთვნილი კულტურული და მატერიალური ფასეულობების მიმართ გახორციელებული ქმედება, რაც ამ ფასეულობების უაზრო, სასტიკ, ბოროტ და უმეცარ განადგურებაში გამოიხატა.

ვინ და რატომ გააკეთა ეს, უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ მოზარდები მაგალითს უფროსებისგან იღებენ _ იმ უფროსებისგან, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სკვერში სიგარეტის ნამწვავებს (მიუხედავად იმისა, რომ იქვე ორი ურნა დგას) უმისამართოთ ყრიან; იქვე ტოვებენ ალკოჰოლური სასმელის ცარიელ ბოთლებს და დაზიანებულ ინვენტარს სკვერის ღობის კუთხეში, ან ღობის იქითაც კი ყრიან!

ამავე თემაზე: შუა ფარცხმაში ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა



არქივი