რატომ გვყავს პრეზიდენტი და ხელისუფლება

gurianews.com

გიორგი გირკელიძის ბლოგი

რატომ გვყავს პრეზიდენტი და ხელისუფლება

2014 თებ 15 20:19:38
თამუნა

2009 წლის 14 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში (უკანავაში) რედაქციიდან  მომიწია წასვლა. კომპანია "ბახვი ჰიდრო პაუერთან", 6-მეგავატიანი  ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმებას მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგურიც ესწრებოდა. ჰოდა, მთისპირელმა მერი შავაძემ გადაწყვიტა, რომ მისი ოჯახის პრობლემის შესახებ ეცნობებინა. ისიც იცოდა, რომ მინისტრთან საუბარს ვერ მოახერხებდა და ყველაფერი ერთ ფურცელზე დაწერა.

_ ხალხს უფრო მეტად უნდა ხვდებოდეთ. ხომ ხედავთ, ტყეში ვცხოვრობთ. შეგვეკითხეთ უბრალოდ, რა გვიჭირს, რა გვილხინს. 20 წლის შვილი მყავს, ავადმყოფი - კისრის ფუძე აქვს დაზიანებული. სამკურნალოდ უცხოეთში უნდა წავიყვანოთ, რომ ფეხზე დადგეს, - ეს მცირედი ნაწილი წერილიდან, რომელიც მინისტრს მისწერა მერი შავაძემ.

შემდეგ კი, ამ წერილის გადაცემის გამო, სოფლის ხელისუფლებამ საყვედური გამოუცხადა მერი შავაძეს, როგორ გაბედე და მინისტრს წერილი გადაეციო.

სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა თამუნა შავაძე და მისი ოჯახი თითქმის ხელისუფლების ყველა წევრს ხვდებოდნენ.  ხან წერილებს უგზავნიდნენ, ხან ტელეფონით უკავშირდებოდნენ. როგორც მერი შავაძე გვეუბნება, ხან კი იყო დახმარება და ხან  ყურადღებასაც არავინ აქცევდა.

წერილი "იმედს"

ეს წერილი კი ტელეკომპანია "იმედს" მისწერა და ახლა პასუხს ელოდება.

"მოგესალმებით,  გადაცემა "ემერჯენსის" რედაქციას! მოკლედ, მოგახსენებთ ჩემს ისტორიას. მე ვარ თამარ შავაძე! გწერთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიანი სოფლის,  მთისპირის მცხოვრები, 26 წლის.

7 წლის უკან მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვარ ოთხივე კიდურით პარალიზებული (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი მქონდა კისერი, კერძოდ V  და VI მალა, ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად,  დღესდღეობით ცოცხალი ვარ. მის შემდეგ ჩავიტარე რეაბილიტაცია უკრაინაში, რამაც  რეზულტატი გამიუმჯობესა. ავამოძრავე ხელები, თუმცა, მტევნებს ვერ ვხმარობ, ამიტომ ვწერ წერილს მეგობრის დახმარებით. უკანასკნელ წლებში თურქეთში ჩავიტარე გამოკვლევები, სადაც დამისვეს დიაგნოზი - ჩემი ავადმყოფობა განკურნებადია. 6 თვის უკან, თბილისში, წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში ჩავიტარე ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, რის შემდეგაც ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მგრძნობელობა წამოვიდა.

ვნახე თქვენი გადაცემა ტელევიზიით, რამაც დიდად დამაიმედა. იქნებ, თქვენი დახმარებით მოვახერხო საზღვარგარეთ მკურნალობა და რეაბილიტაცია, რითაც დიდი შანსი მექნება, რომ შევძლო ფეხზე დადგომა. ეს  ჩემი ერთადერთი შანსია, რომ დამიბრუნდეს სიცოცხლის ხალისი და სურვილი.

და ბოლოს, თავს არ მოგაბეზრებთ ჩემი ისტორიით, ჩემი ოჯახი უკვე უძლურია ჩემი გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში. ამ ხნის განმავლობაში, რაც შეეძლოთ ყველაფერი ჩემთვის გაიღეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემი გამოჯანმრთელება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ. მჯერა თქვენი გულისხმიერებისა და გვერდში დგომისა. გთხოვთ, მეწვიოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში."

რატომ გვყავს პრეზიდენტი და ხელისუფლება?

ეს კითხვა ყოველთვის იქნება აქტუალური, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ხალხის პრეზიდენტი და ხელისუფლება არ გვეყოლება. კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი ყურადღებით შესწავლილიყო თითოეული მოქალაქის ისტორია. რა უჭირთ, რა ულხინთ, რაზე ფიქრობენ და ა. შ. ყველაზე მეტად ხალხით და მათი პრობლემების მოსმენით არჩევნების დროს ინტერესდებიან. არადა, საქართველო არჩევნების შემდეგაც ცხოვრობს და არჩევნების შემდეგაც სჭირდებათ  ადამიანებს ყურადღება და არა "ჯიპებიდან" გადმოხედვა.

და ბოლოს, თუ გვინდა, რომ თამუნას ამბავი კეთილად დასრულდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ - ჩვენ ადამიანებად ვიბადებით და ერთმანეთს ადამიანურად უნდა ვეხმარებოდეთ.




არქივი