ტკივილიან-სირცხვილიანი 7 ნოემბერი

gurianews.com

გიორგი გირკელიძის ბლოგი

ტკივილიან-სირცხვილიანი 7 ნოემბერი

2014 ნოე 7 20:24:41

2007 წელს, 7 ნოემბრის მიტინგის დარბევამდე, ოზურგეთში სიტუაცია 2 ნოემბერს დაიძაბა _ მთელი დღის განმავლობაში პატარა ქალაქიდან გასვლა არ ხერხდებოდა _ ამაში ხელს პოლიტიკური გადაწყვეტილება გვიშლიდა. ამაში დიდი წვლილი შეიტანეს ადგილობრივმა სამართალდამცავებმა _ მათ ქალაქიდან გამსვლელი ყველა გზა გადაკეტეს. ყველაზე დიდი ზეწოლა სამარშრუტო ტაქსის მძღოლებზე მიდიოდა _ ზოგს მანქანის ტექნიკური პასპორტი დაუწუნეს, ზოგი რამდენიმე საათით გადამალეს და ზოგი კიდევ  თვითონ უარს ამბობდა წამოსვლაზე.  გატაცებული და გადამალული სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ახლობლები მედიის წარმომადგენლებს გვთხოვდნენ დახმარებას, იქნებ, თქვენ მაინც დაადგინოთ, სად მიყავდათ ეს ადამიანებიო.

ამ კითხვაზე სამართალდამცავების  პასუხი ასეთი იყო: „დაუკავშირდით პრესსამსახურს“ ან „ჩვენ არავინ წაგვიყვანიაო“.  პოლიციის მაშინდელმა “ვაჟკაცობამ“ ბოლომდე ვერ შეძლო მაშინდელი ხელისუფლების ბრძანების შესრულება _ ვინც მანქანით ვერ მოახერხა  თბილისისკენ წასვლა, ურეკის მიმართულებით ფეხით დაადგა გზას, სადაც ყველა შემხვედრი ავტომობილის გაჩერებას ცდილობდნენ, რომ როგორმე დედაქალაქამდე ჩასულიყვნენ.

გვიან ღამით, როგორც იქნა, მოხერხდა ნაწილი ხალხის გასვლა ოზურგეთიდან. “ჟიგულით“ ხუთ ადამიანს მოგვიხდა გამგზავრება, მათ შორის იყვნენ გაზეთ “ალიონის“ რედაქტორი, ნუგზარ ასათიანი და მისი თანამშრომელი გია გოგოლაძე. ბენზინის ხარჯები ტიფო მიქატაძემ გაიღო.

კიდევ ერთ რამ მახსენდება მგზავრობასთან დაკავშირებით _  კარგად ვხედავდით, როგორ დაიძრა  ცარიელი ვაგონებით ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი, რკინიგზის სადგურის სალაროში კი გვითხრეს, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

საბოლოო ჯამში, დიდი მცდელობის, გაწევ-გამოწევის, გადამალვების, დაშინებების და ხელისშემშელი ფაქტორების შემდეგ, ხალხი რაიონებიდან დედაქალაქში მაინც ჩავიდნენ. რუსთაველის გამზირზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლები ერთმანეთს ჯერ ესალმებოდნენ და შემდეგ იმ ამბებს უყვებოდნენ, როგორ უშლიდნენ მიხეილ სააკაშვილის „დემოკრატიულ საქართველოში“ გადაადგილებას ხელს,  რომ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიეღოთ.

ხუთი დღის განმავლობაში რუსთაველზე ხალხის ნაკადი იზრდებოდა, რასაც 7 ნოემბერს, გამთენიისას, მიტინგის დარბევა მოყვა. დარბეული პოლიტიკოსები და საზოგადოება რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ გაერთიანდა და ისევ შემოვიდნენ რუსთაველის გამზირზე.  კარგად მახსოვს ან რა დამავიწყებს ადამიანების შიშისგან გაფართოებულ თვალებს, როდესაც ოპოზიციის მაშინდელი ლიდერები ჩქარი ნაბიჯებით შემოვარდნენ პარლამენტის შენობის წინ და ყვითელფერებიანი “დამლაგებლების ჯარის“ ადგილი დაიკავეს.

დიდი დაპირისპირება, ხელჩართული ბრძოლა, პოლიტიკოსების ულტიმატუმი და დაბეჩავებული მოსახლეობის პროტესტი სასტიკი დარბევით  დასრულდა.

7 ნოემბერს, “გურია ნიუსის“ ახალ ნომერი უკვე გამზადებული იყო ჩემი რეპორტაჟებით, მაგრამ განვითარებულმა  მოვლენებმა, გაზეთის პირველი გვერდი შეცვალა _ ხუთშაბათს, გურულებს, თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჩვენი გაზეთით უნდა წაეკითხათ. “გურია ნიუსის“ გამომცემელმა, ია მამალაძემ რამდენჯერმე  დამირეკა ტელეფონზე და მასთან სახლში მისვლა მთხოვა: “გიორგი, ჩქარა ჩაწერე პოლიტიკოსები, საზოგადოების წევრები და პირველი გვერდის მასალა გააკეთე! გაზეთის მაკეტის მაკეტი სტამბაში სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს!“

ამ დროს კი სიტუაცია დაიძაბა... მე უკვე კომპიუტერზე ვაწყობდი მასალას, როცა რუსთაველზე ხალხი დაარბიეს. ყვითელფორმიან “დამლაგებლებს“ უკვე ნიღბიანი “ქართველები“ შეუერთდნენ და ყველანი დაუნდობლად სცემს, რასაც ღამით „ტელე-იმედის“ დარბევა მოჰყვა...

სისხლიანი 7 ნოემბრის მეორე დღეს დედაქალაქს სიცოცხლის უნარი დაკარგული ჰქონდა. ავტობუსებში  ნიღბიანი მამაკაცები ისხდნენ და სისხლიანი თვალებით უყურებდნენ ქუჩაში ფეხით მოსიარულე მცირე რაოდენობის მოქალაქეებს.

7 ნოემბერი, სამწუხაროდ, ამით არ დასრულებულა _ წინ კიდევ ერთი სისხლიანი დღე _ 26 მაისი გველოდა.


ნახვა: 88


არქივი