"ფილოსოფიური" ყვითელი ხუთშაბათი

gurianews.com

გიორგი გირკელიძის ბლოგი

"ფილოსოფიური" ყვითელი ხუთშაბათი

2015 მაი 10 14:49:29
თუ წელიწადში ერთხელ არის დიდი ხუთშაბათი, აღდგომის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე, სამაგიეროდ ყოველი წლის ყოველი ხუთშაბათი, ტელევიზიების დამსახურებით, ყვითელი ხუთშაბათი გახდა.

ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური და სასოწარკვეთილება _ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა _ ეს გია ჯაჯანიძის გადაცემის მთავარი თემა იყო. სტუმრების უმეტესობა, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები იყვნენ: მანჩო გიორგობიანი, შალვა რამიშვილი, გაგა ჩიხლაძე, თამუნა ვაშალომიძე, მაკა შალიკაშვილი, არქიმანდრიტი ანთიმოზი, ერეკლე დეისაძე.

"ხშირად ვსაუბრობთ ცოდვებზე, ზოგს გვეშინია, ზოგს _ არა. არც კი ვიცით, რომ ყოველდღიურად მომაკვდინებელ ცოდვებს ჩავდივართ. აღმოჩნდა, ძალიან ბევრმა არ იცის ამ ცოდვების მნიშვნელობა, მათ შორის, მეც," _ გვახარა გია ჯაჯანიძემ "სხვა რაკურსში".

გადაცემაში ერთი მეტად საინტერესო ეპიზოდი დამამახსოვრდა_ ნახევრად შიშველი მსახიობის, მაკა შალიკაშვილის რეაქცია.

გადაცემის წამყვანი, გიგია ჯაჯანიძე: _ თამო, (საუბარია მოდელ თამუნა ლომთათიძეზე) მედავითნე იყო.

მაკა შალიკაშვილი: _ ვინ ყოფილა?

გია ჯაჯანიძე: _ თამუ იყო მედავითნე.

მაკა შალიკაშვილი: _ კაი, რააა!

გია ჯაჯანიძე: _ მაკაა!

მაკა შალიკაშვილი: _ ცუდად ვარ!

მანჩო გიორგობიანი: _ მედავითნე იყო, ახლა რაღაც გაშიშვლება მოუნდა, ახლა მოდელია, ანგელოზივით არის. გაუვლის ეს პერიოდი, მერე დედობა მოუნდება... ჭეშმარიტებამდე ეს გოგო უფრო მივა, ვიდრე ის, ორი წლის ასაკიდან ძალით რომ დაატარებენ ეკლესიაში, _ ასე გაოცებებით, სიცილით, ერთმანეთთან ბაასით და რეიტინგის მოლოდინით, "იმედზე" ორ საათზე მეტი, პრაიმ-ტაიმში გადიოდა "სხვა რაკურსი".

შენზე ნაკლების პრინციპით, მაია ასათიანმა არც აცია, არც აცხელა და ღიმილით "შემოგვაფეთა": "საღამო მშვიდობისა, დღეს ვჭორაობთ ბაბეტასთან ერთად"...

ბაბეტა სტუდიაში მათრახით შემოდის (ჯაჯანიძის გადაცემაში მათრახით არავინ იჯდა. ავტ)... შემდეგ გადაცემაში ერთმანეთს პირადი ამბებით ცვლიდნენ კესარია, თამუნა ვაშალომიძე, ერეკლე დეისაძე, ნუკი კოშკელიშვილი, ნინა წკრიალაშვილი...

თუ ბაბეტა მათრახით ვიხილეთ სტუდიაში, ნუკი კოშკელიშვილი ტრიალ-ტრიალით შემოვიდა... ამით, თურმე, მაყურებელს უთხრა, რომ საცვლების გარეშე არ დადის და სიამოვნებით ყვება, ჭორებზე ვგიჟდებიო.

მსახიობ ბახვა ბრეგვაძეს ისე მოეწონა მასზე გავრცელებული ჭორი, რომ ნინი ბადურაშვილი მართლა მისი ცოლი ეგონა.

აი, ეს არის ყოველი ხუთშაბათის ფილოსოფია.

"არ მოგწონს, გადართე!" _ თუ ეს ითვლება გამამართლებლად, მაშინ "ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?"


ნახვა: 73


არქივი