დაბოქლომებული “გურული პალმა“ და საქართველო პრეზიდენტის სალო-ბიე

gurianews.com

გიორგი გირკელიძის ბლოგი

დაბოქლომებული “გურული პალმა“ და საქართველო პრეზიდენტის სალო-ბიე

2019 ნოე 26 21:40:07

“არაფერი დატოვეს ამ ქვეყნად წმინდა, რომ არ შეხებოდნენ!“ _ ეს ფრაზა შეიძლება ცოტა ხანში ასე შეიცვალოს: „ამ ქვეყანაში არაფერი დატოვეს დაბოქლომების გარეშე“.

ოპოზიცია ახალ ეტაპზე გადავიდა და აბოქლომებს ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდება.

ეს პროცესი ეპიდემიასავით მოედო მთელ საქართველოს და შეიძლება ითქვას, პაექრობის სახე მიიღო. მიდის პატარა ბრძოლები, რომ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს კარზე ბოქლომები დაადონ ან არ დაადებინონ.

რა ხდება ოზურგეთში? აქ, შეიძლება, ითქვას, სხვა სამყაროში გვიწევს ცხოვრება _ „ევროპული საქართველოს“ 10-მდე წევრს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან, მათზე ოთხჯერ მეტი სამართალდამცავი და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დახვდნენ. აქციამ ბოქლომის დადების გარეშე ჩაიარა, ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ კი თავის მკითხველს ამცნო, რომ  დეპუტატის ბიუროს კარზე ბოქლომიდაადეს. სააგენტო “ევროპული საქართველოს“ წევრის მიერ გადაცემულ ინფორმაციას დაეყრდნო.

როგორც გავიგეთ, რაკი ბიუროს დაბოქლომება ვერ მოახერხეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკმაყოფილო დარჩა. აქედან გამომდინარე, მეორე აქცია გუშინ გაიმართა. აქციაზე გამოჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე, რომელიც თბილისში გამართულ აქციაზე დააკავეს და ოთხდღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ოპოზიცია აცხადებდა, რომ მათი მიზანი იყო საკრებულოს კომისიების სხდომაზე დასწრება, მაგრამ მათი ეს განცხადება დამაჯერებელი არ აღმოჩნდა სამართალდამცავებისთვის.

აქციაზე“ქართული ოცნების“ და “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დავით მჟავანაძემ ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას და დეპუტატებს, მარი ჩხიკვიშვილს და როზეტა სკამკოჩაიშვილს შემდეგი სიტყვებთ მიმართა: “დაგავიწყდათ, თქვენს სახლში რომ იმართებოდა “ნაცმოძრაობის შეხვედრები 2012 წლამდე?!“ მარი ჩხიკვიშვილის პასუხიც ტრადიციული იყო: „შენ ხარ მატყუარა! კარგად მახსოვს, თქვენი მმართველობის დროს ჯარიმას ჯარიმაზე, რომ უწერდით მამაჩემს და დედაჩემს სამსახურიდან აგდებდით!“

 „წამოძახების სერია“ ამით არ დასრულებულა _ თავდასხმის შემდეგი ობიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, გელა ჭანუყვაძე იყო: „თქვენი საბუთები ახლაც ინახება ჩვენს ოფისში _ “ნაცმოძრაობის“ კოორდინატორი იყავი“, _ უთხრა მას მჟავანაძემ, რაზეც გელა ჭანუყვაძე აღშფოთდა და მჟავანაძე შემოელანძღა: “უნამუსო კაცი ხარ!“

ადმინისტრაციულ შენობაში, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად, ეს ფრაზა იყო სიმართლესთან ახლოს: "ეს სამი ადამიანი დგამს შოუს ოზურგეთში და საქართველოს მასშტაბით კი _ 200. დაანებეთ თავი, მეტი მაგათ არაფერი არ იციან", _ უთხრა თავის თანაგუნდელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის. მერიის საინვესტიციო განყოფილების უფროსმა ხათუნა სურგულაძემ.

აქციის ბოლოს, ადმინისტრაციული შენობის დაბოქლომება “ნაცმოძრაობამ“ ვერ შეძლო, მაგრამ ბოქლომი წლების წინ დარგულ პალმას დაადეს. პალმა რა შუაშიაო, ალბათ, იკითხავთ, პასუხს კი ასეთს მიიღებთ: პალმა, თურმე, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ხე ყოფილა.

ბევრს გაუკვირდა პალმის დაბოქლომება... ალბათ, თავად პალმასაც... მაგრამ, ხეს ლაპარაკი, ლანძღვა და ბრძოლა ხომ არ შეუძლია?! ჰოდა, იდგა წელზე ბოქლომიანი ჯაჭვით შემორტყმული პალმა ოზურგეთის ცენტრში _ უტყვი და უდანაშაულო...

კიდევ რა მოხდა? იმასაც მოვესწარი, რომ აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციის და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მშვიდად საუბრობდნენ. ნამდვილად არ გამკვირვებია ეს ფაქტი, რადგან საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს, მით უმეტეს, ოზურგეთში...

პალმის დაბოქლომების შემდეგ, ოპოზიციონერები თბილისში გასამართ აქციაზე წავიდნენ.

პარლამენტის შენობის წინ, პოლიტიკოსების გამოსვლის დროს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ღამით სალობიე “ბია“-ში იმყოფებოდა... დიახ, სალობიეში...

ამ ფონზე უკვდავი ფრაზა გამახსენდა: „ლობიო ჩვენი გამზრდელი და გამცილებელი“...

როდესაც ქვეყანას ყველა მხრიდან უტევენ, როდესაც ვაჟა ექიმი უკანონოდ არის დაკავებული, როდესაც პატარა ანიტას და გაბრიელს დახმარება სჭირდებათ, როდესაც დაპირებული პროპორციული არჩევნები 2020 წელს აღარ ჩატარდება, როდესაც ქვეყანაში ათასი პრობლემებია, რა გელობიებათ, ქალბატონო პრეზიდენტო!

„ბიაში“ ლობიოს საჭმელად მშვიდობიანად  მისული პრეზიდენტი, საბოლოოდ პოლიციელების გამოსაყვანი გახდა. მანამდე კი, რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა, სალობიეს შესასვლელთან ჯონჯოლი მიიტანა. მოგვიანებით კი “რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებს სალობიე „ბიას“ მეპატრონე, გიორგი იოსავა: “გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე „ბია"-ს ესტუმრა სალომე „ბუა", _ თავი გაიმართლა იოსავამ და სულაც არ გახსენებია ვაჟას სტუმარ-მასპინძელი და არც ის, რომ სალობიე იმისთვისაა, რომ ყველა იქ შემსვლელმა ჭამოს ლობიო მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა.

„სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს“, _ წერს „ფეისბუკზე“ გიორგი იოსავა და იქვე ურთავს „ჰეშთეგს" #სტუმარი ღვთისაა#, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მის სინანულს, რა დროს არ ვიყავი ადგილზე, თორემ ზურაბიშვილის ფეხი არ იქნებოდა ჩემ „ბიაშიო“. ეს იოსავა ისეთი „ვაჟკაცი“ ჩანს, თავის სალობიეში რომ ყოფილიყო, ქვეყნის პრეზიდენტს კინწისკვრით გააგდებდა იქედან!

მოკლედ, პური და სანახაობა არ გვაკლდება ქართველს ხალხს. მიჩნდება შეგრძნება, რომ ხალხი ნაკლებად აინტერესებს პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობას, მაგათთვის სკამი უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ _ სკამზე მუდმივად მყარად ვერ იქნებით... ხალხს მიხედეთ, ხალხს, რომელსაც პოლიტიკოსებისგან ცრუ დაპირებები თავსაყრელად ახსოვს.




არქივი