როგორ გაერია ნარინჯისფერი ბაფთა საკრებულოს წევრთა დაპირისპირებაში

gurianews.com

გიორგი გირკელიძის ბლოგი

როგორ გაერია ნარინჯისფერი ბაფთა საკრებულოს წევრთა დაპირისპირებაში

2019 დეკ 4 18:10:01

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზის შემდგომ, ომი ფეისბუქ სტატუსებით გაგრძელდა. ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, ორ სტატუსს გაგაცნობთ; ერთი “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, დავით მჟავანაძეს ეკუთვნის: “არ უნდა ამას ახლა ამდენი მიკიბულ-მოკიბული  :) მე ვფიქრობ, ქალბატონმა ქეთი ვასაძემ დაუყოვნებლივ უნდა დაასახელოს ნებისმიერი ორი წიგნის ავტორი, რათა ეს გაურკვევლობა ავირიდოთ თავიდან. :)

ისე, უდიპლომობა რომ ოცნების სენი იყო ვიცოდი, მაგრამ უატესტატობასაც თუ განიცდიდნენ, როგორ ვიფიქრებდი!“ - მან ეს სტატუსი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ სტატიას მიუძღვნა და ის გააზიარა მის გვერდზე.

რაც შეეხება მეორე სტატუსს, ეს კი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ქეთი ვასაძეს ეკუთვნის; მან დავით  მჟავანაძეს უპასუხა: “ ახლა უკვე უატესტატოც გავხდი, მეგობრებო. თურმე, ორჯერ მიცდია აღება და როგორც იქნა, ავიღე. რა იყო, ჩემი უდიპლომობა არ იყო საკმარისი? ვაი, თქვენს პატრონს, პატარა მატყუარებო. ახლა რომ გგონიათ, ძაან მეწყინება, ეგაა სასაცილო. გგონიათ რამეს ვმალავ? დიახ, არ ჩამიბარებია უნივერსიტეტში იმისთვის, რომ “დიპლომიანი” მრქმეოდა. ისედაც საკმარისი ‘დიპლომიანი უტვინო’ გვყავს ქვეყანაში თქვენი სახით, ბატონო მჟავანაძევ! მეტიც, საერთოდ არ მგონია საჭირო, სკოლის დამთავრებისთანავე უნივერსიტეტში მოვალეობის გამო მოხვედრა, როცა ჩამოყალიბებულიც არ გაქვს მყარი პოზიცია, რა პროფესია უნდა აირჩიო. კიდევ კარგი, ამ დაბულინგების ყველაზე საცოდავ მცდელობაზე მართლა მეცინება.

ახლა, რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ზუსტად იცოდეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერს გადასარევად ვართმევ თავს. გწყინთ, ვიცი, მაგრამ მაინც.

პ.ს. დიპლომის აღებას რომ გადავწყვეტ, გაგაგებინებთ და ჩემი დამსახურებული ატესტატი შემარგეთ, თუ შეიძლება,“ _ წერს ვასაძე.

“ფეისბუქომის“ რეალური მიზეზი, რეალურ ცხოვრებაში, დავით მჟავანაძისთვის  „ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატების მიერ წინა დღის ამბების შეხსენება გახდა. გამოყენებული ლექსიკის ტირაჟირებას აღარ მოვხდენ  - ამის შესახებ “გურია ნიუსმა“ არაერთი სტატია მოამზადა.

ახლა კი მთავარი: ეს დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატების დიდ ნაწილს ნარინჯისფერი ბაფთა ეკეთა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ 16-დღიან კამპანიას ამ ფორმით უერთდებოდა. სწორედ ამ სხდომაზე, ამ კამპანიის შესახებ ისაუბრა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ლელა საჯაიამ. მან აღნიშნა, რომ 16-დღიანი პერიოდი სხვა მნიშვნელოვან თარიღებაც მოიცავს: უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღეს (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს (1 დეკემბერი), მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღეს (6 დეკემბერი) და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს (10 დეკემბერი).

მანვე, ამავე სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალ სხდომაზე  “ნაცმოძრაობის“ წევრის დავით მჟავანაძის გენდერული საბჭოდან დათხოვნის საკითხს დააყენებს.
ასე რომ,  სანამ სოლიდარობას გამოვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, მანამ კარგად დავფიქრდეთ ჩვენს სიტყვებზე, ფეისბუქზე გამოდებულ სტატუსებზე და აგრესიაზე!




არქივი