ადგილები, რომელიც დაგაინტერესებთ _ ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლები გურიაში

gurianews.com

ისტორია

ადგილები, რომელიც დაგაინტერესებთ _ ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლები გურიაში

მაისი 12
10:16:30 2017

ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ხიდები, კოშკები, საცხოვრებელი სახლები _ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების  სია საკმაოდ ვრცელია და თითქმის ყოველ წელს ახლდება.

ამ სიაში გურიის 8 ძეგლია შესული _ აქედან ერთი ლანჩხუთშია, ოთხი ოზურგეთში, ხოლო სამი _ ჩოხატაურში.

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ლანჩხუთში, ჯიხეთის მონასტერს აქვს მინიჭებული, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება.

ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი.

სავარაუდოდ ჯიხეთის მთაზე ერთ დროს ციხე იყო აღმართული, რადგან „ჯიხა“ ზანურად ციხეს ნიშნავს. ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი.

მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობას. მონასტრის ისტორიული წყაროების მიხედვით ჯიხეთის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ათონის იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. 2002 წელს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების ტაძარი. ეზოში მოწყობილის სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება („იორდანეს წყარო“). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს.

ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს - მონასტერში იმართება დღესასწაული - ჯიხეთობა.

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს ოზურგეთში აჭის წმინდა გიორგის სახელობის XIII-XIV საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას.

ეკლესიის აშენების შესახებ არსებობს ლეგენდა _  სოფელ აჭს დევი შეეჩვია, შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისთვის. წმინდანმა დევი მოკლა და გააქვავა, ხოლო მადლიერმა ხალხმა მას ტაძარი აუგო. მდინარე აჭისწყლის პირას ახლაც არის დიდი ლოფი - "დევის ქვა".

არქიტექტურული ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აჭში მეორდება XI-XII საუკუნეების მოტივები, მაგრამ მასში არის XIII საუკუნისთვის დამახასიათებელი ახალი სტილისტური ნიშნები. ხელოვნებათმცოდნეები აჭს XIII საუკუნის მიწურულით ახსიათებენ.

აჭის ეკლესიასთან დაკავშირებული წერილობითი წყაროები, რომელთა შორის უძველესი XVI საუკუნის მეორე ნახევრისაა, უმთავრესად შეწირულების ან ნასყიდობის წიგნებია.

აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. სვიმონ II გურიელმა აჭი საწინამძღვროდ აქცია. ქაიხოსრო I-მა მას უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია XVIII საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმინდა გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი.

კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლია ლიხაურის ეკლესია, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილისა და დიმიტრი ბაქრძის აზრით აშენდა 1352 წელს, გურიის მფლობელ კახაბერის დროს. ხელოვნებათმცოდნეების აზრით ტაძარი აგებული უნდა იყოს XIII საუკუნის მეორე ნახევარში. მკვლევარ გია ჭანიშვილის აზრით ლიხაური მარუშან ვარდანისძის მიერ უნდა იყოს აშენებული. ვარდანისძეს იხსენიებს ლიხაურში დაცული წმინდა იაკობის ხატის წარწერა. ხოლო კახაბერ გურიელს კი სტოა აუშენებია. XV საუკუნეში გიორგი გურიელისა და მისი მეუღლის, ელენეს დროს აშენდა სამრეკლო.

1889-1932 წლებში ეკლესიაში მოღვაწეობდა  ნესტორ კონტრიძე. კონტრიძე ცხოვრობდა ეკლესიასთან ახლომდებარე სენაკში. მან ლიხაურის მოსახლეობას გაუუქმა დრამის საეკლესიო გადასახადი, რაც კომლზე ორ მანეთს შეადგენდა და მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას, რის გამოც სხვა სოფლების მღვდლები გაუნაწყენდნენ. მან მოუარა და შეინახა XI საუკუნის ლიხაურის სახარება, რომელიც 1890 წლის 21 მარტს შეაკაზმინა.

სახარება დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის  ფონდშია დაცული. სახარება გურიიდან თბილისში 1924 წელს აკაკი შანიძემ და შალვა ამირანაშვილმა წაიღეს. 1924 წელს კომუნისტებმა დაარბიეს ტაძარი და გაძარცვეს ძვირფასეულობისგან.

რაც შეეხება კიდევ ერთ კულტურულ ძეგლს, შემოქმედის ეკლესიას, იგი აიგო, როგორც გურიის მთვრების, გურიელების სამარხ-საცავი და XII საუკუნეს განეკუთვნება.

მონასტრის მთავარი ტაძარი აგებული იყო მთის მწვერვალზე, ხოლო კალტებზე აგებული იყო ბერების სენაკები.ამ სენაკების ქვემოთ ცნობილ მგალობელ გიორგი დუმბაძეს ჰქონდა აშენებული საკუთარი და მისი თანამოსაგრეების სენაკები. მეორე მხარეს იყო დედათა სენაკები. 1820 წელს იმერეთის აჯანყების ჩახშობისას გენერალმა ველიამინოვმა ააფეთქა შემოქმედის ციხე და მის კედლებში მოქცეული სამონასტრო ნაგებობანი.

1894-95 წლებში შემოქმედში მოგზაუროდბენ ოლივერ და მარჯორი უორდროპები. მარჯორი უორდროპი ისე მოიხიბლა მონასტრის სილამაზით, რომ ანდერძი დატოვა, მონასტრის გალავანში დამმარხეთო.

XIX საუკუნეში მონასტერი რამდენიმეჯერ გაიძარცვა. გარდა ამისა, თვით ტაძარი ძალიან დაზიანდა. დარაჯების საქციელის გამო განადგურდა ფრესკები. ისინი დასავლეთ მინაშენში შუაგულ ოთახში ანთებდნენ ცეცხლს გასათბობად. ჭვარტლმა ფრესკები ისე გამურა, რომ რაიმეს გარჩევა ჭირდა. ამას ემატებოდა წვიმის წყალი. წვიმა ყველგან ატანდა, მხატვრობა სულ ჩამოირეცხა, ნივთები დაინესტა. მოგვიანებით ვინმე ნიკო გალოგრემ 200 მანეთი შესწირა მონასტრის შეკეთებას.

შემოქმედის მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: მაცხოვრის ეკლესია და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. სამრეკლო აშენებულია ერკეთელი აზნაური არსენ მგალობლიშვილის მიერ.

შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან) გადატანილი. შემოქმედის მონასტერი უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი. აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი ანუ ლოცვანი და „ფუტკარი“ ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ. გულანი 1004 ფურცელს შეიცავს, ამბების ჩაწერა დაწყებულია 1512 წელს და დასრულებულია 1749 წელს. უკანასკნელი ჩანაწერი გაკეთებულია იაკობ შემოქმედელის მიერ.

1861 წელს მონასტერი მაჰმადიანმა აჭარლებმა გაძარცვეს და ძვირფასეულობა გაიტანეს, თუმცა გამტაცებლები შეიპყრეს და გატანილი ნივთების ნაწილი მონასტერში დააბრუნეს. ამ წელს დაიკარგა ძვირფასი ნივთები, მათ შორის ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელზეც წარწერაში მოხსენიებული იყო კახაბერ I გურიელი 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძემ აღწერა წმინდა დიმიტრის ჭედური ხატი XVI საუკუნისა, ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი მთავარანგელოზებთან ერთად, წმინდა გიორგის რამდენიმე ხატი, ვერცხლის ჭედური ჯვარი, ფარსმან ერისთავის შეწირული; ვერცხლის ჯვარი, ლიპარიტ გიორგობიანის შეწირული. 1889 წელს ეს ხატები ადგილზე აღარ დახვდა ნიკოდიმე კონდაკოვს. ისინი მონასტრიდან გაიტანა თბილისელმა ფოტოგრაფმა სტეფანე საბინ-გუსმა 1881 წელს, რომელმაც საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისგან მიიღო ნებართვა, შემოქმედისა და ჯუმათის მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა სიძველეები. 1889 წელს მონასტრის სიძველეები აღწერა ნიკოდიმ კონდაკოვმა. ამ დროს მონასტრიდან 8 ხატი დაკარგული იყო. 1919 წელს შემოქმედი კიდევ ერთხელ გაიძარცვა. 30 მილიონ მანეთად ღირებული სიმდიდრე ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ოსმალეთში გაიტანეს.

შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე. ტაძარშია დაკრძალული მამია III გურიელი, მამია V გურიელი და დედამისი მარინე. შემოქმედელი ეპისკოპოსების საფლავები ეკლესიის ეზოშია. გადმოცემის მიხედვით მონასტერში დაკრძალულნი არიან მგალობლები ანტონ დუმბაძე და მისი შვილი დავითი, მაგრამ საფლავები დაკარგულია.

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლია ჯუმათის მონასტერი, რომელიც მდებარეობს გურიის სერზე, მდინარე სუფსის ხეობაში, ოზურგეთიდან 14 კილომეტრის დაშორებით.

მონასტრიდან ფაქტობრივად მთელი დასავლეთ საქართველო ჩანს: კოლხეთის დაბლობი, კავკასიონი, პალიასტომის ტბა, აჭარის სანაპირო ზოლი. მთავარი ტაძარი ადრეფეოდალური ხანით თარიღდება, მოხატულობა XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება. ჯუმათის მთავარანგელოზთა ხატებიდან მოხსნილი მედალიონები მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებშია დაცული.

ლეგენდის თანახმად ჯუმათში ეკლესიის დაარსება უკავშირდება პალიასტომის ტბის გაჩენას და მიმდებარე „პავლიას ტომის“ წარღვნის შედეგად ტბაში დაძირვას. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, გვარად დარჩია, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს, ხოლო დიაკვანი ტაძრის დეკანოზად დააყენესჯუმათის მონასტერი არაერთი ქართველი და უცხოელი მეცნიერისა თუ მოგზაურის ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ცნობები მონასტრის შესახებ დაცულია ვახუშტი ბატონიშვილის, იოჰან გიულდენშტედტის, ჟაკ ფრანსუა გამბას, მარჯორი უორდროპის ნაშრომებში.

ჯუმათის ეკლესია აქაურ მწყემსმთავართა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა,ხოლო საზამთრო რეზიდენცია მდინარე სუფსის ნაპირას მდებარე სოფელი ბოგილი იყო. ზამთარში უგზოობისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი იყო ეპისკოპოსთა ჯუმათში ცხოვრება, ამიტომ ისინი ბარში ინაცვლებდნენ. XVIII საუკუნეში ჯუმათში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარებიათ გიორგი IV გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს. ამ დროს დატანებული სარკმლები გვიანი შუასაუკუნეების ტიპური ნიმუშებია და იდენტურია ასევე აღდგენილი ლიხაურის ეკლესიის სამხრეთ ფასადის სარკმლებისა. სავარაუდოდ, აღდგენითი სამუშაოები ჯუმათსა და ლიხაურში ერთსა და იმავე პირს უწარმოებია.

ჯუმათის საეპისკოპოსო გაუქმდა 1827 წელს, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. 1833 წელს მონასტრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი იოსები. მის გარდა მონასტერში იყო ერთი იღუმენი, თორმეტი მღვდელი, ოთხი დაიკვანი და არქიმანდრიტი ანთიმოსი. 1844 წლიდან დაარსდა გურიის ეპარქია. საეპისკოპოსო კათედრა ჯუმათში დადგინდა. გურიის ეპისკოპოსი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში. 1860 წელს ეპისკოპოსი გაბრიელ ტუსკია ითხოვდა რეზიდენციის ოზურგეთში გადატანას, მაგრამ ოზურგეთში შენობის გამონახვა ვერ მოხერხდა და 1886 წლამდე ჯუმათი ითვლებოდა ეპარქიის კათედრად და რეზიდენციად.

მონასტერი მოიცავს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, სამრეკლოსა და გალავანს. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. კონსტრუქციით შემოქმედის ტაძარს ჰგავს. ნაგებია თლილი ქვით. საშენ მასალად გამოყენებულია ქვიშა-ქვა, ალაგ-ალაგ კი შირიმი. კედლებზე რამდენიმე სამშენებლო შრე იკითხება. ყველაზე ადრინდელი ფენა შეინიშნება სამხრეთ და დასავლეთ კედელზე, დანარჩენი ნაწილები კი გვიანდელი გადაკეთების შედეგი უნდა იყოს. მისი აგების თარიღი უცნობია. დიმიტრი ბაქრაძემ ის შემოქმედზე ადრინდელად მიიჩნია. ტაძარი მიახლოებით ადრეფეოდალური ხანით თარიღდება. ტაძარს ეტყობა XVIII საუკუნეში ჩატარებული რესტავრაციის კვალი. 1847 წელს ტაძარი რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. იმავე წელს სამხრეთის მხრიდან მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე. ეკვდერის მიშენებისას, კედლების ამოყვანის დროს მის მიღმა მოქცეულა კედლის მხატვრობა.

ფრესკები XVI-XVIII ს.ს. მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. გალავანში ჩაშენებულია კიდევ ერთი სამრეკლო.

ჯუმათის მონასტერი მძლავრ ფეოდალურ ერთეულს წარმოადგენდა. იგი ფლობდა საკმაოდ მდიდარ მამულებს გურიის სამთავროს სხვადასხვა კუთხეში: ჩიბათში, ჩოჩხათში, შუხუთში, აკეთში, ლანჩხუთში, ასკანასა და გურიანთაში. მონასტერი ფლობდა 235 კომლ გლეხს. ისინი იხდიდნენ 23 ქილა ღომს, 280 ოთხდოქიან საწყავ (დაახ. 20 ლიტრი) ღვინოს, ყოველ სამ წელიწადში თითო ძროხას, 800 ქათამს, 600 კვერცხს და 12 ქილა ლობიოს.

ჯუმათში წელიწადში ორჯერ იმართებოდა ვაჭრობა. XIX საუკუნის დასაწყისში ვაჭრები ორ თუმნამდე რაოდენობის ბაჟს იხდიდნენ, რომლის ნახევარი რუსეთის იმპერატორის ხაზინას ეკუთვნოდა. ყოველწლიურად ორი თუმანი ბაჟი შედიოდა მდინარე სუფსის სანაოსნოდან. ამ შემოსავალსაც ხაზინა იყოფდა. მონასტრის შემოსავალს ემატებოდა საჯუმათლო ტყეში მონადირებული ნადირი და თევზი მდინარე მალთაყვიდან. ჯუმათელ ეპისკოპოსს ეკუთვნოდა პალიასტომში დაჭერილი თევზის მეათედიც. ჯუმათელ ეპისკოპოსებს მდინარე მალთაყვაზე სპეციალური სათვალთვალო კოშკის ჰქონდათ აგებული.

ჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, რომლებიც საყურადღებოა არა მხოლოდ როგორც ხელოვნების ნიმუშები, არამედ ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი ისტორიული წარწერებითაც.

ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლის ნიკოლოზს უმოგზაურია კლარჯეთში დაიქიდან ჯუმათში ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება ადიშის ოთხთავი, უდაბნოს მრავალთავი, ხელთ-კანონი და კითხვა-მიგება. ნიკოლოზ ჯუმათელი XV-XVI საუკუნის მოღვაწე უნდა იყოს, XVI-XVII სს-ში ადიშის ოთხთავი უკვე სვანეთში ჩანს. ჯუმათში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.

XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაიძარცვა. 1905 წლის 5 აგვისტოს მოიპარეს ძვირფასი ქვები და ხატები სულ 40 000 მანეთი ღირებულებისა. იმავე წლის 4 სექტემბერს გაიმართა კრება, რომელსაც 34 ათასი კაცი ესწრებოდა. კრებამ შეპყრობილი დამნაშავეები გაასამართლა, მაგრამ სასჯელი (დამნაშავეებს ერთი წლით ბორკილი დაედოს, ზურგზე დაეწეროს დანაშაული და სხვა სოფელში იცხოვრონ) არ აღსრულებულა. 1921 წელს გაიტაცეს და თბილისში, ბაზრობაზე ნაწილ-ნაწილ გაყიდეს წმინდა გიორგის ხატი. ღვთისმშობლის ხატიდან აღებული 18 გირვანქა ვერცხლი სოფლის მოსახლეობამ კლუბის მშენებლობას მოახმარა. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო შემორჩენილი. ამ წელს შალვა ამირანაშვილმა და აკაკი შანიძემ გურიაში გადარჩენილი სიძველეები შეკრიბეს. მათ ჯუმათის მონასტრიდან თბილისში, ხელოვნების მუზეუმში ჩაიტანეს ხატის ნაკერი ბუდე და ძვლის კვერთხის თავის ნაწილი, ხოლო ოზურგეთში, გურიის საეთნოგრაფიო მუზეუმში დატოვეს XVIII საუკუნის უყდო ნაკლულევანი მარხვანის ხელნაწერი.

მონასტრის სიძველეები კონდაკოვმა აღმოაჩინა პეტერბურგელ და მოსკოველ კოლექციონერებთან, ზვენიგოროდსკისთან, ბოტკინთან, ბალაშევთან. წმინდა გიორგის მედალიონი მოხვდა ბობრინსკის კოლექციაში, ხოლო 1915 წლიდან ბარონ შტიგლიცის სასწავლებლის მუზეუმში. 1924 წლიდან ეს მედალიონი ერმიტაჟში ინახება. მაცხოვრისა და წმინდა დემეტრეს მედალიონები მ. ბოტკინის კოლექციაში ინახებოდა. 1923 წელს ბოტკინისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობა სახელმწიფო საგანძურში ინახებოდა. მისით შალვა ამირანაშვილი დაინტერესდა, მაგრამ განძეულობის გატანაზე თანხმობა ვერ მიიღო. საბოლოოდ ამირანაშვილმა საქმეში უშუალოდ სტალინი ჩართო და ბოტკინის კოლექციის საქართველოში წაღების უფლება მიიღო. ამჟამად ისინი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. წმინდა თევდორეს მედალიონი პეტერბურგში რუსულ მუზეუმშია დაცული.

გაბრიელ მთავარანგელოზის ხატებიდან დაკარგული მედალიონები საბინ-გუსისგან რუსმა კოლექციონერმა ზვენიგოროდსკიმ 30 000 ოქროს მანეთად შეიძინა. რუსეთის იმპერატორის ბრძანებით კონდაკოვი საქართველოში იქნა მივლინებული, რათა მას აღერიცხა ქართული მონასტრებიდან დაკარგული განძი. ბაქრაძემ და კონდაკოვმა შეადგინეს დაწვრილებითი ანგარიში და მოხსენება, სადაც ითხოვდნენ მძარცველთა დასჯას და კოლექციონერთაგან ძვირფასეულობის მონასტრებში დაბრუნებას. საქმეს მსველობა არ მიეცა. კოლექციონერ ზვენიგორდსკის სურდა, ერმიტაჟისთვის მიეყიდა ჯუმათის ძვირფასეულობა, მაგრამ ერმიტაჟის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ კოლექციონერი უფასოდ დათმობდა მათ და ფული არ გადაიხადა. ზვენიგოროდსკიმ სიძველეები კოლექციონერ ჯ. პირპონტ მორგანს მიჰყიდა. მორგანმა სიძველეები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს დაუთმო.

 აშშ-ში ქართული საგანძურს ყურადღება ვასილ დუმბაძემ მიაქცია. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა ერთი, წმინდა დემეტრეს მედალიონი ლუვრს გადასცა. წმინდა თევდორეს მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

 ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ჩოხატაურში გორაბერეჟიულის ბაღსა და სასახლეს.

არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში უცხოვრია. 1963 წელს აღმოჩნდა ამ პერიოდით დათარიღებული კერამიკის ნაშთები ერისთავების ყოფილი ბაღის ტერიტორიაზე.

გვიან შუა საუკუნეებში იგი  წარმოადგენდა გურიის სამთავროს პოლიტიკურ ცენტრს. სოფელი ეკუთვნოდა ერისთავების ფეოდალურ საგვარეულოს. აქვე იყო მათი რეზიდენცია. გორაბერეჟოულში დაიწყო პირველი ქართული ჩაის წარმოება. აქ მიხეილ ერისთავის მამულში გადარგეს ჩაის ნერგები ოზურგეთიდან, მამია V გურიელის ბაღიდან. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი 1864 წელს და პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.

აქვე შემორჩენილია XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი. გალავანი რიყის ქვითაა ნაგები, კედლების სიმაღლე 4 მეტრია, ჯამური სიგრძე 25 მეტრი. კედლებში დატანილია სათოფურები გალავანში შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან იყო მოწყობილი. გალავნის ალაყაფთან, მარჯვნივ, მოწყობილი იყო მარანი.

გალავნის შიგნით, ეზოს ბოლოში დგას ერისთავების სასახლე, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება. სახლის საძირკვლები თლილი ქვით არის გამოყვანილი, ხოლო კედლები ნაშენია რიყის ქვით. სასტუმრო ოთახში ბუხარია ამოშენებული. მეორე სართულის ფასადზე მიდგმულ ვრცელ ხის აივანს გვიანდელ შეკეთებათა გამო მხატვრული ღირებულება აღარ გააჩნია. იგივე მდგომარეობაშია სახლზე უკანა მხარეს მიდგმული მომცრო აივანიც.

სასახლის ირგვლივ ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებულია დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: ფანქრის ხე, კანფეტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკო და სხვ.

ეროვნული მნიშვნელობის უძრავის ძეგლის სტატუსს ატარებს ერკეთის ეკლესიაც.

IX საუკუნის ეკლესია სოფელ ზემო ერკეთში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 8 კმ დაშორებით. აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე. ერკეთის ეკლესია გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. XVIII საუკუნის 50-იან წლებში ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ერკეთის მიმართ. მისი ბრძანებით ააგეს მონასტრის კანკელი და მოხატეს საკურთხეველი. იგი გამოსახულია ეპისკოპოსის სამოსლითა და მიტრით ეკლესიის მარჯვენა კედელზე,სათანადო წარწერით. ეკლესია ამჟამად მოქმედია, ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ერთნავიანი, გვერდებიდან დამხმარე სათავსოებით.

ეკლესიის მოცულობითი ფორმები სიგრძივ ღერძზეა განლაგებული და ბოლოვდება ერთიანი ვრცელი აბსიდით. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული, რის გამოც გართულებულა კონქისთვის ფორმის შენარჩუნება და იგი თითქმის სწორხაზოვნად მთავრდება. ფასადების მორთულობა ძუნწია. ორივე შესასვლელის თავზე ნახევარწრიულ ტიმპანში მოთავსებულია მარტივი ჯვარი, დასავლეთის კარებთან შემორჩენილია ვაზის ორნამენტაციის ფრაგმენტი, ხოლო აღმოსავლეთის სარკმელი გარშემოვლებულია ლილვების მარტივი კომპოზიციით.

ეკლესიაში შემორჩენილია IX საუკუნის კარი და ფრესკები. კედლის მხატვრობა ფრაგმენტულია და საჭიროებს რესტავრაციას. კანკელი შედარებით გვიანდელი პერიოდის რესტავრაციის შედეგია. აგების წესითა და ჩუქურთმებით ლიხაურის ეკლესიას ჩამოჰგავს. სამი კარიბჭე აქვს. შიგნით ნათელი საღებავებითაა მოხატული: აქ გამოსახულია მაცხოვარი თხემზე, ერთი ხელით კურთხევას არიგებს, მეორეში გაშლილი სახარება უჭირავს. მის გვერდით დგანან დედა ღვთისა და იოანე მოციქული, დასავლეთის შესასვლელიდან მარცხნივ გამოსახულია დედა ღვთისა კალთაში ყრმით.

აქვეა დაცული ერკეთის გულანი, რომლის მინაწერშიც იკითხება: ,,დაიწერა და შემოიწერა წმიდა ესე გულანი ეპისკოპოსობასა ცაიშელ მამათ-მთავრისა მაქსიმესი." გულანი გადაწერილია XVII საუკუნის დამდგეს, კათალიკოს ექვთიმე საყვარელიძის დროს. გულანი გადაწერილია ისეთ ადგილას, რომელიც ხან ათაბაგების სამფლობელოში შედიოდა, ხანაც გურიელებისა და აფხაზეთის კათალიკოსის იურისდიქციაში.

ეკლესიაში შემორჩენილი იყო მაცხოვრის მომცრო ხატი, მთავარანგელოზთა ვერცხლით მოჭედილი ხატი და თავპანტას ეკლესიიდან შემოწირული წმინდა გიორგის ხატი. ეკლესიაში არის ორი საფლავის ქვა.

1905 წელს, დეკანოზმა მგალობლიშვილმა იატაკის ქვეშ დამალა ტაძრის ძვირფასეულობები, რათა ისინი გურიაში შეჭრილი ალიხანოვ-ავარსკის დარბევისგან ეხსნა.

 მომზადებულია ვიკიპედიას მასალების მიხედვით



 ახალი ამბები
  • ექსკლუზიური ფოტოები "ნაბეღლავის" მუზეუმიდანსს "წყალი მარგებელის" ახალ ქარხანაში, რომელიც "ნაბეღლავთან" და "ბახმაროსთან" ერთად რაუხის პროდუქციასაც უშვებს მუზეუმიც მოაწყვეს. კომპანიის განვითარების ყველა ეტაპი ფოტოებზეა აღბეჭდილი. აქვე, "ნაბეღლავის" პირველი გამოშვებაც შეგიძლიათ ნახოთ. მუზუემში განთავსებული უნიკალური ფოტოები, რომლის გადაღების უფლებაც "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად მიიღო, საუკუნეზე მეტი ... ...
  • "ამინაზღაურეთ ჩემი ლაკოსტას მაისურის საფასური"_ სააკაშვილს ბრილიანტის მწვანე შეასხეს ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მაისურზე ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ინციდენტი ვინიცის ოლქში მოხდა, სადაც სააკაშვილი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავდა. მომხდარზე კომენტარი სააკაშვილმა სოციალურ ქსელ facebook-ზე გააკეთა. ყოფილმა გუბერნატორმა პერანგის გაფუჭებისთვის 50 ევროს გადახდა პრეზიდენტ პოროშენკოს მოსთხოვა, რადგანაც მისი მტკიცებით, თავდამსხმელები სწორედ პოროშენკოს ბლოკის წევრებმა დაიქირავეს. „მორიგი თავდასმა ბრილიანტის მწვანეთი ლადიჟინში. თავდამსხმელმა აღიარა, რომ 200 გვივენად დაიქირავეს ადამიანებმა, რომლებიც როგორც ჩანს, პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენლები იყვნენ. პეტრო ალექსეევიჩ, ან შეწყვიტეთ ეს საბავშვო ბაღი, ან ამინაზღაურეთ ჩემი ლაკოსტას მაისურის საფასური, რომელიც ამსტერდამის აეროპორტში შევიძინე, როდესაც ტანზანიიდან ვბრუნდებოდი“, - წერს სააკაშვილი. ანალოგიური ინციდენტი 19 ივნისსაც მოხდა. კრივოი როგში სააკაშვილს კვერცხები და ბრილიანტის მწვანის პაკეტები ესროლეს. ... ...
  • თბილისი-თელეთის გზატკეცილზე ავტობუსი ამობრუნდაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-თელეთის გზატკეცილზე. მოსკოვი-ერევანის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.  „მოამბის“ კორესპონდენტის ცნობით, დაშავებულები მარნეულის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი - სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაცმინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან დაკავშირებით აჭარაში, ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის – შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. „მინდა სიტყვა გადავცე ენერგეტიკის მინისტრს, ადამიანს, რომელმაც არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა თავისი მინისტრად საქმიანობის პერიოდში, მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა კიდევ ერთხელ თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში და ვუსურვო წარმატებები, რომელშიც მე პირადად და ჩვენი გუნდი დარწმუნებულია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.  შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის ... ...
  • პრემიერის მიერ დარგული ხე და განსაკუთრებული მილოცვა ნაბეღლაველებს40  მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმო გურიაში _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმო, რომელიც კომპანია „წყალი მარგებელს“ ეკუთვნის, გასულ შაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა, თუმცა, გახსნამდე, ქარხნის ეზოში სიმბოლურად ციტრუსი დარგო. ახლად გახსნილ საწარმოში „წყალი მარგებელი", ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „რაუხთან" ერთად, სხვადასხვა სახეობის წვენს, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. როგორც „წყალი მარგებლის“  დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, ახალი ქარხანა უდიდესია არა მარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში: „წყალი მარგებელი დღეს 20 წლის გახდა და სიმბოლურია, ახალი ქარხნის გახსნა რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა“, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. ღონისძიებას, პრემიერის გარდა  ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე,  ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. "განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე საწარმო იხსნება. მინდა, ეს დღე ყველაზე მეტად მივულოცო ადგილობრივ მცხოვრებლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ, ამ საწარმოში უნდა ააშენონ ქართული ინდუსტრიული პოტენციალის მომავალი. მართლაც მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საწარმო იხსნება. ნამდვილად ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამხელა მიღწევას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნის ცერემონიალზე.  მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საუბარია არა მხოლოდ ერთ საწარმოზე, არამედ მთელ კომპლექსზე _ უკვე გაშენებულია 70 ჰექტარზე მეტი თანამედროვე სტანდარტის ხილის ბაღები, რომლის ფართობის 500 ჰექტრამდე გაზრდა იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ნედლეულზე:  "მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გიგანტი, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის ბრენდის ქვეშ, როგორიცაა კომპანია "რაუხი",  ქართული პროდუქცია გაიყიდება არა ერთ საექსპორტო ბაზარზე. გილოცავთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან სტრატეგიული პროექტის გახორციელებაში. ძალიან მახარებს, რომ გარემოსდაცვითი კუთხითაც დაცულია უმაღლესი სტანდარტები. მინდა, ყველა მეწარმეს საქართველოში ვთხოვო და მოვუწოდო, ასეთი სტანდარტი დავიჭიროთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ყველა ტექნოლოგიური მიღწევის წინა ხაზზე. ეს ქარხანა სწორედ ამის დადასტურებაა", _ აღნიშნა პრემიერმა. როგორც მიხეილ სვიმონიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი, ასევე, ექსპორტზე ... ...

არქივი

ზაფრანი

კარაქის სამკურნალო თვისებები

კარაქის მთავარი ღირებულებაა რძის ცხიმი,...

„ვარსკვლავი“ თოჯინები

 ჰოლივუდის ვარსკვლავთა საყოველთაო აღიარებით, ე.წ....

"დიდი ფინჯანი"... შოკოლადი

 გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად მსოფლიოში...

მწვანე აფთიაქი

გარდა იმისა, რომ კრაზანას ანტისეპტიკური,...

ვაშლი ჯანმრთელობის სამსახურში

ცნობილია, რომ ვაშლი არა მარტო...

„ლოთი“ თუთიყუშები

ავსტრალიის ქალაქ პალმერსტონს მთვრალი თუთიყუშები...
კარმიდამო ჩემი

"ერთხელაც ვაზის ჭიგოს ხელს წავავლებ და წამოვდგები!"

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ახალგაზრდა...

საგაზაფხულო წაყინვის შემდეგ, გურული ვაზი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს

წლევანდელმა საგაზაფხულო ყინვამ, გურიის რეგიონში...

რა ფერად უნდა შევღებოთ სკები?

ჩვენ, ქალები, დაინტერესებული ვართ ფუტკრის...

აუცილებელი რჩევა მოყვარულ მეფუტკრეებს

ღალიანობა მეფუტკრეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია...

რატომ უნდა გავაშენოთ კაკალი ფერდობებზე

წელს, გაზაფხულის ყინვებმა სერიოზულად დააზიანა...

პომიდვრის სამკურნალო თვისებები

პომიდორი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს:...

მკურნალი მარწყვი

ხალხური მედიცინით რეკომენდებულია ხენდრო (მარწყვი)...

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

უამინდობა, ცივი გამჭოლი ქარი და...

ბუნებრივი მკურნალები

სამკურნალო მცენარეებით დაინტერესება უფრო და...

კარტოფილის სამკურნალო თვისებები

 კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...