„გურია ხელოვანთა ქვეყანაა“ _ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანთა მიერ დანახული გურულები

ისტორია

„გურია ხელოვანთა ქვეყანაა“ _ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანთა მიერ დანახული გურულები

2017 აგვ 17 12:04:19

დიდი ხანია უკვე, რაც გურულებზე, თითქმის, ყველანაირ მასალას ვაგროვებ, როდესმე, თუ ღმერთმა ინება, წიგნადაც გამოვცემ, მაგრამ ეს მომავალში. ახლა კი შემოგთავაზებთ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანთა მიერ დანახულ გურულებს. უნდა გავამხილო, რომ მათ შესახებ ნეგატიური შეფასება ერთი-ორ ადგილას თუ შემხვედრია. ვინც კი გურულები გაიცნო, აღფრთოვანებული დარჩა ამ მართლაც გამორჩეული ხალხით.

გურულები, რომლებიც ,,საგრძნობლად განსხვავდებიან კიდეც თავიანთი ნათესავებისაგან. თუ სხვა კუთხის ქართველები უპირატესად ვაჭრები არიან – პროფესიით და ხასიათითაც, _ გურია ხელოვანთა ქვეყანაა, ცხოვრების ხელოვანთა”, _ ასე წერდა გენერალ მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილე, გერმანელი თადარიგის ოფიცერი, ვინმე ედუარდ იუონი. ,,დროების” (1868) თქმით კი: ,,... გურულები წმინდა რომანტიკული ხალხია...”

 ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი და მოგზაური ჯეიმს ბრაისი 1877 წელს ეწვია საქართველოს. აი, რას წერდა ის: "სამეგრელოდან სამხრეთით, მცირე კავკასიონის ქედებზე და ფერდობებზე, მდებარეობს გურია, სადაც [მეგრელებზე] ბევრად უფრო მკვირცხლი და პატიოსანი ხალხი ცხოვრობს; ამ მხარეს ეტყობა ნაკლებად შეეხო დაპყრობები და იმიგრაცია, რის გამოც აქაურებმა საუკეთესოდ შეინარჩუნეს თავიანთი თვალწარმტაცი ძველი ჩაცმულობა."

"Народы России. Этнографические очерки", ("Природа и люди"), 1879-1880. კი აღნიმნავდა:,,მთელ კავკასიაში არ მოიძებნება გურულების მსგავსი ვაჟკაცური სილამაზით გამორჩეული მამაკაცები, გურული ქალების მსგავსი დახვეწილი, ნატიფი პროფილი. თავისი მანერებით და გრაციით გურული ქალბატონები ძალიან ჰგვანან სამხრეთ იტალიელ ქალებს. გურულების ხასიათის გამორჩეული, დომინანტური თვისება - ეს არაჩვეულებრივი სისწრაფეა, ვნება, სიცოცხლისუნარიანობა, ცნობისმოყვარეობა და გატაცება”.

გერმანელმა მეცნიერმა მორიც ვაგნერმა XIX საუკუნის პირველ ნახევარში იმოგზაურა შავისზღვისპირა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ის აღტაცებული წერდა გურული ციცების შესახებ: ,,...დიდებული მხარის – გურიის მაცხოვრებლები მთელ კავკასიელ ხალხებს შორის სილამაზით პირველნი არიან”. შემდეგ ის აღწერს თუ როგორ შეხვდა ფოთის ციხის ზემოთ ღარიბი გურული მეთევზის ქალიშვილს. ,,თვით ნიმფა კირკე ,,დიდი, ლამაზი და საყვარელი”, როგორიც ჰომეროსმა დახატა, ვიხილე საღამოს... გურული ნიმფა არ იყო მორთული ,,ვერცხლისფერ სამოსში ოქროთი გაბრწყინებული სარტყელით”, არამედ ფერადი ნაჭრებით დაფარული, რომლებიც მშვენიერ ახალგაზრდულ სხეულს ეკვროდნენ და მხოლოდ სანახევროდ ფარავდნენ. სახე დაუფარავი ჰქონდა. უფრო ნატიფი ხაზები და მშვენიერი ტანი ამ ლამაზ ხალხში იშვიათად მინახავს”.

გურული ქალების სილამაზეს და მომხიბვლელობას ადასტურებს თედო სახოკია: ,,...აქ იპყრობს ის სილამაზე სახისა, რომელიც გამჩენს მიუმადლებია აქაურ მკვიდრთათვის. ვინც ქალს ლამაზი სქესი დაარქვა, ალბათ, სახეში ალბათ გურული ქალი ჰყავდა. თეთრი ყირმიზი სახე, სურათი ცხვირი, შავ-ხავერდისებური, გამომეტყველი თვალები, რომელშიაც ვნებათაღელვაც იხატება და გულკეთილობაც (აქ იშვიათად შეხვდებით ლამაზს, მაგრამ მაცდურს, მოღალატე თვალებს). მაღალი, კეთილშობილური შუბლი, მშვილდივით გადაჭიმული წარბები, მიჯრით მიწყობილი, ბროლივით კბილები, ყურყუმასავით შავი და გრძელი თმა - აი, საზოგადო სახე აქაურის ბანოვანისა. ზიზღის მომგვრელ მახინჯი სახის ქალსა თუ კაცს აქ ვერ შეხვდებით. მერე ყველა ტანადია, მოხდენით მოლაპარაკე... ესეც კია, რომ აქაური სილამაზე მეტად აზიზია, გამძლე არ არის, ჩქარა ,,ხუნდება“, აქაური ქალი 13-14 წლისა უკვე გასათხოვარია, ასაკოვანია. საკმაოა, იგივე ქალი გათხოვდეს და ერთი წლის უკან ნახოთ შვილიანი, ხანდახან ნასახიც არ შერჩებათ იმ თვალისმომჭრელ სილამაზისა, რომელიც ასე უხვად ამშვენებდა და რომელიც მაყურებელსა ჰხიბლავდა.“

 გურულებმა თავიდანვე იცოდნენ კაი ცხოვრების ფასი: ,,გურულს ფუფუნებისადმი მიდრეკილება აქვს, მისი ცოლი ევროპულად იცვამს, სახლიდან ცხენით სხვანაირად არ გადის, თუ არა ინგლისურ უნაგირზე. მეურნეობის მთელი ნამეტი მიდის კომფორტის საგნების შესაძენად, რაც ყოველი გურულის იდეალს წარმოადგენს". (Д. Носович, Хозяйственное положение государственных крестьян в Озургетском уъезде).

გურული ციცები რომ თავის თანამედროვე ევროპელ ქალბატონებს არ ჩამორჩებოდნენ, ამას ადასტურებს ეს ამონარიდი გაზეთიდან ,,დროება”, რომელიც ნაგომრის ბაზრობას აღწერდა – თურმე, როცა იქ გურიის ინტელიგენცია ანუ ოზურგეთის საპატიო საზოგადოება გამოჩნდებოდა, ,,რკინის ბორკილიც რომ მოაბათ, ვერ გარეკთ აქედან გამოპრანჭულ სოფლის ქალებს, რომელნიც ქცევაშიაც და ტანთსაცმელებშიც ძალიან გულს-მოდგინეთ ჰბაძავენ ოზურგეთის განათლებულ ქალებს... რამოდენათაც პარიჟის არისტოკრატკების ტანთ-ცმა და ქცევა მისაბაძავათ აქვთ ევროპის არისტოკრატკებს!..

ჩვენებური სოფლის ქალი ხედავს, რომ ოზურგეთის ,,განათლებული და სწავლული” ქალები ძალიან ფრანტი, მდიდრულად მოდაზე შეკერილი კაბებით ირთვებიან: მაშასადამე ტანსაცმელშიაც განათლება ყოფილაო და ვინც სწავლული და განათლებულია, უთუოდ ფრანტათაც უნდა ეცოსო! ამის მოსაზრე ჩვენებური ქალები მოსდგნენ და იკერავენ რათაც უნდა დაუჯდესთ, ძვირფას კაბებს”.

თურმე ოზურგეთთან ერთად მოდის განმსაზღვრელი ხიდისთავიც ყოფილა, რის გამოც გურიაში მას ხუმრობით ,,პატარა პარიზს” უძახდნენ.

 1905 წლის პირველი რევოლუციის მშფოთვარე დღეებში გურული ქალბატონები არც ერთ მიტინგსა და კრებას არ აცდენდნენ, ისინი მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. ,,იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ცოლები მეტ აქტივობას იჩენდნენ, ვიდრე _ ქმრები. ქალები სასტიკად იცავდნენ და ასრულებდნენ კომიტეტის ყოველგვარ განკარგულებას.” ცნობილია, რომ მრუშობაში შემჩნეულ ქალებს თავად მანდილოსნები ამხელდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ; როგორც ხედავთ, გენდერული თანასწორობა გურიაში ყოველთვის დაცული ყოფილა, რითაც იმდროინდელი ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლები, ეს ამბავი რომ სცოდნოდათ, ნამდვილად გაოცებულნი და კმაყოფილნი დარჩებოდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი იოსებ მეგრელიძესთან საუბარში ყვებოდა, რომ როცა გურიაში ოსმალები შემოიჭრებოდნენ ხოლმე ,,ქალის კივილი და კაცების გარეთ გამოცვენა ერთი იყოო.” სოფელ ვანისქედში სირაძის ქალი ყოფილა – მაკივარი. მისი ხმა თურმე ასკანაში ისმოდა და მეორე მხრივ კი ჭაჭიეთ-ბასილეთში; ყველა მტერს დაედევნებოდაო!

  ბევრი აღწერდა გურულის ვერცხლისწყლის მაგვარ, დაუდგრომელ ხასიათს, მათ სისწრაფეს. მახსენდება ერთი ნაკვესი ,,ივერიიდან”, (1886 #35).

,,გურული შეხვდა რაჭველს და თავისებურად მკვირცხლად მიესალმა:

_ გამარჯვება შენ, რაჭველო.

_ ქვე ღმერთმა გაგიმარჯოს.

_ რავაა მოსავალი თქვენში, პური, ქერი, მჭვავი, სიმინდი, ლობიო, მახა, ცერცვი, - მიაყარა სხაპა-სხუპით ყველაფერში სწრაფმა გურულმა.

_ ქვე..! შე... დალოცვილო, ხომ არავინ მოგდევს! რავა სეტყვასავით დამიშინე... ჯერ ერთი ჰსთქვი და მერე მეორე, _ უპასუხა მძიმედ ყოველთვის აუჩქარებელმა და დინჯმა რაჭველმა.

_ აპა ეხლა, თუ არ დაგიშლია, ჯვარს დევიწერ შენზედ, მოგიჯდები აქ და გემუსაიფებიო, უთხრა გურულმა და გაუდგა თავის გზას.”

 აკაკი წერეთელიც გურულის ხასიათის ამ გამორჩეულ თვისებას საგანგებოდ გამოჰყოფდა: ,,გურულები ბევრით ემსგავსებიან ამ ორ გვარს (იმერლებს და მეგრელებს –ი.მ.) მაგრამ მათსავით ხანგრძლივი და ფეხდადგმულნი ვერ არიან. ვერც შრომას აიტანებენ ბევრსა; ყოველთვის და ყოველგან ჰფეთქენ თოფის წამალივით. მოძრაობაში, სიტყვა-პასუხში თუ საქმეში ყველგან მოსწრებულნი არიან”.

 დასაბამიდან ბევრს საუბრობენ გურულების სიფიცხეზე, ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: ,,...კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, არამედ მყის გულმწყრალნი.” XX საუკუნის დასაწყისში ჟურნალ ,,მოგზაური”-ს ჟურნალისტი კ. გვარამაძე გვამცნობდა: ,,გურულს გული მოუვა თავისი სიფიცხითა, რადგანაც მას სული ცხვირში აქვს. მაგრამ ერთი კარგი თვისებაცა აქვთ, რომ დამშვიდება მყისვე იციან. ღმერთმა ნუ ჰქმნას დიდხანს გასწეოდა გურულს გულის მოსვლა, თორემ თქვენი მტერი, ერთმანეთს ისე ამოჟლეტდნენ, რომ დღეს აღარ იქნებოდნენ... გურული მეტად განსხვავებული ბუნების ადამიანს შეადგენს საქართველოში, როგორც ჩანს აწერილობიდგან. ამას უკეთესათ დავასურათებ ქართლ-იმერლებთან შედარებით. ტეტიას რომ აგინოთ, იმისათვის სამაგიეროს არას გეტყვის; აქეთ რომ წამოხვიდეთ და სურამელს აგინოთ, სამაგიეროთ შეიძლება მიზეზი გკითხოს შეგინებისათვის; იმერეთში ხოროგაულელები _ კი ამისთვის სამაგიეროს შემოგაგინებსთ, ქუთათური იმერელი _ კი ცემა-ტყეპით და იარაღის დაშიშვლებით გადაგიხდიან, ხოლო გურული _ კი ამას წუთიერი სიკვდილით გადაუხდის მაგინებელს, იარაღით მაშინათვე გააციებს...” ფრანგი მეცნიერი და არქეოლოგი ბარონ დე ბაი, რომელმაც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა აღნიშნავდა, რომ ,,საქართველოში.... ხასიათის მიხედვით თუ  ვიმსჯელებთ, (გურულები) ისეთივე რეპუტაციით სარგებლობენ, როგორითაც გასკონელები საფრანგეთში.” ,,არავისთვის გასაკვირი არ იქნება, - წერდა პუბლიცისტი და ცნობილი მეფუტკრე აპოლონ წულაძე, - რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია.”

დღეისთვის ეს ვიკმაროთ და გაგრძელება აუცილებლად იქნება.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...