ქართველები ამერიკაში

ისტორია

ქართველები ამერიკაში

1 აპრ. 2019, 18:24:35

ქართული ემიგრაციის ისტორია XIX საუკუნის შუაწლებიდან იწყება _ ეს რაც დოკუმენტალურად დასტურდება, თორემ ალბათ იქამდეც იქნებოდა უცხოეთში უკეთესი ხვედრის მაძიებელთა გასვლის მცდელობებიც. თუმცა, ქართველთა პირველი მრავალრიცხოვანი გასვლა 1724 წელს მოხდა, როცა მეფე ვახტანგ VI ინტელექტუალური ელიტისაგან შემდგარი ათასკაციანი ამალით რუსეთში ჩავიდა, საიდანაც უკან არავინ დაბრუნებულა.


ეს უდიდესი დარტყმა იყო იმ დროისთვის დასუსტებული ქვეყნისთვის. ქართველთა დიდი პროცენტი, ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისა, ატლანტიკის ოკეანის გადაღმა, ამერიკის შეერთებული შტატებში მიემგზავრებოდა. ვინ იყო პირველი ქართველი ემიგრანტი, დანამდვილებით არავინ იცის. ასევე, ალბათ, ვერასოდეს დავადგენთ ყველა იმ ქართველის ვინაობას, რომელიც ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საკუთარი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ცნობილი ქართველ-ამერიკელი ჟურნალისტი და ექიმი გივი კობახიძე წერდა: "ამერიკა ყოველთვის ანდამატივით იზიდავდა მსოფლიოს მრავალ ხალხებს და რასაკვირველია, არც ქართველებს გამოეპარებოდათ ეს პროცესი მხედველობიდან. მაგრამ თუ სხვა ეროვნებითი შვილები ამერიკაში მიდიოდნენ იქ სამუდამოდ დასახლების მიზნით და მათი დიდი უმრავლესობა მართლაც საბოლოოდ ბუდეს ამერიკაში იკეთებდა, ქართველები ამას თითქმის არასოდეს სჩადიოდნენ... ამერიკაში მიმავალი ქართველები ისევ სამშობლოს უბრუნდებოდნენ და მათმა ახალშენმა ფეხი ვერ მოიკიდა ახალ მიწაზე, არც სიმდიდრე და არც სხვა რამ სიკეთე მათ არ იზიდავდა, სამშობლოსაკენ ლტოლვის გრძნობა ყველა სხვა გრძნობებზე ძლიერი იყო... უცხოეთში რჩებოდნენ ძლიერ ცოტანი და უმეტესად ისინი, რომელნიც ცოლ-შვილს ეკიდებოდნენ და მათ გამო ვეღარ სცილდებოდნენ ახალ სამშობლოს...”

არსებობს ლეგენდა, რომ ქართველებმა ბევრად უფრო ადრე დაადგეს ფეხი ამერიკის კონტინენტს. ეს ლეგენდა ქრისტეფორე კოლუმბის ორი ქართველი მეზღვაურის ძმები მოლაშხიების შესახებაა. თურმე მოლაშხიებს ადგილობრივი ბატონი შემოაკვდათ, ისინი სამეგრელოდან გამოიქცნენ და დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ მოხვდნენ ბასკეთში, სადაც ქრისტეფორე კოლუმბი თავისი ექსპედიციისათვის ძლიერ და ჯანმრთელ ადამიანებს ეძებდა. მოგზაურობის დროს ძმები თურმე თვით კოლუმბის გემზე "სანტა მარიაზე” იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ცნობებით, მოლაშხიების შთამომავლები ცხოვრობენ მეხიკოში და ბასკეთში, აგრეთვე საქართველოში. თუმცა, ეს ამბავი დოკუმენტალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ მაინც ლამაზი ლეგენდაა... ჩვენი თანამემამულეების უმეტესობა უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად მიდიოდა, თუმცა, იყვნენ იდეალისტებიც, რომლებიც დემოკრატიის დასაცავად მიემგზავრებოდნენ ცხრა მთას იქით. ასეთი იყო ალექსანდრე ერისთავი _ მეფის არმიის ოფიცერი, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომში (1861-65) იბრძოდა. ასევე, გივი კობახიძის თქმით, "იყო იძულებითი, პოლიტიკური მოსაზრებით გამოწვეული შემოსახლება შეერთებულ შტატებში”. მხედველობაში ჰყავდა სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი. ასევე, მართლმსაჯულებას გამოექცნენ მომავალი მოჯირითეები ვასო წულაძე და სემ სერგი (მისი ნამდვილი სახელი ჯერჯერობით ვერ დავადგინე), რომელთაც XX საუკუნის დასაწყისში მატარებელი გაძარცვეს, გაიქცნენ ამერიკაში და შეუერთდნენ გურულ მოჯირითეებს. თავდაპირველად საშოვარზე წასული ქართველთა უმრავლესობას გურულები და რაჭველები შეადგენდნენ. ამის პირველი მიზეზი კი გაჭირვება და მცირე მიწიანობა იყო. მაგალითისთვის მოვიყვანთ გურიას. გაზეთ "შრომის” კორესპონდენტის სიტყვით, გურიაში იმის გამო, რომ მიწის მთელი ფონდი, "მცირე ნაწილს გარდა”, მებატონეთა და ხაზინის საკუთრებას წარმოადგენდა, გლეხებს უმიწოდ სული ძვრებოდათ. ერთი ასკანელი გლეხი ჩიოდა: "საღამოს რომ დავწვებით, თავი სხვის მამულში მაქვს და ფეხები კიდევ მეორეში.” ამიტომ გასაკვირი არ ყოფილა გურულების და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის საშოვარზე გადინება, ჯერ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში, შემდეგ კი უფრო შორს _ აშშ-ში.
ერთ-ერთი პირველები ამერიკაში გურული მოჯირითეები, ბახველები და ლანჩხუთელები, ჩავიდნენ. მათთან ერთად რაჭველები, რომლებიც კონტრაქტით ამერიკასა და კანადაში მუშაობდნენ. რაჭველების უმრავლესობა კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილმა კი საცხოვრებლად ქალაქი სიეტლი (ვაშინგტონის შტატი) არჩია. გივი კობახიძის თქმით, სიეტლში რეხვიაშვილები რეხონის გვარით დაფუძნდნენ. უცხოეთში გადახვეწილი ქართველთა უმრავლესობა, არისტოკრატი თუ გლეხი, გაჭირვებაში ცხოვრობდა; ბევრმა ცხოვრება რესტორნის მიმტანად, მომვლელად და ტაქსის მძღოლად დაასრულა. მაგრამ ზოგიერთმა მოახერხა ცხოვრება მშვენივრად აეწყო. ქართველ მამაკაცთა ერთი ნაწილი დაქორწინდა მდიდარ და გავლენიან ქალბატონებზე და მათი სიმდიდრის წყალობით შეძლო ფუფუნებაში ეცხოვრა.  უმრავლესობამ საკუთარი ნიჭის წყალობით შეძლო ნულიდან დაეწყო ცხოვრება და ახალ სამშობლოს დიდი ამაგი დასდო: ჯორჯ ბალანჩინი, ალექსანდრე ქართველი, თამარ თუმანიშვილი, გიორგი პაპაშვილი... მათ შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ გვექნება საუბარი. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი აღარ ფლობდა მშობლიურ ენას, რა იყო და რა არის ამის მიზეზი, ხასიათი, ზნე-ჩვეულება თუ უცხო ქვეყანასთან შეგუება-ადაპტაციის პოლიტიკა, ძნელი სათქმელია. ამ უცნაურობაზე ყურადღება აქვს გამახვილებული გიორგი პაპაშვილს წიგნში "ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

თურმე ერთი ქართველი ემიგრანტის შვილი, რომელმაც ქართული არ იცოდა, პაპაშვილს მამის შესახებ უყვებოდა, რომ "...ერთხელ, ათი წლის წინათ, მან განცხადება გაუგზავნა "სან ტელეგრაფს” _"ვუხდი 1000 დოლარს, ვისაც ეცოდინება ჩემი ენაო”. მამამისს ქართველი ადამიანი 30 წლის განმავლობაში არ ენახა. თუმცა, უზარმაზარი თანხის გადახდა აღარ დაჭირვებია, რადგან პაპაშვილს შეხვდა და მათ რამდენიმე დღე ქართულად საუბარში, ქეიფსა და სიმღერაში გაატარეს. 

XX საუკუნის ქართული ემიგრაციის ისტორია ჩრდილოეთ ამერიკაში სამ ეტაპად არის დაყოფილი. ყოველ მათგანს საკუთარი გამომწვევი მიზეზები ჰქონდა. ემიგრანტთა ასაკობრივი, გენდერული და სოციალურ-პოლიტიკური შემადგენლობა თუ განათლების დონეც განსხვავებული იყო. ამიტომაც, მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი ამერიკანიზაციის ხარისხი და ახალ სამშობლოში მიღწეული წარმატებანი და შეტანილი ღვაწლი. შედარებით დიდი ნაკადი ლტოლვილებისა ამერიკაში ჩავიდა საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ. ეს იყო 200-300 ოჯახი, რომელიც საფრანგეთიდან ამერიკაში გადავიდა. უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს არ სჯეროდა რომ ბოლშევიკების პარპაში დიდხანს გასტანდა, ამიტომ, რაც გაიტანეს, იმ იმედით ფლანგავდნენ, რომ სამშობლოში მალე დაბრუნდებოდნენ, მაგრამ მოლოდინი 70 წლით გაიწელა. ბევრი ემიგრანტი, რომელმაც ინგლისურად ერთი სიტყვაც არ იცოდა, მძიმე და გაჭირვებულ ცხოვრებას ეწეოდა. სამშობლოში მათ რაღაც სტატუსი მაინც გააჩნდათ, უცხო მიწაზე კი ისინი ბევრს არაფერს წარმოადგენდნენ, ამიტომაც ბევრი დეპრესიამ და ნოსტალგიამ გადაიყოლა. მათი გაჭირვების კიდევ ერთი მიზეზი ემიგრანტთა შორის პოლიტიკოსთა სიმრავლე იყო, რომლებიც დიდი შეძლებით არ გამოირჩეოდნენ. ემიგრანტთა მეორე ტალღა აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ წამოვიდა. ესენი უმთავრესად სამხედრო ტყვეები და ევროპაში ომამდე მოხვედრილი ქართველები იყვნენ, რომელთაც ეშინოდათ საბჭოთა რეპრესიული მანქანისა. პირველ და მეორე ტალღას შორის სოციალური განხეთქილება წარმოიშვა, რაც განპირობებული იყო სოციალური ასპექტების გამო, რადგან ომის შემდგომ ამერიკაში ჩადიოდნენ უბრალო ოჯახის წარმომადგენლები, მაშინ, როცა პირველ ტალღაში თავად-აზნაურები სჭარბობდნენ. 20-იან წლებში ჩასული ემიგრანტებისაგან განსხვავებით, ამ ახალმა ლტოლვილებმა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისაგან, მათ შორის "ქართველთა ასოციაცია აშშ-ში” და  The Tolstoy Foundation დახმარება და თანადგომა მიიღეს.  XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩასულ რაჭველებს ჰქონდათ ჩამოყალიბებული ურთიერთდახმარების ერთგვარი სისტემა, რის შედეგად ახალჩამოსულს უადვილდებოდა უცხო ქვეყანასთან და წეს-ჩვეულებებთან ადაპტაცია. თურმე ვანკუვერში მცხოვრებმა 25 რაჭულმა ოჯახმა, დაახლოებით, 200-მა ქართველმა, შეიძინა უზარმაზარი სამსართულიანი სახლი და ერთად დასახლდა. ეს იმ ქართული ტრადიციის გამოძახილი იყო, რაც რაჭველებმა ჩამოიტანეს ახალ მიწაზე. უკვე ოცდაათიანი წლების დასაწყისში კი, როცა ამერიკაში მცხოვრები ქართველთა რაოდენობამ იმრავლა, გადაწყდა ქართული სათვისტომოს დაარსება. ამ საქმეს პავლე კვარაცხელიამ მეუღლითურთ და ვასო კობახიძემ მოჰკიდეს ხელი. მათი თაოსნობით 1931 წელს ნიუ იორკში დაარსდა "ქართული სათვისტომო ამერიკის შეერთებულ შტატებში”. პავლე კვარაცხელია აშშ-ში 1920 წლიდან ცხოვრობდა მოღვაწეობდა. გივი კობახიძეს თქმით: "ბატონი პავლეს უშრეტ ენერგიას, მგზნებარე პატრიოტიზმს და ორგანიზატორულ ნიჭს უნდა ვუმადლოდეთ ქართულიო სათვისტომოს დაარსებას... და იმასაც, რომ სათვისტომო ახლაც განაგრძობს არსებობას, _ იმდენად ფუძემტკიცე იყო ქვაკუთხედი, დადებული მესაძირკვლე პავლე კვარაცხელიას მიერ...” საზოგადოებას საშტატო იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესდება ჰქონდა. სათვისტომოს პირველი თავმჯდომარე იყო პავლე კვარაცხელია, ხოლო მდივანი ვანო კობახიძე. ქართული სათვისტომოს დაარსებისა და მომძლავრების საქმეში სხვადასხვა დროს დიდი წვლილი შეიტანა ვასილ დუმბაძემ, გიორგი მაჩაბელმა, არჩილ გურიელმა-ჭყონიამ, კირილე გურგენიძემ, ასლან ყრუაშვილმა, ნიკოლოზ ამილახვარმა და სხვებმა.   ემიგრანტთა მესამე ტალღის გასვლა 90-იან წლებში დაიწყო და ის ახლაც გრძელდება. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემებით ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 30 ათასიდან 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება, მათ 85-90%-ს ქალები შედგენენ (ექსპერტთა დაკვირვებით, ქართველ ქალთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, საქართველოში აღარ აპირებს დაბრუნებას, გამოექცნენ რა მძიმე, დამთრგუნველ და არასასურველ პირობებს, მათთვის უფრო ადვილი ხდება ადაპტაცია ახლა გარემოსთან და ამერიკული ცხოვრების წესი უფრო მისაღები ხდება; თუნდაც იგივე "ბოიფრენდის” ინსტიტუტიც, რაც საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი პროვინციებისთვის ჯერ კიდევ უცხო ხილია. იქმნება ახალი შერეული ოჯახები და ასეთ ოჯახებში დაბადებული ბავშვების ამერიკანიზაცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ მშობლები კიდევ ინარჩუნებენ ეროვნულ იდენტურობას, ძალიან ხშირად შვილებმა ქართული არ იციან და თავს ამერიკელებად თვლიან).  ქართველთა რაოდენობის ზრდა უმთავრესად არალეგალურ ემიგრანტების ხარჯზე მოდის, აქედან გამომდინარე ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი ქართველია ახლა აშშ-ში, ძნელია. მაგალითად, 1991-1996 წლებში ამერიკის მოქალაქეობა მიიღო საქართველოდან ჩასულმა 1834-მა ადამიანმა, 1997 წელს _ 425-მა, 1998 წელს _ 100-მა. ეს წვეთია ზღვაში, თუ გავითვალისწინებთ რომ 1965-2000 წლებში აშშ-ში 23 მილიონი ემიგრანტი ჩავიდა, თითქმის იმდენივე რამდენიც ემიგრანტული ბუმის დროს, 1880-1920 წლებში. ქართველთა უმეტესობა თავმოყრილია ნიუ იორკის, ჯორჯიისა და ნიუ ჯერსის შტატებში, ასევე მრავლად არიან ემიგრანტები სან ფრანცისკოში, სადაც დაარსებულია ქართველთა სათვისტომო, რომლის ძირითად ნაწილს 1993 წლიდან ემიგრაციის მესამე ტალღის წარმომადგენლები შეადგენენ.  მრავალი ქართველისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მეორე სამშობლოდ იქცა, სადაც ბევრმა შეძლო განეხორციელებინა "ამერიკული ოცნება” და გამხდარიყო ქვეყნის სამაგალითო და სახელოვანი მოქალაქე. ქართველები მადლიერნი იყვნენ და არიან ახალი ქვეყნისა, რომელმაც გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი გაუწოდა და შეიფარა. მაგრამ ვალში არც ქართველები დარჩენილან და უამრავმა ამერიკელმა ქართველმა დიდი ღვაწლი დასდო ამერიკას. ასევე მრავალი სახელოვანი ქართველი ამერიკაში დაიბადა. როგორც სიმონ სიდამონ-ერისთავი ამერიკაში გაჩენილი საკუთარი ორი შვილის შესახებ წერდა: "გულით ისევ ქართველი დავრჩი... ჩემ ახალ სამშობლოს მე ფასდაუდებელი საჩუქარი გავუკეთე ქართული სისხლის ორი მკვიდრი მოქალაქის სახით”. დღესაც, ისევე როგორც გასული ასი წლის განმავლობაში, ბევრი ქართველი გაჭირვებას გაურბის და ამერიკაში მიემგზავრება. სამწუხაროდ, ამ დროს ხდება ე.წ. "ტვინის გადინება” ანუ საუკეთესო სპეციალისტების, მეცნიერების, ხელოვნების მოღვაწეთა გასვლა საქართველოდან, რაც თავისთავად აუნაზღაურებელ დანაკლისს აყენებს ჩვენს ისედაც მცირერიცხოვან ერს და ქვეყანას. ემიგრაციის შემცირება კი თუნდაც ისეთ სასურველ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოში აღარ იქნება დაძაბული სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური სახის კატაკლიზმები.




 ახალი ამბები
  • 6 გარდაცვლილი და 10 დაშავებული _ შსს-მ თურქეთის მოქალაქე დააკავაგორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.   ... ...
  • თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა (R)თიბისი კაპიტალმა მეხუთედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.  კვლევის თანახმად, საქართველოში ეკონომიკის აღდგენა, ტურიზიმსა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების გარდა, მოსალოდნელზე სწრაფია. მიუხედავად არატურისტული ეკონომიკის დაგეგმილზე სავარაუდოდ უფრო მეტი ფისკალური სტიმულისა, ეპიდემიოლოგიური ვითარება და რეგიონული კონფლიქტი, ზრდის პროგნოზზე ნეგატიურად მოქმედებს. საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წლის მეორე ნახევრამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ არის მოსალოდნელი. ასევე, საგარეო დაფინანსების არსებული გეგმის პირობებში, სავალუტო ინტერვენციების გასაგრძელებლად რესურსი საკმარისია, თუმცა ევრობონდის დაფარვის გეგმა გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში ინფლაცია მომდევნო თვეებში სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს დარჩება. აქტიური ტურისტული სეზონის დასრულებისა და ვირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ქვეყნებში სასტუმროების საშუალო დატვირთულობის დონე შემცირებულია. მსხვილი სასტუმროების გამოკითხვიდან ჩანს, რომ ოქტომბრის დატვირთულობამ საშუალოდ 14% შეადგინა, რაც სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, ნაკლებია. არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველა კატეგორიის ოთახის დღიური ფასი წლიურად 33%-ითაა შემცირებული. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს ოთახის შემოსავლის 60%-ით კლებაა მოსალოდნელი 2019 წელთან შედარებით. რაც შეეხება ტურისტული შემოდინებების აღდგენას, პროგნოზი კვლავ გაუარესებულია და ეტაპობრივი აღდგენა 2021 წლის მეორე ნახევრიდანაა ნავარაუდევი. თიბისი კაპიტალი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის გაყიდვების ჯამურ კლებას ელოდება. კვლევის თანახმად, მოთხოვნა ახალ ბინებზე ძველ ბინებთან შედარებით მეტი იქნება. 2021 წელს აღდგენის პროცესი გაგრძელდება, 2022 წელს კი მოსალოდნელია გაყიდვებმა 2019 წლის ნიშნულს გადააჭარბოს. კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას, ამ დინამიკის გაუმჯობესება შეუძლია. თიბისი კაპიტალი ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების კლებასაც ელოდება - ახალ ბინებში 30%-ით, ძველ ბინებში კი - 25%-ით. გაყიდვებთან ერთად, მოსალოდნელია ბინების ფასის კლებაც. ბათუმში ბინებზე მოთხოვნის დაბრუნება ტურიზმის აღდგენასთანაა დაკავშირებული. 2019 წლის გაყიდვების ნიშნულთან დაბრუნება და გადაჭარბება 2022 წელსაა მოსალოდნელი. კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში ხელფასი წლიურად 2%-ით ნაკლებმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (<1200 ლარი) შემცირებითაა განპირობებული. მაშინ, როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკას აჩვენებს. თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbccapital.ge  ... ...
  • გურულის არჩევანი არჩევნების წინუძველესი გურული ვაზის  ჯიშების ერთ-ერთი პირველი მომძიებელი სოსო ხინთიბიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი) ცხოვრობს. ახლა  თავის კარმიდამოში რთველის შუაგულშია და ჩქარობს,  ტონობით ყურძნის დაკრეფა მოასწროს. თეთრიშა, საკმიელა, ტაკიძურა, ჩხავერი, ქაქუთურა... რომელ ჯიშის ვაზს არ ნახავთ  მის კარმიდამოში, სადაც ასევე უხვადაა მანდარინი, ხურმა, თითქმის ყველა მრავალწლოვანი ხეხილოვანები. ასევე ფუტკარი და შინაური ფრინველები. ვაზზე კი, განსაკუთრებით გურულ ჯიშებზე, როგორც თავად ამბობს, „ჭკუა ეკეტება“. _არჩევნებზე კი უნდა გავიქცე, შინ ვერ დავჯდები, თუმცა მალევე  უკანვე უნდა მოვბრუნდე. სამი-ოთხი დღე მაინც მინდა, რომ ყურძნის კრეფა დავასრულო. ადამიანის არჩევანი,  პოლიტიკურ არჩევნებზე უფრო,  თავდადებული შრომა უნდა იყოს.  მხოლოდ მაშინ გვექნება დოვლათიც საუცხოო და ეგ არჩევნებიც,  _ ღიმილით გადმოგვძახის გიდელით ხელში, ტალავერზე მიყუდებულ კიბეზე მდგარი სოსო ხინთიბიძე და    სრულიად სამყაროსთან მოკითხვას გვაბარებს:  „მთის წვერზე ვცხოვრობ და  აქედან მოძღვნილს სხვა ხიბლი ... ...
  • გიორგი გახარია: ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, განსაკუთრებულად ოჯახებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ, გვიან ღამით, გორთან  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ. „პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ", - განაცხადა გიორგი ... ...
  • „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება"„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებზე დაადასტურა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს. „ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სექტორში“. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...