ფანჯარა დასავლეთში _ გურული მხედრები ინგლისში

gurianews.com

ისტორია

ფანჯარა დასავლეთში _ გურული მხედრები ინგლისში

2017 ივნ 12 12:07:52

გასული საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს, ამერიკიდან მშობლიურ ლანჩხუთში დაბრუნებული მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილი, ნათესავებსა და მეგობრებს ეუბნებოდა: "მე განთქმული კაცი ვიყავი ამერიკაში. როცა მოვკვდები, ჩემი სახელი იქ ეხსომებათ".

მისი ნათქვამი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: დღეს ამერიკის საისტორიო წყაროებში უამრავი დოკუმენტია, რომელიც ე. წ. "რუს კაზაკებს", იგივე ქართველ მხედრების ამერიკულ შოუებსა და ცირკებში მონაწილეობას ეძღვნება.

ისტორიას შემორჩა ასევე რამდენიმე მოჯირითეს ნამდვილი სახელიც (როგორც წესი, შოუებში მათ უფრო მეტად გამოგონილი სახელები ჰქონდათ): ივანე მახარაძე, ველიკო კვიტაიშვილი, ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი, დიმიტრი მგალობლიშვილი, დათა ქაჯაია, დიმიტრი ცინცაძე და ლუკა ჩხარტიშვილი. ეს ის ქართველები არიან, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების მიწაზე პირველმა დადგეს ფეხი (თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართველებში დასავლეთისკენ ფანჯარა პირველად სწორედ გურულებმა გაჭრეს) და უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ამერიკული შოუ-ბიზნესისა და საცხენოსნო სპორტის განვითარების საქმეში.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბევრ წყაროებში ისინი "კაზაკებად" არიან მოხსენიებულები, ეს შეცდომა ნელ-ნელა სწორდება: რამდენიმე მუზეუმში მივაღწიე იმას, რომ ფოტოების აღმნიშვნელ წარწერებზე რუსების მაგივრად ქართველები დაეწერათ; თანამედროვე ამერიკულ საისტორიო წიგნებში უკვე მითითებულია, რომ ისინი მხედარი კაზაკები კი არა, არამედ ქართველი მოჯირითეები იყვნენ საქართველოს დასავლეთ ნაწილიდან _ გურიიდან.

წელს სრულდება 125 წელი, რაც გურული მხედრები პირველად შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის _ ბაფალო ბილის "უაილდ უესთ შოუს" (ველური დასავლეთის შოუს).

არსებობდა სხვადასხვა თარიღი და ვერსია, თუ როგორ მოხვდნენ გურულები უცხოეთში. ყველაზე სანდო ვერსია, რომელსაც ისტორიული წყაროებიც უმაგრებენ ზურგს, ასეთია: 1891 წლის მიწურულს ან 1892 წლის დასაწყისში, ბათუმში მოჯირითეების შესარჩევად ჩამოვიდა ბაფალო ბილის წარმომადგენელი თომას ოლივერი (მოჯირითე ველიკო კვიტაიშვილის ცნობით, წარმომადგენელი ქალბატონი იყო, თუმცა, ამის დამადასტურებელ ცნობა ვერსად მოვიკვლიე). იგი ინგლისელ კონსულთან, ჯეიმს ჩემბერსთან დაბინავდა. კონსულთან იმხანად მოსამსახურედ (ის ასევე მდივნის როლსაც ასრულებდა) იდგა ზემო ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე. იგი გურული ნაყმევის ოჯახში იყო დაბადებული და ბათუმს საარსებო წყაროს საძებნელად ეწვია (მომდევნო წლებში ჯორბენაძე ფინანსურად ისე მომაგრდა, რომ ბათუმში რესტორანი "ფლორიდა" გახსნა. ის იყო მეწილე სასტუმრო "ლონდონისა", რომელიც გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა ჩამოართვეს).

ჯორბენაძემ, გაიგო რა საქმის ვითარება, ოლივერს განუცხადა, რომ ცხენოსნების შეგროვებაში დაეხმარებოდა. თანხმობა რომ მიიღო, ჯორბენაძე ოლივერთან და ვიცე-კონსულ ჰარი ბრიგსთან ერთად სოფელ ბახვში, მთელ გურიაში ცხენოსნობაში განთქმულ ივანე (დიდი) როსტომის ძე მახარაძის, მეტსახელად "მათრახას" ოჯახში მივიდა. გადაწყდა, რომ ივანე გუნდს შეკრებდა. აქედან დაიწყო გურული მოჯირითეების მრავალწლიანი საზღვარგარეთული ტურნე.

ცოტა ხანში რჩეული ახალგაზრდებისგან შემდგარი ათკაციანი გუნდი, "ივერიას" თქმით, სოფელ ჩიბათს და ლანჩხუთში მცხოვრებელნი, სხვა და სხვა წოდებისა, მომეტებულად აზნაურობა შეიკრიბა. მათ სათანადო წვრთნა გაიარეს, ქუთაისში შეაკერინეს 6-6 წყვილი სხვადასხვა ფერის ჩოხა-ახალუხი, მოიწესრიგეს იარაღი, ცხენის აღკაზმულობა და ბათუმში გაემგზავრნენ (ჩოხები მყვირალა ფერის: ყვითელი, მწვანე, ვარდისფერი, ნარინჯისფერი და ა. შ. იყო. სავარაუდოდ, ეს შოუს ორგანიზატორთა მოთხოვნა იყო, თორემ როგორც ვიცით, მსგავსი ფერის ჩოხებს ჩვენში იშვიათად ან საერთოდ არ ატარებდნენ).

უნდა აღინიშნოს, რომ გურული მხედრების უმრავლესობა მომცრო ტანის, ძარღვიანი ახალგაზრდები იყვნენ. როგორც Wisconsin State Journal (24 ივლისი, 1901) წერდა"...ისინი უმეტესწილად პატარა ტანის ბიჭები არიან. მათ გვერდს ულამაზო ხმლები უმშვენებთ და ყველა სიგარეტს ეწევა." ხოლო Monday Morning (27 ივლისი, 1896) აღნიშნავდა:"...მათი ბელადი დაახლოებით 140 ფუნტს (დაახლოებით 60 კილოგრამს _ ი.მ.) იწონიდა", რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან იმდაგვარი ტრიუკების შესრულებას, რასაც ქართველები აკეთებდნენ, დიდი ტანის კაცს გაუძნელდებოდა (რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობდა, მაგალითად, კირილე ხოფერია, რომელიც გადმოცემით სიმაღლეში ლამის ორ მეტრს აღწევდა).

ბათუმში შეყრილმა ქართველებმა სამხედრო გუბერნატორისგან საზღვარგარეთული პასპორტები აიღეს (ხანდახან, გურულებს პრობლემებიც ექმნებოდათ ხოლმე: ერთხელ ლუკა ჩხარტიშვილმა ვიღაც რუსს ხელი გაარტყა და ნაცემმა მას ყოველნაირად შეუშალა ხელი პასპორტის აღებაში, რის გამოც ლუკა ერთ სეზონში შოუში ვერ გამოჩნდა. ამერიკული პრესა წერდა: "სპილოსთვის კბილის ამოღება უფრო ადვილია, ვიდრე კაზაკების გამოგლეჯვა რუსეთის ყბებიდანო" (Collier"s Weekly, 13 აპრილი, 1901) და გემ "მარიათი" ბოსფორ-დარდანელის გავლით, მარსელს მიადგნენ, აქედან პარიზზე გავლით ჰავრში ჩავიდნენ, საიდანაც "ორთქლის" გემით ამერიკისკენ გაემგზავრნენ.

გურულების პირველი ნაკადის საიმიგრაციო დეკლარაციებში მითითებული არ არის, თუ რა თანხა მიჰქონდა თან თითოეულ მოჯირითეს, მაგრამ 1905 წლის დეკლარაციაში უკვე აღნიშნულია, რომ ყოველ მათგანს ჯიბეში 20 დოლარი ედო. 1912 წლის დეკლარაციაში კი ჯორჯ ჯორჯიანს (მისი ნამდვილი სახელი უცნობია) ხელზე 500, ვასო წულაძეს _ 200, ხოლო პლატონ მურვანიძეს 215 დოლარი ჰქონდათ.

ლონდონში გურულების გამოჩენამ დიდი ალიაქოთი გამოიწვია _ მანამდე კაზაკები იქ არავის ენახა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ხმალ-ხანჯალი და მასრები, რომლებიც ინგლისელებს მინიატურული დინამიტები ეგონათ. ინგლისური ჟურნალი The Illustrated London News (18 ივნისი, 1892) იუწყებოდა: "საერთაშორისო მებაღეობის მშვენიერი გამოფენა მოწყობილია ერლს ქორთ სთეიშენსა და უესთ ბრომფთონს შორის... აქ კვლავ საშუალება გეძლევათ იხილოთ ბაფალო ბილის უაილდ უესთი ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებიდან... აგრეთვე, კაზაკები რუსეთის კავკასიიდან, ცნობილი სამხედრო კავალერისტები, მათი ჰეტმანის პრინც ივანე მახარაძის ხელმძღვანელობით, რომლებიც წარმოაჩენენ ცხენოსნობის უმაღლეს ხელოვნებას..."

თუ რა შთაბეჭდილება მოახდინეს "კაზაკებმა" ინგლისელებზე, ამას მოწმობს 1892 წლის 15 ივნისის The London Serio-Comic Journal-ში დაბეჭდილი ვინმე სუზენ სპრეგის სიზმარი, რომელიც მას ეზმანა ერლ ქორთში"კაზაკების" შოუს შემდეგ _ სიზმარში კაზაკმა სცემა მისი სატრფო, სუზენი კი მოიტაცა და წაიყვანა სტეპებში, სადაც ბოლოს იგი მშვენიერ მეფე მაზეპას გაჰყვა ცოლად.

კაზაკების პოპულარობაზე ერთი საყურადღებო ფაქტიც მეტყველებს _ იმ წელს მანდილოსანთა შორის დიდი მოწონებით სარგებლობდა ე. წ. კაზაკური ჩაცმულობა _ ჩოხა-ახალუხის მსგავსად შეკერილი ტანსაცმელი.

გუნდის ლიდერი ივანე მახარაძე ინტერვიუში (Pen & Pencil, 16 ივლისი, 1892) აცხადებდა: "ჩვენ მოგვწონს ლონდონი. მატარებელი მიწის ქვეშ რომ დადის, ეს გასაოცარია და ქალაქიც დიდია. ჩვეულებრივი მატარებელი ჩვენ ვიცით, ერთი ასეთი ჩვენს სამშობლოშია, ბათუმში... ჩვენ იმიტომ ჩამოვედით, რომ აქ უფრო ბევრ ფულს ვიშოვით, ვიდრე სახლში, აქ მხოლოდ ექვსი თვით ჩამოვედით.. ამის შემდეგ ჩვენს ცოლებს და შვილებს დავუბრუნდებით."

ჟურნალი "კვალი" (#34, 11 აგვისტო, 1896) წერდა:"ბევრ საწყალ გურულ გლეხს გამოაჭყეტინა თვალები ლუკაიას (ჩხარტიშვილი. ი. მ.) ამერიკაში მოგზაურობამ. ზოგმა, ლუკაიას მიერ იქ წაყვანილმა კაცებმა, რომელთაც შინ არც ლუკმა-პური და არც სახლ-კარი მოეძეოდათ, მისი შემწეობით და გზის გასწავლებით სახლ-კარიც აიშენეს, ლუკმა-პურიც იშოვნეს და მუდამ შიმშილისგან მტირალ ბავშვებს ცრემლი შეუშრეს თვალებზე."

კაზაკების ჩამოსვლის ამბავმა ინგლისის სამეფო კარამდეც მიაღწია _ სულ მალე შოუს გენერალურმა მენეჯერმა ნეით სოლსბერიმ შეტყობინება მიიღო დედოფალ ვიქტორიას მეჯინიბეთუხუცესისაგან იმის თაობაზე, რომ მისი აღმატებულება დიდად ნასიამოვნები იქნება, თუ"უაილდ უესთის" მენეჯერები მოახერხებენ კაზაკების ჩაყვანას უინძორში და მშვენიერი ჯირითის ჩვენებას. როგორც ისტორიული დოკუმენტებიდან და წიგნებიდან ირკვევა, შოუს ნახვა დედოფალს მხოლოდ და მხოლოდ კაზაკების გულისთვის უნდოდა, რომელთა თაყვანისმცემელი სიცოცხლის ბოლომდე იყო.

1892 წლის 25 ივნისს, ბაფალო ბილის შოუ მთელი შემადგენლობით წარსდგა უინძორში და გურულებმა ივანე მახარაძის თავკაცობით დედოფლის, მისი შვილებისა და წარჩინებულ პირთა წინაშე იჯირითეს. ჯირითი სულ 12 წუთს გაგრძელდა. წარმოდგენის დროს პრინცი ჰენრი დედას, დედოფალ ვიქტორიას, გერმანულად შეეკითხა: "დედა, თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ნამდვილი კაზაკები არიან?" იქვე მდგომმა სოლსბერიმ პრინცს უპასუხა: "მომიტევეთ, სერ, მაგრამ რასაც და ვისაც აქ ხედავთ, ყველაფერი ნაღდია".

რა იცოდა მისმა აღმატებულებამ, რომ რუსი კაზაკების მაგივრად მის წინაშე უბრალო ბახველი და ლანჩხუთელი გლეხები ჯირითობდნენ? ეს დედოფლისა და გურულების პირველი შეხვედრა არ ყოფილა _ ცნობილია, რომ XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ლონდონში იმყოფებოდა თავადი დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელი, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ მიიწვია სადილზე, სადაც ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ გურიელს საზოგადოების ყურადღება მიუქცევია.

სხვათა შორის, მრავალწლიანი ძებნის მიუხედავად, ვერსად მივაკვლიე გურულების ჯირითის ამსახველ ფოტოსურათებს _ მხოლოდ ორი ნახატი მაქვს ხელთ. არადა, ეს არ იყო რიგითი ამბავი და ფოტოგრაფები ამ სანახაობას აუცილებლად გადაიღებდნენ. ცოტა ხნის წინ თხოვნით მივმართე ცნობილ ბრიტანელ ისტორიკოსს და მწერალს ბატონ რონალდ რეიფილდს და მან დახმარება აღმითქვა.

დედოფალი იმდენად ნასიამოვნები დარჩა ამ სანახაობით, რომ, როგორც თვითმხილველები იუწყებოდნენ, გურულებს გადასცა მათივე ფოტოსურათებით სავსე მოვარაყებული ალბომი (არსებობდა ცნობა, რომ თითქოს ეს ალბომი ივანე მახარაძის ოჯახში ინახებოდა და როგორც ამბობენ, 1917 წელს მის ამერიკულ ყაიდაზე აშენებულ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა) და მადლობა გამოუცხადა, ხოლო ინგლისის საზოგადოებამ 20 000 კაცის მიერ ხელმოწერილი ქებისა და მადლობის ადრესი შეადგინა ქართველთა საპატივსაცემოდ.

რუსული გაზეთი "Московские Ведомости" (25 ივნისი, 1892) იუწყებოდა, რომ"კავკასიელ კაზაკებს (სხვა ნომერში გაზეთი მათ"გურულ კაზაკებს" უწოდებს. ი. მ.), რომლებიც ახლა იმყოფებიან ლონდონში პოლკოვნიკ ქოუდის ხელმძღვანელობით, ბრიტანელი მაყურებელი ძალზე გულთბილად ხვდება. დღეს ისინი გამოძახებულნი იყვნენ უინძორში, სადაც დედოფლის წინაშე იჯირითეს". იმავე წლის 5 ივლისის ნომერში გაზეთი წერდა, რომ ინგლისელი "ქრონიკიორი" (ასეა ტექსტში. ი. მ.) აღწერს მათ შთამბეჭდავ გარეგნობას, მათ ცეკვებსა და მელანქოლიურ სიმღერებს, რომლებიც მშვენიერია და ისეთივე შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს სიმღერებს სოფლის გუნდები ასრულებენ რუსულ სტეპებში". გაზეთი იქვე გულისტკივილით დასძენს:"და ამას ამბობენ ქართულ სიმღერებზე! რა ცოტა რამ იციან ევროპაში რუსეთსა და რუსებზე".

ზოგიერთი თავიდანვე ეჭვს ქვეშ აყენებდა გურულების "კაზაკურ" წარმომავლობას: გაზეთმა Army and Navy Gazette (11 ივნისი, 1892), დაბეჭდა ვინმე ინგლისელი Alex Kinloch-ის წერილი, სადაც იგი წერდა: "...როდესაც მე მათ შევეკითხე, ისინი გამოტყდნენ, რომ კაზაკები არ არიან და რომ მიეკუთვნებიან კავკასიურ ტომს, არ მსახურობენ და არც მსახურობდნენ რუსულ არმიაში. მათი უცნაური ლაპარაკი და ჟესტები, აგრეთვე, მოძრაობები ცეკვაში, მაფიქრებინებს, რომ ისინი კავკასიელი ებრაელები არიან".

გაზეთი Saturday Review (2 ივლისი, 1892) წერდა: "მათ არაფერი საერთო არა აქვთ კაზაკებთან. ისინი მიეკუთვნებიან კავკასიურ ტომებს ქუთაისიდან. მათი სწორი სახელია Kafkaskia Grousini, რაც ნიშნავს კავკასიელ ქართველებს".

თუმცა ამ ერთეულ შემთხვევებს მათ იდენტიფიკაციაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და ქართველებს კაზაკებად მიიჩნევდნენ. როგორც ირკვევა, გურულების"კაზაკებად" გასაღება, უცოდინრობის გამო კი არა, არამედ განზრახ ხდებოდა, ეს შოუს შემადგენელი ნაწილი იყო: კაზაკებს საზოგადოება ასე თუ ისე იცნობდა, მათი სახელი კომერციულ მოგებას უქადდა შოუს მფლობელებს, ქართველების შესახებ კი არავის არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა; ამის გამო გაასაღეს ქართველები, როგორც კაზაკები.

ასევე ხდებოდა შოუს სხვა მონაწილეთა მაგალითზეც: შოუში უმთავრესად სიუს ტომის ინდიელები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ როცა საჭირო იყო, ისინი ხან ნავაჰოს, ხან ქროუს ან სხვა ტომის ინდიელებად და ზოგჯერ ამერიკელ ქაუბოებადაც იქცეოდნენ ხოლმე.

ყველა აღმოსავლელი ქალბატონი აუცილებლად "პრინცესა" იყო, ყველა ევროპელი მხედარი (ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი...) კი პოლკოვნიკი. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებული იყო სხვა ერის წარმომადგენელთა შორისაც.

გურული მოჯირითეები ინგლისში 1892 წლის ოქტომბრამდე დარჩნენ და 15 ოქტომბერს სამშობლოში გაემგზავრნენ. ამის შემდეგ კი გურულების რამდენიმე გუნდი სისტემატურად მოგზაურობდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 P.S. ამ თემაზე უკვე ლამის ოცი წელია ვმუშაობ და დაინტერესებულებს შეუძლიათ ნახონ ჩემი წიგნები, ასევე ვებგვერდი www.georgians.ge და ფეისბუქგვერდი.

 ირაკლი მახარაძე




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?