საქმე #201 ჩიხლაძე თ.ვ. და სხვები _ "და იყო განაჩენი სასტიკი და უსამართლო"

gurianews.com

ისტორია

საქმე #201 ჩიხლაძე თ.ვ. და სხვები _ "და იყო განაჩენი სასტიკი და უსამართლო"

2017 თებ 27 16:29:42


მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. "თვითმფრინავის საქმიდან" 34 წელი გავიდა, საზოგადოების ინტერესი ამ საქმის ირგვლივ დღემდე მაღალია და თან _ არაერთგვეროვანი. "თვითმფრინავის საქმის" შესახებ დაიწერა მრავალი სტატია, მიეძღვნა წიგნები, დაიდგა სპექტაკლი და ამჟამად იღებენ ფილმს. ჩვენი რუბრიკის გმირი თვითმფრინავის საქმეზე დახვრეტლი სასულიერო პირი, მღვდელ-მონაზონი თეოდორე (თეიმურაზ) ჩიხლაძეა, რომლის შესახებ სასაუბროდ ჩოხატაურის მკვიდრს, ამჟამად ამერიკაში მოღვაწე დეკანოზ კონსტანტინე პაიჭაძეს დავუკავშირდით. მამა კონსტანტინე ლოს ანჯელესის წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოს წინამძღვარია. მან თავის დროზე წიგნი მიუძღვნა მამა თეოდორეს საქმეს.

_ მოგესალმებით და დაგვლოცეთ, მამაო.

_ ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი გაზეთის ყოველი მკითხველი.

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, თვითმფრინავის საქმეზე დახვრეტილი სასულიერო პირის შესახებ თქვენ გამოეცით წიგნი, როგორ გაჩნდა ეს იდეა და, ზოგადად, რას გვეტყვით წიგნის შესახებ.

_ მეოცე საუკუნე განსაკუთრებულად სისხლიანი იყო _ ომები, რევოლუციები და ქრისტეანეთა გაუგონარი დევნა ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ. მრავალი ქრისტესთვის თავდადებულის ცხოვრება შემორჩა ხალხის მეხსიერებას. ვინც თავი დადო ქრისტესთვის. ღვაწლთა შორის  გამორჩეულია მოწამეობრივი აღსასრული. ასე შეიქმნა XX საუკუნის წმიდა მოწამეთა დასი. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ტოტალიტარული მმართველობის დროს მოწყვეტილი ყველა ახალმოწამე წმიდანად შერაცხა. ხსენების დღედ დადგენილია 27 აგვისტო. შეიქმნა ხატი, რომელზეც გამოსახულია  წმინდანად შერაცხული რამდენიმე სასულიერო პირი და მრავალი შარავანდედი, რაც მოიაზრებს თითოეული იმ ადამიანის წმიდათა დასში ყოფნას, რომელთა ცხოვრება არ შემოგვრჩა, მაგრამ ქრისტესთვის იქნენ მოკლულნი.

გადავწყვიტე შემეგროვებინა ასეთი ბიოგრაფიები და გამომეცა წიგნად. პირველად გამოვეცი წიგნი _ "მათ არ უღალატეს ქრისტეს”, რასაც მოჰყვა შემდეგი გამოცემები: "გულნი ქრისტესთვის გამზადებული” და "მაშვრალნი და ტვირთმძიმენი”. ყველა ეს წიგნი ბიოგრაფიული ხასიათისაა და მათში აღწერილია იმ სასულიერო თუ საერო პირთა ცხოვრება, რომლებმაც ბოლომდე გაუძლეს ბოლშევიკურ რეპრესიებს და არ დაუტევეს ქრისტეს მსახურება. ბოლო წიგნი კი მივუძღვენი "თვითმფრინავის საქმეზე" უდანაშაულოდ დახვრეტილ მამა თეოდორეს. წიგნის სათაური აღებულია თვით საქმის მასალებიდან, რითაც დაკვალიფიცირდა საბოოლოდ ეს საქმე. "საქმე #201 ჩიხლაზე თ.ვ. და სხვები”. წიგნში განხილულია სასამართლოს განაჩენი. ანუ, წიგნი მთლიანად დოკუმენტურია.

მამა თეოდორე, კომუნისტური რეჟიმის მიერ დახვრეტილ სასულიერო პირთაგან, უკანასკნელია. მას შემდეგ რეჟიმი სასულიერო პირს აღარ შეხებია.

_ სიტყვიერი პორტრეტისთვის, მოგვიყევით მამა თეოდორეს პიროვნების შესახებ.

_ თქვენ მიერ დასმულ კითხვებს შევეცდები, ძირითადად, წიგნში აღწერილი მონაკვეთებით ვუპასუხო.

მღვდელ-მონოზონი თეოდორე (ერისკაცობაში თეიმურაზ ჩიხლაძე) დაიბადა თბილისში 1951 წლის 30 ივნისს. ის სასკოლო ასაკიდანვე გამორჩეული იყო თავისი მსოფლმხედველობით. ბავშვობიდანვე მოიძულა კომუნისტური სამყარო. ასაკის სიმცირეს მისთვის ხელი არ შეუშლია გამოეხატა განსხვავებული აზრი, არ შეშინებოდა რეჟიმის და მისი აშკარა მოწინააღმდეგე ყოფილიყო. ამის საჩვენებლად მოვიყვან ციტატას  დაკითხვის ოქმიდან:

"მე კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწეოდი 15 წლიდან. გული მქონდა აცრუებული ჩვენს ხელისუფლებაზე, რადგან ჯერ ერთ რაღაცას იტყვიან და ამტკიცებენ და შემდეგ იმის საწინააღმდეგოს ამბობენ. ეს გარემოებები ჩემზე ზეგავლენას ახდენდა"...

მამა თეოდორეს ამ პასუხიდან ნათლად სჩანს, მე-8 კლასელი მოსწავლე რას ფიქრობდა საბჭოთა წყობაზე მაშინ, როცა მისი თანატოლების უმეტესობა სამყაროს მხოლოდ ლენინიზმის იდეოლოგიის თვალით ხედავდა. ფაქტია, რომ 60-70-იან წლებში ამგვარი მსოფლმხედველობა, რაც მოზარდ თეოდორეს ჰქონდა, მეტისმეტად საშიში იყო. 

მამა თეოდორეს ანტისაბჭოთა შეხედულებები არ შემოფარგლულა მხოლოდ ფიქრებით, არამედ მუდამ თავისუფლების ძიებაში მყოფი, ნებისმიერი ფორმით გამოხატავდა რეჟიმისათვის მიუღებელ იდეებს.

აღსანიშნავია, რომ მამა თეოდორემ ჩამოაყალიბა საქართველოში პირველი ჰიპური მოძრაობა, რომელსაც თავად ედგა სათავეში, მაგრამ მისი ხედვები აქაც განსაკუთრებული და განსხვავებული იყო, ქართველ "ჰიპთა” საზოგადოებაშიც განსხვავებული და თავისებური მიდგომები ჰქონდა. ის მხოლოდ არსებული პოლიტიკური წყობის მოწინააღმდეგეებს კი არ აერთიანებდა, არამედ ეძებდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, ათავისუფლებდა მათ რეჟიმის დაშტამპული აზროვნებისგან და აძლევდა საშუალებას, მოენახათ გზები, იდეოლოგიისგან თავისუფალი ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად.

_ რა აკავშირებდათ მამა თეოდორეს და "თვითმფრინავის ბიჭებს"?

_ რა ურთიერთობა და კავშირი ჰქონდა ბიჭებთან მამა თეოდორეს, ამას იგი სრულად ასახავს დაკითხვის ოქმში.

"საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბრალი მედება მასში, რომ 1979 წელს გავიცანი დათო მიქაბერიძე და სოსო წერეთელი. მე სოსო წერეთელი გავიცანი 1978  წელს და იგი ასრულებდა კერძო დიაკვნის სამსახურს. იყო მოწოდება, რომ საქართველოში აღდგენილიყო სამონასტრო ცხოვრება, ჩვენ ოფიციალურად დავალებული გვქონდა, შეგვედგინა მსურველთა სია, შედგომოდა საეკლესიო სამსახურს, აღკვეცილიყო ბერად და მთელი ცხოვრება გაეტარებინა მონასტერში. ეს დავალება ჰქონდათ მიცემული სხვა პირებსაც. მე შევუდექი ამ დავალების შესრულებას სოსო წერეთელთან ერთად...  მე და სოსო წერეთელმა დავიწყეთ ჩვენი მსოფლმხედველობის ამაღლება. სოსო იყო ძალიან მონდომებული და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვცხოვრობდით ისე, როგორც წესი იყო.  ჩვენ უარი ვთქვით სიგარეტსა და სასმელზე. ვცდილობდით, ეს წესი დაგვეცვა, ჩვენ ვიცავდით ამ წესებს. . .

თევზაძემ მოიყვანა კახა ივერიელი ჩემთან სახლში. აღმოჩნდა რომ იგი იყო კეთილი ახალგაზრდა, პატრიოტი თავისი ქვეყნისა.

კახა ივერიელმა თქვა, ღმერთი არ მწამსო. მე ვუთხარი კახას, რომ შეესწავლა სახარება და  მოიპოვებდა სულის სიმშვიდეს, იქ ყველა კითხვაზე ნახავდა პასუხს.მე დავუწყე მას სახარების ანბანის სწავლა. კახას შევხვდი ჩემთან სახლში 10-ჯერ. ჩვენ გვქონდა რელიგიაზე საუბარი. გამოითქვა აზრი, რომ დასავლეთში იყო თავისუფლება, ითქვა, რომ ლუმუმბას სახელობის ინსტიტუტში იყო საშუალება უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირების და აქვე მითხრა, რომ იქ სწავლობდა მისი ძმა _ პაატა ივერიელი. 

რამდენიმე თვის შემდეგ, შევხვდი ჩემთან სახლში პაატა ივერიელს. . .  მე დავინტერესდი მისი პოლიტიკური მრწამსით, იგი რელიგიის მიმართ იყო მწყრალად და არ იყო რელიგიის მიმდევარი. გადავწყვიტე მისთვის  მექადაგა რელიგია, რომ გამხდარიყო ღვთის შვილი. . .

მე წინააღმდეგი ვიყავი გერმანე კობახიძეს ურთიერთობა რომ ჰქონოდა ჩვენთან. მე ვიცნობდი მას ქართული ფილმიდან "ლაზარე". მაგრამ იგი ძალიან პატარა მეგონა. სულ შევხვედრივარ 4-5-ჯერ. თინათინ ფეტვიაშვილს შევხვდი სამჯერ, მასთან რაიმე საუბარი არ მქონია”.

მამა თეოდორეს საუბრიდან ნათლად ჩანს, როგორ პირნათლად ასრულებდა ის მღვდელმსახურის მოვალეობას, როცა ინტერესდებოდა ყველა შემხვედრის რელიგიური მრწამსით და შეძლებისდაგვარად, ცდილობდა, ეს პიროვნება გაეთვითცნობიერებინა მართლმადიდებლურ რელიგიაში და ამ გზით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ექცია ღვთის შვილად. მამა თეოდორე ახალგზრდებს თავის ბინაზე ხვდებოდა და ასწავლიდა, სამყარო დაენახათ არა საკუთარი წარმოსახვებით, არამედ საღმრთო თვალით. კეთილმსახური მოძღვარი ცდილობს, ასწავლოს მათ, რომ სახარებაში არის პასუხი ყველა კითხვაზე, რომ თავისუფლება, უპირველესად, ღმერთშია და მის გარეშე არ არსებობს ხსნა და გადარჩენა.

_ რა ბრალდებით დააკავეს მამა თეოდორე?

მამა თეოდორე დააკავეს როგორც ბანდის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. მაგრამ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ის არც ხელმძღვანელი იყო და არც ორგანიზატორი. მეტიც, დაკითხვის ოქმშიც მინიშნებულია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდათ მასთან კავშირი.

თვითმფრინავის გატაცება მოხდა 1983 წლის 18 ნოემბერს, ხოლო მამა თეოდორე დააკავეს 1984 წლის 2 თებერვალს. საეჭვოა საკავშირო სუკ-ის რჩეულ გამომძიებლებს, ამ ხნის მანძილზე ვერ მიეგნოთ "ბანდის"  ნამდვილი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. არადა, ის, რომ მამა თეოდორე არ იყო დამნაშავე, თავად განაჩენსა და დაკითვის ოქმშიც არ ფარავენ.  "1983 წლის ნოემბრის დასაწყისიდან 18 ნოემბრამდე (თვითმფრინავზე თავდასხმის დღემდე) ბანდიტური ჯგუფის წევრები ღებულობენ ცალმხრივ გადაწყვეტილებას და რამდენიმე თავყრილობას აწყობენ თ.ვ.  ჩიხლაძის მონაწილეობის გარეშე. . .

...ბანდიტური ჯგუფის წევრებმა, თავისი ინიციატივით, მიიღეს ზემოხსენებული გადაწყვეტილება იმ მოტივებით, რომ ამ პერიოდისთვის "რაღაც საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით განაწყენდნენ ჩიხლაძეზე და გარდა ამისა " აღარ უნდოდათ  ყოფილიყვნენ ჩიხლაძის გავლენის ქვეშ, საზღვარგარეთ გასვლის შემდეგაც, მათ სურდათ დამოუკიდებლად ეცხოვრათ”. 

ასე რომ, აშკარაა და სახეზეა მამა თეოდორეს უდანაშაულობა წაყენებულ ბრალდებათა ამ მუხლებში. მამა თეოდორე ამ პერიოდისთვის თბილისშიც არ იმყოფებოდა. მეტიც, განაჩენში აღნიშნულია, ვინ აიღო რეალურად ჯგუფის ხელმძღვანელობა თავის თავზე:

"1983 წლის 15 და 16 ნოემბერს, დაბა წყნეთში, დ.რ. მიქაბერიძის  მშობლების აგარაკზე იკრიბებიან ბანდის წევრები:  ი.კ. წერეთელი, დ.რ. მიქაბერიძე, კ.ვ.ივერიელი, პ.ვ. ივერიელი გ.თ. ტაბიძე, გ.მ. კობახიძე, სადაც ბანდიტური ჯგუფის ხელმძღვანელის როლი თავის თავზე აიღო კ.ვ. ივერიელმა".

ცხადია, ხელისუფლება მოქმედებდა მხოლოდ იმ სურვილით, რომ საბჭოთა ინტელიგენტთა ოჯახებში აღზრდილი შვილები კი არა, მღვდელი ყოფილიყო ამ საქმის ხელმძღვანელი. რაც იმ პერიოდისთვის კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს ეკლესიის უარყოფით როლს საბჭოთა ადამიანის აღზრდაში.

_ როგორ ფიქრობთ, მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, მამა თეოდორეს ჰქონდა თუ არა გადაცდომა მათთან ურთიერთობაში, როგორც სასულიერო პირს, როგორც მოძღვარს?

_ მამა თეოდორეს არამც თუ გადაცდომა ჰქონდა ამ საქმეში, არამედ  მან აჩვენა ჭეშმარიტი სახე მოძღვრისა.

როდესაც მღვდელი გარდაიცვლება, მის სახეს მცირე დაფარნით ბურავენ. ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ მან თავისი სულიერი შვილის აღსარება არ გასცა, არამედ დაიცვა და დაიმარხა უკუნისამდე. გარდა იმისა, რომ მამა თეოდორემ დაიცვა აღსარების საიდუმლო, შეეცადა, საკუთარ თავზე აეღო ყველას დანაშაული და ამ გზით ეხსნა ისინი განსაცდელისაგან.

"იკითხება სამართალში მიცემული ჩიხლაძე თეიმურაზ ვლადიმერის-ძე, რომელიც კოლეგიას უჩვენებს:

რელიგიურმა ჩემმა მრწამსმა მიკარნახა, რომ ყველას დანაშაული ამეღო ჩემს თავზე"...

მამა თეოდორეს თავგანწირვას სასამართლო ძალაუნებურად აღიარებს განაჩენშიც.

"განაჩენი

თ.ვ. ჩიხლაძის განმარტება სასამართლოში იმის შესახებ, რომ თითქოს გამოძიებას (მისი როლის თაობაზე ბანდიტურ ჯგუფში) აღიარებითი ხასიათის ჩვენებებს აძლევდა იმ მიზნით, რომ ამით "როგორც სასულიერო პირს, სურდა მათი მდგომარეობის შემსუბუქება”, ეწინააღმდეგება ამ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულყოფილ და ობიქტური გამოკვლევის მასალებს".

მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალეულობა არ იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აქეზებდა მათ, არ იყო ორგანიზატორი, არ იყო მათი მეთაური, არ შეუმუშავებია გეგმა, არ იმყოფებოდა იმ ქალაქში, სადაც ეს მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინააღმდეგი იყო მათი ასეთი გზით ქვეყნის დატოვების, არ შეუიარაღებია ისინი, არ იმყოფებოდა თვითმფრინავში, შეთქმულებს მასთან არ ჰქონდათ კავშირი, ის არ იყო საქმის კურსში და როგორც მოძღვარი, მათ მხოლოდ სახარებას უკითხავდა, ჭეშმარიტი ღმერთის სიყვარულსა და თაყვანისცემას უნერგავდა და ღმერთის სიყვარულთან ერთად, სამშობლოს ჭეშმარიტ ისტორიასაც ასწავლიდა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, განაჩენი იყო სასტიკი და უსამართლო.

_ და იყო განაჩენი, როგორც თქვენ ბრძანეთ, სასტიკი და უსამართლო...

განაჩენი: "საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს საქმეთა სასამართლო კოლეგიამ ჩიხლაძე თეიმურაზ ვლადიმერის ძე ცნო დამნაშავედ... 

უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, შეფარდებული დარჩეს სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით".

მამა თეოდორე დახვრიტეს 1984 წლის 3 ოქტომბერს 16 საათსა და 30 წუთზე 

მჯერა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მოახდენს მღვდელ-მონოზონ თეოდორეს კანონიზაციას წმიდათა დასში.


ნახვა: 757


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...