ვინ იყო "ბატონი არკადინი", რომლის შექმნა უელსს სტალინის ფიგურამ შთააგონა

gurianews.com

ისტორია

ვინ იყო "ბატონი არკადინი", რომლის შექმნა უელსს სტალინის ფიგურამ შთააგონა

2017 ივლ 17 11:31:27

ამ რამდენიმე წლის წინ რამდენიმე უმაღლესმა სასწავლებელმა უარი შემომითვალა ჩემს განცხადებაზე წამეკითხა ლექციები კინორეჟისურასა და კინოს ისტორიაში – ცენზი არ გაქვსო, ანუ დოქტორის წოდებაო. როცა გადავხედე თუ ვინ იყვნენ ლექტორები, ბევრ მათგანს სტუდენტებს კი არა, კვატას არ ჩავაბარებდი მოსავლელად.   

c'est quoi la vie როგორც იტყვიან... ამიტომ, ის რაც ვიცი (გულზე ხელის დადებით გაგიმხელთ, რომ კინოს ისტორიაში, განსაკუთრებით ამერიკულში,  რაცხა-რაცხაები გამეგება) ინტერენეტ სივრცეში გამოვამზეურებ.

ახლა კი საქმე: კინოს ისტორიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანს გაგონილი ექნება ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის ორსონ უელსის სახელი. დღეს მის ბიოგრაფიას არ ჩავუღმავდები, არამედ თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მის ნაწარმოებებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და ქართველებთან.

გარდა იმისა რომ უელსი ავტორია კლასკიკად აღიარებული ,,მოქალაქე ქეინისა”, მას სხვა უამრავი მაღალი დონის ნაწარმოები აქვს შექმნილი. ერთი მათგანია ,,ბატონი არკადინი”, რომელიც მოგვითხრობს იდუმალ მილიარდერ გრეგორი არკადინზე, რომელსაც ამნეზია ჰქონდა. ის იქირავებს ერთ ავანტიურისტ ამერიკელს, რათა მან გამოიძიოს მისი წარსული. სინამდვილეში კი მილიარდერს არანაირი ამნეზია არ სჭირდა, ის გეგმავდა ყველა იმ მოწმის, ვისაც დაქირავებული ამერიკელი მიაგნებდა, თავიდან მოშორებას, რათა მისი კრიმინალური წარსულისა და ცოდვების შესახებ არ გაეგო მის ერთადერთ ქალიშვილს. ცოდვები კი წარსულში მას მრავლად ჰქონდა ჩადენილი: ის იყო აფერისტი, ადამიანთა გამტაცებელი, მკვლელი, იარაღით მოვაჭრე, მეორე მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდა იტალიელ და გერმანელ ფაშისტებთან, რისი მეშვეობითაც უზარმაზარი ქონება დააგროვა.

ფილმის დასაფინანსებლად უელსმა მიმართა თავის ძველ მეგობარს, სოციალისტ ლუი დოლივეს, რომელსაც ფილმების კეთების ამბიცია ჰქონდა.  მართლაც, დოლივე ფულს იშოვნის და 1954 წლის დასაწყისში ფილმის გადაღება დაიწყება.  დოლივეს სურდა რათა ფილმის მონტაჟი 1954 წლის შობამდე დასრულებულიყო. იგი გამოუცდელი პროდიუსერი გახლდათ და შვეიცარელ ფინანსისტებს ფილმის დასრულების არარეალურ გრაფიკს შეპირდა. როცა უელსმა დათქმულ ვადებს გადააცილა, პროდიუსერმა მას პირდაპირ ხელიდან გამოგლიჯა დაუსრულებელი ფილმი და სხვას გადასცა დასამონტაჟებლად.

ამავე დროს დოლივემ მას არაპროფესიონალიზმში დასდო ბრალი და ასევე განაცხადა რომ გადაღებისას ის უზომოდ ბევრს სვამდა (ეს სიმართლეს შეეფერებოდა, უელსი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იყო ბოთლს ჩახუტებული, შესაძლებელია მემკვიდრეობითობამაც იჩინა თავი _ როგორც ამბობენ, უელსის მამა ალკოჰოლიკი იყო). ესეც არ აკმარა და მას სასამართლოში უჩივლა, თუმცა ვერაფერი გააწყო. რეჟისორი ცდილობდა რამენაირად საკუთარი ხედვით წარმართულიყო სამონტაჟო პროცესი, ის საკუთარ მოსაზრებებს უგზავნიდა პროდიუსერს და მემონტაჟეს, მაგრამ მას ყურადღებას არ აქცევდნენ. უელსს სურდა ,,არკადინის” სიუჟეტი, ისევე როგორც ,,მოქალაქე ქეინში”, ფლეშბექების (ფლეშბექი_სცენა, რომლის მეშვეობით ნაჩვენებია წარსულში მომხდარი ამბავი) საშუალებით აეწყო. ხოლო დოლივემ უფრო სწორხაზოვანი თხრობის გზა აირჩია. მათ ასევე ამოჭრეს ზოგიერთი სცენა რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა გრეგორი არკადინის პერსონაჟის განვითარებაში.

თავდაპირველად მთავარი გმირის გვარი იყო არკადიანი, უელსმა ის გადააკეთა და ასო ,,ა” ამოაგდო. ერთ ინტერვიუში ის ამბობდა: ,,არკადინი _ ეროპული სამყაროს წარმომადგენელია, ის შეიძლება ყოფილიყო ბერძენი, რუსი, ქართველი”. ამერიკელ რეჟისორს, მის ბიოგრაფს პიტერ ბოგდანოვიჩს კი უმტკიცებდა, რომ არკადინი ქართველია: ,,მისი სახელიც კი ამას გეუბნება”. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჩვენ ვგებულობთ, რომ არკადინის ნამდვილი სახელი და გვარია ვასო ათაბაძე.

ერთ ეპიზოდში მასკარადის დროს ის იძახის: ,,ახლა მინდა წარმოვთქვა ქართული სადღეგრძელო. ყოველ ქართულ სადღეგრძელოს კი წინ ისტორია უძღვის... მე მსურს შევსვა მეგობრობის სადღეგრძელო...”

მასკარადზე თუ სხვა წვეულებაზე ყოველ სტუმარს წინ ჩოხებში გამოწყობილი, ხმლებით შემართული მამაკაცები ხვდებიან. შესვლისას ყველა სტუმარი ვალდებულია დიდი ,,სტაქნით” არაყი შესვას. ,,ეს ველური ჩვეულებაა”, - იცინის არკადინის ქალიშვილი რაინა. საინტერესოა, რომ ,,ქართულ გარემოსთან” ეს უელსის პირველი შეხვედრა არ ყოფილა: 1943 წელს გადაღებულ ჯაშუშურ თრილერში ,,საშიში მოგზაურობა”, რომელსაც ბევრი უელსის ფილმად მიიჩნევს და სადაც ის თურქეთის საიდუმლო პოლიციის შეფს თამაშობს, მოქმედება იწყება მეორე მსოფლიოს დროინდელ თურქეთში და ვითარდება ბათუმში.

გასაკვირი არ არის, რომ ,,არკადინში” მთავარი უარყოფითი გმირი ქართველია, ანუ დასავლეთელებისთვის იგივე რუსი. მაშინ, ცივი ომის პერიოდში ჰოლივუდურ ფილმებში ,,ცუდი ბიჭები” ერთთავად რუსები (საბჭოთა კავშირის ყოველი მოქალაქე კი რუსად მოიაზრებოდა) ან აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ. ჰოლივუდელებს ყოველთვის სჭირდებოდათ მტრის ხატი: კაზაკი, იაპონელი, ჩინელი, სერბი, ჩრდილოეთ კორეელი... ეს ხდებოდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე მეტად კი ,,ცუდი ბიჭების” როლი რუსებს ერგებოდათ. ეს ტრადიცია გრძელდება, გავიხსენოთ თუნდაც ვიკტორ რუსთაველი ბოევიკიდან ,,წითელი სიცხე” (რეჟ. უოლთერ ჰილი, 1988). ეს ჟღერადი სახელი ნარკოტიკებით მოვაჭრე ქართველ კრიმინალს თბილისში დაბადებულმა ფილმის სცენარისტმა ჰარი კლაინერმა შეურჩია. უნდა ითქვას, რომ ტიტრებში ეს გვარი აღნიშნულია როგორც  - როსთავილი, მაგრამ მას, განსკუთრებით რუსი მსახიობები წარმოთქვამენ, როგორც რუსთაველი.

ორსონ უელსი აცხადებდა, რომ ,,ბატონი არკადინის” შექმნაზე ის შთააგონა სტალინის ფიგურამ: ,,ცივმა, პრაგმატულმა, დაუნდობელმა, მაგრამ ამავე დროს რაღაც შემაშინებლად სლავური სიმძლავრის მატარებელმა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ლმობიერებისა და თვითგანადგურებისაკენ ჟინის გაღვივება”. ასევე ნაწილობრივ შთააგონეს იმ იარაღით მოვაჭრეებმა, ფინანსისტებმა და სპეკულანტებმა, მათ შორის ,,სიკვდილით მოვაჭრე” ბეისილ ზახაროვმა, ვინც უზარმაზარი ქონება დააგროვა და ხელი მოითბო ომისდროინდელ და ომისშემდგომ გაჭირვებულ და განადგურებულ ევროპაში.

არკადინის პერსონაჟის დასახასიათებლად უელსი ბაყაყისა და მორიელის ამბავს ყვება: მორიელს მდინარის გადაცურვა უნდოდა, ის შესკუპდა ბაყაყზე, რომელმაც გააფრთხილა რომ მისთვის არ ეკბინა, რადგან მაშინ ორივე დაიღუპებოდა. შუა მდინარეში მორიელმა მას შხამიანი ნესტარი ჩაასო. მომაკვდავმა ბაყაყმა ჩაძირვა დაიწყო: ,,ეს რა ჰქენი! ეს ხომ ალოგიკურია! ვიცი, უთხრა მორიელმა, მაგრამ რა ვქნა, ეს ჩემი ბუნებაა”.

პერსონაჟის ამგვარი დახასიათება დიდ ინტრიგას შეიცავს, ამბობდა ზოგიერთი კინოკრიტიკოსი, მაგრამ სინამდვილეში არკადინი, რომელსაც თვით უელსი განასახიერებდა, ჯეიმს ბონდის გროტესკულ უარყოფით გმირს უფრო წააგავს დაწებებული წვერ-ულვაშითა და სლავური აქცენტითო. მთლიანობაში ფილმი მართლაც დაუმთავრებელ, ნაჩქარევ და დაგლეჯილ ნაწარმოებს ჰგავს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის დღესაც, ლამის 60 წლის შემდეგ, არ მოძველებულა და მაინც საინტერესო სანახავია. უელსისთვის დამახასიათებელი უცნაური რაკურსები, კადრების ჩქარი მონაცვლეობა, ბრწყინვალე მსახიობური ანსამბლი, უმეტესად აღმოსავლეთ ევროპელი ემიგრანტების – თბილისში დაბადებული აკიმ ტამიროვისა და მიშა აუერის საოცარი თამაში (მხოლოდ არკადინის ქალიშვილის როლის შემსრულებელი, ცხოვრებაში კი მისი მესამე მეუღლე პაოლა მორი, იგივე გრაფინია დი გირფალკო, მოიკოჭლებს), რაც შეეხება დაწებებულ წვერ-ულვაშს, ფილმის ყურებისას დროთა განმავლობაში მას საერთოდ აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან უზადო მსახიობის _ უელსის მაგნეტიზმი და ქარიზმა ყველაფერს გავიწყებს.

ევროპის კინოთეატრებში ,,ბატონი არკადინი” 1955 წელს გამოვიდა (ინგლისში ეკრანებზე გაუშვეს განსხვავებული ვერსია შეცვლილი სათაურით ,,საიდუმლო დოსიე”). ,,ბატონმა არკადინმა” ორსონ უელსის ბევრი სხვა ფილმის ბედი გაიზიარა - ის გაქირავებაში ჩავარდა....

ამერიკაში ფილმის გამოსვლა ვერა და ვერ ხერხდებოდა. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. 1961 წელს პიტერ ბოგდანოვიჩი უელსთან ერთად მონგრაფიას წერდა, პარალელურად კი ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ მისი ფილმების რესტროსპექტივაზე მუშაობდა. კვლევა-ძიებისას ბოგდანოვიჩი ლოს ანჯელესის ერთი ტელევიზიის საწყობში შემთხვევით ,,არკადინის” ასლს გადააწყდა. ნახვის შემდეგ ის მიხვდა რომ ეს იყო განსხვავებული იმისგან, რასაც 50-იან წლებში ევროპაში უჩვენებდნენ. მოგვიანებით ბოგდანოვიჩი იხსენებდა, რომ ის თავს ტუტენჰამონის აღმომჩენ ჰოუარდ კარტერის მსგავსად გრძნობდა.

ბოგდანოვიჩმა მტკიცედ გადაწყვიტა ეჩვენებინა ეს ფილმი ამერიკაში. პრემიერა 1962 წელს ნიუ იორკში შედგა. უცნობია, ნახა თუ არა ფილმი თავად უელსმა და შეესაბამებოდა თუ არა ის მის პირვანდელ ჩანაფიქრს. ,,მას არც ფიქრი და არც საუბარი არ სურდა მის შესახებ, _ წერდა ავტორი ჯონათან როზენბაუმი, _ ვფიქრობ, ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იყო”.

რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ორსონ უელსს, ისევე როგორც ბევრ სხვა ნიჭიერ ხელოვანს რეჟისურაში აკადემიის უმაღლესი ჯილდო არ მიუღია. უელსს ოსკარი მხოლოდ 1941 წელს ჯოზეფ მანკიევიჩთან ერთად ,,მოქალაქე ქეინის” სცენარისთვის ერგო, ხოლო 1970 წელს მას საპატიო ოსკარი მიანიჭეს. დაჯილდოების ცერემონიალზე ოსკარი რეჟისორ ჯონ ჰიუსტონს გადასცეს, რომელმაც განაცხადა, რომ უელსი ესპანეთში იმყოფებოდა გადაღებებზე. უელსის წინასწარ ჩაწერილი სამადლობელო სიტყვა კი ეკრანზე გაუშვეს. გამოსვლას ის ასე ასრულებდა: ,,...მაშ შევსვათ ყველამ ერთად ჩვენი გიჟური და საყვარელი პროფესიის სადღეგრძელო. კინოს გაუმარჯოს _ კარგს და ყველა დანარჩენს”.

აკადემია ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა, სინამდვილეში კი უელსი არსადაც არ წასულა, ის საკუთარ სახლში, ჰოლივუდში იმყოფებოდა და საზეიმო სადილის შემდეგ ჰიუსტონმა უელსს ოსკარი მიართვა.

როცა უელსი გარდაიცვალა, კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი ყვავილებით მორთულ ძველ მიტოვებულ ჭაში დაასაფლავეს, რომელიც განთავსებული მისი მეგობრის, ტორეადორ ანტონიო ორდონეზის საკუთრებაში მალაგაში, ესპანეთში.

ირაკლი მახარაძე



 ახალი ამბები
  • ​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა აცნობეს. პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. სპეცოპერაცია ... ...
  • არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს. ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს.  "ჩვენ გვაქვს ორი ტიპის წინადადება დღეს: ერთი ეხება პერსონალიებს, მეორე - პროცესს. პერსონალიებთან დაკავშირებით ჩვენ შევჯერდით ოთხ კანდიდატზე, ესენია: ვახუშტი მენაბდე, ზვიად ქორიძე, ნინო ლომჯარია და ანა ნაცვლიშვილი. ეს არის ჩვენი შეჯერებული ოთხი კანდიდატი. პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები. ამ ოთხ კანდიდატს ჩვენ ვთავაზობთ მთლიანად პარლამენტს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ეს კანდიდატურები განიხილოს უმრავლესობამ, რადგან ისინი იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარლამენტში. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ ოთხ კანდიდატს მოუსმენენ ფრაქციები. დღეს კანონი ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, თუმცა ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული",- განაცხადა ლაშა ტუღუშმა შეხვედრის ... ...
  • "დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ" _ ილია მეორე სპეცოპერაციას ეხმაურებასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. "გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი ჩვენი მფარველია. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და გვაშოროს შინაური და გარეული მტერი", - ამბობს  ილია მეორე. ... ...
  • ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში  დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები,  ტრაპეზი და შესაწირიდან თანხა მოიპარეს.  როგორც ირკვევა,  ინციდენტის შესახებ პოლიციაში მღვდელმა განაცხადა.  აღნიშნულ ინფორმაციას ცხინვალის დეფაქტო ძალოვნებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მედიასაშუალება იუწყება.  აღსანიშნავია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ოკუპირებულ ცხინვალში, ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია მე-17 საუკუნით ... ...
  • ვინ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარიასარაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს - ამ ინფორმაციას  ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ლომჯარიას კანდიდატურას ყველაზე მეტად ლობირებს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ ვისზე შეჩერდება საბოლოოდ არჩევანი, მიღებული ჯერ კიდევ არ არის. ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა სამთავრობო გუნდში, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.  “მე მარტო ის ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთ კანდიდატად აპირებენ ჩემს შეთავაზებას. სხვა არაფერი ვიცი, ვინ რას აპირებს“, _  გვითხრა ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

ტრაქტორიდან „ლამბორჯინამდე“

საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, "ლამბორჯინის",...

როზალინდა ჩელენტანოს საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს...

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...