"მაკვანეთის ქათამს" არ სჭირდება "სუქი-სუქი"

კარმიდამო ჩემი

"მაკვანეთის ქათამს" არ სჭირდება "სუქი-სუქი"

4 მაი. 2012, 06:45:34
გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, გიზო და ბადრი ცეცხლაძეების ძმობამ ერთობლივ საქმეშიც განსაკუთრებული ნიშა შეიძინა _ ქათმების ფერმის გაკეთების იდეა წლების წინ გაუჩნდათ და წვალებითა და გაჭირვებით დაწყებულ საქმეში სული და გული ჩადეს. ყიდდნენ, რის გაყიდვაც შეიძლებოდა, რომ თუნდაც გროშების დაზოგვით, საქმე წამოეწყოთ. მონდომებამ და ინტერესმა თავისი ჰქნა _ "ინდმეწარმე ბადრი ცეცხლაძის" მიერ დამზადებულ ქათამს "მაკვანეთის ქათამი" მომხმარებელმა საკუთარი გემოვნებით, ამ უგემრიელესი პროდუქტის დაგემოვნების დღიდან შეარქვა.

პოპულარობამ რეგიონში ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ არა ერთი ქათმის ფერმის მფლობელი ბაზარზე მაკვანეთლობას იჩემებს, ოღონდ საკუთარი გაასაღოს. ესაა, ზოგი ვერ მიხვდა, "რით აყვითლებს" გიზო ცეცხლაძე ქათამს, რა საიდუმლო იცის ბადრიმ. უსვამენ კითხვებს და ძმებსაც ერთი ხუმრობანარევი პასუხი აქვთ, "სუქი-სუქი" არ სჭირდებათ, ბატონო, ყვითელ სიმინდს ვაჭმევთ იმდენს, რამდენიც საჭიროა, "ფალშივი" საკვები ჯერ ქათამს წაუხდენს ელფერს და მერე _ კლიენტსო.

ცეცხლაძეები მიწის შვილები არიან და კარგად იციან, ბებია-ბაბუები შინაურ ფრინველს ყვითელი სიმინდით კვებავდნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქონის მბზინავ ოქროფეროვნებას თვალი მოეჭრა, არამედ გემო და ხარისხიც იყო გადამწყვეტი. ძმებმა სწორედ აქეთ აიღეს გეზი და დღეს დახლებზე მათი პროდუქცია ნაკლებად ჩერდება.

ცეცხლაძეებთან სტუმრობის დროს, ჩვენი მასპინძელი, ქათმის მოძალებულ დამკვეთთა უამრავ სატელეფონო ზარს მორჩილად, ხანაც ბოდიშით პასუხობდა, საკმარისი რაოდენობის პროდუქციის არქონის გამო.

მართალია, ძმები ცეცხლაძეები ერთად შრომობენ, მაგრამ მათი ოფიციალური სტატუსი "ინდმეწარმე ბადრი ცეცხლაძეა". ენაწყლიანობით და სხარტი აზროვნებით გიზო გამოირჩევა, თუმცა, ძალიან წუხს წარსულში ნანახ ზარალზე, როცა 300 კურდღელი დაეღუპა და მცირე ბიზნესი ჩაუვარდა. მერე იყო ქათმის გრიპი და როცა დარწმუნდა, რომ ამ საშიშროებამაც გადაიარა, თვალი "ბროილერს" დაადგა. ეს სახორცე ჯიშის ქათამია, რომელსაც მხოლოდ ამ დანიშნულებით ზრდიან და კვერცხის ან ცოცხალი სახით გაყიდვას არ ახდენენ.

საკარმიდამო ეზოში გეგმაზომიერად გამართული სამეურნეო კომპლექსია განთავსებული, სადაც თანმიმდევრულადაა განლაგებული საწყობი (საკვების შესანახი, წისქვილი, საფშვენი და საფქვავი მოწყობილობა), წიწილების გამოსაყვანი და საზრდელი განყოფილებები. ახლა აქ 16 ადამიანია დასაქმებული. ამ დონემდე მოსვლას საკმაო დრო დასჭირდა _ თავიდან თვითნაკეთი ყუთებითა და ბუდეებით სარგებლობდნენ. მერე შეიძინეს გალიები, ინკუბატორი. ხელსაქმე ეხერხებათ და ბევრ რამეს საკუთარი ფანტაზიითა და გულმოდგინებით აკეთებდნენ. ასე დაიძრა საქმე. ხუთი წლის წინ, მილენიუმის პროგრამით გრანტი მოიგეს, 43 ათასი დოლარის ოდენობით და წელში გაიმართნენ.

_ ამის შემდეგ გავაკეთე სასიმინდე, საწიწილე, ინკუბატორი, აბანო, მუშების ოთახი, გათბობისა და სავენტილაციო სისტემა, ელექტრო და წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემა, _ ამბობს ბატონი გიზო.

"ბროილერის" ჯიშის ერთდღიანი ასაკის წიწილები ქუთაისიდან მოჰყავთ და შესაბამის ტემპერატურაზე საწიწილეში ათავსებენ 12 დღის მანძილზე. აუცილებელია, დღეში სამჯერადი კვება, რაზეც მოვლა-პატრონობისას უმთავრესი აქცენტი კეთდება. წყალი, სითბო და საკვები ზომიერ და თანაბარ რეჟიმში უნდა მიეწოდებოდეთ, შემდეგ საზრდელ განყოფილებაში გადაჰყავთ და 45 დღისა, უკვე იკვლება. "ბროილერი" 5 კილოგრამამდე იზრდება, თუმცა, ასაკი შერჩეულია და მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით მზადდება. სულ ინკუბატორში 3 500-4 000 წიწილა იზრდება, აქედან, 1 500 დასაკლავია, შემდეგ მოდის მეორე და მესამე ასაკობრივი ჯგუფი. ასეთი მონაცვლეობით სამუშაო ტემპი არ ვარდება და ცეცხლაძეებს მუდმივად ჰყავთ კლიენტურა. ქათმების დაკვლის პროცესი 10 დღის მანძილზე გრძელდება, შემდეგ მომდევნო ეტაპი იწყება.

ცეცხლაძეებმა "მაკვანეთის ქათამი" ყვითელი სიმინდითა და მუხლჩაუხრელი შრომით იმდენად პოპულარული გახადეს, რომ ზოგან ბატონი გიზო ასეთ ფაქტსაც შესწრებია: ინებეთ, მაკვანეთის ქათამიო, უთხრეს. როცა გამყიდველს ჰკითხა, მე თქვენთან არ ჩამიბარებია ჩემი პროდუქცია და რას მთავაზობთო, აღმოჩნდა, რომ ჩამბარებელმა "დაიბრალა" ცეცხლაძეობა.

გიზო ცეცხლაძეს ახლა სხვა საფიქრალი გაუჩნდა, უფრო სწორად, წარმატებულმა ბიზნესმა ახალი იდეა თავისთავად მოაწოდა _ დროთა განმავლობაში, იმდენად ბევრი მოგროვდა ქათმის სკორე, რომ უკვე 12 ტონიანი ავზი გაავსო. წყალთან შერევით სპეციალურ თხელ მასას უზარმაზარ ჭურჭელში იმისთვის აგროვებს, რომ ბიოგაზის დანადგარი ააგოს. როგორც თვითონ ამბობს, ინკუბატორს ნახერხით ათბობს, რაც შრომატევადი და ხარჯიანია. ახლა მეორე ავზის შეძენაზე ფიქრობს, რასაც პირველის გვერდით, სპეციალურ ორმოში ჩადგამს. მშენებლობის საწყის ეტაპზე სათბურის გაკეთებას და შემდეგ ბიოსასუქის მიღებასაც გეგმავს:

_ ჩემი უახლოესი მიზანი ბიოგაზის და ბიოსასუქის მიღებაა, უნდა ავაშენო სათბურიც. ეს ყველაფერი ერთმანეთის გარეშე არ იქნება. ერთმა უცხოელმა შემაგულიანა, ბიოსასუქს თუ მიიღებ, შემოსავალს და მოგებას მერე ნახავო. ისე მაქვს გულში ამოჭრილი, რომ არ გავაკეთო, არ მოვეშვები. უამრავ გასაჭირს გავუძელი და რაღაც შევქმენი, ახლა ჩემივე გაკეთებული საქმე მთავაზობს უკეთეს საკეთებელს და უკან დასახევიც არ მაქვს, ისე შევიჭერი საქმეში, _ ამბობს გიზო ცეცხლაძე და კრედიტის გამოტანაზე ფიქრობს, რადგან საკუთარი შემოსავლით, მიუხედავად წარმატებული ბიზნესისა, ახალი იდეის გახორციელებას ვერ შეძლებს. მისი აზრით, 35-40 ტონა ბიოსასუქის დამზადება უნდა შეძლოს, რაც ძალზე დიდ მოგებას მოუტანს:

_ ქათამი არაფერი გამოჩნდება ამასთან შედარებით, თუმცა, მასზე ხელს ვერ ავიღებ, რადგან ჩემი წარმატების საფუძველი სწორედ გამართული ქათმის ფერმაა, _ ამბობს ის და ვარაუდობს, რომ დამატებით 10 სამუშაო ადგილს მაინც შექმნის.

ახლა ცეცხლაძეებთან, მათივე ოჯახების წევრების გარდა, 9 მეზობელია დასაქმებული, სულ 15 ადამიანი. თითოეულის ხელფასი, საშუალოდ, 150-200 ლარია.

_ დედაჩემი 85 წლისაა და უთენია, დილის 5 სათზე ანთებს ცეცხლს. შუაღამემდე არ მძინავს, მაგრამ ვუძლებ. საქმეში სული და გული თუ არ ჩადე, ერთ წიწილასაც ვერ გაზრდი, არა თუ მთელ ფერმას მოუვლი. ნებისმიერი საქმე ასეა, თუ წამერად ყურადღება მოადუნე, წლობით ნალოლიავებიც წახდება. წარმატებული თუ გინდა იყო, მუდამ უნდა ფხიზლობდე. ჩემი მიზანი საბოლოოა _ 56 წლის ვარ და დარწმუნებული ვარ, ამის მიღწევას შევძლებ, ბიოგაზის დანადგარს ავამოქმედებ და ბიოსასუქს მივიღებ, _ საკუთარ თავს შეჯიბრში კიდევ ერთხელ, ამჯერად ჩვენი თანდასწრებით, იწვევს გიზო ცეცხლაძე და "ჩახანასთან" მოფუსფუსე მოხუც დედას გასცქერის _ მომეჩვენა თუ გუმანით ვიგრძენი, რომ დიდ ენერგეტიკის მოდინებას შვილი მშობლისგან მომავალ საქმეშიც ელის.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?