გზა ბიოფერმერობამდე _ უტყუარი მომავლის ორიენტირი

კარმიდამო ჩემი

გზა ბიოფერმერობამდე _ უტყუარი მომავლის ორიენტირი

2016 ივლ 29 17:57:05

ხუთი წლის წინ, როცა მიწასა და სამეურნეო საქმიანობაზე უსაზღვროდ შეყვარებული ბესო მჟავანაძე დამწყები, მოყვარული ფერმერი იყო და პირველ ნაბიჯებს დგამდა ამ სფეროში, მაშინ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მისი მიზანი სამაგალითო ბიოფერმერად ჩამოყალიბება იყო.

გავიდა მრავალი წელი და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის განაპირა მხარეს, "ოქროს მუხუროდ" წოდებულ უბანში, სადაც უკვე აღიარებული ბიოფერმერი ბესო მჟავანაძე ცხოვრობს. მის შესახებ ახლა, საქართველოს მცხოვრებლები ხშირად ისმენენ, ხედავენ ტელევიზიებით, რა შეუძლია ერთ მიზანდასახულ კაცს.

მრავალწლიანი შრომითი გზა, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა გაიარა, თავადვე ამბობს, რომ ხშირად მომქანცველიც იყო, თუმცა ის აღმოჩნდა უტყუარი მომავლის ორიენტირი, რამაც საბოლოოდ ბიოფერმერად აღიარება მოუტანა.

ბესო მჟავანაძის კარმიდამოს მნახველს სულ ადვილად შეუძლია დარწმუნდეს, ერთ ჯანმრთელ, მიწის ფართობის მქონე კაცს, შეუძლია, მთებიც გადააბრუნოს, თუ მოტივირებული და მიზანდასახულია.

თავიდანვე მიზნად დაისახა ჯერ მიწის ჯანმრთელობისთვის ეთვალთვალა, რადგან ბიოფერმერად ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ სურვილი არ კმაროდა. თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა" წარმატების უპირობო დამხმარე საშუალებად მიაჩნია, რომლის საყიდლად ფული არასდროს ენანება და გამოფიტული ნიადაგის აღსადგენად და ფოთლოვანთა საკვებად იმთავითვე ერთ-ერთ "ნაყოფიერების ღმერთად" მიიჩნია. მუდამ ფიქრობდა, რომ გამოფიტული ნიადაგის აღსადგენად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მისაყვანად, თავდაუზოგავი და სწორად გათვლილი, შედეგის მომტანი შრომა იყო საჭირო.

მაინც რა შედეგს მიაღწია ბოლო ხუთი წლის მანძილზე? ვიდრე ინოვაციებზე ისაუბრებს, ვეკითხებით, ასეთი წარმატების ფონზე, თუ საიდუმლო არ არის, რას შეადგენს მისი შემოსავალი?

_ ჩემი შემოსავალი? ... აგერ, ეს ჭიშკარი, _ იღიმება და ეზოში შესასვლელ ჭიშკარზე მიგვითითებს. თან გვიხსნის, რომ მას ფულის კეთებაზე იმდენად არ უფიქრია, რამდენადაც ბიოპროდუქტის წარმოებაზე _ სიახლის დანერგვა და მასზე დაკვირვების მოხდენა _ ასეთი იყო კრედო...

კარმიდამო პავლოვნიების წრეშია მოქცეული.

_ დიახ, პავლოვნია ჰქვია ზუსტად და არა პავლონია _ ეზარებათ ამ მცენარის სრული სახელის წარმოთქმა, _ გვეუბნება ბატონი ბესო და უზარმაზარ ხეებს ასცქერის _15 მეტრამდე სიმაღლის პავლოვნიები გუშაგებივით დასცქერიან აგუგუნებულ კარმიდამოს.

რა ხდება ამ უცნაურ წრეში?

სიახლეების კასკადი

თხილი ერთ შტამბზე _ უნიკალური ევროპული ყაიდა, როცა ბუჩქოვანი მცენარე, ხეხილოვნის მსგავსად, მხოლოდ ერთი ტანით ძლიერად დგას მიწაზე და მეტრნახევრიან შტამბს ზემოთ იწყება ვარჯი, რომელიც სიმეტრიულად არის დაბუჩქული. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს უზარმაზარი მწვანე თაიგულები დგას მიწაზე. თავიდან, როცა თხილის ერთი კალამი დარგო, ზრდის მომენტში ნაყარი შემოაჭრა. ასე უთვალთვალა, ვიდრე შტამბი არ დამსხვილდა და ერთ ჩვეულებრივ ხედ არ ჩამოყალიბდა. ამასთანავე, ვარჯის ტოტებსაც იმ დოზით სხლავდა, რომ სიმეტრიულობა დაცული ყოფილიყო. თითოეულ ძირს უხვად ანოყიერებს "ორგანიკას" მეშვეობით, შედეგიც არნახულია _ ნაყოფით დამძიმებული ტოტების ამობრუნება ჭირს კიდეც. კითხვაზე, რამდენად მომგებიანია თხილის ბუჩქის ასეთი ფორმით ცვლილება _ ეს ხომ დიდი დროს, ბევრ ბიოსასუქს და ნერვების გამოცდას ითხოვს. ბატონი ბესო ამბობს, რომ მუშაობს საუკეთესო ხარისხის ბიოპროდუქტის მიღებისთვის. შედეგიც დადგა და ბუნებრივია, მთელი სამყაროს მეთხილე ფერმერები ასეთი მიდგომით ვერ იმუშავებენ, უბრალოდ, ბიოფერმერმა საკუთარ კარმიდამოში გამოსცადა ევროპაში კარგად აპრობირებული მეთოდი.

გრძელი ვაშლი _ ეს საოცარი სახეობა მსხმოიარე სახით მხოლოდ საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვს. ეზოში კი საძირე ნერგები, თითოეულში რომ 18 ლარი გადაიხადა, დასამყნობად აქვს გამზადებული და თავს ევლება. მიაჩნია, რომ ეს არის მისი ნოუჰაუ. მყნობა უკვე იწყება. საძირეები ერთმანეთთან ნახევარ მეტრითაა დაშორებული. გირლიანდებად ასხმულ ვაშლს მცენარე პირველ წელსვე ისხამს. საძირეებთან ჩაცუცქული გვეუბნება, რომ ეს მცენარე მსხმოიარე დღეს მხოლოდ ინტერნეტსივრცეშია, მომავალ წელს კი ბესო მჟავანაძის კარმიდამოშიც იქნება. თუ მოხვალთო? ყვავილებსაც გაეჯიბრება წითელი გირლიანდებით, ნახეთ, ასე თუ არ იქნებაო! აუცილებლად მოვალთ! _ ვპასუხობთ და მომდევნო საოცრებას ვაკვირდებით.

"ტიახარა", საადრეო ჯიშის მანდარინი, ჩვენში ახალშემოსული არაა, თუმცა, მჟავანაძის კარმიდამოში იმხელა ზომის ნაყოფი აქვს, ბუნებაში ოქტომბრის დასაწყისი გეგონება. ბიოფერმერი ამბობს, რომ მართალია, საადრეო ჯიშია, მაგრამ მიწის ნაყოფიერება, მასზე გამუდმებული ზრუნვა, ციტრუსოვანს კიდევ უფრო ადრე შემოსვლის საშუალებას აძლევს.

ავოკადო უკვე მსხმოიარეა _ ბრაზილიაში 40 მეტრამდე იზრდება, ჩემთან ჯერ ორი მეტრის სიმაღლე თუ აქვს, თუმცა ნახეთ მსხმოიარობა, _ გვეუბნება ბატონი ბესო და მწვანე ნაყოფით "თავდახრილ" კუნწულებიან ტოტს ხელით ფრთხილად აბრუნებს.

კარტოფილის მოსავალი უმიწოდ, ბალახის მულჩებქვეშ დათესვით _ კვალში ჩალაგებულ სათესლე კარტოფილს ნახევარი მეტრის სიმაღლის ბალახეულ ნარჩენებს (თივა, ჩალა, მოცელილი მასა) აყრის და ფრთხილად ტენის. არ სჭირდება თოხნა, რწყვა, მიწის შემოყრა. მოსავლის აღების დროს ხელთათმანებით გადასწევს მულჩებს და კარტოფილს სათითაოდ ჩაალაგებს ვედროებში.

_ ბატონო ბესო, ადამიანი იფიქრებს, თითქოს, ბალახ-ბულახის ქვეშ, საჩვენებლად დამალეთ ეს კარტოფილი...

_ არა, ეს ბუნების ნებაა. მართალია, უზარმაზარ ფართობზე კარტოფილს ასეთი წესით ვერ მოიყვან, მაგრამ შენთვის, როცა ეზოში უამრავ ბალახს ცელავ, ასევე უამრავი ნეშომპალა გროვდება და მიწის ფართობიც არ გაქვს დიდი, შესაძლებელია, მცირე შრომის ფასად, ასეთი შედეგი მიიღო. მე ხომ ისეთი ცდების მოყვარული ვარ, შედეგად რომ სრულფასოვანი ბიოპროდუქტის მიღება და თან ეკონომიური გარემოს შექმნა მაინტერესებს, _ გვეუბნება ის და ახლა საგანგებოდ მოწყობილ მინიკარმიდამოში მიგვიძღვება, რომელსაც გურულ განყოფილებად მიიჩნევს.

კადრები "ტრიუმფალურ თაღს" მიღმა

აგრარულ ფართზე დათესილი კიტრი მექსიკური გოგრა აღმოჩნდა (ეს მცენარე სხვა ფართზე აქვს დათესილი). მოთხრა დაენანა, ბამბუკის ღეროებით ე. წ. თაღი გააკეთა, ხვიარა ლერწი ზედ მიამაგრა და როცა უზარმაზარი გოგრები ჰაერში გამოეკიდა, სპეციალური ბადეებით შემოაკრა. ამ თაღქვეშ გაივლი და გურული ვაზის სხვადასხვა ჯიშების ჯარში აღმოჩნდები. თავბრუ რომ არ დაგვეხვეს სახეობების გაცალცალკევებაში, ბატონი ბესო სასწრაფო ჩამონათვალს აკეთებს: ჩხავერი, საკმიელა, სხილათუბანი, ჯანი, მტევანდიდი, გურული საფერავი... სულ კი ბიოფერმერის კარმიდამოში 46 ჯიშის ვაზი მსხმოიარობს!

ფრანგული პინო _ ვაზის ეს სახეობა გურულ განყოფილების მეზობლად "ცხოვრობს". როცა პირველად დარგო, სიმწიფეში აგვისტოს დასაწყისში შევიდა. გაუხარდა და ელოდა, როდის დაკრეფდა საადრეო მოსავალს. ერთ განთიადზე კი მტევნებზე მარცვალიც არ დახვდა, ჩიტებს ისე შეესანსლათ. მალევე აღმოჩინა, რომ პინოს მეორე მოსავლის მოცემაც შეეძლო. შესატეხად მომზადებული ვაზის ლერწები როცა ამოაბრუნა, ყვავილი შენიშნა. დატოვა და მზრუნველობა არ მოაკლო. ნოემბერში უკვე პინოს მეორე მოსავალი მიიღო. ჩიტების დასაფრთხობად კი ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია...

საფრთხობელა _ კოპე მამლის ფრთებით

ბესო მჟავანაძის კარმიდამოში მამლის ფრთებით "მორთული" კოპეებია გამოკიდული. გეგონება, ინდიელთა მოკაზმულობის ხელოვნებას დასესხებია ჩვენი მასპინძელი. აივანზე გამოკიდულ კოპეებს გვაჩვენებს: _ კიდევ უნდა მოვამზადო და ბევრგან დავკიდო, ეს ქურდბაცაცა ჩიტები რომ დავაფრთხო! დილას ადრე საოცრად მიგალობენ, მათ გარეშე აქ ყოფნას რა აზრი აქვს, ხომ ვერ მოვკლავ, აი, ასე ვიგერიებო, _ გვეუბნება და ხელით აბზრიალებს მავთულზე დაკიდებულ, ფრთებით "დაულვაშებულ" კოპეს.

რაც შეეხება აგრარულ ხაზს, ხეხილოვანთა თუ ვენახებს შორის მიწყივ მათი ლაბირინთებია, ყველგან წამოუყვიათ თავი, ყველგან დაბობღავენ. მწვანილეული მხოლოდ ბაზოებზეა განთავსებული! ბაზოები საფეხურებრივად არის განლაგებული, პირობითად ბაზო-ტერასები შეიძლება, ვუწოდოთ. ასეთ მიდგომას ნიადაგის გამოფიტვისგან დაცვით ხსნის, რადგან ხშირ წვიმებს მიწის გადარეცხვა ადვილად შეუძლია, კარგად შემორაგვულ ბაზოებს კი ამინდის ჭირვეულობა ვერ ვნებს.

შორიახლო უზარმაზარი მექსიკური გოგრა წევს _ გიგანტური პავლოვნიების გარემოცვაში ისე წამოგორებულა, თითქოს ბრაზობს, მეც გოლიათი ვარ, ზემოდან ნუ დამცქერითო...

გუგუნებს ეს საოცარი კარმიდამო და მისი ძრავი მხოლოდ ერთი თავგადაკლული ბიოფერმერია, სახელად ბესო მჟავანაძე. ყოველ პარასკევს ქობულეთიდან მეუღლეს ელოდება, რომელიც იქ მუშაობს და ამ ასაკშიც ისევე შეყვარებულებად დარჩნენ, როგორც მრავალი ათეული წლის წინ იყვნენ. სახელად რა ჰქვია? "პარასკევა!" მორჩა და გათავდა! მისგან ხელთქმნილი, სამოთხის გასაღებად ქცეული ყვავილნარი, ჭიშკრის შეღებისთანავე იწყება, შიგ ფუტკრების ზუზუნ-გუგუნი ისმის. სუროების ლიანები კი დაუკითხავად ისე დაგრაგნვია სახლის კედლებს, ლამის მწვანე ბუდედ უქცევიათ.

ბატონი ბესო უნებლიეთ ხვდება, რა უნდა ვკითხო და არხეინად ამბობს, მე და ჩემი მეუღლე პროფესიით ენტომოლოგები ვართ, რა უნდა შემოძვრეს ან შემოფრინდეს სახლში, რომ ვერ გავუგოთ და არ მოვეფეროთო?

მართლაც უსაზღვროა ნაფერებ-ნალოლიავები კარმიდამოს ხიბლი! ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას ასე საოცარ ბოფერმერთა სიმრავლე, რომლის მსგავსს სიუხვის კერპებით მდიდარ მითოლოგიაში უფრო შევხვდებით, ვიდრე რეალურ გარემოში!




 ახალი ამბები
  • მეუფე გრიგოლი: ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოსფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება. მან აღნიშნა, რომ შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც. მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. „ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. ... ...
  • ითვალისწინებს თუ არა მრევლი რეკომენდაციებს _საკვირაო წირვა ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სხვა აკ­რძალ­ვებ­თან ერ­თად ათზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა­საც ზღუ­დავს, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს. ზოგ ტაძარში მრევლისთვის განკუთვნილი ადგილი მონიშნულია. წესების სრული დაცვით აღევლინება საკვირაო წირვა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ... ...
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...