ყვავილების თესლის შენახვა
არაჰიბრიდული ყვავილების თესლის შენახვისას უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
ყვავილი, რომლისგანაც თესლს ვიღებთ, მცენარეზე უნდა გახმეს;
თესლი ავიღოთ მშრალ ამინდში;
გავყაროთ გაზეთის ან ფილტრის ქაღალდზე. მშრალ ადგილას ისე, რომ მზის სხივები პირდაპირ არ ხვდებოდეს.
დავამზადოთ ქაღალდისგან პატარა პარკები. ორი ერთნაირი ფურცელი ერთმანეთს დავადოთ, შეგვიძლია კიდეები დავუწებოთ სამი მხრიდან ან სტეპლერით დავამაგროთ. სტეპლერის გამოყენების შემთხვევაში ერთი ფურცელი დიდი უნდა იყოს. დიდ ფურცელს სამი მხრიდან წვრილად გადმოვკეცავთ პატარა ფურცელზე და დავასტეპლერებთ. ასეთ პაკეტებში ვათავსებთ უკვე გამშრალ თესლს, შემდეგ დავუწებავთ ან დავუსტეპლერებთ ღია თავს.
ყველას ერთად შევინახავთ მუყაოს ყუთში ან ქაღალდის მოზრდილ პარკში ან ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილ ტომარაში და გაზაფხულამდე მოვათავსებთ ბნელ, მშრალ და გრილ ადგილზე, სადაც ტემპერატურა 0-ს ქვემოთ არ ეცემა.