"სასწრაფოდ მიხედეთ პლანტაციებს!"

ჩვენი რჩევები

"სასწრაფოდ მიხედეთ პლანტაციებს!"

2017 თებ 18 17:56:07

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი იწერება თხილის მავნებლებთან და სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ, ჩვენში მოსახლეობა მაინც ნაკლებ ყურადღებას უთმობს პლანტაციების მოვლას და ძირითადად, მოსავლის აღების დროს მიაკითხავენ ხოლმე თხილის ბაღებს.

ბოლო პერიოდში, არა ერთი მავნებლის და დაავადების არსებობის მიუხედავად, გურიაში თხილის კულტურას სასტიკად შეუტია მეგალე ტკიპამ, რომელიც ძალზე მცირე ზომის მავნებელია, (საშუალოდ 0, 5 მმ ზომის) და პირდაპირ სანაყოფე კვირტზე "ნადირობს".

დღეისთვის თხილის ჯერ კიდევ გაუკვირტავ პლანტაციებში საშიში სურათი იკვეთება _ თხილის ტოტებზე უამრავი დაბერილი ბურთი მოჩანს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას, სამწუხაროდ, თხილის ყვავილობა ჰგონია.

გულნაზ კირკველია, ოზურგეთი: _ თხილის ხეებს რომ შევხედე, გამიხარდა, ადრიანად გაკვირტულა და კარგი მოსავალი უნდა მოვიდეს,-მეთქი. რომ გავიგე, ეს ნახევრად გაშლილი, წითლად შეფერილი კვირტი, თურმე, მავნებელია, სადაც 30 ათასამდე ტკიპა ბუდობს, გავგიჟდი! თხილის ხეები ასეთი ბურთებითაა სავსე. ეს წითელი ყვავილის მსგავსი ბურთულა ადრეულ წლებშიც შემინიშნავს, მაგრამ მაშინაც თხილის კვირტი მეგონა და ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა ისეთი რაოდენობითაა, შემეშინდა! ფაქტობრივად, მოსავალი აღარ იქნება, თუ ხეზე დარჩა ეს მავნებელი! სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება. ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს კვირტები ფიზიკური საშუალებითაც მოვაშოროთ ტოტებს. კარგი იქნება, თუ "გურია ნიუსი" ხშირად მოგვაწვდის ინფორმაციას, როგორ ვიმოქმედოთ.

ნუნუ სალუქვაძე, ოზურგეთი, ლიხაური: _ მე, კარგა ხანია, ჩავდივარ თხილებში და ხელით ვაცლი ამ დაბერილ კვირტებს. ვის სჯეროდა, რომ ეს მავნებელი ასეთი სასტიკი იყო და თან ასე მომრავლდებოდა _ თხილის მოსავლის მესამედი არ დაუტოვა ხალხს. ზოგს ეცინება, რომ ხელით ვაშორებთ კვირტებს, თუმცა, ჭკვიან და მცოდნე ადამიანებს უნდა დავუჯეროთ და ვიდრე ქიმიურ საშუალებას ვიხმართ, ხელიც უნდა შევაშველოთ. დღეში 50 ძირ თხილს მაინც გააცლი ასეთ კვირტებს. წარმოიდგინეთ, რამდენი კვირტიცაა, იმდენი 35 ათასი ტკიპაა, რომელიც უდანაკარგოდ მრავლდება და "მუშაობს" სანაყოფე კვირტებზე! ეს საშინელებაა! რომ დაუკვირდები, მიხვდები, რომ ამ მავნებელს თუ წავუყრუებთ, შესაძლოა, პირიდან ლუკმა გამოგვაცალოს!

ნუგზარ ანთიძე, სოფელი ჭანიეთი: _ თვალს არ ვუჯერებ, იმდენი მავნებელია თხილის ხეებზე. კი შევაცლი, მაგრამ კარგი იქნება თუ ხელისუფლება დაეხმარება ხალხს თხილის პლანტაციების შეწამვლაში.

ავთანდილ კალანდაძე, სოფელი ჭანიეთი: _ თხილის პლანტაცია შემოვიარე და შევაგროვე კვირტები, რომლებიც დაბერილია და და გეგონება, ეს-ესაა წითლად გაიშლება. დიდი ხანია, თხილის მოსავალს ვიღებ, მაგრამ ასეთ კვირტებს აქა-იქ თუ ვნახულობდი. ახლა ვაკვირდები, "ბერძულ" და "თითება" თხილის ჯიშებზე უფრო მასობრივად არის მოდებული, ვიდრე ველურსა და "გულშიშველაზე".

რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ფერმერი, ალბათ, მეტად შეებრძოლება ამ სასტიკ მავნებელს, რომელმაც გასულ წელს თხილის მოსავალი გაანახევრა და ხალხს ჯერ კიდევ უბრალო მავნებელი ჰგონია, რომელიც ბევრს ვერაფერს დაუშავებს თხილის კულტურას. გასულ წელს თხილის მიზერული მოსავლის გამო, მოსახლეობაში ხშირად გაიგონებდით იმასაც, რომ თხილის მავნებლის ასეთი ხშირი შემოტევა დივერსიის ნაწილია, მიზანმიმართულად "ვიღაცის შემოგდებული" .

_ ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, ეს უფრო თავის მართლებას ჰგავს, როცა თხილს მარტო შემოდგომაზე მიაკითხავ მოსაკრეფად და მანამდე, არ დაინტერესდები, რა უჭირს, იქ მისვლას უკვე მეგალე ტკიპაც გასწრებს და სხვა მავნებელიც! თხილის კულტურის მოვლის კულტურა ჯერ კიდევ არ აქვს ათვისებული ჩვენს მოსახლეობას! _ ამბობს "გურია ნიუსთან" ფერმერი მამუკა ჩიხლაძე, რომელმაც თხილის ნერგები გურიიდან იმერეთში წაიღო, თითოეულ ძირს, როგორც თვითონ აღნიშნავს, შვილივით უვლის და უკვე მეექვსე წელია, უდანაკარგო მოსავალს იღებს.

_ ახლა, როცა ფერმერს და გლეხს შედარებით ნაკლები სამუშაო აქვს თავის საკარმიდამო მეურნეობაში, ადვილი შესაძლებელია, მეგალე ტკიპისგან დაზიანებული კვირტების შეგროვება და მისი სასწრაფოდ დაწვა.

მეგალე ტკიპა თხილის კულტურას განადგურებით ემუქრება! სასწრაფოდ მიხედეთ პლანტაციებს! საკუთარი ძალებით მოსპობთ ამ საშიშ მავნებელს და ეს შესაძლებელია ძალზე ადვილად _ მთავარია, არ დაიზაროთ! ფიზიკური მეთოდის გამოყენება ყველაზე საიმედოა იმ მეთოდებს შორის (მაგალითად, ქიმიური), რომლითაც ბრძოლას აპირებს ფერმერი. წარმოიდგინეთ, ერთ კვირტში არის 35 ათასი ცალი ტკიპა! ყველა სხვადასხვა დროს გამოდის დაზიანებული კვირტიდან! რამდენჯერ უნდა შეწამლო, რომ ცალ-ცალკე მოსპო? ამიტომ სჯობს ფიზიკურ-მექანიკური მეთოდითაც შეუსვენებლად ვებრძოლოთ, _ გვეუბნება ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ანგელინა ნიკოლაიშვილი, _ შევახსენებ ყველა ოჯახს, ყველა ფერმერს, რომ ამჟამად ყველგან, ყველა თხილის პლანტაციაში მცენარეზე დიდი რაოდენობითაა მოზრდილი, გაფურჩქნული, ყვავილისმაგვარი, დეფორმირებული კვირტები.

ჩვენი აღრიცხვით, არა ერთ პლანტაციაში ასეთი დეფორმირებული კვირტების რიცხვი, სულ ცოტა 37%-ია, ეს კი საშიში ზღვარია! არ დაიჯერა ხალხმა გასულ წლებში ჩვენი განგაში! შედეგი სახეზეა _ მეგალე ტკიპა მოედო პლანტაციებს! დეფორმირებულია მდედრობითი კვირტები, რომლებმაც ნაყოფი უნდა მოგვცეს!

მეგალე ტკიპა მხოლოდ მდედრობით კვირტში თავსდება და მას აზიანებს, კვირტი საბოლოოდ ხმება და მოსავალი ძალიან მცირდება. ტკიპა ვერაგია, ის ფარულ ცხოვრებას ეწევა და გარეთ გამოდის მეორე კვირტის დასაზიანებლად, თან ეს სხვადასხვა დროს ხდება და თითქმის მუსრს ავლებს მცენარეს. შხამი ვერ აღწევს ღუდუდოების ნაპრალებში. ამიტომ არის გაძნელებული მასთან ქიმიური მეთოდით ბრძოლა, დაიხმარეთ ხელები! ებრძოლეთ მავნებელს ფიზიკურად!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აამუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვით, მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი თხილის ფართობების შეწამვლა მოხდება: _ გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში დაევალათ სიების შედგენა, ვინ რა რაოდენობის თხილის პლანტაციის ფართობს ფლობს. გაზაფხულზე მოხდება ამ თხილის ფართობების შეწამვლა სპეციალური საშუალებებით, რომელსაც მოსახლეობა უფასოდ მიიღებს, _ გვითხრა ხარაბაძემ.




 ახალი ამბები
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • პაატა იმნაძე: თავი დამანებონ, ნუ მრევენ პოლიტიკაში, ბევრი რამე ვიცი და ავლაპარაკდებითავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, გარკვეული ძალები მის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ, რაც მას არ უნდა. „პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა. თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამ ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. იქ ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში? თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი რომ იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, - განაცხადა იმნაძემ. იმნაძის თქმით, მისი მიმართვის ადრესატებმა იციან ვისზე საუბრობს. მისივე თქმით, უადგილო და უმისამართო შეკითხვები და განცხადებები სპეციალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან და აყოვნებენ. „ყველას დრო გაუჩნდა. ახლა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა ჩვენი და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით. მე ხომ ვიცი ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?“ - თქვა ... ...
  • დღეს ,,დედამიწის საათი" აღინიშნებადღეს, 28 მარტს ,,დედამიწის საათი" აღინიშნება. დედამიწის საათი გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი 1 საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე.გახდი მსოფლიო მოძრაობის ნაწილი სახლიდან გაუსვლელად.საღამოს 20:30-საათიდან 21:30-საათამდე გათიშე ... ...

არქივი