მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

2018 მაი 9 15:50:27

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი ავთანდილ მოქია, კარგა ხანია, მარტო უძღვება უზარმაზარ საშინაო მეურნეობას.

_ უნდა დაწეროთ? კი, მარა, მაინც არ დაგიჯერებენ. აქ რომ მოდიან, მაშინაც არ სჯერათ, რომ ამ ყველაფერს მარტო ვაკეთებ, მაგრამ მე იმას ვერ ვიჯერებ, რატომ უკვირთ? რა უნდა ამ ყველაფრის გაკეთებას, თუ კაცი ცოცხალი ხარ? _ გვეუბნება მასპინძელი, რომელიც საკუთარი კარმიდამოს ჭიშკართან ახლოს ჩამომდინარე ღელესთან, საგანგებოდ მოწყობილ იხვებისა და ბატების საცურაო აუზებთან მივყავართ. ორივე სახეობის ფრინველთა მრავალრიცხოვან გუნდს თავისი აუზი და სათავსო აქვს. მეფრინველეობაში ბიზნესის დაწყება ორი წლის წინ დაიწყო და უკვე შედეგით კმაყოფილია.

მიუხედავად, საქმიანობის მრავალფეროვნებისა, ავთანდილ მოქიასთვის მთავარი საზრუნავი მაინც იხვის და ბატის ფერმაზე მზრუნველობაა. ამ ფრინველებს ჭირი და დაავადება ნაკლებად ვნებს, ადვილად იზრდება, მათი ხორცი უგემრიელესია და მასზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა _ ამ ყველაფრის გამო, როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა მისი ძირითადი საქმიანობა ამ ფრინველებით შემოფარგლულიყო, თუმცა, როგორც მეურნემ, საქმიანობა 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ახლა ინკუბატორს დასტრიალებს თავს. მალე უთვალავი იხვისა და ბატის ჭუკი ეყოლება. ბატ "ლინგას" და "პეკინურ იხვს" დიდი მოწონება და გასავალი აქვს. "ინდიუტკების" პოპულარობას ბევრი კლიენტი მიჰყავს ავთანდილ მოქიას მეურნეობაში. როგორც ვთქვით, ორი წელია, რაც იხვისა და ბატის ბიზნესს მიჰყო ხელი. პარალელურად, "სულბატრას" და "ფენიქსის" ჯიშის ქათმები შეიძინა, რომელთაგან ზოგი ეზოში დასეირნობს, ზოგიც კი გალიების გარემოს ამჯობინებს.

_ ახლა მინდა, ერთ-ერთი ბატის სახეობა მოვაშენო, რომლის ღვიძლის წონა 900 გრამია და დელიკატესად ითვლება. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა _ როცა შედეგი მექნება, მერე გეტყვით... ხშირად მეკითხებიან, მარტო როგორ აკეთებ ამდენ რამესო და შესაძლოა, ესეც არ დაიჯერონ, _ ეცინება ჩვენს მასპინძელს, _ არადა, ბევრი არაფერი სჭირდება ამ ყველაფერს _ უბრალოდ, ცოტა უნდა გაინძრე. შრომისადმი შემოქმედებითი მიდგომა ადამიანს სულის ქსოვილებში აქვს, ყოველ წუთს რაღაც ახალს აღმოაჩენ. მე მაღიზიანებს ხელებდაშვებული ადამიანი _ ყოველი მეათე რომ შეძლებისდაგვარად ირჯებოდეს, ქვეყანას სიზარმაცის სენისგან განკურნება დაეტყობა. გასაჭირი არის, მაგრამ ელოდე მთავრობას და ააფრინე ალალი...

ავთანდილ მოქიას კარმიდამოს მნახველი, პირველ რიგში, აუცილებლად იტყვის, თურმე, მარტო კაცი ჭამაში ბრალი სულაც არ არის და სასწაული თუ გინდა ჩაიდინო, მას უნდა უყურო და მიბაძო. აქ დომინირებს შინაური ფრინველების, იხვებისა და ბატების ფერმა, თუმცა, უხვადაა ფუტკარიც, უთვალავი დეკორატიული თუ ყვავილოვანი მცენარე, ყვავილოვნები, მარადმწვანეთა ნაირ-ნაირი ჯიშები, ვაზის უზარმაზარი ტალავერის წრეები, თხილის და კივის პლანტაციები _ ამ ყველაფერს დამხმარე ხელის გარეშე, ერთი კაცის მარჯვენა სამყაროსავით მართავს. ერთ ადამიანს რა შეუძლია აკეთოს, ავთანდილ მოქიას მაგალითი ერთ ქვეყანას ეყოფა და თაობებსაც ეყოფა სამაგალითოდ.

მიაჩნია, რომ გასაჭირს კაცი არ უნდა შეუშინდეს, სიგლახეს და სიღარიბეს არ უნდა შეეჩვიოს და მადლიერებით იხსენებს მშობლებს და დედაბუნებას _ სუფსის მშობლიურ გარემოს.

_ რატომ არ უნდა იშრომო აქ? მზე და ჰაერი საუცხოო, ნოყიერებით განთქმული სუფსის მიწა. პლასტმასის ჭურჭელი რამ დალია? ჩაყარე ეს დალოცვილი მიწა შიგ და ჩაარჭე ნერგი, ტოტი, მოეფერე მცენარეს და მიწას. აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდება. ზარმაცს კიდევ უფრო უნდა გაუჭირვო, მარტო სხვისი ყანის გათოხნაზე რომ ფიქრობს, საღამოს 20 ლარს აიღებს და მერე არაყს და "კალბასს" იყიდის, დალევს და მორჩა... _ ასეთი საუბრით დაგვატარებს საკუთარ კარმიდამოში ბატონი ავთო. დრო და დრო კი მაინც იხვებისა და ბატების ფერმისკენ გარბის. დავხედავ და ახლავე მოვალო...

პროფესიით ეკონომისტი, ბავშვობიდანვე შრომაში გაზრდისთვის მშობლებს ემადლიერება. საკუთარ მეურნეობაზე ზრუნვა 30 წლის წინ, კივის პლანტაციის გაშენებით დაიწყო. იხსენებს კივის უხვმოსავლიან წელს, როცა ნაყოფი ვერ გაყიდეს. რა ექნათ, არ იცოდნენ და მერე ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში თლიდნენ. ოთხასი ცალი სამლიტრიანი ქილა კომპოტი გააკეთეს.

_ გადაყრას ასე ვამჯობინეთ. მერე კი, რა არ გავიგე. თურმე, ბადაგივით წვენი მზადდება, არაყი საუცხოო. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, მხოლოდ ისეთი ხეხილი გამეშენებინა, რომლითაც, თუ ვერ გავყიდდი, ნატურალური წვენი ან არაყი მიმეღო, რომ არ დავზარალებულიყავი, _ გვიამბობს ის და საგანგებოდ მომზადებულ კივის ბადაგს, როგორც თვითონ უწოდებს, ჭიქებში ასხამს, გასინჯეთ ეს საოცრებაო.

_ გაჭირვება არის, ხალხს კი სჭირდება დახმარება, მაგრამ ჩვენ ისეთი გარემო გვაქვს, როცა მეტი გზა არ არის, ადამიანმა უნდა იფიქროს, სანამ სხვა დაეხმარება, თავად დაეხმაროს საკუთარ თავს _ სიზარმაცემაც წალეკა ქვეყანა, _ ამბობს ის და ამჯერად ბაღნარად ქცეულ გარემოში კენკროვნების მწკრივებში მიგვიძღვება _ იშვიათი ჯიშის მარწყვი, ჟოლო, მაყვალი... ერთხელ კოოპერატივიც შექმნა "ჟოლო-მარწყვის" სახელით, თუმცა, არ გაამართლა _ წევრები შემოეფანტა. დიდად არ უნერვიულია. შებრუნდა და საქმე მარტომ გააგრძელა. წარმატება მოუტანა მარწყვის გამოსხმული სახით გაყიდვამ. საშუალო ზომის ქოთნებში ჩარგული მარწყვი, ყვავილობის ჟამს კლიენტთა დიდი მოწონებით სარგებლობს. ამიტომ აქცენტი ასე მომზადებაზე გადაიტანა.

ავთანდილ მოქიას შრომის საკუთარი სტილი აქვს შემუშავებული. უზარმაზარ კარმიდამოში ასობით ცალი, დიდი თუ პატარა ქოთანი დგას. მწკრივებს და რაოდენობას სათვალავი არ აქვს. კითხვაზე, თუ რატომ ამჯობინებს მცენარეების ასე გამოყვანას და მოვლას, გვპასუხობს:

_ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მთელ ფართობზე რომ იყოს დათესილ-დარგული, რამდენი თოხნა და შრომა სჭირდება. ასე კი, ჩემი "ჩქიფით" რომ ჩამოვუვლი და ქოთნებს მიწას გავუფხვიერებ, წამოსული სარეველაც ისპობა და მიწასაც სუნთქვა უადვილდება. სათოხარი და საცელავი სხვაც ბევრი მაქვს, ამიტომ ასე დროს ვიგებ და შრომას ვიადვილებ, შედეგი კი უკეთესი მაქვს. ეს დალოცვილი მიწა, წყალი, მზე და მცენარე სულ რაღაცას გკარნახობს და სიღრმეში მიყავხარ, დაღლას ვერ გრძნობ... _ უსაზღვრო შრომასთან დამოკიდებულებას ასე რომანტიკულად ხსნის ჩვენი მასპინძელი და ძარღვიან და კოჟრებით მოფენილ ხელებს გვიჩვენებს. ამბობს, რომ ბავშვობაშიც ჰქონია კოჟრები. მშობლებს არასდროს უჭირდათ _ მამა ტუნგოს დამზადების საქმეს ხელმძღვანელობდა კომუნისტების დროს, დედა პედაგოგი იყო, თუმცა, სწავლასთან ერთად, სულ შრომას აძალებდნენ. ტყუილად დროს არ აკარგინებდნენ, ახლა კი სხვანაირად ვერც ძლებს.

ყვავილოვან მცენარეებს რაც შეეხება, უთვალავი ვარდის და დეკორატიული ბუჩქების ნაირსახეობებში, წითელი ფერი ჭარბობს. ამბობს, რომ თვითონ ძალიან უყვარს წითელი ფერი, მაგრამ, ზოგადად, წითელი ფერის ყვავილოვნებს ბაზარზე ყველაზე მეტად ეტანებიან. ამიტომაც ამჯობინებს ამ ფერზე სწორებას.

უამრავი ჯიშის ვარდი, გორდეზია, კოწახური, სურნელოვანი ოსმანტუსი, ალიანდრა, ფინიკის პალმა, მარდმწვანეებიდან ურთხელი, ტუიას უამრავი სახეობა, ავოკადო და ბოლო დროს ძალზე პოპულარული გოჯიბერი, რომლის დაკალმებით გამოყვანაზე ახლა საგანგებოდ ზრუნავს.

_ გოჯიბერის შესახებ, ალბათ, ყველას გსმენიათ. განსაკუთრებით, ქალბატონებს. მე ახლა კონკრეტული კულტურის, გოჯიბერის გამოყვანაზე ვმუშაობ. ვიცი, გამომივა, რადგან ჯერ არ მქონია შემთხვევა, რაიმე ახალი სახეობა მეყიდოს, დამეკალმებინოს ან დამეთესოს და შედეგი არ მიმეღოს. ამას რაიმე ჯადო არ სჭირდება. მონდომება, მზრუნველობა და ყურადღებაა მთავარი. მცენარეს, ფრინველს თუ ცხოველს თუ ისე მოუვლი, როგორც ადამიანი საკუთარ შვილს დასტრიალებ დაბადების დღიდან, შედეგს რა დაუდგება წინ? _ გვეუბნება თანამედროვე შრომის გმირი ავთანდილ მოქია და დამშვიდობებისას გულუხვად გვთავაზობს, რომელი ყვავილის სახეობა მოგწონთ, დაადეთ ხელი და ნერგს ახლავე მოგართმევთო. საჩუქრისთვის მადლობას ვუხდით, თუმცა პასუხს არ აგვიანებს _ საჩუქარი ჩემთვის ის არის, ამას რომ გაახარებთ, მერე სხვასაც გაუნაწილებთ, იცოდეთ, ჩემი გული ამას იგრძნობსო.

ავთანდილ მოქიას, უეჭველია, შრომის, როგორც დასაწყისში გვითხრა, სულის ქსოვილებში არსებობამ მისცა უნარი და ძალა ასეთი შედეგით გაეკვირვებინა ყველა.

წარმატებას ვუსურვებთ თავდადებულ მეურნეს!

 




 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...
  • კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს _ ლევან რატიანიკორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან ... ...
  • თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტაკორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167  ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო,  სულ 28 მოქალაქე დააჯარიმეს სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27  პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. ... ...
  • ხარების სადღესასწაულო წირვა სამტრედიის საკათედრო ტაძარშიხარების დღესასწაული დღეს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღინიშნა. სამტრედიაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩაატარა ხონი-სამტრედიის ეპარქიის მმართველმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, მეუფე საბამ. მრევლი მიტროპოლიტის ლოცვასა და ქადაგებას ტაძრის ეზოში ისმენდა. ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას. ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...