ბრეჟნევის ფოტოდან მოკიდებული სიგარეტი

ა კიდო

ბრეჟნევის ფოტოდან მოკიდებული სიგარეტი

2018 ნოე 3 12:40:00

დღეს მოგონებებს შემოგთავაზებთ. იმედი მაქვს ქვემოთ მოყვანილი ისტორიები ადგილობრივი საპრეზიდენტო საარჩევნო პოლიტიკის შუქ-ჩრდილებს დროებით დაგავიწყებთ და ორშაბათის სამუშაო დღეს ხალისიანი განწყობით შეხვდებით.

ჩვენი პირველი სტუმარი მუსიკოსი გია ნიკოლაძე იქნება, რომელიც წინა საუკუნის 70-იან წლებში დაგვაბრუნებს.

„ერთ ჩემს ნაცნობ კომკავშირის ცეკას მდივანს ხშირად აკითხავდნენ სამსახურში მეგობრები. ერთ დღესაც მიაკითხა ძმაკაცმა. ცეკას მდივანმა მოუბოდიშა და უთხრა: ცოტა ხნით დაჯექი და დამელოდე, უცხოეთიდან სტუმრები მყავს, დაველაპარაკები და მერე ერთად წავიდეთ საქეიფოდო. მეგობარი კაბინეტში იქვე, კუთხეში დაჯდა, მაგიდისგან მოშორებით. სტუმრები შემოლაგდნენ, მიუსხდნენ მაგიდას და დაიწყეს საუბარი. გავიდა დრო, აღარა და აღარ დამთავრდა უცხოელი სტუმრების და კომკავშირის ცეკას მდივნის შეხვედრა-საუბარი. სტუმრად მისული მეგობარი დაიტანჯა, დაიღალა და იფიქრა, ახლა რამე თუ არ მოვიმოქმედე, ესენი დღეს არ დაიშლებიანო. ადგა, ამოიღო ჯიბიდან სიგარეტი, მიუახლოვდა ცეკას მდივანს და მოუბოდიშა, ასანთი მინდა და მომეციო. მას არ ჰქონდა ასანთი.

უცხოელმა სტუმრებმა ვერ გაიგეს, რა უნდოდა ამ კაცს და რას ეჩურჩულებოდა მათ მასპინძელს. უცებ, მასპინძლის ძმაკაცი მივიდა კედელთან, სადაც დიდ ჩარჩოში ჩასმული, ბრეჟნევის სურათი ეკიდა. ფოტოზე ბრეჟნევს ხელში მოკიდებული სიგარეტი ეჭირა. მიუახლოვდა ეს კაცი და ხმამაღლა უთხრა: თუ შეიძლება გადავუკიდებ სიგარეტსო. შეუმჩნევლად ამოიღო ჯიბიდან სანთებელა, მიადო სურათზე ბრეჟნევის სიგარეტს თავისი და ვითომ იქიდან გადაუკიდა. მაგარი ნაფაზი დაარტყა, გააბოლა და ხმამაღლა მადლობა გადაუხადა ლეონიდ ილიჩს დახმარებისთვის.

უცხოელი სტუმრები გაოგნდნენ, ვერ მიხვდნენ, რა მოხდა და როგორ გადაუკიდა სიგარეტს ამ კაცმა სურათიდან. გაშტერებულები უყურებდნენ ხან სურათს, ხან ამ კაცს. ყველაზე მეტად კი კომკავშირის ცეკას მდივანი გაოგნდა. ენა ისე ჩაუვარდა, შეხვედრა ვეღარ გააგრძელა და ოფიციალურ სტუმრებს მალევე დაემშვიდობა“.

შემდეგი მოგონებები კარგ თბილისელ კაცს, ქალაქის ერთ-ერთ კოლორიტს, ბატონ დათო აბესაძეს ეკუთვნის. ადრე, რუსთაველის გამზირზე მდებარე ლაღიძის წყლებთან ცნობილი „ბირჟა“ გახლდათ  და ბატონი დათოს პირველი ისტორია ამ ღირთშესანიშნავ ადგილთან არის დაკავშირებული.

„ადრე, თბილისში განსხვავებული ურთიერთობები იცოდნენ. უცნობი უცნობს უანგაროდაც ეხმარებოდა და ზედმეტს არავინ გაკადრებდა. თუ ვინმეს დახმარება დასჭირდებოდა, ისე დაეხმარებოდნენ, სახელსაც კი არ ჰკითხავდნენ. მოკლედ, თბილისს ეროვნება არ ჰქონდა, ის ყველასთვის ქართველი იყო, ქართული სულისა და გაგების.

რუსთაველზე, ლაღიძის წყლებთან, ერთ-ერთი ცნობილი ბირჟა იყო. გვიან საღამოს უამრავი წარმოსადეგი ახალგაზრდა იდგა იქ. ერთხელაც მიუახლოვდა მათ ულამაზესი, მოდურად ჩაცმული გოგონა და ბიჭებს უთხრა: სვანეთის უბანში მინდა წავიდე და გამაცილებთო?

ბიჭებმა თვალები ჭყიტეს, უთხრეს, რასაკვირველია გაგაცილებთო. ტაქსი გააჩერეს, ჩასვეს გოგონა, თავადაც ჩასხდნენ და წავიდნენ. მიიყვანეს ის უცნობი გოგონა სახლამდე, თავად უკან დაბრუნდნენ და ისევ ბირჟაზე დადგნენ.

გავიდა ორი დღე, საღამოა, ისევ ლაღიძის წყლებთან „ბირჟაობენ“, გაიხედეს, ეს გოგონა მოდის და თან გვერდით მოჰყვება სიმპათიური ბიჭი. მიუახლოვდნენ. ბიჭმა ჰკითხა გოგოს: ესენი იყვნენო? იმანაც უპასუხა, კი ესენი იყვნენო. ბირჟაზე მდგომი ბიჭები აიფოფრნენ, იფიქრეს შარზეა ეს ტიპი, ჩვენ ამ გოგოს პატივი ვეცით, გვიან ტაქსით სახლამდე მივაცილეთ და ეს საქმის გასარჩევად თუ მოვიდა, თავ-ყბას გავუერთიანებთო.

მოკლედ, მიუახლოვდა ეს უცხო ტიპი „ბირჟავიკებს“, ხელი ჩამოართვა და უთხრა: მე და ეს გოგონა ერთად ვიყავით რესტორანში, არასასიამოვნო ამბავში გავეხვიე, იარაღი მქონდა და ამაზე რომ არ მოედოთ შარი, ამ გოგოს ჩავუდე ჩანთაში და ვთხოვე, ლაღიძის წყლების წინ რომ ბირჟაა, იქ მიდი, ბიჭებს სთხოვე, სახლამდე გაცილება, ვიცი, უარს არ გეტყვიან და მეც წყნარად ვიქნები-მეთქი.

რა თქმა უნდა, ბიჭებმა ძმად მიიღეს ეს ტიპი, რესტორანშიც დაპატიჟეს და ახალი მეგობრის შეძენაც აღნიშნეს. თითქოს არაფერი, მაგრამ აბა, დაფიქრდით, რამხელა კაცობა და ქალაქელობაა ჩადებული, ისეთი, რასაც სხვაგან ვერ შეხვდებით და ვერ ეზიარებით. მაშინ უცხოსაც კი თვალდახუჭული ენდობოდნენ. ეს რომ შეგეძლოს, ნამდვილი თბილისელი უნდა იყო, სულით თბილისელი. აი, ასეთი ურთიერთობები იყო ადრე და თუ მსგავს ძველ ისტორიებს შეკრიბავს ვინმე ღვთისნიერი და ფილმსაც გადაიღებს, მერწმუნეთ, იქ ბევრი ჩემი ასაკის ადამიანი საკუთარ თბილისელობას და კაცურ საქციელს ამოიცნობს“.

ბატონი დათო აბესაძე ნოდარ დუმბაძესაც გაიხსენებს.

„ერთ ცნობილ თბილისურ ოჯახში სუფრა გაიშალა. ნოდარ დუმბაძეც იყო მიპატიჟებული. დიასახლისი ფაციფუცობს, თან უნდა ისიც მოისმინოს, რას ამბობენ სუფრასთან, თან რაღაცეები უნდა შემოამატოს სუფრას. ერთი სიტყვით, ადგა გავიდა, უნდა შემოიტანოს რაღაც, სუფრასთან. ვიღაცამ საინტერესო ამბის მოყოლა დაიწყო და დიასახლისი კარებში შეჩერდა მოსასმენად.

ადრე, ბატი-ბუტი რომ ეყიდათ ბავშვებს, ცარიელ ბოთლებს აბარებდნენ, მერე ელოდებოდნენ როდის ჩამოივლიდა ბატი-ბუტის გამყიდველი, ზურგზე მოგდებული ტომრით და ამ აღებული ფულით ყიდულობდნენ მას. ნოდარმა გადახედა სუფრას. ბევრი ცარიელი ბოთლი იდგა. მიუბრუნდა დიასახლისს და უთხრა: ახლა სანამ ბატი-ბუტის გამყიდველი არ ჩამოივლის, ამ ბოთლებს არ გაიტანთ აქედანო“.

თბილისურ თემას მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გააგრძელებს.

„ძველ უბანში, კერძოდ, ვერცხლის ქუჩაზე გავიზარდე. ახლაც მახსოვს ის ურთიერთობები, რომელიც ნაღდ თბილისურ, ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოებს“ ახასიათებდა.

ტრადიციას არავინ არღვევდა, ჩვეული იუმორითა და კოლორიტულობით გამოირჩეოდა უფროსი თაობა. მაშინაც დარბოდა ქუჩაში მილიცია, იცავდა წესრიგს. ახალგაზრდები კი, ხომ იცით, რასაც უშლიან, იმას აკეთებენ და, იყო ერთი გაწევ-გამოწევა.

ერთხელ, ბიჭები ცოტა ნასვამები ვიყავით. ერთ თათარს საზამთრო მოვპარეთ ქუჩაში. დაგვინახა მილიციელმა და გამოგვეკიდა. არადა, ფორმა არ ეცვა. რომ დაგვეწია გინებ-გინებით, მივუბრუნდით და მაგრად ვცემეთ. დაგვიჭირეს, სახეზე „პროწივოგაზები“ ჩამოგვაცვეს, ფეხებში გვირტყამდნენ და თან გვეუბნებოდნენ, ქურდებს შეაგინეთო. რატომ შევაგინებდით? ჩვენ ჩვენი თავმოყვარეობაც გვქონდა – თუ არაფერს დაგიშავებს კაცი, რატომ უნდა აგინო?! „შევჯექით ჯორზე“ და არ შევაგინეთ.

მაშინ თბილისში მართლაც იყვნენ ავტორიტეტული ქურდები, მათ სიტყვას და ქცევას პატივს სცემდნენ. გვირტყეს და გვირტყეს, მაგრამ, არ შევაგინეთ. გავიდა დრო, ის ნაცემი მილიციელი მერე სუფრასთან გავიცანი. ერთად დავლიეთ, დავმეგობრდით და ის ცემაც ასე ხახვივით შეგვრჩა ბიჭებს. გავიდა წლები და გავიგე, საწყალი, აფხაზეთის ომში დაღუპულა. დამწყდა გული, მაგრამ ჩემს საქციელს უკან ვეღარ წავიღებდი“.

ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი დათო როსტომაშვილი იქნება.

„მამუკა მესხს, ქართველ ლუჩანოს ეძახიან თბილისში. კარგადაც მღერის და თან მაგარი მსმელი კაცია. ახალი გაცნობილი მეგობარი ახლდა თან. დალიეს და საჭესთან ის დასვა, სახლამდე მიმიყვანე, პრობლემები არ მინდა პოლიციასთანო.

მამუკა კანდელაკის ქუჩაზე ცხოვრობს და სახლის ფანჯრები ქუჩისკენაა. რომ მიუახლოვდნენ, გაიხედა და სახლზე, გარედან, დიდი პლაკატია გამოკრული, ზედ ულამაზესი, ქერა, ნახევრადშიშველი, დაცემა „ნაშოჩკაა“ გამოსახული და სუნამო უჭირავს ხელში. მოკლედ, ახალ სუნამოს უკეთებს რეკლამას. მამუკამ გააჩერებინა მანქანა მეგობარს და უთხრა, ნახე, გუშინ ჩემი ცოლის დაბადების დღე იყო, სიურპრიზი გავუკეთე და მისი სურათი გამოვფინე, ხომ ლამაზია, ეს სუნამო წინასწარ ვუყიდე და დიდი, ლამაზი თაიგულიც მივართვიო. ისე დამაჯერებლად საუბრობდა, იმანაც დაიჯერა.

მეორე დღეს, დამირეკა და მითხრა, ბიჭო, რამხელას ნიშნავს კაცს სიმღერა რომ გეხერხება. ეტყობა, მამუკა კარგად რომ მღერის, იმიტომ გამოყვა ის ქალი, თორემ მაგის გვერდით იცხოვრებდაო“.

დღევანდელ მოგონებს მსახიობი მამუკა ლორია დაასრულებს.

„ერთ დღეს, ერთ „გაიშნიკს“ სახლში დაურეკეს, ავლაბარში ავარია მოხდა, „ჩეპეა“ და სასწრაფოდ გამოცხადდითო. ადგა, ჩაიცვა და მივიდა ავარიის ადგილას. გაიხედა, ვიღაც რაჭველი დგას და თავიდან სისხლი სდის. „გაიშნიკმა“ იკითხა, ვინ არის დაზარალებულიო. გასისხლიანებულმა კაცმა უთხრა: მე ვარ დაზარალებული, ავარიაში მოვყევიო. „გაიშნიკი“ ჩაეძია, მომიყევით ავარიის დეტალებიო და რაჭველმაც დაიწყო:

„პარადზე“ გამოსასვლელად ტანკების კოლონა მიდიოდა, დამაინტერესა, ქვე შენი ჭირიმე და რომ გაიარა ერთმა ტანკმა, კარგად რომ დამენახა, თავი წინ გავწიე, თურმე უკანა ტანკს ლულა არ ჰქონია წინ! ჰოდა, ის მომხვდა თავში, ავარია იყო, მა რა იყო, თავი გამიტყდა და დაზარალებული ვარო.

გადაირია „გაიშნიკი“ და უყვირა: დაზარალებული კი არა დებილი ხარ, ამხელა ტანკს რომ ლულა ექნებოდა წინ, ის ვერ დაინახე? სად ჰყოფდი მაგ გასიებულ თავს, „ხამივით“ რომ იქცევი, რა ტანკი არ გინახავსო?!“




 ახალი ამბები
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • "უპირველესი ამოცანა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა”_დავითაშვილი„გურიასა და ხაშურში ფუნქციონირება დაიწყო მობილურმა ბაზრებმა. მოვუწოდებდი ყველა ახალი ინიციატივის ავტორს, რომ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მედიკოსებთან, გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის უწყების მოთხოვნები. ჩვენ შეიძლება კომერციულად მისაღები ინიციატივები გვქონდეს, მაგრამ ეს არ იყოს თავსებადი  ჯანდაცვის რეკომენდაციებთან. ჩვენი უპირველესი ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ რეკომენდაციებთან თანხვედრაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ამიტომ, ძალიან კარგია, როცა ჩვენ მედიაციას ვახდენთ სავაჭრო ჯაჭვის სხვადასხვა რგოლს შორის, ეს იქნება ფერმერები, მწარმოებლები, საბითუმო შემსყიდველი თუ მომხმარებელი, მაგრამ მნიშვნელოვანია  რომ ეს მოხდეს ღია სივრცეებში, მოხდეს ისე, რომ მინიმალური იყოს კონტაქტი, იყოს სოციალური დისტანცირება, იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური წესები დაცული.  პირბადეები უნდა იყოს გამოყენებული და ეს არის სავალდებულო პირობა, მათ შორის, ასეთი ტიპის სავაჭრო სივრცეების ფუნქციონირებისას, ეს არის         უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზებული პლატფორმები ითვალისწინებდეს მედიკოსების რეკომენდაციებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან ... ...
  • დავითაშვილი: "ბიზნესი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს მოსახლეობის პროდუქციით უზრუნველყოფას”„დღეის მდგომარეობით, პირველადი საჭიროების და მნიშვნელობის სასურსათო პროდუქტების  კომპენსირება გადაწყდა მთავრობის მიერ. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ვახორციელებთ ფასების დეტალურ მონიტორინგს. ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები და მომთხოვნები ბიზნესსექტორთან; ამის უფლება გვაქვს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ამ მდგომარეობაში ყველამ საგანგებოდ უნდა ვიმუშაოთ.  მე მაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ფაქტობრივად, ყველა რგოლთან, ძალიან ბევრ ბიზნესსუბიექტთან და ვიცი მათი განწყობები. ხშირ შემთხვევაში, ისინი ძალიან სოლიდარულები არიან. ამ მოცემულობაში ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხაზგასმით აღვნიშნავ, ერთი მხრივ, თუ იქნება დარღვევები, მთავრობის დადგენილებაში გაწერილია სანქციები  - ძალიან დიდი ჯარიმები კომპანიებისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და, მეორე მხრივ, პროგრამებში მონაწილეობა არის კომპანიების ბიზნესუპირატესობაც. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც  ბიზნესი თავისი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს საზოგადოების ინტერესების დაცვას და მათი აუცილებელი პროდუქციით უზრუნველყოფას. მოვუწოდებ კომპანიებს, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში. გარკვეული დრო დასჭირდათ კომპანიებს პროგრამის პირობების და მოთხოვნების გასააზრებლად, საჭირო იყო პროცედურების გავლა. ბოლო მონაცემებით, 16-ზე მეტი კომპანია აფორმებს ხელშეკრულებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს. ამავდროულად, პროგრამა გულისხმობს ვალდებულებებს, რომ კომპანიებმა პროდუქციის ფასი არ გაზარდონ. ამ კვირის  განმავლობაში ზეთის, მაკარონის, ფქვილის ბევრი იმპორტიორი უკვე ჩაერთვება პროგრამაში და, შესაბამისად, თუ იყო ფასებთან დაკავშირებით გარკვეული რყევები და რაზეც მოსახლეობას ჰქონდა მყისიერი რეაქცია, ჩვენს ცხელ ხაზზე მუდმივად შემოდის ინფორმაცია, ეს ყველაფერი დარეგულირდება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...