გაკვირვებული დანიელი ოფიცერი

ა კიდო

გაკვირვებული დანიელი ოფიცერი

2018 აგვ 25 11:15:41

უეფას მედია-ოფიცერ მამუკა კვარაცხელიას მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. უკვე რამდენიმე ათეული წელია მამუკა სპორტულ ჟურნალისტიკაში აქტიურად მოღვაწეობს და არაერთ ქართულ გამოცემასთან თანამშრომლობს.

ცოტახნის წინ მამუკა ქუჩაში შემხვდა. რასაკვირველია ხელსაყრელი შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და ჩვენი  მკითხველებისთვის რამდენიმე მოგონების გახსენება ვთხოვე. უარი არ უთქვამს, მაგრამ ერთი წინადადებით კი მომმართა: - ყველამ იცის, რომ ძირითადად, ქართულ ფეხბურთში ვტრიალებ. კი, შემიძლია არაერთი საინტერესო ისტორია მოგიყვე, მაგრამ მოდი, ტრადიცია დავარღვიოთ და არასაფეხბურთო მოგონებებს შემოგთავაზებ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თავის დროზე, აფხაზეთში ომის მიმდინარეობისას მამუკა სოხუმში არაერთხელ იმყოფებოდა და იქ დატრიალებული მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. „აფხაზეთის ტკივილი დღემდე გულიდან ვერ მომიშორებია. ნება მომეცი წარსულს კიდევ ერთხელ დავუბრუნდე და იმდროინდელი ჩემი განცდები და მოგონებები შემოგთავაზო. რაც შეეხება ფეხბურთს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ“ - მითხრა მამუკამ და რასაკვირველია დავეთანხმე.

ქვემოთ ბატონი მამუკა კვარაცხელიას რამდენიმე მოგონებას შემოგთავაზებთ

გაკვირვებული მაიორი

ბავშვობიდან დანიისა და მისი ფეხბურთის მოყვარული გახლავართ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეტი შანსი გამიჩნდა ეს საოცნებო ქვეყანა მენახა. ჩემით დავიწყე დანიური ენის სწავლა, შევაგროვე ფაქტიურად  ყველაფერი რაც ამ ქვეყანასა და მის ფეხბურთს ეხებოდა, მაგრამ აფხაზეთის ომი დაიწყო.

1993 წელს სექტემბერში, მაშინ გაზეთ „სარბიელისა“ და „ახალგაზრდა ივერიელის“ თანამშრომელი,  სოხუმში ჩავედი და გუნდებისა და ფეხბურთელების მოძიებასა და მათზე სტატიების წერას შევუდექი.

სოხუმის „ცხუმის“ ერთ-ერთი ფეხბურთელი, გვარად კოხია, საკუთარ ბიძაშვილს ეძებდა, რომელიც აფხაზებს ტყვედ ყავდათ. გულმა არ მომითმინა და გუმისთის ხიდთან გავყევი. სამი ქართველი მებრძოლი იცავდა გუმისთის ხიდს, მათ შორის ერთ ერთი, ვახო სვანიძე, აფხაზებს დაუკავშირდა და კოხიას ბიძაშვილზე ამბის მოძიებას შეუდგა. გულმა არ მომითმინა და ვახოს ვთხოვე - სთხოვე აფხაზებს, ჟურნალისტია, გადმოვა თქვენს მხარეს და დაგელაპარაკებათ-თქო. კარგიო - აფხაზებმა, გადმოვიდეს, ოღონდაც იარაღი მანდ დატოვეთო.

მოვიკრიბე გამბედაობა და ამოვედი სანგრიდან. ვახო უკან გამომყვა - შეურაცხყოფა არ მოგაყენონო. გადავედი ხიდზე და 7 კბილებამდე შეიარაღებულ აფხაზ მეომართან პირისპირ აღმოვჩნდით! ორი საათი ვესაუბრე, ერთადერთხელ შეიგინეს - შევადნაძის ასე და ისეო... შევარდნაძეზე მეც ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ მაშინ ეს გინება ჩემს თავზე ავიღე და არძინბას არ დავუტოვე შეუგინებელი არავინ!

მეგონა, იარაღს იშიშვლებდნენ, მაგრამ კარგა ხნის პაუზის შემდეგ თქვეს, ვაჟკაცი ყოფილხარო და ერთად ვაგინეთ ომის წამომწყებლებს. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე,  ერთი 17 წლის ბიჭთან, აფხაზების მხარეზე მეომარ გაგრელ სომეხ არტურთან გადავიღე. დავემშვიდობე და წამოვედით მე და ვახო. ხიდი ასე 30 მეტრამდე იქნება, მაგრამ როცა ნელა მოდიხარ და ავტომატების ლულები შენსკენ არიან მოშვერილი - რატომ კილომეტრამდე არ იწელება... შუა ხიდამდე მივედი, ყველაზე კრიტიკული ადგილია, კარგად ჩანხარ და შენს ჩამოღებას არაფერი უნდა. უცებ:

- კი მაგრამ სურათს როგორ გამომიგზავნი? - დამეწია არტურის დაძახილი მეორე ნაპირიდან..

შიში ვიგრძენი, ერთი არასწორი პასუხი და შესაძლოა ვიღაცას სასხლეტისთვის გამოეკრა ხელი. ნაბიჯს ავუჩქარე, ათიოდე მეტრიც და სამშვიდობოს ვარ.... არადა, პასუხის გაცემა მინდა, კბილებით ვიკავებ სიტყვებს. სიჩუმე მარცხვენს... რაც ძალი და ღონე მქონდა დავიღრიალე, ოღონდაც არ გავჩერებულვარ და  თავი მივაბრუნე ოდნავ:

- გაგრაში ალალი ბიძა მყავს და იმას გამოვატან! და სანგარში ჩავხტით.

იქიდან კარგა ხანი პაუზაა. ეტყობა პასუხის გაცემას ფიქრობენ. ცოტა ხნის მერე დამეწია არტურის შეძახილი:

- ა გაგრე დაჟე ი ნე დუმაი!

ხიფათმა გადაიარა, სოხუმისკენ გამოვწიეთ. ჩვენგან მარჯვნივ, კარგა მოშორებით, რაღაცა აფეთქდა. ბიჭები ყურადღებას არ აქცევენ, მეც ვცდილობ შიში ვძლიო და ღიმილით ვუყურებ შავ კვამლს. უცებ დიდი თეთრი ჯიპი გამოჩნდა - გაეროს მანქანაა. ამოვისუნთქე. ვეღარავინ გვესვრის. ჯიპიდან ორი ტანმაღალი ოფიცერი გადმოვიდა. ერთს მარჯვენა მკლავზე შვედეთის დროშა აქვს ამოქარგული, მეორეს - დანიისა. მივუახლოვდი და დანიურად ვეკითხები:

- უკაცრავად ბატონო, თქვენ დანიელი მაიორი სოლბიუ ხომ არ ხართ?

მაიორს ყბა ჩამოუვარდა. წარმოგიდგენიათ, აფრიკაში რომ ჩახვიდეთ, ჰოტენტოტებისა და ბანტუს ტომების ომში და ვიღაცა ბანტუელმა (ან ჰოტენტოტმა) ქართულად რომ გკითხოთ:

- კაცო, შენ გიორგი არ ხარ გაჩეჩილაძე?

საქმე კი იმაში იყო, რომ გაგონილი მქონდა, დანიელები გაეროს მისიაში აქტიურად მონაწილეობენ და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მაიორო სოლბიუაო...

მას მერე მაიორ სოლბიუ აღარ მინახავს, ის კი გავიგე მის შესახებ, რომ, ისე შეჰყვარებია საქართველო და ქართველები, ცოლად ქართველი გოგონა მოუყვანია და თბილისში დაფუძნებულა.

ვახო სვანიძე კი მოგვიანებით აფხაზებმა, როცა მოღალატურად დაარღვიეს ხელშეკრულება, ტყვედ ჩაიგდეს. სასიკვდილოდ გამზადებული, პაატა ზაქარეიშვილის დიდი მეცადინეობით დაიხსნეს ტყვეობიდან. უბინაო და სხვისი ნათხოვარი ტანსაცმლით, შემთხვევით თბილისში აღმოვაჩინე, ჩემს სახლში წავიყვანე და დარჩენა შევთავაზე. იუარა, მე საქართველოში აღარავის ვჭირდები და რუსეთში უნდა წავიდეო. მისი კვალიც დავკარგე.

პაჭკორიებთან თუ კვარაცხელიებთან?

აფხაზეთის ომამდე და ომის დროსაც ხშირად ჩავდიოდი სოხუმში და თუ საშუალება მომეცემოდა, სხვა ქალაქებშიც შევივლიდი-ხოლმე. ერთხელაც სოხუმში მოვხვდი და თენგიზ პაჭკორია გავიცანი. თენგიზმა, როგორც ნაღდ ქართველს სჩვევია, სახლში მომიპატიჟა. არადა, გულრიფშში მელოდა ჩემი მოგვარე, პოლკოვნიკი შოთა კვარაცხელია, რომელსაც დავპირდი რომ ჩავაკითხავდი. თენგოს ვუთხარი, რომ გულრიფშში ჩავალ, მოვინახულებ მეომრებს და ხვალ გესტუმრები-მეთქი. თენგიზი ადრე გაიქცა სახლში, ოჯახს უთხრა - სტუმარი მეყოლებაო და სამზადისს შეუდგა. დაკლეს ქათმები და გოჭი. მამამისი, ცხონებული ბოჩია პაჭკორია დიდებული ადამიანი იყო, ფეხბურთის ფანატიკოსი და 1964 წელს ტაშკენტში თბილისელებს ჩააკითხა ოქროს მატჩისას და ტრიბუნებიდან ქომაგობდა „დინამოს“. იმდენად კეთილი კაცი იყო, ვიღაც უზბეკი გაუცვნია და როცა ტაშკენტი მიწისძვრამ დაანგრი - იმ უზბეკს ფულს უგზავნიდა ოჯახის სარჩენად!!! აი, ასეთი დიდებული ადამიანი შლიდა სუფრას ჩემს საპატივცემულოდ და გულრიფშში ერთი სული მქონდა, შოთა კვარაცხელიას როდის ვნახავდი და სოხუმისკენ გამოვწევდი პაჭკორიებისას.

პოლკოვნიკის მოსაცდელში ბევრი ხალხი ირეოდა, მოდიოდა და მოდიოდა შეიარაღებული ქართველობა, ჩურჩულით ამბობდნენ - დღეს დესანტი უნდა გადმოსხანო. ბოლოს, ბატონმა შოთამ მოიცალა და ჩამეხუტა, მომიკითხა როგორ ხარო და მითხრა - ჩვენს რაზმში 4 კვარაცხელია მყავს, წამოდი გაგაცნობო!

კვარაცხელიების კვარტეტი მომავალი ბრძოლებისთვის იარაღს ამზადებდა. დავადექით თავზე. გაიხარეს ძალიან და მითხრეს, ერთი ზედმეტი ავტომატი გვაქვს და შენზე უკეთესს ვის ვაჩუქებთო! საღამომ მოაწია და წასვლა დავაპირე სოხუმში. პოლკოვნიკმა სთხოვა კვარაცხელიებს - ეს კაცი მშვიდობიანად გაუშვით აქედანო და ვიღაცას დაურეკა - პირადად ჩაიყვან სოხუმშიო. მივდივართ პლაჟზე და ფეხები უკან მრჩება - როგორია, შენი სისხლი და ხორცი ამაღამ დესანტის გადმოსხმას ელოდება, ავტომატს გჩუქნიან, შენ კი სოხუმში საქეიფოდ მიდიხარ...

ამ დროს ვიღაცა გამოჩნდა და ბიჭებს მეგრულად ჩასჩურჩულა, დესანტი შევნიშნეთ და ამაღამ საბრძოლველად მოემზადეთო.

- აღარ მივდივარ!! ვთქვი გადაჭრით - სადაც თქვენ, იქაც მე - მიმიყვანეთ შოთასთან!

- შევატყვე, გაუხარდათ ბიჭებს და უკან მოვტრიალდით. ის ღამე მე და ბატონმა შოთამ ფაქტიურად ძილღვიძილში გავათიეთ. დიდი არაფერი, პატარა შეტევაც მოიგერია ჩვენმა რაზმმა და მეორე დილას ამაყად თავაწეული დავდიოდი კვარაცხელიებში.

პაჭკორიების ოჯახი კი დიდხანს მელოდა, ბატონი ბოჩია იმაზე ნერვიულობდა - სტუმარს ხომ არაფერი შეემთხვაო. ვეღარ მივედი პაჭკორიებთან, მერე კი რუსეთის არმიის მაიორმა კოვალენკომ თვითმფრინავიდან უზარმაზარი მუხტის იარაღით დაბომბა თენგიზის სახლი, რომელიც ნანგრევებად იქცა. ჭურვს ბატონი ბოჩია შეეწირა, თენგიზი და მისი დედა კი ნანგრევებიდან მეზობლებმა ამოიყვანეს და ძლივს გადაარჩინეს...

შოთა კვარაცხელიამ კი ბოლომდე იომა, ძლივს გადაურჩა ტყვეობას და სიკვდილს, მერე კი როგორც ბევრი პატრიოტი ქართველი, ჯარს მოაცილეს, საქმეები შეუთითხნეს და გასაქცევად გაუხადეს საქმე. ახლა რუსეთში ცხოვრობს ეს ვაჟკაცი მეომარი, დანარჩენი კვარაცხელიებისა კი ვეღარაფერი გავიგე...

სილასის ბიბლია

რუსებმა და აფხაზებმა ომით რომ ვერას გახდნენ და 1993 წლის მარტსა და ივნისში გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს აფხაზეთში, ჭკუა იხმარეს და შევარდნაძე მოატყუეს - შევრიგდეთ და ჯარი დავაშორიშოროთო! ერთი სული ჰქონდათ, ქართული არტილერია როდის მოსცილდებოდა სოხუმის ფრონტს, რადგან ჩვენები ჭურვს ჭურვში აჯენდნენ და ისეთი ზიანი მიაყენეს მტერს, გვამების გატანას ვეღარ აუდიოდნენ.

დაიწყეს ჩვენებმა არტილერიისა და ტანკების გაყვანა, აფხაზებმა კი ტექნიკის სოფლებში დამალვა. ჩვენ ქართული გულარხეინობით სწავლა დავიწყეთ სოხუმში და ეროვნული ჩემპიონატიც განახლდა.

სოხუმის „ცხუმი“ ერთ-ერთ სამხედრო სასტუმროში დაბინავდა და გალის „მზიურს“ ეთამაშა კიდეც გალში. სოხუმელთაგან გოლი მამუკა რუსიამ გაიტანა, რომელიც პარალელურად სოხუმის დამცველთა ბატალიონში იყო. „ცხუმის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ კაკულიამ გუნდის მწვრთნელ ნიკა ამირეჯიბთან ერთად  მომაწყო სასტუმროში, საიდანაც აფხაზთა სოფლები ხელისგულივით ჩანდა. ყოველი დაძინების წინ ბატონი ნიკა ერთ პატარა წიგნს, პორტუგალიურად დაბეჭდილ ბიბლიას ამოიღებდა, ხელს გადაუსვამდა და საწოლთან დაიდებდა. როცა ვკითხე, მიპასუხა - 1985 წელს ბრაზილიის ნაკრები რომ იყო ჩამოსული, იმათმა ნახევარმცველმა, სილასმა მაჩუქა და თვალისჩინივით ვუფრთხილდებიო.

„დინამოს“ განმეორებითი მატჩი ლინფილდთან ერთად ვნახეთ ჩვენს ოთახში და რაკიღა „დინამომ“ ფრედ 1:1 ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, გახარებულებმა თითო ჭიქა შევსვით და მე ეზოში გამოვედი.

არ დამიჯერებთ და მთელი სოხუმი განათებული იყო! აფხაზთა პოზიციებს გადავხედე და ელდა მეცა - ყველა სახლში ბჟუტავდა სინათლე - აფხაზებიც უყურებდნენ „დინამოს“ განმეორებით მატჩს!

განსაკუთრებით დავუმეგობრდი გუნდის ექიმს იურა ხაბურზანიას,  მეორე მწვრთნელ ირაკლი ქოიავასა და გუნდის უფროსს კაკული პაპავას. ხშირად დავდიოდი სოხუმის სტადიონზე, რომელზეც ცნობილი მსახიობი დიმა  ჯაიანი მიტინგებს ატარებდა და შევარდნაძის ხელისუფლებას მიტოვებული სოხუმის უკეთ დაცვას სთხოვდა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი - ვითომდა ჰუმანიტარული მისიით, აფხაზები ტანკებითა და ბეტეერებით რომ მიდიოდნენ ტყვარჩელში. როცა ვიკითხე, მითხრეს - ფქვილი და ბრინჯი ააქვთო! კი მაგრამ ფქვილს და ბრინჯს ჩვეულებრივი მანქანებით ვერ აიტანენ-მეთქი? ვერავინ მიპასუხა. ეს კი მითხრეს, რა ვქნათ, თბილისიდან მოდის ბრძანება გაუშვითო!!!! მახსოვს ერთი მაიორი აქტიურობდა ძალიან, არ ეპუებოდა თბილისიდან ბრძანებაა, არ უშვებდა ტექნიკას, იარაღით ემუქრებოდა მტერს. მურად ანჯაფარიძე იყო...

მეორე დღეს ჩემს ნათესავებთან წავედი აჩადარაში, ბებიაჩემის მხრიდან სამი ძმა - ჟორა, გურამი და გონერი ბერიები არ ტოვებდნენ სახლს, მეტიც ბიცოლაჩემს ძროხაც კი დაჰყავდა საძოვრად გუმისთის ჭალებში ხოხვით, რომელსაც ერთმა ტყვიამ კუდიც კი მოსწყვიტა. გავაფრთხილე ჩემები, აფხაზები შეტევას აპირებენ და ფრთხილად იყავით, იქნება თბილისში ჩემთან წამოხვიდეთ-მეთქი. მახსოვს იგივე ვუთხარი მამუკა რუსიას, რომელმაც მერე მითხრა - სულ შენი სიტყვები მედგა თვალწინ და შესაბამის პოზიციას ვირჩევდი, მტრის ტყვიებს რომ გადავრჩენოდიო...

ხშირად ვხვდებოდი სოხუმის მერსა და „ცხუმის“ პრეზიდენტს გურამ გაბისკირიას, რომელიც სტადიონს აკეთებდა - ბასა ღოღობერიძის სახელი უნდა დავარქვაო. სულ ფეხით დაიარებოდა სოხუმში და მეუბნებოდა - შეხედე, ეს კაცი აფხაზია და რუსები რომ წერენ, განა ვინმე რამეს უშავებსო? იგი თბილისის მერიას სთხოვდა - სწავლა დაიწყო სკოლებსა და სოხუმის უნივერსიტეტში და იქნება დედაქალაქიდან რამდენიმე ძველი ტროლეიბუსი მოგვაშველოთო...

16 სექტემბერს თბილისში წამოვედი და გაბისკირიას დავპირდი - მერიას აუცილებლად მივაწვდი ხმას - ტროლეიბუსების საკითხზე - მეთქი. ბატონმა გურამმა თავის მძღოლს სთხოვა - აეროპორტში გაიყვანეო. სურათი გადავუღე კაბინეტში, ბოლო კადრი აღმოჩნდა და ლენტიც გათავდა(მაშინ ციფრული აპარატები არ იყო).

17 სექტემბერს რუსებმა და აფხაზებმა შეტევა დაიწყეს - ერთ-ერთი პირველი ბომბი ჩემი და ბატონი ნიკას ოთახს მოხვდა, ნიკა ამირეჯიბი ვარჯიშზე იყო გუნდთან და გადარჩა, სილასის ბიბლია კი ოთახში დარჩა და სასიკვდილო დარტყმა მან აიღო თავის თავზე. იურა ხაბურზანია პირველივე ბრძოლაში დაიღუპა - დედის გამოსახსნელად უნდა ჩასულიყო აჩადარაში და სანგრიდან გამოვიდა თუ არა, მტრის ტყვია მოხვდა. მამუკა რუსია ბოლომდე იბრძოდა, სულ რამდენიმე კაცი გადარჩა მისი ბატალიონიდან. ახლა თბილისშია და „გაგრის“ დუბლშემადგენლობას ავარჯიშებს. მურად ანჯაფარიძე ახლა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ჩემმა ნათესავებმა დიდი წვალებით სვანეთის გავლით ჩამოაღწიეს თბილისში, ჟორა ბიძიამ კი არ მიატოვა სახლი და სომეხმა მეზობლებმა დახვრიტეს და დაწვეს ეზოში... ირაკლი ქოიავა ქუჩაში დაცხრილეს, კაკული პაპავას კი სახლში შეუვარდნენ, ავტომატი გადაატარეს და მეორე დღეს, როცა ჭრილობებს ვეღარ იხვევდა და სისხლისგან იცლებოდა, მისი გაზრდილი, აფხაზი ფეხბურთელი რაფიელ ამპარი დაადგა თავზე:

- ეს რა მოგსვლია კაკული მასწ, ჩვენი ცოდვა მიეცეს, ვინც ეს ომი დაიწყოო... ჭრილობები შეუხვევია, ზურგზე აუკიდებია ამხელა კაცი, და სამშვიდობოს გაუყვანია...

გურამ გაბისკირია ბოლომდე იბრძოდა ჟიული შარტავასთან ერთად, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ დაქირავებულმა არაკაცმა სოხუმის ცენტრში კონდახი ჩაარტყა სახეში - დაიჩოქეო...

- ნიკაგდა ვ ჟიზნი!! - ბოღმით მიანათა თვალები გაბისკირიამ... ორიოდ საათში დახვრიტეს...

ძალიან განვიცადე სოხუმის დაცემა, როდის-როდის გამახსენდა ჩემი ფოტოაპარატი, გავამჟღავნე ფირი და ელდა მეცა - გურამ გაბისკირია სულ ბოლო, 36-ე კადრზე მოხვდა, ნახევარი სახე თეთრი ჰქონდა, ნახევარი - შავი...




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...