„პოლიტიკური ნათლობა“
ბატონი ვალერი გელაშვილი დიდ პოლიტიკაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს შემდეგნაირად იხსენებდა.
„ჩემი პოლიტიკაში მოხვედრა ყოფილი უშიშროების მინისტრის - ვახტანგ ქუთათელაძის „დამსახურებაა“. პოლიტიკოსობაც იმიტომ მომინდა, რომ მისნაირი ჩინოვნიკებისთვის საკადრისი პასუხი გამეცა.
საქართველოში ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე. პირველი, რაც გავაკეთე, სამეგობროსთან ერთად სურამში ეკლესია ავაგე. მაშინ ერთმა ხუმრობით მითხრა:
- ვალერი, ერთ წელიწადში არჩევნებია და იქნებ კენჭი გეყარა.
- რა პრობლემაა? - დამიჯდა ჭკუაში.
სხვები მიხვდნენ, სერიოზულად რომ დავინტერესდი და გამაფრთხილეს:
- თუ არჩევნებში მონაწილეობას მართლა აპირებ, ჯერ ხმამაღლა ნუ იტყვი, საქართველო ლიტვა არ გეგონოს.
განვაცხადე თუ არა საჯაროდ - პარლამენტარობას ვაპირებ - მეთქი, დიდი ზეწოლა წამოვიდა ზემოდან! ჩემი ფინანსური განადგურება გადაწყვიტეს, მაგრამ ვინ დარჩა მოგებული, კარგად გამოჩნდა. ვახტანგ ქუთათელაძემ პირდაპირ სისხლი გამიშრო. ლიტვის უშიშროების მინისტრი ყოფილი მასწავლებელია. ესეც ხომ უშიშროების მინისტრია და ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე:
- ქუთათელაძე საიდანაც მოვიდა, ისევ იქ წავა და სკოლის მასწავლებლობას დაუბრუნდება.
ორ დღეში დამიკავშირდა და მისაყვედურა:
- ამხელა ტყუილი რამ გათქმევინა, მე არასოდეს ვყოფილვარ სკოლის მასწავლებელი.
- აუჰ, ეს როგორ შემეშალა, - დავდარდიანდი, - არ ინერვიულო, ხვალვე მივცემ სხვა ინტერვიუს და შეცდომას გამოვასწორებ.
- მართლა? - დაუტკბა ხმა, - მაინც რას იტყვი?
- რას და - ქუთათელაძე ისევ იქ წავა, საიდანაც მოვიდა, რადგან დაცვიდან მოვიდა, წავა და ერთ-ერთ რესტორნის კართან დადგება - მეთქი.
ყურმილი გაუვარდა ხელიდან!...“