"მცემეთ, მაგრამ მომისმინეთ!"
რამდენიმე წლის წინ, გაზეთ "ასავალ დასავალმა" დაბეჭდა ნოდარ კობერიძის წერილი: "რატომ არ უნდა ველოდოთ, გოდოს". შესაძლოა, წერილის სათაური ზუსტად არ მახსოვდეს, მაგრამ შინაარსი ეხებოდა ურჩხულთან მებრძოლს. რომელმაც ბრძოლის პროცესში თავად დაიკავა ურჩხულის ადგილი.
"...წახდები, წახდება მამული, _ ტყვეობა რომ არა ზნეობის" _ წერდა ბატონი მუხრან მაჭავარიანი. ვინმესთვის საიდუმლო ხომ არ არის ის, რომ ქართველმა, შევარდნაძის ჯიბრზე, არჩევანი გააკეთა ისეთ პიროვნებებზე, რომლებსაც მსოფლიო პრობლემები გაცილებით მეტად აწუხებთ, ვიდრე საქართველოსი, განსაკუთრებით კი მეზობელი სომხეთისა?!
ნურც იმაზე ვიდავებთ, რომ სომეხი ერი ჩვენზე უფრო პატრიოტულად და გამჭრიახი გონებით უყურებს თავისი ქვეყნის მომავალ პერსპექტივას. ვერავინ მოიტანს იმის მაგალითს, რომ თუნდაც ერთი მათგანი იძულებით დასახლებულიყოს საქართველოს მიწაზე; მათ ჭკუით და ფულით იყიდეს ნახევარზე მეტი აფხაზეთი, დღეს კი ყიდულობენ აჭარას და სხვა დანარჩენს. ჩვენ კი უსაქმურები გამოვდივართ და გაოცებული ვსვამთ კითხვას სააკაშვილის მისამართით (იმ კაცის მისამართით, რომელმაც სხვის მილიარდებში ხელების ფათური დაიკანონა!), თუ რატომ არ უყვარს მას საქართველო. გეკითხებით: რატომ უნდა უყვარდეს სააკაშვილს საქართველო, როცა მას ქართველი მოსახლეობის 90%-ი ფეხებზე ჰკიდია? სააკაშვილი საქართველოს შეიყვარებს მაშინ, როცა ქართველი ერი ერთსულოვნად გადაეღობება წინ ყოველგვარ ეროვნულ მანკიერებას; მაშინ, როცა მოვითხოვთ პარლამენტარების ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის მიმართ; როცა არ დავანებებთ კლანური მართვა-გამგეობის, ეკლესიის ბიზნესად გადაქცევის მცდელობას; არ მოვითმენთ ხელისუფლების არაკომპეტენტურობას. როცა ჩვენ მას კონკრეტულად დავუსვამთ შეკითხვას და მოვითხოვთ პასუხს დაგროვილ ყველა შავ-ბნელ საკითხზე, მაშინ ის უნებლიეთ გახდება საქართველოს დამფასებელი ან "ნარზე" უნდა დაამთავროს მოღვაწეობა!
მაგრამ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ვალებით გაჭედილი გაჩეჩილაძის უაზრო შეძახილს _ "მიშა, მოვდივარ!", არაფრად ჩაგვაგდებს და მართებულიც იქნება.
ისე, როგორც დღევანდელ საქართველოში, ძველ რომშიც ასე ყოფილა _ ურთიერთმოსმენის ნაცვლად, ყველა თავისას გაიძახოდა. ორატორმა რომ მეტი ვერაფერი გააწყო, შესძახა: _ მცემეთ, მაგრამ მომისმინეთ!
გრამიტო მამინაშვილი, ოზურგეთი