საარჩევნო ხმების სანაცვლოდ "ნაჩუქარი" ტრაქტორები სოფელს უკანვე წაჰგვარეს

მთავარი თემა

საარჩევნო ხმების სანაცვლოდ "ნაჩუქარი" ტრაქტორები სოფელს უკანვე წაჰგვარეს

2011 მაი 5 22:49:09
მათი თქმით, ეს ტრაქტორები სუფსის მოსახლეობას უშუალოდ პრეზიდენტმა აჩუქა, თუმცა, არ ფლობენ ინფორმაციას "საჩუქარში" სააკაშვილმა საკუთარი ფული გადაიხადა თუ ისევ ხალხის ჯიბიდან ამოღებული გადასახადებით ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყიდა და საარჩევნოდ "გააჩუქა". ამ ტრაქტორებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც სარგებლობდნენ. პოლიტიკური პარტიის "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, მანანა ნაჭყებია ფაქტის კომენტირებისას მიიჩნევს, რომ ამგვარი საქციელი ხელისუფლების ხელწერაა, ხოლო საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ხინთიბიძის მოსაზრებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საგაზაფხულო სამუშაოების თითქოსდა ეფექტურად წარმართვის მიზნით ერთიანი ამხანაგობის შექმნა, ტექნიკის ერთ ხელში თავმოყრის სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სხვა კეთილშობილურ მიზნებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მცხოვრები აგრონომი და მეურნეობის დირექტორად ნამუშევარი, მექანიზატორი, სოფელ ჩოჩხათის ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჯემალ კვაჭანტირაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ისეთი განუკითხაობა როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა:

_ ამხელა სოფელში ტრაქტორი არ უნდა იყოს?! ადრე რომ მეურნეობაში ვმუშაობდით, სოფელში 14 ტრაქტორი გვყავდა, 600 ჰექტარ მიწას ვხნავდით და ვთესავდით. ერთმა და ორმა ტრაქტორმა რა უნდა ქნას? ისიც წაგვართვეს. ის ტრაქტორები სუფსისთვის იყო განკუთვნილი და არა მთლიანად ლანჩხუთისთვის. ამ ტექნიკით სოფელ ღრმაღელის მოსახლეობაც სარგებლობდა. ახლა ფართობები არც დახნულია და არც მოჩალული, საგაზაფხულო სამუშაოების ერთი პროცენტი არაა ჯერ ჩატარებული ამხელა სოფელში. შარშან 250 ჰექტარი მიწის ფართობიდან მხოლოდ 10 ჰა დაითესა. ვერ დათესა ხალხმა _ არც ღობეა, არც სხვა რამ საშუალება. ხალხის ყოფა უმძიმესია. არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ვიკითხე, ამერიკული სიმინდის თესლი რა ღირს-მეთქი და 16 ლარიო, _ მითხრეს. გადავირიე, კარაქი და ზეთი ახლავს, თუ რაა ამისთანა?! ამერიკიდან ჩამოტანა ღირს 16 ლარი? ახლა არც ოპოზიციის მჯერა და არც ხელისუფლების, ერთმანეთს უწყობენ ხელს. დაქრიან, სადაც უნდათ, რასაც მოისურვებენ, იმას აკეთებენ. სად აქვთ ამდენი ფული? თვეში რომ ხარჯავენ, იგი რომ ხალხს მისცენ, ორ სოფელს ეყოფა... ხალხს ორი ლარიც არ აქვს საწვავი რომ იყიდოს, ტრაქტორისტსაც ფული უნდა, სასუქსაც... თქვეს, 50 ლარი გახდება აზოტიო და პროცენტობა მოიმატებსო. პროცენტობა არ გაზრდილა და ფასს ადებენ. ვინ შეძლებს ყიდვას? გზებს და სასტუმროებს აკეთებენ, რად მინდა მე სასტუმრო? მეღირსება იქ მისვლა, ან ერთი პროცენტი სოფლის მოსახლეობისა თუ შევა და მოიხმარს იმ სასტუმროს? ეს ხალხი დაწყდება ნელ-ნელა მშიერი, მთავრობას ფეხებზე ჰკიდია. იძახიან, კახეთი და აჭარაო, გურია რუკაზე არაა. სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ იტყვის, "დედალი ძროხაო", რა პროფესიისაა, საერთოდ, ვინაა? რაზე უნდა ილაპარაკო ამის მერე? ვითომ აგრონომები არ იყვნენ საქართველოში! ხალხს იმედი გადაწურული აქვს, რომ მოსავლის დათესვას შეძლებენ. თან ერთისთვის ან ათისთვის თავის შეწუხებას არ აპირებენ _ მასიურად უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ტრაქტორი გამოგზავნონ, თანაც წინასწარ უნდა შეიტანო ფული. ვის აქვს დაწყობილი ფული სახლში?! შიმშილით მოკვდი და თავი კედელს ახალე _ ვის აინტერესებს?

სუფსაში მცხოვრები ტრისტან მოქია: _ ადრე სოფელ შუხუთს წაართვეს ტრაქტორი არჩევნები რომ წააგეს, იმიტომ, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, ამას ვერ ვხვდებით. სუფსის მოსახლეობას ისედაც ტოტალური შრომა სჭირდება, რომ როგორმე მოსავალი აიღოს, მოუსავლიანი მიწაა. მიწებიც იმიტომ გაფუჭდა, რომ წყალს გასავალი არ აქვს, არხები არაა, დატბორილია ყველაფერი. სუფსამ მოიგო არჩევნები, მოაგებინეს მაჟორიტარს. თქვენს გაზეთთან რომ ამბობს მაჟორიტარი, სანამ უნდა ვუღობოთ ამ ხალხს და სანამ უნდა ვუკეთოთ გზაო, არჩევნებს სანამ მოაგებინებდნენ, მანამ ხომ არ საუბრობდა ასე?! მოაგებინეს, მაგაზე მუშაობდა პოლიცია, მთავრობა, საბიუჯეტო ორგანიზაციები. სამაგიეროდ, ახლა არჩევნები რომ იქნება, ამ კუთხეში არავინ მისცემს ამათ ხმას. ჩვენი მაჟორიტარი პარლამენტში გოგუაძე თვალითაც არ გვინახავს; არადა, რაიონის პრობლემა არ უნდა მიიტანოს პარლამენტამდე? უგემოვნო შოუებითაა სავსე ტელევიზიები, რომ გამოაშტერონ ხალხი, ხოლო ხალხზე, რეგიონებზე, სოფლების პრობლემებზე არაფერი შუქდება. ლელოზე რომ "ჩამოზავდა" ამდენი მინისტრი, ერთი ეკითხათ გლეხისთვის, რას შვრებიო! ამ ლელოშიც ჩაგვეზიარენ, რომ დრო ატარონ და იქეიფონ. ასე აყვავდება ტურიზმი?! წაიყვანეს ტრაქტორები და ჩვენ თუ რამე გვინდა, აღარ კითხულობენ. შარშან მოსავალი არ იყო. წელს საწვავის ფულიც არაა, რომ დავთესოთ.

ამბობენ, ტრაქტორები იმიტომ წავიყვანეთ, ამხანაგობებს გავამსხვილებთო. ეს გაერთიანება, როგორც ჩვენ ვიცით, თბილისიდან არ არის ნებადართული. უნდა ვიკითხოთ, ნაჩუქრობა თუ იყო, რატომ წაიყვანეს. არჩევნებში გამარჯვებულ სუფსას გადმოეცა ეს ტრაქტორები, ყველაზე მეტი ხმა სუფსიდან წაიღეს, ნეტა, აწი არ უნდათ ეს ხმები?! გაწამაწია ხვნა-თესვის პერიოდია, ასეთ გაჭირვებაშია ხალხი და ლუკმა გამოგვართვეს პირიდან. ახლა ტრაქტორები წაგვართვეს. ადრე კი გვეხვეწებოდნენ, ხმა მოგვეცით და სანაცვლოდ, საჩუქრები იქნებაო. ტრაქტორებს გამოგიგზავნით პრეზიდენტიო...

_ ვინ გპირდებოდათ ამას?

_ ვინც დადიოდა და აქტიურობდა, ის. ხმების 90% აიღეს აქ და პრეზიდენტმაც გამოგვიგზავნა საჩუქრად ტრაქტორები. ტექნიკის წაღების უფლება გამგებელს არ ჰქონდა. ახლა ჩამოყალიბდა ახალი გაერთიანება. "ეს არ იყო ნაჩუქარი და ტრაქტორები ლანჩხუთს უნდა გადაეცესო". თუ სამი წლის მანძილზე პრობლემა არ იყო, ახლა რა არ მოუვიდათ თვალში? ჩვენ არც საწვავი გვითხოვია, არც ზეთი და არც სხვა რაიმე ნაწილი. ჩვენი სახსრებით ვპატრონობდით.

_ ჩვენი ტრაქტორები წაიყვანეს და ჯაპანაში დააყენეს. შუხუთში არჩევნები ვერ მოიგეს და ტრაქტორი წაართვეს, დასაჯეს სოფელი. ჩვენ რისთვის გვსჯიან?! პირველ რიგში ხვნა-თესვისთვის ვიბრძვით, მეორე რიგში _ სასმელი წყლისთვის, ყანებსაც შეღობვა უნდა. ჩვენი აზრით, ეს არ იცის პრეზიდენტმა და გთხოვთ, თქვენი გაზეთის საშუალებით, მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ მისი ნაჩუქარი ტრაქტორები წაგვართვეს. ეს დაბალ დონეზეა გაკეთებული, თვითნებურად, _ ამბობენ სუფსის მცხოვრებლები.

სუფსის ამხანაგობის თავმჯდომარე მურად ჩხაიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ეს ტრაქტორები სოფელ სუფსას პრეზიდენტმა აჩუქა, სიმბოლურ ფასად _ ერთ ლარად მიჰყიდა და ჩამორთმევის უფლება არავის ჰქონდა:

_ "ამხანაგობა" შეიქმნა 2007 წელს. გურიას გადმოსცეს რვა ტრაქტორი. აქედან სამი _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გადმოეცა. შეიქმნა ამხანაგობა "ჯაში" და "კოლხეთი." "კოლხეთის" თავმჯდომარე მე ვიყავი. ეს იყო სუფსის ტერიტორიაზე. შემდეგ, 2008 წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო ხუთი ტრაქტორი. აქედან ორი, სუფსას აჩუქეს დამატებით, ერთი _ ჩოჩხათს, ორი კი, დარჩა ლანჩხუთს. თავიდან უარი ვთქვი, არც ჩამოყვანაზე ვყოფილვარ. ჩამოიყვანეს ტრაქტორი შეცდომით, მოტორიც სხვა ჰქონდა და იმის საბუთის გაკეთებაზე ბევრი ვიწვალე. მერე მოხდა ამ საბუთების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ამ მიღება-ჩაბარების აქტზე წამიყვანეს თბილისში, ეკონომიკის სამინისტროში. მერე გარკვეული დროით გამიშვეს ისევ სასწრაფოდ თბილისში. ეს იყო 2008 წელს. მერე, ადგნენ მოულოდნელად და ეს ხუთივე ტრაქტორი ჩემზე გადმოაფორმეს, თან ხელი მომაწერინეს აქტზე. დავრეკე ლანჩხუთში და ასე მითხრეს, შენ არაფერი არ გინდა, მარტო ხელი მოაწერეო. პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით სოფელმა წლევანდლამდე ისარგებლა. 21 მარტს დამიბარეს ლანჩხუთში, დამაწერინეს ნებაყოფლობითი განცხადება გათავისუფლების თაობაზე. ცოტა წინააღმდეგი რომ წავედი, უკვე ზეწოლის ქვეშ მოვექეცი, მუქარაც იყო.

_ ვისგან იყო მოთხოვნა ბატონო მურად?

_ თათბირი ჯერ გამგებელმა თავისებურად ჩაატარა. ყველა ვესწრებოდით, ამხანაგობების წარმომადგენლები, მექანიზატორები... თუმცა, იმ დღეს არ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ძალიან ძნელია, ერთმა პიროვნებამ, მურად ჩხაიძემ გადავწყვიტო იმ ქონების ბედი, რაც სოფელს ეკუთვნის და სოფლის საკუთრებაა. მე უნდა გადამეწყვიტა სოფლის ბედი ან თვითონ როგორ გადაწყვიტეს?! ადრე ვითხოვდი, და ბრძანებაშიც წერია, რომ ტრაქტორებისთვის გამოეყოთ ადგილი, დასურათება მოეხდინათ და თვეში ერთხელ ინფორმაცია მიეწოდებინათ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ამხანაგობის გაუქმების უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ხომ ვერ დაეტაკები?! ეს არის პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორი, მე ამხანაგობის ხელმძღვანელი ვიყავი და რადგან ეს ასე იყო, მიმაჩნია, რომ ტექნიკის სოფლისთვის წართმევის უფლება ლანჩხუთის გამგებელს გია გოგუაძეს არ ჰქონდა. არც იმის უფლება ჰქონდა, გაეუქმებინა ამხანაგობა. გაამსხვილა, შექმნა აგროსერვისი და ამ საკითხზე მარტში მოგვაწერინეს ხელი. რა მექნა, რომ არ მომეწერა?! მართალია, ამ ტექნიკაზე მუშაობით არაფერი შემოსავალი არ მქონია, დღესაც ფიზიკურად ვშრომობ ჯართზე... ნახეთ, ხელები როგორ მაქვს, მაგრამ მე სოფელს ვერ გავწირავდი, თუ ადამიანი ფულს ვერ გადამიხდიდა; ორი წელია, არც ერთი თეთრი არ მოუციათ ჩემთვის და ამის მიუხედავად, სოფელი დღეს ტრაქტორების გარეშე დარჩა. ხალხი ამ ტრაქტორს მარტო ხვნა-თესვისთვის კი არ იყენებდა, ბოსტნის მოვლა-პატრონობისთვისაც ხმარობდა. ახლა გვეუბნებიან, აქ მოდით, ჩამოიტანეთ სია, ვის რამდენი გაქვთ დასამუშავებელიო, საწვავის, დახვნის და გადაადგილების ფული წინასწარ არის გადასახდელი. მე მაქვს გათავისუფლების ორდერი. მინდა ერთხელ ჩავიდე და ოქმი საკუთარი თვალით ვნახო..

_ ბატონო მურად, მიზეზი რა იყო, რა თქვეს, ტრაქტორი რატომ მიგვყავსო?

_ ვითომ, არ ამუშავებთ, ცოტაა დახნულ-დამუშავებულიო. მიზეზს უცებ მოგინახავს ადამიანი. სოფელს თუ აჩუქა ეს ტრაქტორი პრეზიდენტმა, ახლა უნდა წაართვა?! მე ეს მაშინაც ვუთხარი, კრებაზე. ერთხელ არ გამოუვიდათ არაფერი _ ჩაიშალა კრება. მერე დაგვიბარეს მეორედ. კი ბატონო, გამსხვილდეს, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ტრაქტორები სად უნდა დადგეს-მეთქი და ლანჩხუთშიო, გვითხრეს. გოგუაძემ თქვა, მე ამის შესანახად ბიუჯეტიდან გამოვყოფ თანხასო. ადრე ვეხვეწებოდი, გამომიყავით - მეთქი, არავინ გვაქცევდა ყურადღებას. ახლა გამოჩნდა ფული, ხარჯები?! ამდენის საშუალება თუ ჰქონდათ, სუფსის ამხანაგობას დახმარებოდნენ!

_ ხვნა-თესვა სოფელში უკვე დაიწყო?

_ აქაურ მოსახლეობას საწვავის შესაძენი ფული ოცი მაისის მერე უჩნდება, როცა სათბურებში კიტრის მოსავალი შემოდის. ჯერ დანამდვილებით არ იციან, რომ წაგვართვეს ეს ტრაქტორები, თორემ დარწმუნებული ვარ, სოფელი ფეხზე დადგება. ხალხს ასე როგორ აყრიან ნაცარს თვალებში _ პრეზიდენტმა აჩუქოს და ნაჩუქარი უკან წაართვა!

გაჩუმებას მეც არ ვაპირებ; მაქვს მინისტრის მოადგილის ტელეფონი, რომელიც უშუალოდ მიკავშირდებოდა ადრე; ასევე, ოფისის და სამმართველოს უფროსის ტელეფონიც. მან არაერთხელ მკითხა, თუ გაქვს მიღება-ჩაბარების, ნასყიდობის აქტი და თუ წაიკითხე შენი ფუნქციებიო. მე ვუპასუხე, წაკითხული მაქვს, თვითონ კი, ალბათ, ან არ იციან ან არ კითხულობენ-მეთქი. მე თქვენს ფუნქციებში არ ვერევი, თქვენ გინდათ, აჩუქეთ, გინდათ _ ათხოვეთ, ეს თქვენი გადასაწყვეტიაო. ეს გადაწყვეტილება არის უკანონოო, _ მითხრა მან.

_ სოფლის რწმუნებულთან იყავით? მისი პოზიცია როგორია?

_კი, ვიყავი. ის აქეთ მამტყუნებდა მისებურად _ ხომ გეუბნებოდი, ბიუჯეტში შეიტანე ფულიო. საერთოდ, ამხანაგობის არსებობა არ ითვალისწინებდა ბიუჯეტში თანხის შეტანას. თუ ამხელა ფასიანი ტრაქტორები გვაჩუქეს, მაშინ 5-ლარიან ბეჭედსაც მოაყოლებდნენ და დაგვარქმევდნენ ინდმეწარმეს ან შპს-ს... ეს იყო ამხანაგობა, რომლის საფუძველზეც ვემსახურებოდი მოსახლეობას. ახალი, გამსხვილებული გაერთიანება 25 ლარს ანუ შვიდი ლარით მეტს ითხოვს ათასი მეტრი მიწის ფართობის დათესვისთვის. შარშან 16 ლარს ვახდევინებდით, წელს გაძვირებულია საწვავი და 18 ლარამდე იყო ჩვენი ანგარიში. მე არც ის მინდოდა, გამგებელს დავტაკებოდი ან საჩივარი ჩემგან წასულიყო.

ამ საუბრის შემდეგ "გურია ნიუსი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს დაუკავშირდა.

_ გამარჯობათ, ბატონო გიორგი, "გურია ნიუსიდან" გირეკავთ.

_ გამარჯობათ, გისმენთ.

_ ბატონო გიორგი, სოფელ სუფსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ გაგანია ხვნა-თესვის დროს, მათ პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორები წაართვით.

_ შეგიძლიათ ჩახვიდეთ ახალსოფელში და ნახოთ, რომ ამ წუთებშიც იქ ტრაქტორები მუშაობენ, დღეს ვიყავი მე პირადად.

_ ანუ არ წაართვით?

_ როგორ გეკადრებათ.

_ არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

_ არა. წართმევა რა სიტყვაა? არავის არავისთვის არაფერი წაურთმევია.

_ კი, ნამდვილად ასე ამბობენ _ მათი თქმით, ლანჩხუთის ხელისუფლებას სუფსამ მოაგებინა არჩევნები და სამაგიეროდ, პრეზიდენტმა მათ ტრაქტორები საჩუქრად გამოუგზავნა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ კი წაართვა.

_ ახლა, მასე შეიძლება თქვენზეც ბევრ რაიმეს ამბობდნენ, მაგრამ...

_ ბატონო გიორგი, გვითხარით, ჩვენზე რას ამბობენ?

_ არ ვიცი.

_ არ გაგვითიშოთ...

თუმცა, გამგებელმა ტელეფონი მაინც გაგვითიშა და ხელმეორედ დარეკვის შემდეგ, მოკლედ გვიპასუხა:

_ ძალიან გთხოვთ, პრესსამსახურს მიმართეთ.

ჩვენც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის სამსახურის უფროსს ეთერ ჭყონიას დავუკავშირდით:

_ ქალბატონო ეთერ, სუფსაში მოსახლეობა აღშფოთებულია, რომ ხვნა-თესვის სეზონის დაწყების დროს, ხელშეწყობის ნაცვლად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორები წაართვა.

_ არავის არ უჩუქებია და არც არავის წაურთმევია სუფსისთვის ეს ტრაქტორები. არსებობს პრეზიდენტის დადგენილება, რომლის საფუძველზეც, პირდაპირ, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად მიყიდეს ეს ტრაქტორები ამხანაგობებს. ახლა შეიქმნა ერთიანი ამხანაგობა და მის საფუძველზე ყველა მსურველს მოემსახურება ეს ტრაქტორები. მთლიანად მუნიციპალიტეტში იყო რვა ტრაქტორი და ახლა ეს ტრაქტორები ერთიანად მოემსახურება ყველა სოფელს. თვითონ ამხანაგობები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს ასე ყოფილიყო... აქ გამგებელი არაფერ შუაშია. ეს უფრო კარგი ფორმაა.

_ მოსახლეობას აინტერესებს იცის თუ არა ამის შესახებ თავად მჩუქებელმა _ პრეზიდენტმა. ის საქმის კურსშია? პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორების უკან წაყვანის უფლება ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებას?

_ მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იცის პრეზიდენტმა და რა _ არა. ახლაც ისარგებლონ ამ ტრაქტორებით! ეს არის უბრალოდ გაერთიანება, მეტი _ არაფერი. სხვათა შორის, როცა სოფელში შეხვედრებზე დავდიოდით, თვითონ მოსახლეობა გამოთქვამდა ამის სურვილს, რომ ეს ასე უფრო უკეთესი იქნებოდა. მიმართონ ახლაც ახალ გაერთიანებას და ჩვეულებრივ მოემსახურებიან.

_ როგორ ფიქრობთ, რვა ტრაქტორი ყველას გაწვდება?

_ საკმარისია თუ არა, ეს სხვა თემაა. გაერთიანება უნდა მოემსახუროს ჩვენ მოსახლეობას. ისიც ვიცი, რომ საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია.

როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ "ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საგაზაფხულო სამუშაოების, თითქოსდა, ეფექტურად წარმართვის მიზნით, ხორციელდება ერთიანი ამხანაგობის (გაერთიანების) შექმნა (თუ უკვე შექმნილია?!), რომელიც გააერთიანებს მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა ამხანაგობას და ერთიანი ძალით მოაგვარებენ ხვნა-თესვის პრობლემებს, რაც ტექნიკის გაერთიანებისა და მათი ერთ ხელში თავმოყრის სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სხვა კეთილშობილურ მიზნებს".

ხინთიბიძის თქმით, "თავისთავად საინტერესოა, ამ ტრაქტორების გადაცემა-გადმოცემის საარჩევნო მანიპულაციებთან დაკავშირებული ისტორიები და უკვე არაერთი ფაქტი არსებობს (არა მარტო ლანჩხუთში) იმისა, რომ ეს ტრაქტორები უკვე შეფარულად იქცა "პოლიტიკური დასჯისა" თუ "პოლიტიკური ჯილდოს" საგნად. შესაძლებელია, ვინმეს სხვა პოზიცია გააჩნდეს, მაგრამ კითხვა ხომ მაინც უნდა დაგებადოს, რომ ერთი პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო წარმატებისა თუ წარუმატებლობის გზა, მაინცდამაინც ტრაქტორებისკენ რატომ მიდის?!"

"რაც შეეხება თავად ფაქტს, არსებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ტრაქტორი სოფელ სუფსის ამხანაგობა _ "კოლხეთისაა", ანუ იგი წარმოადგენს კერძო საკუთრებას და ამ უფლების დაცვა უზრუნველყოფილი და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, ამ ტრაქტორის მოვლა-პატრონობაც ამ ამხანაგობის უფლებამოსილებაა, ხოლო მისი გაჩუქება, გასხვისება თუ გაყიდვა რეგლამენტირებული უნდა იყოს მისი წესდებით. თუ ადგილი აქვს წართმევას ან სხვა რაიმე ფორმით ძალადობას კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით _ ეს ფაქტი უნდა იყოს დადასტურებული, ანუ თუ მსგავსი რამ მოხდა, მიმართვა აუცილებლად უნდა გაკეთდეს შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი, მიუხედავად ამხანაგობის თავმჯდომარის წუხილისა, რომ "პოლიცია გამგებლისაა და მათ გაამწარებენ", რადგანაც სამართლებრივად ალტერნატიული გზა უკანონობის აღკვეთისა არ არსებობს. ზოგადად, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური ვაჭრობიდან რაღაც სარგებლის მიღება, უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ფორმით სრულდება", _ გვითხრა ლევან ხინთიბიძემ.

პოლიტიკური პარტიის "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია "გურია ნიუსთან" ფაქტის კომენტირებისას ამბობს, რომ ეს ხელისუფლების ხელწერაა _ საზოგადოების დეზინფორმაცია, ძალადობის ხალხის მოთხოვნად გასაღება და მოჩვენებითი რეალობა:

"2008 წლის არჩევნების დროს, მთელ საქართველოში ერთი და იგივე სურათს ვხედავდით: ტრასებზე ფარებანთებული ტრაქტორების ერთი რაიონიდან მეორეში გადასვლა პრეზიდენტის მარშრუტის შესაბამისად. ყველა რაიონს ეგონა, რომ ტრაქტორები მას გადასცეს; სინამდვილეში, ერთი და იგივე ტრაქტორებს ხან ერთ რაიონში ჩაიყვანდნენ, ხან მეორეში. ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ გლეხს მიწაზე დოვლათი შეექმნა. იგი გუშინაც და დღესაც შიშველი ხელებითაა დარჩენილი მიწასთან. მაღალი ფასები საწვავზე, უსაშველოდ ძვირი და უხარისხო შხამ-ქიმიკატები, მინერალური და კომბინირებული სასუქი, ტექნიკის გამოყენებაზე ძვირი ფასები და ა.შ. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ტრაქტორები შემოიყვანა და ხელმისაწვდომი გახადა გლეხისთვის, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის! ხვნა-თესვის მოკლე ვადები იწვევს იმას, რომ ეს ტრაქტორები გლეხობის უდიდესი ნაწილისთვის მიუწვდომელია. ექსტენსიური მეურნეობის პირობებში, თოხით და კავით მიწაზე დოვლათს ვერ შექმნი. წამყვან ევროპულ სახელმწიფოებში ინტენსიური სოფლის მეურნეობაა განვითარებული და ამას თავის დროზე აგრარული რისკების დაზღვევაში თანამონაწილეობით, სუბსიდირებით, ინოვაციების სახელმწიფო მხარდაჭერით ამ ქვეყნების მთავრობებმა შეუწყვეს ხელი", _ ამბობს მანანა ნაჭყებია.

"გურია ნიუსი" ამ საკითხს ისევ დაუბრუნდება; ხოლო ჩვენი რესპონდენტების მიმართ გახორციელებული ნებისმიერი სახის ზემოქმედების, მუქარის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...