რატომ დათანხმდა გიორგი ჩხაიძე ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონის გუბერნატორობას

მთავარი თემა

რატომ დათანხმდა გიორგი ჩხაიძე ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონის გუბერნატორობას

2014 იან 20 13:13:58

ამ ინტერვიუდან თქვენ, ასევე, გაიგებთ, ვისზეა განაწყენებული გურიის პირველი პირი, როგორ ესმის მას პროფესიონალიზმი და რა პროექტების გახორციელებას აპირებს ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული ახალგაზრდა გუბერნატორი.

_ ბატონო გიორგი, დანიშვნის დღეს დაგვპირდით, რომ იმ "ანგარიშებზე", რომელიც ძველ ხელისუფლებასთან გაქვთ, "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურად ისაუბრებდით...

_ ანგარიშები, როგორც ასეთი, არ მაქვს, რადგან ყველამ ვაღიარეთ, რომ მაშინ იყო სისტემა და მარტო ერთეულები არ იყვნენ იმ სისტემის მსხვერპლნი. აქედან გამომდინარე, ანგარიშსწორებაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება წართმეულ ბიზნესს, ერთი იყო ქალაქ ფოთში, გრეიფრუტის სააქციო საზოგადოება, რომლის ერთ-ერთი აქციონერი ვარ. იქ იყო მიწა, რომელიც სახელმწიფომ წაიღო. მეორე შემთხვევა იყო შპს "ყვავილნარი", რომელიც ასევე ჩვენი საკუთრებაა და რომლის გამოც ბიძაჩემი დააკავეს. მაშინ მე საქართველოში არ ვიყავი. ბიძაჩემს, დათუნა მგელაძეს აღიარებინეს არარსებული დანაშაული და გაასამართლეს იმის გამო, რომ აღნიშნული მიწა ხელმეორედ გვეყიდა. აი, ეს იყო ორი ყველაზე დიდი შემთხვევა, რომელიც მოხდა.

_ მაშინვე რატომ არ თქვით ამის შესახებ ხმამაღლა?

_ მაშინ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა.

_ რატომ?

_ რასაკვირველია, შიშის გამო. იმის გამო, რომ კიდევ გვქონდა სხვა ქონება, რომელიც, შეიძლებოდა, საფრთხის ქვეშ დამდგარიყო.

_ ალბათ, ვერ უარყოფთ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი ჰქონდათ დასაკარგი, მაგრამ შიშის გამო არ გაჩერებულან _ ქონების წართმევაზე, ტერორზე, ციხეებში არსებულ ვითარებაზე ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობდა ხმამაღლა. ხომ არ გემუქრებოდათ ქონების დაკარგვაზე უფრო სერიოზული საფრთხე, რის გამოც დუმილი არჩიეთ?

_ ყველაფერს ხელმძღვანელობდა მამაჩემი, რომელიც 2002 წელს გახდა ავად. მამაჩემის ჯანმრთელობა შეეწირა ოჯახის ბიზნესს, რომელსაც მე მაშინ ჩავუდექი სათავეში, როცა 24 წლის ვიყავი. ყველა თავის გზას ირჩევდა, ჩემი გზა კი იყო რაღაცის შენარჩუნება და არა _ დაკარგვა. ამიტომ მოვიქეცი ისე, როგორც მოვიქეცი და მოვიტანე იქამდე ჩემი კომპანია, როცა უკვე შესაძლებელი იყო თავისუფლება. დღემდე არ მითქვამს ეს ხმამაღლა არსად, იმიტომ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. ჩემნაირი ადამიანი, რომლებსაც ქონება სახელმწიფოსთვის გადააფორმებინეს, ძალიან ბევრია და ის ადამიანები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ერთეულებია. 99 პროცენტს ხმა არ ამოუღია და არც მოსახლეობა იღებდა ხმას, ხომ?! მე რაღაც შევინარჩუნე, ზოგმა ყველაფერი დაკარგა. აქედან გამომდინარე, ალბათ, ყველაფერი იდო სასწორზე. იმ წლებში ყველას ყველაფრის ეშინოდა, არამარტო ქონების დაკარგვის, არამედ ოჯახის წევრების დაკავების.

_ სიჩუმის მიზეზი ხომ არ იყო 2002 წლამდე დაგროვებული ქონება? ვგულისხმობ შევარდნაძის პერიოდს, რადგან ყოველთვის საუბრობდნენ, რომ შევარდნაძის პერიოდში მაღალ თანამდებობებზე მყოფმა პირებმა ქონება კორუფციის გზით დააგროვეს...

_ ეგ არ ყოფილა დუმილის მიზეზი, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი ლეგალური იყო. თეორიებით საუბარი, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში რაღაც ხდებოდა, არ გამოვა, ასე ვერაფერს იტყვი. ეგ ნამდვილად არ იყო მიზეზი. მე, მაგალითად, მოვახერხე და ორჯერ გავიქეცი ჩეხეთში. ბოლოს დავრჩი, მაგრამ აქ დამრჩა ავადმყოფი მამა, დედა, ძმა, ძმის ოჯახი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ასე ადვილი არ არის და ამაზე მეტის დამატება აღარა საჭირო...

_ წართმეული ქონების თემა რომ ამოვწუროთ, ერთი დეტალიც დავაზუსტოთ _ ყვავილნარის მიწებზე ძალიან დიდი ხნის მანძილზე კორნელი კუკულაძე დავობდა... იგი ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში ამბობდა, რომ საკუთრება წაართვეს (სხვათა შორის, "გურია ნიუსი" ამ ფაქტის შესახებ მაშინ წერდა, როცა ბევრს ეშინოდა. რედ.). რაიმე კავშირი ხომ არ გაქვთ ამ ფაქტთან?

_ ერთად იყო ეგ თემა. ჩვენ ვიყავით პარტნიორები. მერე, კორნელი კუკულაძე გამოიყო და მას ცალკე მოსთხოვეს, მე _ ცალკე. ორივეზე გამოსყიდვა იყო. კორნელიმ ვერ გამოისყიდა, მე გამოვისყიდე.

_ ახლა რა ხდება?

_ არაფერი.

_ წართმეული ქონება სრულად დაიბრუნეთ?

_ არა, ეს არის ბიუჯეტში გადახდილი თანხა, რომელზედაც დავა არ მაქვს და არც მექნება.

_ დღევანდელ სიტუაციაზე გადავიდეთ. როგორ მოხვდით პოლიტიკაში?

_ შემომთავაზეს.

_ ვინ?

_ პრემიერის აპარატიდან და დავთანხმდი.

_ ვინ იყო უშუალოდ თქვენი რეკომენდატორი?

_ ზუსტად არ ვიცი, რეკომენდაცია, კონკრეტულად, ვისგან მოდიოდა. სიმართლეს გეუბნებით. მე რაც ვიცი, ისაა, რომ დამიკავშირდნენ, შემომთავაზეს და დავთანხმდი...

_ ბიზნესმენი ადამიანი რატომ დათანხმდით ყველაზე ღარიბი რეგიონის გუბერნატორობას? ეს ასე მარტივად არ მოხდებოდა.

_ თავისთავად, არაა მარტივი, მაგრამ მიზეზი ის ისტორიაა, რომელიც მოგიყევით. უფრო რომ განვავრცო _ ავადმყოფი მამაჩემი, რომლისთვისაც ბევრად უკეთესი იქნებოდა ქალაქში ყოფნა, არ გაჩერდა თბილისში და აქეთ წამოვიდა. მას ყოველთვის ჰქონდა დაგეგმილი გურიაში ცხოვრება. მისი მძიმე ავადმყოფობის ბოლო 6 წელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ არ ისურვა, ეცხოვრა თბილისში. მას ძალიან უყვარს გურია, ასევე ვარ მეც. აქ წამოსვლის მოტივი ძალიან მარტივია _ ცუდი ვითარება გამოვასწორო. იმ გამოცდილებით, რაც მე მაქვს, მივიჩნიე, რომ რაღაცის გაკეთება შემიძლია. ამას დრო აჩვენებს. მხოლოდ ეს იყო მიზეზი. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, არასდროს პოლიტიკასთან ახლოს არ ვყოფილვარ _ არც სურვილი მქონდა და არც ინტერესი.

_ თქვენზე უკვე ამბობენ რომ, ძალიან ადვილად ექცევით სხვისი გავლენის ქვეშ... საჯაროდაც კი დაგდეს ბრალი, რომ თქვენი ბავშვობის მეგობრის, რეზო ჩიტიძის გავლენის ქვეშ ხართ და სწორედ ის გკარნახობთ საკადრო პოლიტიკას. რამდენად იოლად შეიძლება თქვენი დაყოლიება?

_ ჩემთან, სამსახურში, 11 წლის განმავლობაში 2 000-მდე ადამიანი მუშაობდა და ეგ ვერავინ შეძლო. მით უმეტეს, 24 წლის ვიყავი, როცა ბიზნესში მივედი და მოვიყვანე დღემდე. დაველოდოთ, გამოჩნდება ყველაფერი. მაგ თემაზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. დაველოდოთ მოვლენებს და დავინახავთ, ვინ შეიძლება მოექცეს გავლენის ქვეშ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ.

_ რეზო ჩიტიძის დახმარებას და გამოცდილებას იყენებთ?

_ თავისთავად და არამარტო რეზო ჩიტიძის. მთელი ცხოვრება, ზუსტად მაგას ვამბობ _ ადამიანს გაქვს ნიჭი, რომ მოუსმინო და ამ მოსმენის მერე მიიღო გადაწყვეტილება. მე ვუსმენ ადამიანებს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის საკითხებში ბევრი არ ვიცი და ჩემზე გაცილებით მეტი შეიძლება იცოდნენ სხვებმა, ამიტომ, შვიდ-რვა-კაციანი ჯგუფია, რომლებთან ერთადაც გავდივარ თემებს. ჩემი სრული პასუხისმგებლობის ქვეშ მიიღება გადაწყვეტილება. ამიტომ, ვფიქრობ, მოსმენის ნიჭი ყველაზე დადებითი მხარეა ადამიანში.

_ საზოგადოების უმრავლესობის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს დასაქმებული ჩინოვნიკები და საჯარო მოხელეები დღეს არ უნდა მუშაობდნენ, თქვენი პოზიცია კი სხვანაირია _ მიიჩნევთ, რომ ადამიანში პროფესიონალიზმია მთავარი. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რატომ შეიძლება, დაიტოვოთ სამსახურში ის ადამიანი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა?

_ ყველაზე მიუღებელი "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩემთვის სწორედ ეგ მიდგომა იყო. მათ მიაჩნდათ, რომ თუ არა ხარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხარ ან _ მტერი, ან _ მოღალატე. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ, ვინც იმ პერიოდში მუშაობდნენ _ მასწავლებლები, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, ჟურნალისტები, ყველანი უნდა გავრიყოთ.

_ "გურია ნიუსის" ყველა ჟურნალისტი "ნაციონალური მოძრაობის" დროს მუშაობდა, თუმცა, არც ერთი ჩვენგანი არასოდეს გამხდარა მხარე... შესაბამისად, ვერ ჩვენ მათ სიას ვერავინ მიგვაკუთვნებს.

_ მე ზოგადად სიტუაციაზე ვამბობ. მაშინ ხომ სწორედ ასე იყო დაყოფილი _ პოზიცია და ოპოზიცია. ასე იყო ჟურნალისტიკაშიც. მე, შესაძლოა, ყველაზე მეტი წყენა მქონდეს, მაგრამ არა ადამიანების მიმართ, რადგან ეს იყო სისტემის ბრალი. მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ აღიარა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. შესაბამისად, სისტემურ დანაშაულზე პასუხს აგებს მხოლოდ და მხოლოდ ზემდგომი. არ შეიძლება, ადამიანებს, რომლებიც მაშინ მუშაობდნენ, ასე მოვექცეთ. რადგან მაშინ მუშაობდნენ, რა უნდა ვქნათ _ გადავასახლოთ თუ სუნთქვა ავუკრძალოთ? თუ დამნაშავეა, აგოს პასუხი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. ხვალ რომ კიდევ ახალი პარტია მოვიდეს, რა ვქნათ, დავყოთ ხალხი? რამდენ ფენად შეიძლება დაყოფა? საქართველო არც ისე დიდია, არ შეიძლება ასე. არ ვარ ამის მომხრე და არც ვაპირებ დაყოფას. ჩემთვის პრიორიტეტი არის პროფესიონალიზმი და არა ის, ვინ ვის დროს როგორ მუშაობდა.

_ ეს თქვენი მოსაზრება რამდენად ვრცელდება პროკურატურასა და პოლიციაში დასაქმებულ ადამიანებზე? მაღალჩინოსნები მყავს მხედველობაში... "გურია ნიუსის" არქივში ათეულობით ადამიანის კომენტარი შეგიძლიათ ნახოთ, რომლებიც ახლა უკვე ღიად ჰყვებიან სპეცოპერაციებზე, ჩაბარებული დამნაშავის ლიკვიდაციაზე, პოლიციელების მიერ ლიკვიდირებული დამნაშავის ცემაზე... ვგულისხმობ უკვე გარდაცვლილი ადამიანის ცემის ფაქტს. არც ერთ საქმეზე არ დაწყებულა გამოძიება, არ დასჯილა არც ერთი ადამიანი. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც გარკვევით ჩანს, რა მეთოდით დახურეს შეკვეთილში "გლობალ ტვ"-ის საწყობი. იქ ჩანან რიგითი პოლიციელები, რომლებიც დიდი მონდომებით ცდილობდნენ უფროსების გულის მოგებას, ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ამ კადრებში მყოფი პირების უმრავლესობა დღეს დაწინაურებულია. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთის პოლიციის უფროსის მოადგილეა. შესაბამისია, საზოგადოების განწყობაც, რომლებსაც სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდნენ, ეს განწყობა კი ხელისუფლებისთვის არ უნდა იყოს მომგებიანი. თქვენი მოსაზრება პროფესიონალიზმთან დაკავშირებით მსგავს კადრებზეც ვრცელდება?

_ ჩემი პირადი შემთხვევის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტები მართლაც იყო, თანაც არაერთხელ. ჩავთვალე, ეს არის სისტემური ხასიათის დანაშაული და ის პროკურორიც, რომელიც ჩემს საქმეზე მუშაობდა, იღებდა იმ დავალებას ზუსტად ამ სისტემიდან. მე წყენა მაქვს სისტემაზე, მის ხელმძღვანელობაზე, კონკრეტულ პირებზე კი _ არა. ის პროკურორი, რომელიც მე მიბარებდა, ქონებას მაბარებინებდა, არც კი ვიცი, სად და როგორ მუშაობს, არც მომიკითხავს.

_ პროტესტის გრძნობა არ გექნებათ, მაგალითად, მთავარი პროკურორის ადგილზე რომ დანიშნონ?

_ მე თუ მეკითხებით, არ მექნება ნამდვილად. იმ დროს იყვნენ ადამიანები პროკურატურაში, რომლებსაც ზუსტად ისე ემუქრებოდა მისი ხელმძღვანელობა და აკეთებინებდა იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ. მე უფრო მსხვერპლად მიმაჩნია ბევრი ადამიანი, ვიდრე დამნაშავედ. როცა დანაშაული სისტემურია, სხვანაირად უნდა შეხედო.

_ თქვენ ხართ გურიის გუბერნატორი და შესაბამისად, კარგად უნდა იცოდეთ გურიის ახლო წარსულიც. არ ვიცი, ნანახი გაქვთ თუ არა ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კადრები ოლეგ მესხიძის საქმეზე. თუ არ გაქვთ, გირჩევთ ნახოთ, ჩახვიდეთ ნარუჯაში და დაინტერესდეთ ერთი კონკრეტული ოჯახის ისტორიით, მოუსმინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გახდნენ თვითმხილველები, როგორ მოკლეს პოლიციელებმა დანებებული და ხელებაწეული ადამიანი. მოკლული ბიჭის მამა დიდი ხანია, სვამს კითხვას _ რატომ მოუკლა პოლიციამ შვილი, რომელიც ძალოვნებს წინააღმდეგობას არ უწევდა? ჩვენ დღემდე ვერ შევძელით მის ამ კითხვაზე პასუხი მიგვეღო. პროკურორები, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ, დღესაც თანამდებობებზე არიან და ვარაუდი იმის შესახებ, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, თუნდაც ზემდგომიდან მითითებულს, ისინი ვერ გამოიძიებენ, არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. ასეთი ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარეც გვეტყვით, რომ საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან და ამის გამო მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები უნდა დაისაჯონ?

_ ჩემთან შედარებით ეს არ შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ დანაშაულად, რადგან ამ შემთხვევაში ლაპარაკია ადამიანის სიკვდილზე. ეს ბუნებაშიც არ არის ახლოს ერთმანეთთან. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე ძვირადღირებული. მე ვფიქრობ, რომ ამ ვარიანტში დაიწყება გამოძიება, რომელიც უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე. აუცილებლად მოვიკითხავ ამ საქმეს. შესაძლოა, გრძელვადიანი პროცესი იყოს, რადგან თქვენც იცით, რომ პროკურატურაში ძალიან ბევრი განცხადებაა შესული. აუცილებლად დადგება მომენტი, როცა სამართალი იზეიმებს.

_ ამ საქმეზე გამოძიება არც კი დაწყებულა. რაც შეეხება სამართლის ზეიმს, იმედია, სხვებიც ასე იფიქრებენ...

_ სხვანაირად ფიქრის უფლება არ გვაქვს იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენ ვერ ავაშენებთ ქვეყანას.

_ ბახმაროს თემაზე რამე იცით? მაღალჩინოსნების თვითნებობის და უკანონოდ დაკანონებული მიწების გამო რომ რიგითი ადამიანები დაზარალდნენ, ეს ინფორმაცია გაქვთ? იცით, რომ დღემდე არსებობს სიტყვიერი ბრძანება, რის გამოც ბებია-ბაბუის დანატოვარ ქონებას ვერ იკანონებს მოსახლეობა?

_ მაგ საკითხსაც მივიკითხავ და გავარკვევ. ძალიან ბევრი თემა შემოდის ჩემთან მოსახლეობისგან, რომელშიც, დროიდან გამომდინარე, გარკვევა ფიზიკურად ვერ მოვახერხე. გეთანხმებით, რომ ქონება, რომელიც წინაპრებისგან აქვთ, უნდა დაუკანონდეთ და ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. შესაბამისი ორგანიზაციები, ალბათ, გასცემენ მაგ კითხვას პასუხს. რადგან არ არეგისტრირებენ, არ შეიძლება ამას იურიდიული ახსნა არ ჰქონდეს.

_ არ აქვს ნამდვილად...

_ პასუხს რას აძლევენ, ზემდგომმა გვითხრა, არ დააკანონოთო?

_ ათეულობით განცხადებაა უპასუხოდ დარჩენილი და ჩვენც სწორედ მაგ კითხვის პასუხს ვეძებთ. ამ კითხვაზე პასუხის მიღება ჩოხატაურში ჩამოსული იუსტიციის მინისტრისგან ვცადეთ, მაგრამ ქალბატონმა წულუკიანმა კითხვებზე პასუხის გაცემას ოჯახის ახლობელთან ყოფნა არჩია...

_ აუცილებლად მოვიკითხავ. ძალიან საინტერესოა, რა ხდება.

_ ბატონო გიორგი, საფეხბურთო კლუბ "გურიასთან" დაკავშირებით, რატომ "დაიბანეთ ხელები"?

_ გეტყვით გულწრფელად _ შეხვედრაზე აღიარა გამგებელმა, რომ თვითონ მუნიციპალიტეტი მოვიდა ოთხჯერ-ხუთჯერ და მთხოვა დახმარება კლუბთან დაკავშირებით. დახმარება ასე წარმომიდგენია, რომ უნდა გავერკვე კლუბის პრობლემებში. დავუძახეთ ყველას და შევთავაზეთ _ გვითხარით თქვენ თქვენი მოსაზრება. მე ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ ჩემზე კარგი მოსაზრება შეიძლება, ჰქონდეთ სხვებს. მათ დახმარებაში იგულისხმეს, რომ სჭირდებათ ფული, მე ეს ფული უნდა მეშოვა და მიმეცა მათთვის. ამავე დროს, არის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც არ ვიცნობ და პირველად ვნახე, ამიტომ ინტერესზე ლაპარაკი თეორიაში არ შეიძლება. შევთავაზე, სხვებსაც ვკითხოთ, გარედან როგორ ხედავენ ამ კლუბის მომავალს,-მეთქი. კლუბში ჩამოყვანილი ჰყავდათ მწვრთნელი უკრაინიდან, რომელიც, თუ არ მეშლება, 5 000 ლარს იღებდა თვეში, როცა წინა მწვრთნელი იღებდა 1 500 ლარს. შევთავაზე, ყველას წარმოედგინა ხედვა კლუბთან დაკავშირებით. ორი დღე მივეცით ვადა და მეორე დღეს გაკეთდა კლუბის ხელმძღვანელობიდან განცხადება, რომ მწვრთნელი უკვე დანიშნული იყო, რაც ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა _ თუ ადამიანებს გეგმის წარმოდგენა დავავალეთ, ეს არ გამოვიდა, მინიმუმ, როგორც სერიოზული. ის შეხვედრა ტყუილად გაკეთდა. მერე ითქვა, რომ თურმე არ ყოფილა დანიშნული მწვრთნელი. მერე თქვეს, თითქოს მე დავრეკე და მისი დანიშვნა მოვითხოვე, რაც არასწორია. ჩემთან მოვიდა კლუბის დღევანდელი ხელმძღვანელობა, რომლებმაც მომიტანეს კლუბის ხარჯების გაანგარიშება და თვალებს არ ვუჯერებდი _ ბიუჯეტიდან გამოყოფილია 675 ათასი ლარი და ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია მილიონ ოთხასი ათას ლარზე. დავსვი კითხვა _ ეკონომისტი ვარ პროფესიით და როგორ შეიძლება _ სად მილიონ ოთხასი ათასი და სად 675 ათასი, მეც მასწავლეთ,-მეთქი. იქაც დავაფიქსირე, რომ ამაზე ხელის მომწერი არ ვიყავი. მეორე ეტაპი იყო ის, რომ გაკეთდა განცხადება და მოჰყვა აჟიოტაჟი, დაიწყო ლაპარაკი რაღაც გამოსვლებზე იმასთან დაკავშირებით, რომ გუბერნატორი აიძულებს მწვრთნელის დანიშვნას. ეს ისე აღიქვა ხალხმა, რომ მე ვერეოდი იმაში, რისი უფლებაც არ მაქვს. რადგან ეს იყო ორმხრივი ინტერესი, როგორც გუბერნატორი ჩავერთე ამ საკითხებში, მაგრამ ცუდად იქნა გაგებული. არ მითქვამს "ხელებიც დამიბანია",-მეთქი. ვთქვი მხოლოდ ის, რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რაც შედის, იმას გავაკეთებ. მე მაქვს ის კომპეტენცია, რომ მონიტორინგი გავახორციელო და ასეც ვიზამ. გადაწყვეტილებებში არ ჩავერევი, თუმცა, არ იქნება ისე, თითქოს "ხელებიც დამიბანია."

_ სწორად მიგაჩნიათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საფეხბურთო კლუბების დაფინანსება? ჩვენ გვაქვს გუნდების მიერ გახორციელებული შესყიდვების დოკუმენტაცია, რომელშიც ბევრი კითხვაა _ მაგალითისთვის, ერთ ფეხბურთელზე, ერთი თამაშის წინ, ერთი ქათამია შეძენილი...

_ ბიუჯეტის ხარჯზე იქნება თუ არა კვების რაციონი, ამაზე კამათს აზრი არ აქვს. უნდა ფინანსდებოდეს ეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან? მე ვფიქრობ, რომ არა. სპორტი მთელ მსოფლიოში არის კერძო ბიზნესი. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი არ არის მძლავრი და იმის გამო, რომ არ დაიკარგოს სპორტის ეს სახეობა, სახელმწიფო შეიძლება ამაზე ზრუნავდეს, მაგრამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, რომელიც არის თავის შემოსავალზე, ამის საშუალება ნამდვილად არ აქვს და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. ჩვენ გვაქვს საშუალება, ვეძებოთ ინვესტორი. სანამ ინვესტორს ვიპოვით, გუნდი, რომელიც ამდენი წელია არსებობს, არ უნდა დავკარგოთ. თუმცა, გზა უნდა იყოს იმისკენ, რომ, ხვალ ან ზეგ გაჩნდეს ინვესტორი და ეს იქცეს ბიზნესის წყაროდ.

_ თქვენი აზრით, ინვესტორი ფულს ჩადებს ჩოხატაურის "ბახმაროში"?

_ რა ვიცი, იმედი მაქვს. თუ ეს გახდა ბიზნესი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მაშინ კი.

_ ამ შემთხვევაში მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც შესაბამისი კვალიფიკაციის უნდა იყვნენ...

_ ზუსტად მაგას ვამბობ _ ეს უნდა იქცეს ბიზნესად. თუ იქცა ბიზნესად, გახდება მომგებიანი, სადაც არ უნდა იყოს.

_ ფეხბურთიდან გუბერნიაში დავბრუნდეთ... მოადგილეებზე მინდა, გკითხოთ _ როგორც გავიგეთ, სამის ნაცვლად ორი მოადგილე გეყოლებათ...

_ ჯერ არ არის დამტკიცებული საშტატო განრიგი. თუმცა, არის საუბარი, რომ ორი მოადგილე მყავდეს. ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიჩნიე არასწორად, რომ ადამიანები მომეძებნა, რომლებსაც ექნებოდათ იმედი და ერთი თვის მერე შემემცირებინა. ამიტომ, სანამ არ იქნება დადასტურებული შტატები, მანამდე ვკმაყოფილდები ერთი მოადგილით და ვაგრძელებ მუშაობას.

_ ერთი საკმარისია?

_ ვფიქრობ, რომ, მაქსიმუმ, ორი იქნება.

_ რეზო ჩიტიძე გამორიცხულია?

_ გამორიცხულია და კიდევ გამორიცხულია.

_ ჩოხატაურში არც ისე ხშირად დადიხართ, განსხვავებით ლანჩხუთისგან.... "გულწასულმა" და "ფერმიხდილმა" ნაძვის ხემ ხომ არ შეგაშინათ?

_ არა. სამწუხაროდ, ისინიც იმ ბიუჯეტიდან გამოდიან, რომელიც აქვთ. რამდენიმეჯერ ვიყავი... მოსამზადებელი სამუშაოები გვაქვს ჯერ. როცა, ბიუჯეტები უკვე გადაგზავნილი იყო და ცვლილებების შეტანა არ შეიძლებოდა, ერთადერთი, რაც შევძელი, ის იყო, რომ სოციალური კუთხით წავიყვანეთ ბიუჯეტი.

_ ესე იგი, ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერიეთ...

_ თავისთავად. პრიორიტეტებთან დაკავშირებით ხელისუფლებას გამოხატული პოზიცია აქვს. იყო საშუალება, რომ სოციალური ნაწილი უფრო გაზრდილიყო, რომელიც გაზარდეს და დაამტკიცა საკრებულომ.

_ მეშვიდე გუბერნატორი ხართ, რომელთანაც ინტერვიუს ვწერთ. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებდა _ მოსვლისთანავე გვპირდებოდა ქარხნების აშენებას, გზების დაგებას. დაპირებები წყლის, გაზის, დასაქმებული მოსახლეობას შესახებ რომ იქნება, ეგ ვიცით _ ასეთია პრაქტიკა. ახალს რას დაამატებთ?

_ ყველაფერი გცოდნიათ... მე გეტყვით ახლა ზუსტად იმ თემის შესახებ, რაზეც ვმუშაობ. საუბარი უკვე მქონდა პრემიერის აპარატთან, ვამუშავებ პრეზენტაციას. ის, რაც თქვენ ბრძანეთ, ძალიან საინტერესოა, მე თუ მკითხავთ, მაგის გარეშე რაიონების და რეგიონების განვითარება გამორიცხულია. უფრო შორიდან დავიწყებ _ ადრე, საშემოსავლო გადასახადი რჩებოდა ადგილობრივ ბიუჯეტში. მაგალითად, ჩემი კომპანია დარეგისტრირებული იყო ლანჩხუთში და საშემოსავლო გადასახადი შედიოდა ლანჩხუთის ბიუჯეტში, რომელიც, თითქმის მილიონ ლარს შეადგენდა. ძალიან ბევრი ბიზნესმენია გურიიდან. მათთვის არაფერი იცვლება იმით, თუ ამ გადასახადს ადგილზე გადაიხდიან. პირიქით, მათ რეგიონს წაადგება. აქედან გამომდინარე, უკვე იქნები დამოუკიდებელი, რომ განახორციელო ის პროექტები რეგიონის მასშტაბით, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, განვითარდება ავტომატურად ბევრი ბიზნესი.

_ ეგ სამომავლოდ... უფრო ახლო პროექტი არ გაქვთ?

_ ჩვენ ვეცადეთ, მოგვეფიქრებინა ისეთი პროექტი, რომელიც შეეხება მასიურად ყველას. ვიფიქრეთ და, ჩემი მოსაზრებით, საინტერესო გადაწყვეტილება ვიპოვეთ _ ეს შეეხება სამაცივრე სისტემას. მაგალითად, მანდარინი, რომელიც ასე თუ ისე, თითქმის, ყველა ოჯახში მოდის, სეზონზე ძვირი არ ღირს. თუმცა, თუკი ინახავ და იანვარში აკეთებ რეალიზაციას, უკვე ღირს 150%-ით უფრო ძვირი, თებერვალში _ 200-250%-ით, და მარტში, დაახლოებით, 400-500%-ით. ლაპარაკია ზუსტად ამაზე, რომ ჩვენ შევძლოთ მანდარინის შენახვა და ბაზარზე მიწოდება ზუსტად იმ დროს, როდესაც მანდარინს აქვს მაქსიმალური ღირებულება. ეს მისცემს საშუალებას გლეხს, რომ ის მანდარინი აღარ გაყიდოს სასწრაფოდ და აღარ ჰქონდეს იმის შიში, რომ დაულპება. ჩვენი ანგარიშით, დაახლოებით, 10-12 ათასი ტონა მანდარინი მოდის მარტო გურიაში. მისი თვითღირებულება რომ ერთ ლარზე ავიყვანოთ, 10-12 მილიონი ლარზეა ლაპარაკი, რომელიც ძალიან დიდი შემოსავალია გურიის რეგიონის თითოეულ ოჯახისთვის. აქ შეიძლება არ მოიაზრებოდეს ის, რომ დასაქმდება ბევრი ადამიანი, მაგრამ გაცილებით მეტი სიკეთის მომტანია, ვიდრე სხვა წარმოება, სადაც შეიძლება 100 ადამიანი დასაქმდეს

_ ეს მოხსნის მანდარინის რეალიზაციის პრობლემას?

_ მანდარინის, კივის, ლიმონის, ფორთოხლის. დაახლოებით, 11 მილიონი კილოგრამი ფორთოხალი შემოდის საქართველოში თურქეთიდან, დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი შემოვიდა ლიმონი, მილიონ კილოგრამზე მეტი _ კივი, როდესაც კივი გურიაში ლპება, 6 მილიონი კილოგრამი ვაშლი. ჩვენი პრობლემა არის ზუსტად ის, რომ ვაშლი გვაქვს მაშინ, როცა არის დიდი რაოდენობით და ფიზიკურად ვერსად ვერ წაიღებ; როდესაც ჩვენთან ვაშლი აღარ არის, მერე შემოდის უცხოეთიდან, რადგან ისინი ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ირანიდან შემოდის კივი, რომლის თვითღირებულება არის 1,05 ლარი. როდესაც 0,50 თეთრად ვერ ყიდის ქართველი გლეხი. ჩვენ მოგვმართეს წერილით ასკანელმა ძმებმა, რომლებსაც უნდათ გაფუჭებული ხილის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა. ამ ხილიდან დაამზადებენ ალკოჰოლურ სასმელებს. დაახლოებით, 3 000 ტონაზე აქვთ ლაპარაკი. არის კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელსაც ვიხილავთ. ეს ჩემთვის არის პრიორიტეტი, იმიტომ, რომ მასობრივად ეხება ყველას გურიაში. ყველა ოჯახს აქვს ხილი მეტ-ნაკლებად. ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებიც 100 ლარს დახმარებას ითხოვენ. ამ პროექტის გახორციელების შემდეგ, მინიმუმ, რამდენიმე ათასი ლარი გაუჩნდება თითოეულ ოჯახს დამატებით შემოსავლის წყაროდ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტს გავახორციელებთ.




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...