ირაკლი ალასანია: "უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ"

მთავარი თემა

ირაკლი ალასანია: "უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ"

2014 ნოე 1 15:41:55
საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთნ დაკავშირებით შეკითხვები ამ დრომდე არსებობს. მომხდარზე პირველი კომენტარი ირაკლი ალასანიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა. თავდაცვის მინისტრის თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნას.
_ მთავარი, ახლა რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ყველა და საზოგადოება, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას ჭირდება რა თქმა უნდა, გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების და ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, რადგან, ბუნებრივია, მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესებსაც და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. თუმცა, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი და მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება. 
ჩემთვის, რაზეც ახლა ვარ კონცენტრირებული, გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავი იგრძნონ დაცულად, სამართლებრივად და ამიტომ, მე რა თქმა უნდა, მთელს ყურადღებას გადავიტან იქითკენ, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად. სამწუხაროდ, ამის ელემენტები და წინაპირობები უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი, დახურულად. 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას უკვე ამ საქმეს, იმიტომ რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. აქედან გამომდინარე, იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ, სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვინაიდან ამით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მიადგა ზიანი, რა თქმა უნდა, უნდა შედგეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები ამასთან დაკავშირებით. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, პრემიერ-მინისტრთან ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან ვგეგმავ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც. ბუნებრივია, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა დადგება უკვე იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. 
გამოძიებას არავინ და არაფერი წინ არ უნდა აღუდგეს, სრული ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ, _
განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც “საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, გამოვლენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ფაქტი".
ამავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულ იქნენ:  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი  გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება შემდეგი: 2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს "სილქნეტი“, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და  დავით წიფურიამ განიზრახეს სს „სილქნეტის“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა. დანაშაულის შესანიღბად, გიზო ღლონტმა,  გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა  ვითომდა ბაზრის საკვლევად და შესაძენი ქონებისა და მომსახურების მისაღებად საჭირო ყველაზე დაბალი ფასის განსასაზღვრად, გამოაცხადეს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ,  სადაც მონაწილეობის მისაღებად 2013 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტმა მოწვევა სს ,,სილქნეტთან“ ერთად გაუგზავნა საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას, რომლებსაც წინადადებების წარმოსადგენად ვადა მიეცათ 5 სექტემბრამდე. ვინაიდან ხსენებული სამუშაოს შესასრულებლად თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი იყო არარეალურად მოკლე ვადა, 4 კომპანიამ შეძლო  მხოლოდ ზოგადი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა.
2013 წლის 05 სექტემბერს, დანიშნულ დროს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, მოხდა  კომპანიების მიერ წარმოდგენილ წინადადებებში დაფიქსირებული მხოლოდ მისაწოდებელი ფასის გამოცხადება, იმავე თარიღით  შედგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაგისტრალური ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის და აპარატურული უზრუნველყოფის შემოთავაზების გახსნის ოქმი, რომლის მიხედვითაც  თითქოს წინადადებები გაიხსნა ტრანსპარანტული წესების დაცვით და გადახედილი იქნა წარმომადგენლების თანდასწრებით, რეალურად წინადადებები  უკვე გახსნილი  იყო და პრეტენდენტებს, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, არ  გააცნეს ერთმანეთის შეთავაზებები.
ამდენად, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს ხსენებულმა თანამდებობის პირებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ სს „სილქნეტისთვის“ უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში.
წინადადებების განხილვისას და შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში გიზო ღლონტმა,  ნუგზარ კაიშაურმა  და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სხვა კომპანიების წარმომადგენლებს განზრახ არ მისცეს ინფორმაცია - გაეგოთ თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით დააფიქსირა ს.ს. „სილქნეტმა“ დაბალი ფასი, ასევე სხვა სახელმწიფო სამსახურებში შეგნებულად არ გაარკვიეს ანალოგიური ქონების შეძენის პირობები და ღირებულება, რადგან აღნიშნული მომსახურების და საქონლის შეძენა ბაზარზე შესაძლებელი იქნებოდა გაცილებით შეღავათიან ფასად შესყიდვაში მონაწილე სხვა კომპანიებისგან.
2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტთან“ გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის, შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს“ უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ  (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან“   2015 წლის  16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ  2 618 004.82 ლარს.
აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადებული ჰქონდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვაზე, შემდგომში ამ შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანიასთან  სს „სილქნეტთან“ ხელშეკრულებას აფორმებს მხოლოდ ამ მაგისტრალში არსებული კაბელის განსაზღვრული რაოდენობის წვერების შეძენაზე, რაც არსობრივად ცვლის საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის რეალურ ობიექტს.
აღნიშნული ქმედებით გიზო ღლონტმა,  გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სს ,,სილქნეტის“ სასარგებლოდ გაფლანგეს  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის დაკავებულ პირებს 48 საათში წარედგინებათ ბრალდებები.
გამოძიება ასევე მუშაობს ამ დანაშაულში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
პროკურატურის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას იმავე დღეს გამოეხმაურა კომპანია "სილქნეტი":
_ 2013 წლის შემოდგომაზე სს სილქნეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში  შესყიდვის განხორციელების თაობაზე.
სს სილქნეტმა, სხვა კომპანიებთან ერთად, ტენდერით დადგენილ ვადებში წარადგინა შესაბამისი წინადადება ყველა იმ დოკუმენტთან და ინფორმაციასთან ერთად, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით. წარდგენილი წინადადება  ჩაითვალა საუკეთესოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და სილქნეტი გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვაობა სილქნეტის მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასული კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი - 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი.
შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე,  სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან. დღეისათვის სილქნეტის მხრიდან მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესრულების მიზნით, _ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ალასანიას უწყებას მხარდაჭერა დიპლომატებმაც გამოუცხადეს:
_ ნება მომეცით მოგახსენოთ, ვიცი, რომ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაისვა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები სრულად ენდობა საქართველოს, როგორც მის პარტნიორს სამხედრო და თავდაცვის საკითხებში, იქნება ეს საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი თუ საქართველო-ნატოს ურთიერთობა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვენდობით მინისტრ ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ გუნდს. მივესალმებით მათ განცხადებას, რომ ისინი სრულად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. ყოველთვის, როდესაც გაისმის კორუფციის ბრალდება, საქმე საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს. მივესალმებით ამგვარ გამოძიებას. როგორც ყოველთვის, ვთხოვთ მთავრობას ამ გამოძიებასაც სამართლებლივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით მიუდგეს, _ აღნიშნულია ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
მომხდარს შვეიცარიის საელჩოც გამოეხმაურა:  
_ პოლიტიკური სტაბილურობა და კორუფციასთან ბრძოლა საზოგადოების ყველა დონეზე და ყველა სფეროში არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შვეიცარია მიესალმება სანდო და სარწმუნო გამოძიებას, რომელიც უკავშირდება სავარაუდო კორუფციასა და საჯარო ფინანსების გაფლანგვას. ასეთი გამოძიებები, ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სრულად განჭვირვალე, დაფუძნებული ჯანსაღ პროცესზე. ის უნდა ექვემდებარებოდეს სამართლის ნორმებს და უნდა წარიმართოს უმაღლესი სტანდარტებთან შესაბამისობაში უფლებამოსილებების დაყოფის თვალსაზრისით. შვეიცარიას აქვს სრული ნდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საქმიანობის მიმართ და ღრმად არის დარწმუნებული, რომ მისი გუნდი შეძლებს ნაყოფიერად და კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, - ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს განცხადებაში.



 ახალი ამბები
  • “საკმაოდ მძიმე იქნება აპრილი, შესაძლოა მაისის პირველი ნახევარიც” – გამყრელიძე“საკმაოდ მძიმე იქნება აპრილი, შესაძლოა მაისის პირველი ნახევარიც”, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა “ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. გამოვიყენე პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული, სხვადასხვა ტერმინოლოგია. ისაც ვთქვი დაახლოებით ათი დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისიც, პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა  იქნება”, – ამბობს გამყრელიძე. მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას კი მოუწოდებს სოციალური დისტანცირების წესები დაიცვან, რადგან მისი თქმით, ამ ბრძოლაში ეს პირველი იარაღია: “შეკავების ფაზა საქართველოში მაქისმალურად ასე ვთქვათ, გაიწელა, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის და ამ კვირის ბოლოს რასაც ვპროგნოზირებით იმაზე ოდნავ ცოტაც არის, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს და ვნახოთ. მნისვნელოვანია დავიცვათ საგანგებო მდგოგომარეობა და თვითიზოლაცია. პირველი იარაღი ამ ბრძოლაში გახლავთ სოციალური დისტანცირება”, – განაცხადა ამირან ... ...
  • აპირებს თუ არა ჩოხატაურის მერია პრემიების გაცემასკორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო მოხელეების წახალისებას არ გეგმავს, _ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა. „საჯარო მოხელეების წახალისებას არ ვგეგმავთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჯერჯერობით, არავის წახალისება არ იგეგმება. ჩვენი რესურსები ახლა მაქსიმალურად მობილიზებულია ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“,_ გვიპასუხა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი საქმიანობისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიები გაიცა იმ ადამიანებზე, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ სამუშაოებში 24 საათის განმავლობაში იღებენ მონაწილეობას. როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტა, პრემიების გაცემა აღნიშნული თანამშრომლების წახალისებას ისახავდა ... ...
  • "რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს სახლიდან ვადევნებ" _ გიორგი გახარიამე, როგორც ერთი ქრისტიანი, რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. „მესმის, რომ ბევრს სურს, მსგავს ემოციურ და სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის საკითხი რაღაც წინააღმდეგობებზე დაფუძნებით დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. მერწმუნეთ, ასე არ იქნება. ჩვენ ეკლესიასთან ერთად აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს და ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის. ამისკენ მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების და მშობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ისეთ გამოსავალს ვიპოვით, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და დღევანდელობას შეეფერება“, - განაცხადა ... ...
  • COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზესაქართველოში სტარტაპ "mydoc"-ის მიერ შეიქმნა ტელემედიცინაზე დამყარებული პირველადი ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა https://mydoc.ge/, სადაც მომხმარებელს შეუძლია COVID-19-ის შესახებ ანონიმურობის სრული დაცვით შეამოწმოს საკუთარი ეჭვი, კორონავირუსით შესაძლო დაავადების შესახებ. ეს არის COVID 19-ის ტრიაჟის ინსტრუმენტი, შემუშავებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გაიდლაინების მიხედვით. საიტზე მოცემულია ზოგადი სიმპტომები და მათზე დაყრდნობით შექმნილია კორონავირუსის რისკების დადგენის ტესტი, რომელიც ადგენს შესაძლო რისკებს და ამის საფუძველზე მომხმარებელს აძლევს რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში. პლატფორმაზე უწყვეტად ხდება სამედიცინო ცოდნის ავტომატიზებული შეგროვება და სისტემატიზაცია. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხორციელდება სამედიცინო სამეცნიერო ლიტერატურის, კვლევებისა და პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის მიერ შეყვანილი მონაცემების (სიმპტომების) ღრმა ანალიზს ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით.პლატფორმა ეყრდნობა მხოლოდ სანდო და კომპეტენტურ სამედიცინო - სამეცნიერო საერთაშორისო წყაროებს. მასში მონაცემები გროვდება მთელი მსოფლიოდან, ათიათასობით პაციენტის ავადმყოფობის სამედიცინო ჩანაწერებიდან. პლატფორმის მოდერირება და მართვა ხდება კომპეტენტური სამედიცინო საბჭოს მიერ, რომელშიც შედიან ევროპისა და აშშ-ს სპეციალისტები, როგორც სამედიცინო ასევე ხელოვნური ინტელექტის სფეროდან. წყარო: ... ...
  • Covid 19-ით გარდაცვლილი ქალი სარიტუალო სუფრაზე დაინფიცირდა _ ამირან გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი რიტუალურ სოფელში სუფრაზე დაინფიცირდა. მისივე განმარტებით, იმ ე.წ. კლასტერში, რომელშიც აღნიშნული ქალი შედიოდა, ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია. „ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი არს კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში რუსეთ-აზერბაიჯანიდან და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ და ასევე, რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი იმ პირველი ინფიცირებულის. ანუ ამ შემთხვევაში ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად არის ცნობილი,“- განაცხადა ამირან ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...