"ვაპირებთ, მალე ერთ დიდ "კერძო", მაგრამ გამწარებულ კომპანიად ვიქცეთ და კარები აგიჭედოთ!"

მთავარი თემა

"ვაპირებთ, მალე ერთ დიდ "კერძო", მაგრამ გამწარებულ კომპანიად ვიქცეთ და კარები აგიჭედოთ!"

2016 იან 18 17:48:14

"ძაღლებს ამწყვდევენ, კვებავენ, მაგრამ სინათლეს უთიშავენ და უნთებენ ხშირ-ხშირად. ძაღლები ნერვიულობისგან იღუპებიან!" _ აკადემიკოსი და მედიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი, შევარდნაძის დროინდელი პარლამენტის წევრი" _ ასე იწყება წერილი, რომელიც "გურია ნიუსს" ქვემო და ზემო ერკეთის მოსახლეობამ გამოუგზავნა.

ერკეთელების თქმით, "მოუთმენელი გაჭირვების გამოსახატად" აქციის გამართვას გეგმავდნენ: "ჩვენი გულისტკივილის კი არა, უკვე მოუთმენელი გაჭირვების გამოსახატად ვგეგმავდით პროტესტის სხვა გზას დავდგომოდით, მაგრამ "გურია ნიუსის" 4 იანვრის ნომერმა აზრი შეგვაცვლევინა _ იქნებ ამ გაზეთით სჯობს ბრძოლის დაწყება?!

ჩვენ აღარ გვიკვირს ბნელში ცხოვრება, არც ის, რომ იანვარში გურიის მთებში თოვლი მოვიდა! არც ის, რომ ყველა დასაბრალებელი თოვლს ბრალდება! არც ის, რომ ოპოზიციამ ამ თემით ახალი ამბავი აღმოაჩინა და ეს ყველაფერი ახლა არ დაწყებულა... ათეული წლებია ჩვენი წუხილი ნარნარით მიმავალ ქარავანს ადევნებული ძაღლების ყეფაა! მიდიან ახალ-ახალი ქარავნები, გაწბილებული ძაღლები უკან უხალისოდ ბრუნდებიან. ვინაა მშველელი? ვეძებთ ასეთ ძალას და ყველა გზა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის ფილიალთან იყრის თავს.

მერე რა? ათასგვარი ყოფითი პრობლემებით გულშემოყრილ მოსახლეობას მათგან არასოდეს მიუღია ადამიანური, საქმის მოსაგვარებელი პასუხი, დახმარება, თანაგრძნობა... შეღავათმა ჯვარი დაგწერათ! ერთადერთი, რაც ჩვენ ამ კომპანიასთან გვაკავშირებს, არის რამენაირად, ყველა საშუალებით, თუნდაც თავხედური მოქმედებით, ელექტროენერგიის საფასურის ამოღება. წინა ხელისუფლების დროს, თითქმის ყაჩაღური გზით გვღლეტდნენ დაუხარჯავი, ან სხვის მიერ დახარჯული დენის საფასურს," _ აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორები "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ:

"ახლახან, ერთმა მოხუცმა თანხის წამღები ვერ იშოვა. ნახევარი დღის დაგვიანებისთვის 2 ლარი უმალ წაღლიტეს, დააჯარიმეს. ბევრმა აბონენტმა არც იცის, ვინ "აკვეხებს" ქვითარს ჭიშკარში, რომელიც ზოგჯერ სველდება, ხან ქარს მიაქვს და სულაც იკარგება. გვიპასუხეთ, ბატონო ჭარბაძე _ თქვენ ასრულებთ კანონს, მაგრამ თქვენი ზემდგომი "კანონისტებისთვის" მოგიწოდებიათ ოდესმე ამ საშინელი კანონის შეცვლისაკენ ან რაღაც შეღავათისკენ? ხელფასს რომ აძლევთ "მანტიორის" სახელით შემორჩენილ თანამშრომლებს, გიკითხავთ ჩვენთვის, თუ გვინახავს ისინი ან როგორ "გვემსახურებიან?"

მოსახლეობა იძულებულია ყოველი ნიავის შემდეგ, ჭოკებით ირბინოს შუკა-შუკა (ვისაც ფეხზე დგომა ჯერ კიდე შეუძლია) და გადაკვანძული სადენები განაცალკევოს. სწორედ, ამის გამო დაიღუპა სურებში ახალგაზრდა ვაჟკაცი _ სიმონიკა დოლიძე _ დავრდომილი დედ-მამის ერთადერთი უცოლშვილო ვაჟი. ვინ აგებს ამაზე პასუხს? დაუდევრობას ნუ ააფარებთ დავსილ თვალებზე უბედურ მშობლებს. დაუდევრობა რომ არ არსებობდეს, იმიტომ არსებობს ეს სამსახური, რომელსაც "ენერგო-პრო ჯორჯია" ჰქვია და რომელსაც, ნერვების გლეჯის, თითქმის არარსებული მომსახურების და აგერ ახლახან _ სიკვდილის მეტი, არაფერი მოუტანია.

ჩვენ არ ვიცით, თქვენ ირიგებთ თუ არა პრემიებს ხალხის "მაღალი დონის" მომსახურებისთვის. ეს არცაა ჩვენი საქმე! თქვენ რომ კერძო კომპანია ხართ(!) და თუ ეს "კერძოობა" არის მთავარი, კერძო ვართ ჩვენც, თითოეული ადამიანი, რომელთა სიცოცხლე, უბრალოდ, არსებობა, აუტანელი გახდა!

ჩვენ ვაპირებთ, მალე ერთ დიდ "კერძო", მაგრამ გამწარებულ კომპანიად ვიქცეთ და ის მაინც შევძლოთ, კარები აგიჭედოთ! ახლა მკითხველს აუხსენით, რატომ აღმოჩნდა ეს ორი სოფელი სხვებისგან განსხვავებულ მძიმე ვითარებაში. მაშინ, როცა სრულიად წყნარ ამინდში, ზოგჯერ ზაფხულშიც, დაბა და ყველა სოფელი განათებულია, ერკეთი და ქვემო ერკეთი ბნელია!

ადრეც ასე იყო, მაგრამ რაც სურებმა ელექტროენერგია მიიღო, ძალიან ხშირად ითიშება სურები, ვითიშებით ჩვენც. არავინ იფიქროს დიდი სიხარულით არ შევხვედროდით სურების განათებას. სურებს თავისი დაუსრულებელი გასაჭირი ღრღნის მუდამ, მაგრამ ახლა ერთნაირად გაჭირვებულები აღმოვჩნდით ჩვენც და სურებიც.

მოსაყვედურეებს მრავალი ამბები ამოაქვთ "ენერგო პროდან". ერთი ასეთია (იქნებ, არცაა მართალი) _ 1 200 დოლარი უნდა ამ საქმესო! რაა?! ხომ არ აპირებთ მოსახლეობისთვის ამ თანხის აცინცვლას? ეს რა თანხაა იმასთან შედარებით, რაც ამ გატყავებული ხალხისგან წაგიღიათ? მათ შორის, უკანონოდაც?

ვფიქრობთ შეასრულებთ თქვენს ვალდებულებას და მიხედავთ ამ საქმეს. ჩვენც არ გვაქვს სურვილი, ღამის ბესლეთიდან ამ საშინელ ამინდში ბრძოლა გავაჩაღოთ.

ბატონო ჭარბაძე, ალბათ, ამავე გაზეთით გაგვცემთ პასუხს. ხელწერების წარმოდგენას აზრი არ აქვს. ეს არის სასიცოცხლო საკითხი, რომელსაც ყველა აწერს ხელს. ვიცით, რომ ამავე აზრისაა სურების მოსახლეობა და ისინიც შემოგვიერთდებიან", _ აღნიშნულია მოსახლეობის წერილში.

ერკეთელების კითხვებზე პასუხების გაცემა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ხელმძღვანელობას ვთხოვეთ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ავთანდილ დვალიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "ელექტროენერგიის დავალიანების გამო გათიშული აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საფასური შეადგენს 2 ლარს დღგ-ს ჩათვლით":

_ აღნიშნული საფასური დადგენილია სემეკის #20 დადგენილების (2008 წლის 18 სექტემბერი), 29 მუხლის 3-პუნქტიის თანახმად და ქვითარზე, შესაბამისად, ირიცხება ელენერგიის აღდგენის შემდეგ. მოხმარების წესებს ადგენს სემეკი და არა "ენერგო პრო ჯორჯია", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას დვალიშვილი.

როგორც გაირკვა, კომპანიის ცენტრალურ ოფისში კარგად იციან ჩოხატაურის სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ. იციან ისიც, რომ ჩატარებული სამუშაოები საკმარისი არ არის: _ როგორც სურების, ასევე, ერკეთის და ქვემო ერკეთის დაბალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია უკვე გააკეთა კომპანიამ, თუმცა, სამწუხაროდ, პრობლემების სრულად მოგვარებისთვის ეს არაა საკმარისი. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა პრობლემები არსებობს სოფელ სურებში და ჩოხატაურის რაიონის სხვა სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდებასა და სტაბილურ მომარაგებასთან დაკავშირებით. მაგალითად _ იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემები საფუძვლიანად მოგვარდეს, მხოლოდ სურებში ქსელის მასშტაბური რეაბილიტაციისთვის საჭირო ინვესტიცია შეადგენს 500 000-დან 700 000 ლარს. დიახ, შესაძლოა ეს იყოს სიახლე აბონენტისათვის და მას აღნიშნული რიცხვები სულაც არ აინტერესებს, თუმცა, კომპანია გეგმავს, მომავალში დეტალური განმარტებები გააკეთოს და უფრო ნათლად აუხსნას მოსახლეობას, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება არ არის დამოკიდებული მხოლოდ კომპანიის სურვილზე და ამისთვის საჭიროა შესაბამისი ფინანსური სახსრები, ხოლო ამ ფინანსური სახსრების ერთიანად მოზიდვა და ინვესტირება თავის მხრივ ავტომატურად გამოიწვევს ტარიფების კორექტირებას, რაც მძიმე ტვირთად დააწვება იგივე აბონენტებს. მეორე მხრივ, "ენერგო-პრო ჯორჯიაში" არსებობს დეტალური მოკვლევა, რომელშიც ასახულია თითოეული ბოძის თუ სატრანსფორმატორო ჯიხურის შესახებ ინფორმაცია და ნამდვილად ცნობილია, რა ოდენობის დამატებითი ინვესტიციაა საჭირო ქსელის სრული განახლებისთვის. შესაბამისად, კომპანიის სტრატეგიაა, რომ ეტაპობრივად, ისე რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს აბონენტს, მოახდინოს ქსელის განახლება და რეაბილიტაცია", _ ამბობს დვალიშვილი.

კითხვაზე, უკვე ხომ მოხდა ტარიფის კორექტირება და რატომ არ აისახა ეს ქსელის მდგომარეობაზე, დვალიშვილი ასე პასუხობს: "პირველი _ გაზრდილი ტარიფით მიღებული დამატებითი შემოსავალი კომპანიამ სრულად მიიღო სექტემბრის ბოლოს. მეორე _ სამწუხაროდ, ეს ზრდა არ არის კავშირში ქსელის რეაბილიტაციასთან, რადგან აღნიშნული ზრდის დროს გათვალისწინებული იყო მხოლოდ კომპანიის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება, რომელიც კომპანიას გაუძვირდა ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო".

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცენტრალურ ოფისში განმარტავენ, რომ სურების ენერგომომარაგების საკითხი დამოკიდებული არ არის ერკეთის და ქვემო ერკეთის ენერგომომარაგებაზე.

_ მიუხედავათ იმისა, რომ ეს სოფლები ერთი ხაზით იკვებებიან, ტექნიკურად არის იმის შესაძლებლობა, რომ შეზღუდვის შემთხვევაში, ჩაიხსნას დაზიანებული უბანი და დანარჩენ სოფლებს მიეწოდოს ელექტროენერგია, _ გვითხრა დვალიშვილმა.

_ ბატონო ავთანდილ, თუკი ეს ტექნიკურად შესაძლებელია, რატომ არ აკეთებს ამას ადგილობრივი სერვისცენტრი და რატომ ხდება სურებთან ერთად ერკეთის გათიშვაც?

_ არ არის ყოველთვის ეგრე. თავიდან, როცა დენი მიდის, შეიძლება რამდენიმე წუთი იყოს მასე ანუ, სანამ ჩაიხსნება, _ ამბობს დვალიშვილი.

კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ სურებში გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ, რაც წინასწარ არსებული ინფორმაციით, ჩამოგდებულმა ელექტროგადამცემმა ხაზმა გამოიწვია: _ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, _ განმარტავენ კომპანიაში.

 "ენერგო-პრო ჯორჯიაში" მწუხარებას გამოთქვამენ "განვლილ სადღესასწაულო დღეებში გურიის (ისევე, როგორც მთელს დასავლეთ საქართველოში) არსებული შეფერხებების გამო".

გარდა ამისა, კომპანია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში, თუ რატომ არ არის აბონენტთა ენერგომომარაგების ხარისხი კიდევ უფრო მაღალი და რა არის საჭირო ამის მისაღწევად.

აღსანიშნავია, რომ "ენერგო პრო ჯორჯიას" გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით საჯარო შეკითხვები ერთადერთმა პოლიტიკოსმა _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ დაუსვა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნავდა, რომ კომპანიას პასუხს მთელი სიმკაცრით მოსთხოვდა.

კვაჭანტირაძეს ტელეეთერით უპასუხა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ  და აღნიშნა, რომ "ვერანაირ ბრალდებებს ვერ მიიღებდნენ". ბოცვაძემ ახალი წლის დღეებში შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ისე, რომ სტიქიის დროს სიცოცხლის რისკის ფასად მომუშავე კოლექტივს თავს ესხმოდნენ".

"ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის კომენტარი უპასუხოდ არ დაუტოვებია კვაჭანტირაძეს: "სტიქია რაა, ყველას გვესმის. როგორ მოამზადეთ სისტემა ზამთრისთვის და სხვა ვალდებულებებს როგორ ასრულებს "ენერგო-პრო ჯორჯია", ამაზე ერთად, სერიოზული მსჯელობა და თქვენ კი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ", _ აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

ჯერჯერობით, მედიით გაჟღერებული ამ ურთიერთბრალდებების იქით საქმე არ წასულა. პრობლემა პრობლემად რჩება. იმის გასაგებად, ხომ არ აპირებს კომპანიის ხელმძღვანელების პარლამენტში დაბარებას და რა გეგმები აქვს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი საკითხის ირგვლივ, "გურია ნიუსი" ზვიად კვაჭანტირაძეს დაუკავშირდა.

_ დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ჩამოდის უახლოეს დღეებში გურიაში "ენერგო-პროს" მენეჯმენტთან ერთად. გაიმართება სამუშაო შეხვედრა ყველა მუნიციპალიტეტში არსებული კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის, დაწესდება მკაცრი კონტროლი მის შესრულებაზე. ასე ვართ შეთანხმებულები და მომდევნო კვირაში (საუბარი ჩაწერილია 15 იანვარს) აუცილებლად მოხდება ეს შეხვედრა, რომელშიც აქტიურად მივიღებ მონაწილეობას, _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.




 ახალი ამბები
  • პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიაში ვაკანსიები ცხადდება (R)საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს ვაკანსიას (ანაზღაურების გარეშე): საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის ერთ კანდიდატურაზე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან; სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრის ორ-ორ კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთს დაიკავებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხოლო ერთს - ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი. მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს: 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას; 2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან. არასამთავრობო ორგანიზაციები ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საკოორდინაციო საბჭოში წარადგენენ სამსახურის ადგილობრივი საბჭოს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურას. 5 სამუშაო დღე ეძლევა კანდიდატურის წარსადგენად უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებსაც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებ კანდიდატურების წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის წესდების ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები. გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა: სამსახურის ადგილობრივი საბჭოში სულ 12 ვაკანსია; მუდმივმოქმედ კომისიაში 1 ვაკანსია. კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 26 ივლისის 18:00 საათამდე, სპეციალურ პენიტენციურ ... ...
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...