"ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა იმიტომ წაიტეხა ცხვირი, რომ გვერდით "მომქანჯალებელი" არ დაიტოვა" _ ვასილ მაღლაფერიძე

მთავარი თემა

"ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა იმიტომ წაიტეხა ცხვირი, რომ გვერდით "მომქანჯალებელი" არ დაიტოვა" _ ვასილ მაღლაფერიძე

8 თებ. 2016, 16:02:30

რა ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთან, როგორი პარლამენტი სჭირდება საქართველოს, რამდენად ადეკვატურები არიან დღევანდელი პარლამენტარები და შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" არჩევნების მოგებას, რა კავშირი აქვს "მაესტროს" წილების გადაფორმებასთან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტელეკომპანია "GDS"-ის გადაცემა "20/30"-ის მთავარი პროდიუსერი, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე საუბრობს.

_ ბატონო ვასილ, ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ "ქართული ოცნების" სიის ათეულში მოხვდებით. მიუხედავად თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებთ, მედია ამ თემაზე ბევრს წერს. უფრო მეტიც, მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედაც კი გასახელებენ... 

– ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო ის არის, როგორი დიდი გასაქანი აქვს ჩვენში ჭორ-ინფორმაციებს. რაც გინდა სისულელე მოიგონე და მთავარია, თქმა მოასწრო, უცებ გავრცელდება, არც გადაამოწმებს ვინმე, არც წყაროს იკითხავს. მაგის საჩვენებლად იყო, თავის დროზე რომ დავწერე, ევროკავშირი გოჭის დაკვლას გვიკრძალავს,-მეთქი და გახსოვთ, რა ამბავიც ატყდა. ჩვენთან წაკითხულის და ტელევიზორში მოსმენილის ლამის ბრმად სჯერათ, ლუარსაბს რომ მკითხავის სჯეროდა ისე და ჭორების შექმნაც ბიზნესად იქცა.

ახლა ეს ჩემი მოგონილი გოჭის ამბავი დამიბრუნდა პარლამენტის თავმჯდომარეობის ამბად. თუმცა, გამორიცხულია, რომ საერთოდ პარლამენტში შესვლაც კი ვცადო და ამაზე სამჯერ თუ ოთხჯერ ვუპასუხე ამ მოკლე ხანში.

ვინც ჩემი პარლამენტში შესვლის ამბავი შეთხზა, იმას, სინამდვილეში, საკუთარი თავი ანაღვლებს. არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ალბათ, აინტერესებს, რა ბედი ელის. ეტყობა, არ ეუბნება არავინ არაფერს, ამიტომ შემოაგდო ჭორი და აკვირდება, ვის რა რეაქცია ექნება, რომ, იქნებ, აქედან მაინც გაიგოს რამე.

_ ანუ პარლამეტში შესვლას არ აპირებთ!

– არ მგონია, ვინმეს დიდად აინტერესებდეს ეს საკითხი, მაგრამ, ვინაიდან გამეორება ცოდნის დედაა, კიდევ ერთხელ ვიტყვი _ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ და იმედია, დაიხურება თემა. თუმცა, როგორ წარიმართება არჩევნები, ძალიანაც მაინტერესებს _ პროცესიც და შედეგებიც.

_ ერთ-ერთ კომენტარში აღნიშნეთ, რომ თქვენ იცით, როგორი პარლამენტარები სჭირდება ქვეყანას.

_ ეგ ვინ არ იცის?! მთავარია, როგორ შევიყვანოთ! გონიერი, სხარტი აზროვნების, ენა უნდა უჭრიდეს, უნდა ერკვეოდეს _ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. უნდა შეეძლოს საზოგადოების მთავარი პრობლემების დანახვა და მათი სწორად ფორმულირება; კანონის სტრიქონებს შორის ჩამალულ ნადვილ აზრს უნდა ხვდებოდეს; ადეკვატური უნდა იყოს! მგონი, დიმიტრი გელოვანის თამასას გადავაჭარბე, მაგრამ ნამდვილად სჭირდება ქვეყანას ადეკვატური პარლამენტარები.

_ დღევანდელი პარლამენტარები არ არიან ადეკვატურები?

_ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლა და თანაც უსისხლოდ, იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა. როცა, პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა მიდიოდა ყველაფრის მკადრებელ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და, კარგად გვახსოვს, რომ "ქართულ ოცნებასთან" სიახლოვე სახიფათო თემა იყო, იმ დროს, რასაკვირველია, "ქართული ოცნების" სია იყო ადეკვატური. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილს გვერდით დაუდგნენ, ბრძოლის ავანგარდში ჩადგნენ და მათ ამისთვის მადლობა ეკუთვნით. 

მაგრამ 2016 წლის პარლამენტი ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ამიტომ ამჟამად ისეთი პარლამენტარები სჭირდება ქვეყანას, რომლებიც ამ ახალ გამოწვევებს უპასუხებენ. შეიძლება, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ქვეყნის გულშემატკივარიც, მაგრამ თუ კონკრეტული დროში, კონკრეტულ სივრცეში, კონკრეტული საქმის კეთებისას მაინცდამაინც ის უნარები არ აღმოგაჩნდება, რომელიც ამ საქმეს სჭირდება, სასაცილო გამოჩნდები, შემაფერხებელი გახდები, ხელს შეუშლი სხვას და ქვეყანას დააზარალებ. საბოლოოდ, ამას არაადეკვატურობისკენ მივყავართ. ამიტომ, პარლამენტარი სტუმარივითაა, როგორც დროული მოსვლით გაგვახარა, ასევე წასვლით უნდა გაგვახაროს. თუ სტუმრის საუბარი ბჟუტურში გადადის და მისი საქციელი არაადეკვატური ხდება, მისი ადრინდელი დამსახურებაც გავიწყდება. ამიტომ წასვლა ყოველთვის დროულად სჯობს. თუნდაც ადრე წასვლითაც კი არაფერი შავდება, მაგრამ თუ წასვლა თუნდაც ერთი დღით დააგვიანე, დაგისტვენენ.

_ ვინ უნდა გადაწყვიტოს, ვინ რამდენად ადეკვატურია?

_ ამის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. გურიაში იციან სიტყვა "მოქანჯალება", რაც იმას ნიშნავს, სადღაც რომ იჩეხები და ცოტას შეგაჯანჯღარებენ, შეგაფხიზლებენ, რათა აზრზე მოხვიდე. 

ტკბობაში რომ ხარ, თავი კიტრად რომ მოგაქვს, შენ რომ არ შეგშვენის, იმ საქმისკენ რომ გაგიწევს გული და ამ დროს ახლობელი დაგიშლის, არ ქნა მაგი საქმეო, ე, მაგია "მოქანჯალება". 

ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა სწორედ იმიტომ წაიტეხა ცხვირი, რომ გვერდით "მომქანჯალებელი" არ დაიტოვა, შემაკავებელი არ ჰყავდა და თავკონტროლი დაკარგა _ ამ წუთისოფლის უღრანში "მომქანჯალებლის" გარეშე მარტოხელა ადამიანი გზას ვერ გაიკვლევს.

_ ბიძინა ივანიშვილმა თუ იცის "მოქანჯალება"?

_ მე ახლა ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობდი, თუმცა, რატომაც არა?! ბიძინამაც მაგარი "მოქანჯალება" იცის, მაგას კაცს არ ამადლის, მაგრამ, "მოქანჯალება" სახრე და იძულება კი არ არის, რჩევაა და გაფრთხილება; შეუსმენელი თუ ხარ, "მოქანჯალება" ვერ გიშველის _ ცოტა შენც უნდა გინდოდეს, რომ კედელს არ ურტყა თავი.

პარლამენტის თემას დავუბრუნდები. პარლამენტი განსაკუთრებული ადგილია _ აკვარიუმის თევზივით ხარ, ყველა მხრიდან გიყურებენ, შენს მუშაობას პირდაპირ ეთერში გადასცემენ, აიხედავ - გადაგიღებენ, დაიხედავ - გადაგიღებენ, ყველა ნაბიჯს და სიტყვას გიწონიან, სისულელეს იტყვი - დაგცინებენ, აბდალიაო! პირში წყალს ჩაიგუბებ და უაზროს დაგიძახებენ! სულ ფორმაში უნდა იყო და, რაც მთავარია, შენი აზრები და საუბარი მხოლოდ შენ კი არ უნდა მოგწონდეს, სხვებისთვისაც მისაღები უნდა იყოს და არსებულ რეალობასთანაც მოდიოდეს თანხვედრაში.

ისეც ხდება, რომ ადამიანს თვითშეფასებაში ჩავარდნა აქვს ხოლმე _ ვირს რქები არ ამოუვიდა, თავი ბოჩოლა ეგონა და კუნტრუში მოიწადინაო, - მაშინ ოჯახმა უნდა მოაქანჯალოს, მეგობარმა უნდა მოაქანჯალოს, მშობლიურმა პარტიამ უნდა მოაქანჯალოს და, თუ მაინც გაჯიქდა, ბოლოს ამომრჩეველმა უნდა მოაქანჯალოს. მოკლედ, რეცეპტი ის არის, რომ ადამიანი გრენლანდიის ნახატად არ უნდა გადაიქცეს!

ახლა გვჭირდებიან ისეთი პარლამენტარები, რომლებიც, პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში იქნებიან, ქვეყნის შიგნით პულსზე ედებათ ხელი და კანონის სტრიქონებს შორის ამოიკითხავენ ნამდვილ შინაარსს. ამავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე და სტრუქტურებში შეძლებენ ქვეყნის ინტერესების დაცვას, რაც ძალიან კონკრეტულ ცოდნას და უნარებს მოითხოვს.

_ თქვენი აზრით, როგორი მთავრობა სჭირდება საქართველოს?

_ მე ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი ახლაც და არჩევნების შემდეგაც შეძლებს ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმატებით უპასუხებს ახალ გამოწვევებს. მას აქვს თანამედროვე მმართველისთვის მნიშვნელოვანი თვისებები _ კეთილსინდისიერია, კვალიფიციურია, მშვიდია, გულისყურით მომსმენია(!), საკმარისად მკაცრია, გადაწყვეტილებების მიმღებია და კლანებთან არ ასოცირდება. არც ერთ ამ საკითხში საზოგადოებას მის მიმართ ეჭვი არ უჩნდება.

სხვათა შორის, ვინაიდან გიორგი კვირიკაშვილს პარტიის თავმჯდომარედ ირჩევენ, ზემოთ ნახსენები საპარლამენტო სიის შემადგენლობაც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის პოლიტიკურ გემოვნებაზე და ხედვებზე. ნადვილად ველი, რომ ეს პროგრესზე ორიენტირებული სია იქნება!

_ არჩევნების თემაზე რადგან ვსაუბრობთ, მინდა გკითხოთ, როგორ უყურებთ ოლქების ახლებურად დაყოფის საკითხს. მაგალითად, გურიაში ჩოხატაურმა და ლანჩხუთმა ერთი დეპუტატი უნდა აირჩიოს, ზოგან _ პირიქით, გაიყო მუნიციპალიტეტი. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია ამომრჩეველთა ასეთი გადანაწილება?!

_ ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებით, ეს დროებითი ნორმაა და 2020 წლიდან მაჟორიტარული არჩევნები საერთოდ უნდა გაუქმდეს. ზოგი წელსვე ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

პარტიების წარმომადგენლები, ბუნებრივია, ამ საკითხს ისე შეხედავენ, ისე დაასაბუთებენ და ისეთ მაგალითებს მოიყვანენ საერთაშორისო პრაქტიკიდან, რაც მათ პარტიებს უფრო მეტ ძალაუფლებას მოუტანს. ეს ბუნებრივია, რადგან ნებისმიერი პარტია ძალაუფლების მოპოვების მსურველთა გაერთიანებაა.

მაგრამ ეს ჩვენ დაგვატყდა უცებ ყველაფერი ერთად _ დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პარლამენტი, პარტიები, პოლიტიკური ცხოვრება და თანაც უკიდურესი გაჭირვების ფონზე, როდესაც ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ამიტომაც ვერ დავლაგდით; ამიტომ ვერასდროს გახდა კონსტიტუცია საერთო ეროვნული შეთანხმების საგანი. ვისაც როგორ "აწყობდა" იმ მოცემულ მომენტში, ისე ჭრიდა და კერავდა ამ კონსტიტუციას. დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე მაჟორიტარული სისტემა გვიშლის ხელს, დრო გავა, მერე შეიძლება ისევ მოგვინდეს.

ბევრ ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლად და თანამიმდევრულად ვითარდებოდა, ქვედა პალატასთან ერთად, თითქმის, ყველგან არის ზედა პალატა _ სენატი, სადაც თანაბრად წარმოდგენილია კუთხეების, რეგიონების თუ შტატების ინტერესები, განურჩევლად მოსახლეობის რაოდენობისა.

საქართველოს რეალობიდან და ბუნებითი მოწყობიდან გამომდინარე, ვგულისხმობ, კუთხეებს, რაც ჩვენი სიმდიდრე და საფუძველია, პირადად მე სენატი აუცილებელი მგონია და დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივალთ.

_ ფიქრობთ თუ არა, რომ ქალები და კაცები თანაბრად უნდა იყვნენ პარლამენტში?

_ დარწმუნებული ვარ, რომ მალე შეიცვლება არასწორი წარმოდგენა, თითქოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები მხოლოდ კაცებმა უნდა მიიღონ და ეს მათ უკეთ გამოსდით. 

სახელმწიფოს საფუძველი ოჯახია და მხოლოდ ის ოჯახი იქნება სიცოცხლისუნარიანი, სადაც ქალი და კაცი ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადარჩენის ინსტინქტი გვკარნახობს ამას და ეს ქართველებმა კარგად გამოვცადეთ _ საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფო არ გვქონდა და ოჯახებმა შეინარჩუნეს საქართველო. იმ ოჯახში კი, ცხადია, ქალი და კაცი ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ასე ხდებოდა ყველაზე ტრადიციულ საზოგადოებებშიც კი, სადაც არასდროს ყოფილა მამაკაცების დიქტატურა, როგორც ეს ზოგს შეცდომით ჰგონია.

ხოლო თუ ერთპიროვნული მმართველობების ეპოქებს გავიხსენებთ, ვერავინ იტყვის, რომ, გინდ საქართველოში და გინდ საზღვარგარეთ, ქალებმა მართვა მამაკაცებზე ცუდად მოახერხეს. პირიქით _ ქალების მმართველობის პერიოდი თითქმის ყველგან ოქროს ხანად იქცა. ჰოდა, თუ ყველგან და ყველა დროში შეძლეს ქალებმა მართვა, რაღა ამ ჩვენ პარლამენტში არ გამოუვათ?!

ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება გადაწყვეტილებების მიღებაში ქალების მონაწილეობა ყველა დონეზე. ეს კაცების დაჩაგვრას სულაც არ ნიშნავს _ ქალს ძლიერად აქვს განვითარებული შთამომავლობის დაცვის ინსტინქტი და ხანგრძლივ სტაბილურობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ, თანაბარი ბალანსის შემთხვევაში, ბავშვიც უფრო დაცული იქნება, კაციც, ქვეყანაც და გარემოც. ვის რა უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო?! 

_ ასევე, აქტიურად იწერება თქვენი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაზე. ხშირად ამბობენ, რომ ივანიშვილი გადაწყვეტილებებს თქვენს გარეშე არ იღებს და უფრო მეტიც, მედიასთან ურთიერთობებს სწორედ თქვენ არკვევთ. რა ურთიერთობა გაქვს ბიძინა ივანიშვილთან?

_ ასეთი რამ სხვადასხვა დროს, მხოლოდ ჩემზე კი არა, ბევრ სხვაზეც დაწერილა. კარგი და თავმოსაწონი ამბავი იქნებოდა ეს ჩემთვის, მარა დაიჯერებს ამას ვინმე?! ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური გურული რას გეტყვით ამაზე, თუ იცით? – "ამდენი თუ იცოდა და ასეთი ჭკვიანი იყო, ივანიშვილს რეიზა ეუბნებოდა ამ რჩევებს, თავისთვის ვერ მეიხმარაო?!" ამ გურულის ნათქვამს დავამატებ, რომ "მაგრობა" ბიძინა ივანიშვილისთვის რჩევის მიცემა კი არ არის _ იგი დიდი ყურადღებით უსმენს ყველას, "მაგრობა" მისგან რჩევის მიღებაა. 

მედიასთან ურთიერთობის გარკვევას რაც შეეხება, აგერ არის მედია და ტყუილს არ მათქმევინებენ _ საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ მაქვს სხვა მედიასაშუალებებთან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, რომ ზოგან მუშაობენ ჩემი მეგობრები და ნაცნობები, რომელთაც ძირითადად ფეისბუქში თუ ვხედავ და კიდევ ხანდახან ინტერვიუსთვის მირეკავენ ხოლმე. 

_ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ინგა გრიგოლიასთან თქვა და დაწერა კიდეც ასეთი რამ: "უჩა მამაცაშვილთან ერთად "მაესტროს" წილების გაფორმების მოლაპარაკებებში ნამდვილად მონაწილეობდა "20/30"-ის ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მის ვინაობას დავასახელებ მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი." თქვენ ან სხვა ვინმე მართლაც მონაწილეობდით "მაესტროს" წილების გაფორმებაში?

_ ქალბატონ ელისოს, ალბათ, ძალიან დაწყდება გული, როდესაც შეიტყობს, რომ მისთვის, თურმე, არასწორი ინფორმაცია მიუწოდებიათ გასავრცელებლად. ასევე, ალბათ, გული დაწყდებათ იმ ჟურნალისტებსაც და ექსპერტებსაც, რომელთაც ამ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე, მცდარი ვარაუდები გამოთქვეს და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ვთქვა, რომ ამ ინფორმაციას სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს. 

რას ვიზამთ, ხდება ხოლმე _ ვის არ შეშლია?! თუმცა, ეს ტრაგედია ნამდვილად არ გახლავთ _ საქართველოში ყოველდღე იმდენი დეზინფორმაცია ვრცელდება, რომ ერთი და ორი ტყუილით მეტი საერთო სურათს ძალიან ვერ დაამძიმებს.

_ საინტერესოა თქვენი აზრი იმ წინააღმდეგობების შესახებ, რაც პერიოდულად თავს იჩენს ხოლმე პრეზიდენტის ინსტიტუტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის...

_ პრობლემის სათავე ლოგიკურად გაუმართავ კონსტიტუციაშია, რომელიც ასეთი იმიტომაა, რომ თავის დროზე ერთმა ადამიანმა, ამჯერად სხვა ქვეყნის მოქალაქემ, საკუთარ ტანზე გადაწყვიტა ქვეყნის ძირითადი კანონის მორგება და ცუდმა მკერავმა _კონსტიტუციონალისტებმაც მის ხუშტურზე ჭრეს და კერეს. ამიტომაც დღეს ჩვენი კონსტიტუცია ისევ სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს. საკონსტიტუციო კომისიაც არის შექმნილი ამ მიზნით.

ჯერ საპრეზიდენტო ქვეყანა ვიყავით, მერე გავხდით საპარლამენტო, მაგრამ შევინარჩუნეთ საპრეზიდენტო მოდელის ორნამენტები. აღმასრულებელი ხელისუფლება და რეალური ძალაუფლება პრემიერის ხელშია, რომელსაც პარლამენტი ნიშნავს, სამაგიეროდ, საყოველთაო არჩევნების გზით ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც ბევრს ვერაფერს წყვეტს. მე მგონია, რომ წინააღმდეგობები სწორედ იმიტომაც იჩენს ხოლმე თავს, რომ დღევანდელი პრეზიდენტი, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ძველი საპრეზიდენტო უფლებებისადმი მონატრებას განიცდის და ეს განუწყვეტლივ იგრძნობა მის ქცევაში, საუბარში, ცერემონიების დაგეგმვაში და, თუ გნებავთ, იმ ბედუკუღმართი სასახლისადმი დამოკიდებულებაშიც, რასაც იგი, როგორც ჩანს, ძალაუფლების სიმბოლოდ აღიქვამს.

ძალაუფლებისადმი ლტოლვა ადამიანის ინსტინქტია და ეს უნდა მივიღოთ, როგორც ბუნებრივი მოვლენა, მაგრამ კონსტიტუციის დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ ეს ინსტინქტები მოთოკოს, ძალაუფლება გადაანაწილოს და მკაფიო საზღვრებში მოაქციოს ისე, რომ ერთი შტო მეორის ფუნქციებში ვერ შეიჭრას. ამ კუთხით ჩვენი კონსტიტუცია გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მაგალითად _ საპარლამენტო ქვეყანაში რატომ ვირჩევთ პრემიერზე გაცილებით დაბალი უფლებების მქონე პრეზიდენტს საყოველთაო არჩევნებით?! არჩევნები პრეზიდენტს ანიჭებს მაღალ ლეგიტიმაციას, თუმცა, კონსტიტუცია უსაზღვრავს დაბალ უფლებებს, ამიტომაც პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს, რომ ხელისუფლების დანარჩენმა შტოებმა მისი უფლებამოსილება ცნონ არჩევნებით განპირობებული მაღალი ლეგიტიმაციის კონტექსტში, მთავრობა კი მის უფლებებს განიხილავს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში. უბრალო ენით რომ ვთქვათ, პრეზიდენტი იბრძვის საკუთარი ძალაუფლებისთვის.

ამჟამად ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად მუშაობის საკმაო გამოცდილება მიიღო და საინტერესო იქნებოდა მისი მოსაზრებების მოსმენა სწორედ კონსტიტუციასთან დაკავშირებით _ როგორ ხედავს იგი მისი გადმოსახედიდან პრეზიდენტის ინსტიტუტს, რა უფლებების დამატებას მიიჩნევს მიზანშეწონილად და რა უფლებების ჩამოცილებას მიაჩნევს საჭიროდ. თუ ასეთი დისკუსია დაიწყება, თვალნათელი გახდება ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ იძაბება პერიოდულად ურთიერთობები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. პრობლემის დანახვა კი მისი მოგვარების აუცილებელი წინაპირობაა.

_ შეძლებს "ქართული ოცნება" არჩევნების მოგებას?

_ ფაქტობრივად, უკვე გიპასუხეთ ამ კითხვაზე, როდესაც გითხარით, რომ ჩემი აზრით, გიორგი კვირიკაშვილი ახლაც და არჩევნების შემდეგაც შეძლებს ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმატებით უპასუხებს ახალ გამოწვევებს,-მეთქი.

დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს, რომ ახალ პარლამენტში "ოცნების" და "ნაციონალების" გარდა, შეიძლება ვიხილოთ კიდევ ორი, ან იქნებ სამი პარტიაც კი, რომლებიც დამოუკიდებლად გადალახავენ ბარიერს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეალობა, და, სწორედ ამ პარტიებს შორის მოუწევს მოსახლეობას არჩევნის გაკეთება.

არ ჩანს, რომ ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" გარდა, რომელიმე სხვა პარტია მზად იყოს ხელისუფლების ასაღებად. ვგულისხმობ პარტიულ ინფრასტრუქტურას, რეგიონებში განშლადობას და მოსახლეობის განწყობას, თორემ ცალკეული პარტიების ლიდერებს შეიძლება აქვთ კიდეც ასეთი ირაციონალურ სურვილები!

თუ "ქართულ ოცნება" კარგ საპარლამენტო სიას დადებს და სწორ საარჩევნო სტრატეგიას შეიმუშავებს, რაც ძალიან რთულ ამოცანას არ წარმოადგენს, იგი მყარი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახური: ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული (R)სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან. პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის. ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას. ამიტომაც, თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესშია, რომ შეფასდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ადვოკატ კობაიძის ზემოთ აღწერილ ქმედებებს. ... ...
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls