როგორ „შეიკერა“ სულხან მოლაშვილის საქმე - კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის ექსკლუზიური ინტერვიუ

მთავარი თემა

როგორ „შეიკერა“ სულხან მოლაშვილის საქმე - კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის ექსკლუზიური ინტერვიუ

2016 ივლ 27 16:54:55

წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, თავისუფლების, ხელშეუხებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების შეზღუდვა, დისკრიმინაცია, _  ეს იმ დარღვევების ჩამონათვალია, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ ევროსასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სულხან მოლაშვილის საქმეზე დაადგინა  და საქართველოს 20 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ხელახალი გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა, სამართალმა მოლაშვილისთვის საკმაოდ დაიგვიანა. დაახლოებით, ერთი თვის წინ სულხან მოლაშვილი სამშობლოდან შორს, საფრანგეთში გარდაიცვალა.

როგორ "შეიკერა" საქმე, რა ინტერესები ჰქონდათ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და ვისი პირადი პატიმარი იყო სულხან მოლაშვილი, ამ საკითხებზე "გურია ნიუსს" კონტროლის პალატის საგანგებო დავალებათა სამმართველოს ყოფილი უფროსი გოჩა  გელიშვილი  ესაუბრა.

_ მე და სულხანი 1995 წლიდან ვმეგობრობდით.მიჭირს მასზე  წარსულ დროში საუბარი. იგი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და ნიჭიერი ადამიანი იყი, ვისაც მე ოდესმე შევხვედრივარ.   მაშინ სულხანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მინდია უგრეხელიძის თანაშემწე,  მე კიდევ  ბანკის მმართველი ვიყავი, რომელიც უზენაესი სასამართლოს შენობის ერთ-ერთ ფლიგელში მდებარეობდა. იქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მაშინ ძალიან მინდოდა რომ სულხანი ჩემთან ბანკში გადმოსულიყო ბანკის იურისტად. თუმცა, მას თავის კარიერა ჰქონდა და ბრწყინვალედ გააგრძელა. სულხანის მთელ ოჯახს ვიცნობ, თათიას მის მეუღლეს, რომლის წინაშეც ქედს ვიხრი, ყველაფრისთვის რაც მან გააკეთა სულხანისთვის და მათი ოჯახისთვის, მამას - ბატონ თამაზს, თორნიკეს სულხანის ძმას, მათმა მთელმა ოჯახმა უდიდესი მსხვერპლი გაიღეს "ნაციონალური ჭირის" მოსაცილებლად.

2000 წელს, როდესაც სულხანი დაინიშნა კონტროლის პალატის  თავმჯდომარედ, შევხვდით ერთმანეთს და მთხოვა, რომ მასთან გადავსულიყავი სამუშაოდ. არასდროს მიმუშავია სახელმწიფო სტრუქტურაში და ვკითხე, რა პოზიციაზე უნდა მემუშავა მასთან, მითხრა, რომ ერთგული ადამიანი სჭირდებოდა, რომელსაც სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ჩააბარებდა. ამ სამმართველოს ევალებოდა შეესრულებინა პრეზიდენტის და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სპეციალური დავალებები.  წლის ბოლოს ანგარიშს უშუალოდ პრეზიდენტის სახელზე  ვწერდი. ეს იყო პრეზიდენტის ერთგვარი მაკონტროლებელი სტრუქტურა კონტროლის პალატაში. მითხრა, რომ არანაირად არ ვიქნებოდი შეზღუდული ჩემს საქმიანობაში. ამის შემდეგ სულხანთან 4 წელი ვიმუშავე. სულხანი რომ დაიჭირეს, 2004 წლის აპრილში, ამავე წლის აგვისტოში დავწერე განცხადება და წამოვედი.

_რა გახდა თქვენი სამსახურის დატოვების მიზეზი?

_ 2003-2004 წლები ყველაზე რთული პერიოდი იყო, "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა ხელისუფლების სათავეში და ძალიან ბევრი პროფესიონალი გაუშვეს უწყებიდან. ერთხელ ჩემმა თანამშრომლებმა დამირეკეს  და მითხრეს, რომ აჭარაში გვაგზავნიან შემოწმებისთვის პროკურატურის მოთხოვნითო. მარტო არ გავუშვი ისინი და მეც წავყევი. შევხვდით აჭარის პროკურორს გიორგი (გივი) პაპუაშვილს და მან დამიდო სია, თუ არ ვცდები 75 კაციანი, სადაც მხოლოდ გვარები ეწერა და მითხრა, ეს ხალხი უნდა დავიჭიროო. მთავაზობდა, ჩემს თანამშრომლებს ჩაეტარებინათ რევიზია. მისი სიტყვებია - 2-3 დღეში რამე შუალედური აქტები დამიდეთ, რომ ეს ხალხი პროკურატურაში დავიბარო და დავკითხოო,  ვინც არ გადაიხდის უნდა დავიჭიროო.  ჩემთვის ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო. სიაში მხოლოდ სახელები და გვარები ეწერა და ისიც კი არ ვიცოდი სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდნენ თუ არა ეს პირები. არაფრის გაგონება არ უნდოდა და მიმეორებდა, რომ ეს ხალხი უნდა დაებარებინა პროკურატურაში და ამის საფუძველი ჩვენ უნდა შეგვექმნა. მასთან კაბინეტში მუდმივად იმყოფებოდა სამი ადამიანი, რომლებიც თბილისიდან იყვნენ მივლენილი და აკვირდებოდნენ პროცესს. ერთ-ერთის სახელი და გვარი მახსოვს, ნიკა დგებუაძე.

_რა იყო თქვენი დავალება? რა უნდა გაგეკეთებინათ?

_არ გვეუბნებოდნენ კონკრეტულად რა უნდა გაგვეკეთებინა. თუმცა, როგორც მოგვიანებით მივხვდით, ამ ადამიანებზე უნდა მოგვეძებნა ინფორმაცია, გაგვერკვია სად მუშაობდნენ ისინი, შევსულიყავით მათ სამსახურებში და შეგვემოწმებინა. ამ შემოწმების შედეგს კი პროკურატურა გამოიყენებდა მათ დასაბარებლად და დასაჭერად. ბათუმიდან წამოვედი, გავაფრთხილე თანამშრომლები, რომ უკანონოდ არაფერი არ გაეკეთებინათ - კონტროლის პალატას მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციების და სახელმწიფო ქონების სწორად გამოყენების შემოწმების უფლება ჰქონდა. განცხადება დაწერილი მქონდა ბათუმში წასვლამდე და დავტოვე საერთოდ სამსახური.

_ჩატარდა თქვენი თანამშრომლების მიერ შემოწმება? ვინმე დაიჭირეს ამ შემოწმების საფუძველზე?

_ჩატარდა შემოწმება; რამდენადაც ვიცი, შემოწმდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბათუმის პორტი და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის პრივატიზაციის საკითხი. თუმცა, პროკურატურამ რა ქნა მერე, ეს აღარ ვიცი.

_თქვენი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი ეს დავალება იყო თუ ისედაც აპირებდით წამოსვლას, რადგან სულხან მოლაშვილი უკვე დაჭერილი იყო?

_სამსახურიდან ისედაც მოვდიოდი, მაგრამ იყო გარკვეული საქმეები დასამთავრებელი და მქონდა პასუხისმგებლობა.

_2004 წლის აპრილიდან, როცა სულხან მოლაშვილი დააკავეს, ამავე წლის აგვისტომდე რამდენიმე თვე იყო გასული. მაშინ რატომ არ გქონდათ ეს საპროტესტო განწყობა? წავიდა ვინმე სამსახურიდან მოლაშვილის დაჭერის შემდეგ?

_რა თქმა უნდა, მაშინაც მქონდა პროტესტის გრძნობა. 2004-ში რომ დააპატიმრეს სულხანი, ძალიან კარგად მახსოვს ეს ამბავი. ეკლესიაში იყო წასული და მოუხსნეს იმუნიტეტი. მაშინ რატომღაც მეგონა, რომ გაარკვევდნენ ყველაფერს და მალე გამოუშვებდნენ. მეგონა, რომ ადამიანი დანაშაულზე უნდა დააკავო, დაუმტკიცო ეს დანაშაული და დააპატიმრო, მაგრამ ასე არ ყოფილა თურმე. მეც ასეთი განწყობა მქონდა სანამ დამაკავებდნენ და ჩემი ფეხით ამიტომ მივედი პროკურატურაში. მითხრეს, რომ  არ მოსულიყავი, მერე აღარც მოგკითხავდითო, ვიღაცას სხვას დავიჭერდითო.

_თქვენი დაჭერაც კონტროლის პალატას უკავშირდება?

_ კონტროლის პალატიდან რომ წამოვედი, მუშაობა შემომთავაზეს შპს "საქართველოს ტელეკომში" ფინანსურ დირექტორად. ერთ საღამო ხანს ქალაქის პროკურატურის გამომძიებელმა ზვიად გუგუჩიამ დამირეკა და მთხოვა ქალაქის პროკურატურაში მივსულიყავი. ვკითხე რასთან დაკავშირებით მიბარებდნენ, რადგან როცა ტელეკომში მივედი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და მქონდა პროკურატურაში შეხვედრები, ვინაიდან ფინანსური დირექტორი ვიყავი. მაინტერესებდა გამეგო, ამ საქმესთან დაკავშირებით მიბარებდნენ თუ არა. ეს იყო 2004 წლის 27 დეკემბერი.  როცა პროკურატურაში მივედი მივხვდი, რომ საქმე კონტროლის პალატაში ჩემს მუშაობას ეხებოდა. გამომძიებელმა გუგუჩიამ დაკითხვა დაიწყო, გამიკვირდა ისეთი უსუსური არგუმენტები წამოაყენა. მედავებოდნენ, რომ თითქოს არ შეეძლო კონტროლის პალატას შეემოწმებინა საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი, რომელიც  სახელმწიფო შპს იყო და მანამდეც ვამოწმებდით.  მას დივიდენდი უნდა გადაეხადა სახელმწიფოსთვის, ეს კი უკვე სახელმწიფო ქონებაა, რისი შემოწმებაც უშუალოდ კონტროლის პალატის პრეროგატივა იყო, მოგება სახელმწიფოს უნდა წაეღო და სწორედ ეს საკითხი შევამოწმეთ. შემოწმების პროგრამაც ასე იყო შედგენილი. რომ დამიჭირეს, მერეც კი ამოწმებდა კონტროლის პალატა ამ ორგანიზაციას.

_ანუ თქვენი ბრალდება სულხან მოლაშვილის ბრალდებისგან ცალკე იყო. სხვადასხვა რამეში გდებდნენ ბრალს?

_ თავიდან ეს ბრალდებაც სულხანს ჰქონდა, მას დებდნენ ამაში ბრალს, მოგვიანებით გამოეყო ცალკე საქმედ. ბრალად მედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რადგან თითქოს მე დავამტკიცე საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის პროგრამა, რომლის უფლებაც თურმე  არ მქონდა და ამით უკანონო შემოწმებაზე გავუშვი ჩემი თანამშრომლები. ამ დროს მე არც ბრძანებაზე მიმიცია ვიზა  და არც პროგრამა დამიმტკიცებია; ვფიქრობ, სამსახურში არ ვიყავი მაგ დროს; ანუ ბრალად დამდეს ისეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რაზეც ჩემი ხელმოწერასაერთოდ  არ არის. ამ პროგრამაზე ხელს ჩემს მაგივრად ჩემი მოადგილე დათო ებრალიძე აწერს. თუმცა, როცა მან ეს სასამართლოში თქვა  მოსამართლემ უთხრა, დაჯექი, დაჯექი, ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს, შენ არ გეკითხებაო. დაკავების დროს, ეს საბუთები არ მაჩვენეს.

_ეს პროგრამა საერთოდ იყო კანონდარღვევა?

_არა, მეც რომ მომეწერა ხელი, მაინც არ იყო კანონდარღვევა. ძალიან ბევრი კაზუსია საქმეში.

_მხოლოდ ეს იყო თქვენი ბრალდება?

_კი, ბოლომდე ამით გამასამართლეს. ეს გამომძიებელ გუგუჩიასაც კი ვკითხე, ასეთი აბსურდული ბრალდებით რატომ მაკავებდნენ. ვერაფერი მიპასუხა. პერიოდულად გადიოდა ოთახიდან საკმაოდ დიდი ხნით და მაშინდელი ქალაქის პროკურორის, გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტში ბჭობდნენ.

_ რა მიზანი ჰქონდა თქვენს დაკავებას?

_ბატონმა გუგუჩიამ გამომიცხადა,  ვის რაში სჭირდება შენი დაჭერა, დაწერე სულხანზე რამე და გაგიშვებთო. მას პატარა ბრალდება აქვს, დავალებული გვაქვს ეს მუხლი გავუზარდოთო. ამაზე შემიძლია პირზე დავადგე გუგუჩიას. ვუთხარი, რომ ტყუილს არ დავწერდი. კონტროლის პალატაში 800 ადამიანი მუშაობს და რატომ გგონიათ რომ სულხაზე ცრუ ჩვენებას მისი მეგობარი დაწერს-თქო. გაეცინა და მითხრა, მისი გამწარება გვინდა, ამიტომ მეგობრების დაჭერა დავიწყეთო.

_სად იხდიდით სასჯელს და ციხეშიც თუ გრძელდებოდა ზეწოლა?

_ დაჭერის შემდეგ, თავიდან სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მიმიყვანეს, ორთაჭალის ციხეში, მაგრამ იქ არ მიმიღეს. მერე ავადსახსენებელ მე-7 საპყრობილეში. მოგვიანებით გავიგე, რომ ამ ციხეში სპეციალურად მიმიყვანეს. ზურაბ ადეიშვილს უთქვამს, რომ თუ ის არაფერს წერს, ყველაზე ცუდ პირობებში ამყოფეთო. ესეც ადეიშვილის დირექტივა იყო. ჩემთან ერთად ტერორისტებიც კი იჯდნენ, ძალიან მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები  და არავის სჯეროდა რომ ჩემი ბრალდება 3-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მე-7 საპყრობილეში იმ დროს ვიჯექი, მეგის ქარდავა რომ ციხის უფროსი იყო. საშინელი პირობები გვქონდა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ვინმეს ვუცემივარ, თუმცა, 12 დღის განმავლობაში უჰაერო  სივრცეში, სრულ სიბნელეში ვიჯექი, არანაირი ჰიგიენური პირობები არ გვქონდა. 12 დღეში 8 კილო დავიკელი. მეგონა, რომ ჩვენი დახოცვა უნდოდათ. 8 კაცი ვიყავით. ე.წ. ქურდები გადმოჰყავდათ და ჩვენი სხვა ციხეში გადაყვანა ვერ მოასწრეს. 2005 წლის დეკემბრის ბოლოს  ლოგინიდან საერთოდ ვერ ვდგებოდით. არანაირი საჭმელი არ გვიჭამია. 12 დღის მერე პური და ამჟავებული კომბოსტო მოგვიტანეს. ამის მერე ორთაჭალის ციხეში გადამიყვანეს, სადაც ცოტა ხანში ციხის ,,ბუნტი" მოხდა.

_რამდენი წელი გქონდათ მისჯილი?

_3-წლიანი მუხლი მქონდა წაყენებული ბრალად და ორწელიწადნახევარი მომისაჯეს. კიდევ ერთი აბსურდი ის იყო, რომ ჩემ ბრალდებას სულხანსაც ედავებოდნენ. თუმცა, სულხანი ამ ნაწილში გაამართლეს. დადგენილებაც არსებობდა, რომელიც ძალაში 10 დღეში შედიოდა. ამ დადგენილების გამოცემიდან მალევე, სასამართლო მქონდა, ჩემმა ადვოკატმა გოგმარ გაბუნიამ სასამართლო პროცესის 3 დღით გადატანა მოითხოვა რადგან სამ დღეში კანონიერ ძალაში შედიოდა სულხანის ამ ნაწილში გამამართლებელი განაჩენი და მაშინ სასამართლოს სხვა არაფერი რჩებოდა ჩემი გამართლების გარდა. ადვოკატმა გაბუნიამ მოსამართლეს აღნიშნული გამამართლებელი დადგენილება წარუდგინა, რაც ბრალმდებელი პროკურორისთვის იმერლიშვილისთვის შოკი იყო. მოსამართლემ სასწრაფოდ გამოაცხადა შესვენება და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამომიტანა განაჩენი (პირველივე სხდომაზე) არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა.

შემდეგ იყო სარჩელი უზენაეს სასამართლოში და როგორ გგონიათ რომელ მოსამართლეს დააწერეს ჩემი საქმე? იმას, ვინც კასაციაში სულხანი ამ ნაწილში გაამართლა, მოსამართლე მაია ოშხარელს. მან კი ჩემი სარჩელი განხილვის გარეშე დატოვა, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვისო. ამს გამო საქმე წარმოებაში არ მიიღეს. სტრასბურგისთვის 6 თვის ვადა მქონდა, აქედან 3 თვის გატარება ისევ ციხეში მიწევდა და მაგ დროს ამის გაკეთება არ ღირდა. რომ გამოვედი დოკუმენტების მომზადება დავიწყე სტრასბურგში გასაგზავნად. ამ დროს შემომითვალეს პროკურატურის ,,ადვოკატის", გიორგი ყავლაშვილის პირით, რომ არ გამებედა სტრასბურგში საქმის გაგზავნა, რადგან კიდევ დამიჭერდნენ. ამის გამო, ჩემი საქმე სტრასბურგში ვერ მოხვდა. დედას ცოცხალსაც კი ვერ მოვუსწარი, ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა, ორი პატარა ბავშვი მყავდა და ჩემს უახლოეს ხალხს მეტად ვეღარ დავტანჯავდი.

_თქვენს გარდა, კონტროლის პალატის კიდევ რამდენი თანამშრომელი იყო დაკავებული?

_ჩემთან უშუალოდ, მე-7 საპყრობილეში იჯდა დავით ვეკუა და ირაკლი გარსევანიშვილი, ამის გარდა კიდევ იყო მე-3 დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ ჩიქვინიძე, რომელიც თუ არ ვცდები ორთაჭალის ციხეში იჯდა. მათაც, ალბათ, იგივე მოსთხოვეს სულხანთან დაკავშირებით, მაგრამ ჯოხი მაინც უფრო ჩემზე ტყდებოდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ სულხანის მეგობარი ვიყავი. ამის მიზანი პირადი, პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო, ხელისუფლებაში მოსული ძალის განმტკიცება.

_როგორც ცნობილია, სულხან მოლაშვილს 3 მილიონის გაფლანგვას ედავებოდნენ. ეს ხომ არ იყო სწორედ თანამშრომლებზე ზეწოლით შექმნილი ბრალდება? ხომ არ მიუციათ სხვა თანამშრომლებს მის საწინააღმდეგოდ ჩვენებები?

_დაახლოებით სამი თვის მანძილზე ძალიან დიდი მუქარები მქონდა ციხეში, მემუქრებოდნენ ბევრ რამეს. სამი თვის შემდეგ შემეშვნენ, მაშინ უკვე სულხანს მუხლიც შეუცვალეს. რა გამოიყენეს ამისთვის ზუსტად არ ვიცი.

-თანამშრომლები, რომლებიც ზემოთ ახსენეთ, დაჭერილები იყვნენ იმ პერიოდისთვის?

_გარსევანიშვილი და ვეკუა  ჩემს მერე დაიჭირეს. მათზე თავს დავდებ, ვიცი როგორც იყო. სხვა თანამშრომლებიც იყვნენ დაჭერილები, რომლებიც მე ციხის  პირობებში არ შემხვედრიან.

_ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ჩვენებები მისცეს მოლაშვილის წინააღმდეგ?

_ეს სულხანის საქმიდანაც უნდა გამოჩნდეს წესით.

_ციხეში თუ გქონდათ სულხანთან გადაკვეთის წერტილი?

_ ყოველთვის მქონდა სულხანთან კონტაქტი. მისი ადვოკატები არ ამაყვანინეს, კატეგორიული უარი მითხრეს ამაზე, რა თქმა უნდა, მუქარის ფორმით. ტელეფონიც მქონდა და შემეძლო ასე მეკონტაქტა, ამასაც უსმენდნენ და ამიტომ. თუმცა, არც მის ტელეფონზე ვურეკავდი, სხვა ტელეფონებით ვახერხებდით ერთმანეთთან საუბარს. მაინტერესებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამეს რომ გავიგებდი მასზე, ვურეკავდი. ძალიან ვდარდობდი. გავიგე ის ყველაფერი რაც მას გაუკეთეს, წამებიდან დაწყებული... ისიც იგებდა ჩემს ამბავს, ციხეს თავისი საინფორმაციო საშუალებები გააჩნია და უფრო უტყუარი, ვიდრე გარეთ.

_თქვენს დაკავებამდე მოხდა მოლაშვილის წამება. ციხეში მოხვედრამდე ამის შესახებ ინფორმაცია არ გქონდათ?

_კი, მქონდა. ახლა იმასაც ამბობენ, რომ ცოლი წვავდაო. იდიოტია, ვინც ამას ამბობს. მე-7 საპყრობილეში იყო ექიმი, რომელსაც ვკითხე მისი მდგომარეობა. როცა სულხანი ამ საპყრობილეში გადმოიყვანეს, ამ ექიმმა მისი ეს დაზიანებები არ დააფიქსირა, თუმცა, თქვა, რომ ჰქონდა დაზიანებები.

_ბოლოს როდის ნახეთ ბატონი სულხანი?

_საფრანგეთში იყო ბოლო პერიოდში მკურნალობდა, მისი შვილის ქორწილში თბილისში ვნახე. მკურნალობის შედეგი ეტყობოდა და გული მომეცა, რომ გამოჯანმრთელდებოდა. ასეთი ნიჭიერი ადამიანი არ მინახავს. 2002 წელს ამერიკიდან მოწვევა ჰქონდა სიტყვით უნდა გამოსულიყო და ინგლისური არ იცოდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ინგლისურ ენაზე გაეკეთებინა მოხსენება. თარჯიმნის წაყვანასაც არ აპირებდა. 4 თვეში ისე ისწავლა ინგლისური, მოხსენება გააკეთა. უკვე სამ თვეში გამართულად საუბრობდა ინგლისურად. ბევრი რამის გახსენება შემიძლია. ძალიან მიჭირს მასზე საუბარი.

_2014 წელს სტრასბურგის სასამართლომ მოლაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს დაავალდებულა საქმის ხელახალი გამოძიება ერთი წლის ვადაში. ეს ვადა დღეს ამოწურულია. ხომ არ ფიქრობთ, რომ გამოძიება ჭიანურდება?

_ვერ გეტყვით, საქმე ჭიანურდება, თუ არა, თუმცა ვფიქრობ, რომ რთული გამოსაძიებელიც არაფერია ამ საქმეში. სულხანთან შეხვედრა მინდოდა, რადგან მისი საქმის გამოძიება მიმდინარეობდა, ვფიქრობდი, ჩემი საქმეც გადახედილიყო. ახლაც ვფიქრობ, რომ მივიტანო საქმე ხელახლა გამოსაძიებლად პროკურატურაში, იურიდიული პროცედურების გარკვევა მინდა და თუ ამის შესაძლებლობას კანონმდებლობა მომცემს, აუცილებლად მივიტან.

_გარდა წარდგენილი ბრალდებისა, თქვენ ასევე გედავებოდნენ თანამშრომლებზე პრემიების გაცემას ისევე, როგორც სულხან მოლაშვილს. ეს ბრალდებაც აბსურდული იყო? თანხები ხომ ნამდვილად გაიცა?

_კანონში პირდაპირ იყო მითითებული, რა შემთხვევაში შეიძლებოდა პრემიის გაცემა. მეც მედავებოდნენ, რომ ორგანიზაციას, ტელე-რადიო ცენეტრს დარიცხული აქვს თანხა და ჩემმა თანამშრომლებმა აქედან აიღეს პრემიები. აქაც წერია,  თითქოს მე ჩემი გამორჩენის მიზნით დავიწყე ამ ცენტრის შემოწმება. ამ დროს მე არა მაქვს პრემია აღებული. ანუ, მედავებოდნენ, რომ ტელერადიო ცენტრზე კანონდარღვევით იყო დარიცხული 70 000 ლარი და აქედან 30%, 21 000 ლარი კანონის გვერდის ავლით არის ჩარიცხული  კონტროლის პალატის სპეცსახსრების ანგარიშზე პრემიის სახით.  ანალოგიური იყო სულხანთან დაკავშირებითაც. ძალიან უსუსური ბრალდებაა ეს. მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო ადამიანს ბრალად რას წაუყენებდნენ. ჯერ იჭერდნენ ხალხს და მერე არგებდნენ კანონს რომ გაეხანგრძლივებინათ მისი პატიმრობა. კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მით უმეტეს სულხანი, ძალიან მაღალი რანგის ფიგურა იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დაკვეთაა, რაც ადეიშვილმა, ბოკერიამ და დანარჩენებმა შეასრულეს. სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო სულხანი.

გეტყვით როგორ მოხდა იუსტიციის სამინისტროს შემოწმებაც. დამიძახა სულხანმა და მითხრა, რომ ჩემს სამმართველოს უნდა შეემოწმებინა იუსტიციის სამინისტრო, თუმცა, მერე ისე მოხდა, რომ სხვა დიდი დავალებები მქონდა და მე არ შემიმოწმებია, შემოწმება განახორციელა ჩვენმა მე-5 დეპარტამენტმა, რომელიც ძალოვან უწყებებს ამოწმებდა და მისთვის იუსტიციის სამინისტროს შემოწმება გეგმიური იყო. დარღვევები მათ აღმოაჩინეს. დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში სააკაშვილი იმალებოდა კიდევაც ამის გამო. მითვისება და სხვა ფინანსური დარღვევები იყო.

_სად არის ახლა ეს დოკუმენტაცია?

_2003 წლის ბოლოს ან 2004 წლის დასაწყისში, ზუსტი თარიღი არ მახსოვს,  ვიჯექით და ვმსჯელობდით იმაზე, როგორ შეგვენარჩუნებინა კონტროლის პალატის არქივი. ვფიქრობდით ქსეროასლების გადაღებასაც, რადგან ეს ძალიან ღირებული მასალა იყო. რომ დავითვალე დაახლოებით 4 მილიონი ფურცელი იყო გადასაღები, რაც ძალიან წარმოუდგენელი იყო, არც რესურსი გვქონდა არც ტექნიკა.

_დოკუმენტაცია კომპიუტერულად დამუშავებული არ იყო?

_თქვენ წარმოიდგინეთ, არა. ძველები არ იყო, შედარებით ახლები კი, მე პროგრამაც კი მქონდა და ყველაფერი შენარჩუნდა. სულხანის დაჭერამდე, ძალიან კარგად მახსოვს როგორ მოვიდა ისანში, კონტროლის პალატის შენობასთან 2 დიდი "კამაზი", სადაც აღრიცხვის გარეშე იყრებოდა მთელი ეს მასალები. სად არის ეს არქივი ახლა, არც ვიცი. ზუსტად ვიცოდით, რომ მასალები, რომელიც ახალ ხელისუფლებას არ მოსწონდა, გაანადგურებდა. მთლიანი არქივი წაიღეს. ერთადერთი რაც გავაკეთეთ, აღრიცხვა ჩავატარეთ, რა გვქონდა გამოკვლეული და შემოწმებული, თუმცა, ეს მხოლოდ ზედაპირლი ინფორმაციაა, რა დარღვევები აღმოვაჩინეთ ამის დოკუმენტაცია აღარ არსებობს. მე ვიცი, რომ სულხანსაც ჰქონდა თავისი პირადი არქივი, რომლის ბედიც ჩემთვის უცნობია.

_როგორც ფიქრობთ, საქმის სწორად გამოძიების შემთხვევაში  ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსაც, შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს?

_რა თქმა უნდა, ბევრი უბედურება აქვთ ჩადენილი და არ არის გამორიცხული ასე მოხდეს, დანაშაულისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს.

მათ შორის იმ მოსამართლეებმაც,  რომლებმაც სულხან მოლაშვილს განაჩენი გამოუტანეს?

_ვფიქრობ, უნდა დადგეს ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც სულხან მოლაშვილის საქმეში უკანონო ქმედება ჩაიდინა, გამომძიებლიდან დაწყებული, რომელიც დაკვეთას ასრულებდა, ყოფილ პრეზიდენტამდე დამთავრებული და ყველა ის, ვინც უკვეთავდა. თავისი წილი პასუხი ყველამ უნდა აგოს.

_მინდა  გკითხოთ მოლაშვილის წამების საქმეზეც. ის კონკრეტულ გვარებს ასახელებდა, ვინც მის წამებაში მონაწილეობდა, პროკურორ ვალერი გრიგალაშვილს, გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილი და ..

_ თავს ვერ დავდებ, მე ეს მომენტი არ ვიცი. მაგრამ როცა ბუნტი მოხდა ორთაჭალის ციხეში ერთი ხელმძღვანელობდა, მეორე ასრულებდა და ერთი ნეიტრალურად იდგა.

_შეგიძლიათ ამ პირების დასახელება?

_გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა ,,ბუნტის" ოპერაციას და ყველა განკარგულებას იძლეოდა. ბაჩო ახალაია ასრულებდა მის დავალებებს და ვანო მერაბიშვილი ყველაზე ნეიტრალური იყო ამ საქმეში. ეს მე ჩემი მოპირდაპირე საკნელებიდან ვიცი, რომლებიც ფანჯრიდან უყურებდნენ ამ ყველაფერს, მათ რიცხვში შალვა რამიშვილიც იყო და შეგიძლიათ მასაც ჰკითხოთ.

_ვისი ორგანიზებული იყო ციხის ბუნტი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

_ჩემი აზრით, ახალაიას პროვოცირებული იყო პატიმრების დასასჯელად. 




 ახალი ამბები
  • სად გაიყიდება თბილისში ხილ-ბოსტნეულითბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, - ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა. „ახალი სავაჭრო ობიექტი სთავაზობს თავის ფართს მათ ვინც ვაჭრობდა სხვა ბაზრებში. შესაბამისი პირობებით. ამ რეკომენდაციის იმედი გვაქვს რომ შევაჩერებთ ინფექციას. რაც შეეხება რეგიონებს, იქ თანამშრომლობენ ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სესი-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაზრები გაიხსნება,“_ აღნიშნა კალანდაძემ. მისი თქმით, აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით შემუშავდა სტანდარტი, რომელსაც სესი გააცნობს ბაზრების წარმომადგენლებს. „ბაზარში შესასვლელი უნდა იყოს სხვა და გამოსასვლელი სხვა. ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. გამყიდველები დაშორიშორებულები უნდა იდგნენ. 70 წელზე ზევით პირები არ მოძრაობდნენ ამ ტერიტორიაზე. ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ერთ დღეს უნდა იყიდებოდეს ხილი მეორე დღეს ბოსტნეული, “_ განაცხადა კალანდაძემ. კალანდაძის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგაც იმუშავებს. „ფართები კომპანია „ჯიბეს“ ეკუთვნის, რომელსაც ბაზარზე აქვს პირველად მოხმარების პროდუქტი. ისინი აკეთებდნენ ინფრასტრუქტურას. ჩვენ მოვახდინეთ ის რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან დავაკავშირეთ ფერმერებთან და მოხდება ბოსტნეულის წამოღება რეგიონებიდან. პროდუქცია ახალ წერტილებში გაიყიდება,"_ აღნიშნა კალანდაძემ. წყარო: ... ...
  • შს მინისტრის მოადგილე: დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ  ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ზე, "ღამის კურიერის"   ეთერში  საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამინისტროს მიერ დანაშაულის შემცირების მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში იცავენ როგორც იმ დადგენილების პრინციპებს, რომლებიც წეღან აღვნიშნე, ასევე,  საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ზრუნავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ამ მიმართულებით, ჩვენ, წინა პერიოდთან მიმართებაში კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის , ქონების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ეს არის - ძარცვა , ქურდობა , ყაჩაღობა და ასევე, ოჯახური დანაშაულები. ეს რა თქმა უნდა, არის იმ ბიჭების და იმ პოლიციელების დამსახურება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები",_ განაცხადა კახაბერ საბანაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოიმატა კარანტინის პირობებში ოჯახურმა დანაშაულმა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ პირიქით, კლებაა ამ მიმართულებით. „მე მოგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის, ჩვენი დაკვირვებით, პირიქით, კლება გვაქვს ამ მიმართულებით. ეს,  რა თქმა უნდა, დამსახურებაა ჩვენი საზოგადოების თვითშეგნების ზრდის და ამავე დროს , პოლიციელების აქტიურობის. ჩვენ მზად ვართ, პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ეს მიმართულება და ოჯახში ძალადობა ყოველთვის აღკვეთილი იქნება საწყის ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა იმ პირობით მსხვერპლს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ამ მიმართულებით გარკვეული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები ან გართულებები და პოლიცია იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, გვექნება შესაბამისი შედეგი",_აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  კახაბერ  ... ...
  • ქუთაისის მერმა,შესაძლოა, პოსტი დატოვოსქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს.  ინფორმაციას  "პირველი არხი" ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, ჭიღვარია წასვლის შესახებ განცხადებას  დღეს დაწერს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი. "გურია ნიუსი" შეეცადა ქუთაისის მერთან დაკავშირებას, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ცნობისთვის, გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017  წელს ... ...
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...