ვისი ფანია რამაზ ნიკოლაიშვილი და რაზე ოცნებობს ის ქართულად

მთავარი თემა

ვისი ფანია რამაზ ნიკოლაიშვილი და რაზე ოცნებობს ის ქართულად

2012 ივნ 17 16:24:24
"ქართული ოცნების" პარალელურად, მოსახლეობასთან შეხვედრებს სახელისუფლებო გუნდი ქვეყნის პირველ პირებთან ერთად მართავდა და მოსახლეობის პრობლემებს ეცნობოდა. მათ შორის იყო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც კვირის ბოლო დღეებში გურიიდან არ წასულა.

მინისტრთან ინტერვიუ "ქართული ოცნების" აქციის წინა დღეს, 16 ივნისს ჩავწერეთ და საუბარი ხელისუფლების წარმომადგენლების გახშირებული ვიზიტებით დავიწყეთ.

_ ბატონო რამაზ, რამდენიმე დღეა გურიაში ხართ. რასთანაა დაკავშირებული თქვენი ამდენხნიანი ვიზიტი?

_ მე ვარ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. თქვენ ხომ უყურებთ ტელევიზორს და ხედავთ, რომ მარტო გურიაში არ ვარ? თუმცა, ამ შემთხვევაში გურია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, თუ რა ინფასტრუქტურული პროექტების გახორციელებას ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ეს თავისთავად ბახმაროსაც ეხება და ურეკსაც. შესაბამისად, მე ვარ ჩამოსული ჩემი კონკრეტული ქვეუწყებების ხელმძღვანელებთან ერთად. ეს არის საგზაო დეპარტამენტი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყლის სახელმწიფო კომპანია... ყველგან ვიყავით და ყველაფერი ვნახეთ. ვიყავი ბახმაროში პრეზიდენტთან ერთად, ურეკში, სადაც ვისაუბრეთ, როგორი უნდა იყოს მშენებლობა, რომ სეზონსაც არ შეუშალოს ხელი და სეზონისთვისაც გარკვეული შედეგები გვქონდეს. ეს იყოს ძირითადი, რისთვისაც მე ჩამოვედი. არ ვიქნებოდი მართალი, რომ გურიაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, ამ შემთხვევაში ლოკალიზაცია გამეკეთებინა მხოლოდ ბახმაროზე. აუცილებლად უნდა მივსულიყავი მოსახლეობასთან და გამერკვია ადგილზე, როგორც რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, თუUრა პრობლემები გააჩნდათ ადამიანებს. გუშინ მთელი დღე ვიყავი ჩოხატაურში და იმაზე მეტ ხალხს შევხვდი, ვიდრე, ზოგადად.

_ რას ნიშნავს, ზოგადად?

_ თქვენ იცით, რასაც ვგულისხმობ. ხომ მაქვს უფლება, არ დავაკონკრეტო?

_ "ქართული ოცნების" შეხვედრებს გულისხმობთ?

_ არ ვგულისხმობ არანაირ ოცნებას. როგორც ვიცი, ოცნება არ შეიძლება.

_ რატომ?

_ რელიგიურად არ შეიძლება, როგორც ვიცი. ჰკითხეთ თქვენს სულიერ მოძღვარს და გეტყვით. მე ვარ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი, სწორად ვაფასებ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს, რომელიც სახელმწიფოს, ბიუჯეტს გააჩნია და აქედან გამომდინარე, კარგად მინდოდა გავრკვეულიყავი მნიშვნელოვან პრობლემებში, რომელიც კონკრეტულ სოფელს და კონკრეტულ მოსახლეს გააჩნია. დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი და თითო შეხვედრაზე იყო დაახლოებით 300 ადამიანი და თქვენ ეს კარგად იცით.

_ მათი უმეტესობა საჯარო მოხელეები იყვნენ, განსაკუთრებით კი ჩოხატაურში გამართულ შეხვედრაზე...

_ უნდა ყოფილიყვნენ საჯარო მოხელეები. თქვენ იცით, მე რა მიდგომები მაქვს და რამდენად მკაცრი ვარ იმ მოხელეებთან მიმართებაში, რომლებსაც გარკვეული გადაცდომები შეიძლება ჰქონდეთ ან არ გააკეთონ რაიმე სწორად. უფრო სწორია, რომ სწორედ მოვიდნენ ინფრასტრუქტურის პროექტების გახორციელების დროს. სწორია, რომ დაესწრონ შეხვედრებს, სადაც მოსახლეობას ვხვდებით. ასე გადაწყვეტილებების მიღება უფრო ადვილია; ადვილია გაიგონ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, თუ როგორ ხედავს მათი მინისტრი კონკრეტულ საკითხს. ჩემთვისაც უფრო მნიშვნელოვანია მივიღო ინფორმაცია ადგილზე, სადაც იქნებიან ჩინოვნიკები. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, თქვენ, როგორც დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენელს უნდა გიხაროდეთ, რომ შეხვედრები დგება, სადაც არის დისკუსია, სადაც არის დებატი, სადაც ადამიანებს, რომლებსაც პრობლემა გააჩნიათ, თვალებში ვუყურებთ და ეს პრობლემები რომ არსებობს, იმიტომ ვარ აქ. გავაგრძელებ აქ ყოფნას მანამ, სანამდე არ ჩამოვყალიბდებით, თუ როგორი მიმართულება უნდა მივცეთ კონკრეტულ რესურსებს, სად უფრო დაზიანებული უბანი გვაქვს და სად უფრო სწორი იქნება ადამიანური რესურსის დახარჯვა. თავისთავად ფინანსურისაც.

_ რატომ დაემთხვა თქვენი, სხვა მინისტრების, მათი მოადგილეების და პრეზიდენტის ძალიან გახშირებული ვიზიტები მაინცდამაინც "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ აქციას?

_ ასე ნუ ვიტყვით. მე მაქსიმალურად შევეცდები, თქვენთან საუბრის დროს ავერიდო პოლიტიკურ თემებს. არ მინდა შევეხო რომელიმე პარტიას. მე მინდა, რომ პრაგმატულები ვიყოთ და გურულებს ვესაუბროთ გურულ საქმეზე. მე ამისკენ ვარ მოწადინებული. ვის ვიზიტზე მესაუბრებით _ პრეზიდენტი ჩამოვიდა და მერე რა?!

_ არც არაფერი მაგრამ, რატომ მაინცდამაინც მაშინ, როცა აქცია დაანონსდა?

_ ვემიჯნები მაგას. მარტო მე ვარ ახლა აქ.

_ მარტო თქვენი ყოფნა საკმარისი არ არის? მით უმეტეს, რომ ყველამ იცის, გურიას თქვენ მართავთ...

_ ნუ მრევთ ახლა. მაშინ აღიარეთ, რომ არავინ იყო ჩამოსული. ვინ იყო ჩამოსული?

_ პრეზიდენტი _ თან ორჯერ, დიმიტრი შაშკინი, ხათუნა კალმახელიძე, ხეთაგურის მოადგილე, სურგულაძე...

_ ისინი სხვაგანაც დადიან. ასე არ მინდა, რომ ასე დანახული იყოს და ვემიჯნები ამას. აგიხსნით რატომ _ ეს ადამიანები, ისევე, როგორც მე, არ დადიან მხოლოდ გურიაში. ისინი დადიან იმერეთში, სამეგრელოშიც... ამიტომ, ამას ნუ მივაწერეთ. ვისაც უნდა ასე დაინახოს, ის ყოველთვის იტყვის, რომ ამიტომ ჩამოვიდნენო. ახლა გურიაში მხოლოდ მე ვარ და მეორე მხარეს არის მთელი კოალიცია და ეს არავის ხელს არ უშლის. პირიქით, ეს პრაგმატული აზროვნებაა. მე ელემენტარულად ველოდები, რომ ადამიანები, რომლებმაც დარწმუნებული ვარ კარგად უნდა იცოდნენ გურიის პრობლემატიკა, ახლა მათი გვარების დასახელება არ მინდა, კონკრეტული საკითხების მოგვარების გეგმას დადებენ. ეს ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ზუსტად ვთქვა, რომ ეს სამუშაო ვიზიტია, რომელიც ერთი თვის წინ იყო დაგეგმილი და ამას დაგიმტკიცებთ. მინისტრის ვიზიტები ერთი თვით ადრე იგეგმება და მზად ვარ ეს გეგმა განახოთ. ჩაივლის 17 რიცხვი და ნახავთ, რომ ეს შეხვედრები ისევ გაგრძელდება. ძალიან ხშირად ვიქნები გურიაში. ჯერ ერთი, პრეზიდენტმა დამავალა, რომ გურიის კონკრეტულ პრობლემებს, რომელიც არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, პირადად გავუწიო კოორდინაცია და ეს მარტო გურიისთვის არ არის. ბახმარო არ არის მარტო გურიისთვის. თუმცა, თავისთავად ჩვენი, გურულების ბრენდია; ამიტომ, უფრო ხშირად მომიწევს გურიაში ყოფნა და ვაპირებ კიდევ დიდხანს ვიყო. მე ყველაფერს ხალხისთვის ვაკეთებ. რომ დადიოდით და დაშლილი იყო მთელი ჩოხატაური, შანსიც არ იყო მოძრაობის, არ იყო იმის საშუალება რომ თქვენი შვილი მიგეყვანათ მუსიკალურ სასწავლებელში, ახლა ასე აღარ არის. ეს კონკრეტული გუნდის კარგი და გეგმაზომიერი მუშაობის შედეგია რთულ პირობებში. მე ვაღიარებ, რომ უფრო მეტ დროს ვუთმობ გურიას და არც მინდა რომ ეს უარვყო. ეს გურულებს კარგად ესმით და გურულებთან მაქვს ჩემი ლინკი. ზუსტად ვიცი, რომ გურულების ყიდვა შეუძლებელია. შინაგანად მგონია, რომ რაღაც ვალი მაქვს გურულების, რომ როგორც ჩინოვნიკს, რომელიც ძალიან ბევრ ადგილას ნამუშევარია, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია და ვაპირებ ბევრი გავაკეთო. როგორც კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დავინიშნე, გურიის გუბერნატორობის შემდეგ, მეორე კვირას გურიაში ჩამოვედი და არასდროს გურიისთვის ყურადღება არ მიმიკლია. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გააკეთოს ყველა გურულმა. ყველა იმ ადამიანმა, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ვისაც ბევრი ფული აქვს და ვისაც არ აქვს ბევრი ფული. არ არის აუცილებელი ბევრი ფული გქონდეს. შეიძლება აქ არიან ადამიანები, ვისაც ჩემზე მეტი ფული აქვთ, თუმცა, ნაკლებად უყვარდეთ გურია ან პირიქით. რატომ ფიქრობთ, რატომ ვარ თქვენთვის საინტერესო ადამიანი, რომლისგანაც ინტერვიუს იღებთ?

_ იმიტომ, რომ ხართ მინისტრი, რომელსაც ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს საზოგადოების წინაშე!

_ გაეშვით, რომ მინისტრი ვარ. მანამდე მე ვიყავი ფინანსური პოლიციის უფროსი, გუბერნატორი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თუმცა, თანამდებობა არაფერ შუაშია. თქვენ პიროვნულად შეაფასეთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის იქ იყო, სადაც გურიას უჭირდა. რითიც შეეძლო, იმით ედგა გურულებს გვერდში და ერთი ხე არ ჰქონდა გურიაში საკუთარი.

_ ახლა გაქვთ ხე?

_ კი, ძალიან ბევრი ხე დავრგე. ახლა გურიაში ძალიან ბევრი რამე მაქვს, თუმცა ის გზები, რომელზედაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩემს დეკლარაციაში შევიტანო, ჩემს დეკლარაციაშიც მოხვდება ცოტა, იმიტომ, რომ მეც მაქვს რაღაცეები გურიისთვის გაკეთებული. მე მინდა, რომ თქვენში ჟურნალისტურმა პროფესიონალიზმმა უფრო გაიღვიძოს, თუმცა, აქვე გეტყვით, მივიჩნევ, რომ პროფესიონალი და კარგი ჟურნალისტი ხართ, მაგრამ გავცდეთ ამ თემას, თორემ ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო. მერე შეიძლება ჩაითვალოს, რომ რაღაცის გამო კეთდება და 17-ში ვიღაცამ თქვას, რამაზმა ისე თქვა და ასე თქვაო. მე ნებისმიერ თემაზე შემიძლია თქვენთან საუბარი. მინდა, რომ მოვუწოდოთ იმ ადამიანებსაც, ვისაც უნდათ საქართველოს გულისთვის რაღაც გააკეთონ. იმათ, ვინც ხელთათმანს ისვრის და მერე გურიიდან ქრება, ცოტა უფრო ღირსებით მოეკიდონ გურიას. თუ გურულების პრობლემის მოსმენა უნდათ, გურულებს ესაუბრონ და არა გურიაში ფოთელებს, ან გურიაში საჩხერელებს, ან ქობულეთელებს. აქციის შემდეგ ზუსტი ინფორმაცია გექნებათ, მინდა, რომ ობიექტურები ვიყოთ და ყველაფერი ისე ვთქვათ, როგორც არის. დამერწმუნეთ, რომ ხალხის გამოყვანა პრობლემის გადაწყვეტის წინაპირობა არ არის. მე ბევრად მეტი ადამიანის გამოყვანა შემიძლია, მაგრამ ამას არასოდეს ვაკადრებ მათ. მირჩევნია მათთან მივიდე, მათი პრობლემებით დავინტერესდე იმიტომ, რადგან ძალიან უჭირთ გურულებს, რაც მთავრობის პრობლემაა და იმიტომ მომავლინა მთავრობამ და ჩემმა პრეზიდენტმა აქ. მე ძალიან გულწრფელი ვარ. მეშინია, რომ რაიმე ვერ მოვასწრო, ვერ შევასრულო დანაპირები და ვერ გამოვადგე ჩემ ხალხს. მესმის, რომ ყველასთვის კარგი ვერ იქნება ვერც მთავრობა და ვერც ადამიანი. ქუჩას დავგვი, ყველაფერს ვიზამ იმ ადამიანისთვის ვინც გურულ კაცს არ მოატყუებს და გურული კაცის ნაოფლარით არ გააკეთებს სიკეთეს. მე არ ვარ მაგარი ადამიანი, გაჭირვებაში გაზრდილი ბიჭი ვარ, რომელსაც თავის სისუსტეები აქვს. არის რაღაცები, რასაც სწორად ვაკეთებ, ზოგსაც არასწორად, მაგრამ გულწრფელად მონდომებული ვარ, რომ გურულებს და გურიას გამოვადგე და ზოგადად საქართველოს. პარლამენტიც უნდა აშენდეს, და სხვა ბევრი რამ...

_ პარლამენტი, რომელიც გახსნიდან ძალიან მალე ჩამოინგრა და ადამიანიც დაიღუპა...

_ არ არის ეგ მართალი.

_ ეს ხომ ფაქტია?

_ არა. პარლამენტი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური შენობა და მე მინდა გითხრათ როგორც პროფესიონალმა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მედეგი შენობა, რომელიც შეიძლება საქართველოში არსებობდეს. პარლამენტი დგას 1241 მეტრ 28-მეტრიან ხიმინჯზე. იმ სიმაღლის ხიმინჯებია ჩასული მიწაში, რაც ზევით შენობაა. თვითონ რკალი, რომლითაც გადახურულია პარლამენტი, თავისი შინაარსით ერთ-ერთი ყველაზე რთული და უნიკალური ნაგებობა. მისი ჩამონგრევის ერთი პროცენტიც კი არ არსებობს და არასდროს, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა მიწისძვრა იყოს, ნებისმიერი ბალიანობის, კონკრეტულად პარლამენტის შენობას არაფერი მოუვა. რაც შეეხება რაზეც თქვენ საუბრობთ და სადაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა; მე პირველად ვსაუბრობ ამ თემაზე, იმიტომ, რომ ადამიანურად და არა პოლიტიკური ნიშნით არავის არ აინტერესებდა, რადგან მსგავსი შემთხვევები მშენებლობაზე ხდება. კერძო სამშენებლო კომპანიები ვერ იცავენ უსაფრთხოებას. რის გამო და რატომ, ეს სხვა საკითხია და ცუდია, თუ ვერ იცავენ, მაგრამ ხდება ასეთი რამეები. ეს იყო ახლოს პარლამენტთან, დაახლოებით ას მეტრში მდებარე დამხმარე ნაგებობა. სხვათაშორის შეცდომა დაუშვეს, როცა ეს პარლამენტის მშენებელს დაბრალდა. იმ ორსართულიან შენობას, სულ სხვა ფირმა და სულ სხვა ადამიანები აშენებდნენ. იმ ადამიანმა, რომელიც გარდაიცვალა და რომელზეც ძალიან ვწუხვარ, არ დაიცვა ნორმები და ხარაჩოებში მოყვა პირველ სართულზე. მე ჩავედი და საკუთარი თვალით ვნახე რაც მოხდა. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ როგორ მიდის მშენებლობა. მე პირადად წამოგყვებით და იქ შესვლა და ნახვა ყველას თავისუფლად შეუძლია.

_ სამინისტროს და რესურსები ახსენეთ. გამოიყენებთ თუ არა მათ არჩევნების მოსაგებად? გასული საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად თქვენ ყველაფერი გააკეთეთ და შესაბამისად ახლაც იგივე იქნება...

_ ეგ არის ჟურნალისტური მოსაზრება.

_ თქვენ არ იყავით ნაციონალების კანდიდატს კორნელი კუკულავას რომ დაყვებოდით და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდით?

_ კორნელი კუკულავას არსად არ დავყვებოდი. მე რატომ უნდა გავყოლოდი? კორნელიმ ხიდი ააშენა ჩოხატაურში (?!) და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვამაყობ, რომ ამ კაცმა თავისი თავი იპოვნა და დაუდგა გურულებს გვერდში.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ კორნელი კუკულავა ის დეპუტატია, რომელიც გურულებს გამოადგა?

_ რახან აირჩიეს გურულებმა, ესე იგი გამოადგათ. ეს სხვა თემაა და მე არ ვარ ხალხის რჩეული. მე ვარ დანიშნული ადამიანი, რომელიც მის საქმე აკეთებს კარგად და ამისთვის, ზუსტად ვიცი, რომ არაფრის გამოყენება არ მჭირდება. ახლა გზას რომ ვაგებთ ჩოხატაურში შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ გვინდა არჩევნების მოგება... ასე ყველაფერზე შეიძლება ითქვას. რა ვქნათ, გავაჩეროთ ჩვენი სამინისტროების ფუნქციონირება იმიტომ, რომ ვიღაც ადამიანს არ გაუჩნდეს კითხვა, ეს ხომ არ არის არჩევნების გამო?! ასე გააკეთებს ნებისმიერი მთავრობა და აკეთებს. ხარჯავს სახსრებს გაწერილი გეგმით, რომელიც გვქონდა წლის დასაწყისში. არჩევნები პერმანენტულად იმართება საქართველოში და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც არჩევნებს მივაბათ ინფრასტრუქტურის განვითარება?!

_ რეალურად ხომ თქვენ არჩევნების მოსაგებად და დიდი პროცენტის მისაღებად ყველაფერს გააკეთებთ...

_ მე ვარ დაინტერესებული, რომ ჩემმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ისევ მოიპოვოს ხალხის ნდობა, ბერკეტი იმისა, რომ, შემდგომშიც გავაგრძელოთ აღმშენებლობა, რომელიც დავიწყეთ ყველამ ერთად. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვინც გააკეთებს, ის ჩვენთან იქნება და ვინც არა, მათი პრობლემაა. ჩვენ ხელს არავის შევუშლით საქმის კეთებაში და არც არავის შევაშლევინებთ. მე პრობლემებს არ გავურბივარ და მზად ვარ, რომ ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრო.

_ თუმცა, ფაქტია, რომ ასეთი ტიპის სამუშაოები წინასაარჩევნოდ აქტიურდება...

_ ეგ თქვენი სუბიექტური აზრია. მე მასე არ ვფიქრობ. რასაც გინდათ იმას დააბრალეთ, მაგრამ თქვენი შვილისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი მომავლისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. რასაც უნდა იმას დააბრალონ, მთავარია რომ კეთდება, რომ თანხები სწორად იხარჯება, რომ გამგებლები და ჩინოვნიკები ცუდ საქმეებში არ მონაწილეობენ. თქვენ გურიის სამივე გამგებელს იცნობთ, ისინი აქ ცხოვრობენ და ვეთანხმები გუბერნატორს, რომელმაც ისინი აარჩია და დანიშნა.

_ ეს გუბერნატორის კი არა, საკრებულოს გადასაწყვეტია....

_ წარდგენა გუბერნატორისგან ხდება, საკრებულო ეთანხმება, ვიღაცამ ხომ უნდა წარადგინოს?! თქვენ ვერ დამიჭერთ სიტყვაში _ იურისტი ვარ.

_ ჩვენი საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყველა საკითხს კითხვების გარეშე ეთანხმებიან...

_ ეს თქვენი მოსაზრებაა.

_ ეს ფაქტია!

_ მე ვფიქრობ, რომ სამივე ადამიანი, რომლებიც აქ არიან გამგებლებად, ღირსები არიან, რომ დეპუტატებიც იყვნენ. მე რომ ვიყო ბევრი რამის გადამწყვეტი, სამივეს ვენდობოდი.

_ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ლელა იმედაშვილი შესაძლოა ერთ-ერთი კანდიდატი იყოს?

_ რატომ არ უნდა იყოს? მე რომ მკითხონ და თუ ეს საკითხი დადგება, ხმას მივცემ ლელას. მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც გურიაში ცხოვრობს და გურიის გულისცემა იცის. არავითარ შემთხვევაში იმას, ვინც წასულია გურიიდან. მეც არ უნდა ვიყო კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ გურულების განწყობა ჩემს მიმართ ნორმალურია.

_ გუშინ, ჩოხატაურში სტუმრობისას აღნიშნეთ, რომ კანდიდატი შესაძლოა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მანანა ჯინჭარაძეც გახდეს და თქვენ მას მხარს დაუჭერთ. ეს ის ადამიანია, რომელიც საჯარო ადგილას, უამრავი ადამიანის წინაშე, ინტერვიუს მიცემის დროს, კამერის წინ, ქვეშევრდომთან - სკოლის დირექტორთან ერთად, მზესუმზირის ჭამას არ წყვეტს. ასეთი ადამიანი კანდიდატად ნორმალურად მიგაჩნიათ? ეს ფაქტებია და ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრები გურია ნიუსის ვებ გვერდზეც შეგიძლიათ ნახოთ.

_ არ მინახია, მჯერა თქვენი და როცა ვნახავ, გეტყვით რასაც ვფიქრობ, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ეს ძალიან ცუდი საქციელია, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ _ თითქმის ყველა ადამიანი კამერის წინ არაადეკვატურად იქცევა. ზოგი ნასვამია, ზოგი _ მოშვებული. თქვენ უნდა მოამზადოთ. მე, _ რა ჰქვია? (მანანა, კარგი სახელია) არც კი ვიცნობ, რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი.

_ ჯინჭარაძეს მომზადებისთვის საკმაოდ დრო ჰქონდა მასე თუ დავწვრილმანდებით... მასთან მისვლამდე კომენტარი ვთხოვეთ პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, ეთერ წილოსანს, რომელმაც ასევე არ ისურვა პასუხის გაცემის დროს მზესუმზირის ჭამა შეეწყვიტა და პირის ცმაცუნით არ გაეცა კითხვაზე პასუხი... თანაც ჩვენ საჯარო პირებზე ვსაუბრობთ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელზე და სკოლის დირექტორზე, რომლებსაც მსგავსი რამ არ უნდა შეეშალოთ.

_ თუ ადამიანი ჭამს და მიკროფონს მიუშვერთ, დაიბნევა და ნუ გაიკვირვებთ. თუმცა, თავისთავად ეს არასასიამოვნო ფაქტია.

_ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ეკლესიურად ოცნება არ შეიძლება. თქვენ არ გიოცნებიათ?

_ მიოცნებია და მეც ვარღვევ რაღაცეებს, ალბათ. ბავშვობაში არქიტექტორობაზე ვოცნებობდი. არ დამაბრალოთ ახლა პრეზიდენტს მიბაძაო _ იცით თქვენ სიტყვებზე გამოკიდება... პრეზიდენტმა თქვა მშენებელი ვარო, თუმცა ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ იყო ნათქვამი. ყოველთვის მინდოდა კარგი რამეები შემექმნა და მადლობა ღმერთს, რომ ამის საშუალება მომცა. მინისტრობაზე არასდროს მიოცნებია, ვოცნებობდი ხალხისთვის კარგი რამ გამეკეთებინა. მე არ ვიცი ეს სადაური ოცნებაა _ ევროპული, ამერიკული თუ ქართული, მაგრამ ფაქტია, რომ მეც ვოცნებობდი.

_ ახლა არ ოცნებობთ?

_ ალბათ ახლაც მაქვს რაღაც ოცნებები და ესენი გადაიზრდება იმ საქმეებში, რასაც ვაკეთებ.

_ ანუ ქართულად ოცნებობთ?

_ პოლიტიკურად სიტყვაზე თუ მიჭერთ, მე არც ქართულად ვოცნებობ, არც სომხურად და არც იტალიურად. მე მაქვს ხედვა და ამას შეიძლება ოცნება დაერქვას _ ეს არის ბახმარო და თუ ეს ქართული ოცნებაა, ჩათვალეთ, რომ ქართულად ვოცნებობ. მაგრამ არა მგონია ასე იყოს... მაშინ დავყოთ, რომ სპორტული ოცნება სპორტთან უნდა იყოს კავშირში, თეატრალური _ თეატრთან. იცით რასაც ვგულისხმობ.

_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ სპორტსმენები უნდა ინტერესდებოდნენ და ერკვეოდნენ სპორტით, თეატრის მუშაკები _ თეატრით, როცა გურიაში ჩამოდიან. ასე უნდა მოიქცე იქ, სადაც გაქვს რაღაცის შეცვლის ამბიცია. არ შეიძლება, რომ რამაზ ნიკოლაიშვილმა მოინდომოს და შეცვალოს სპორტი _ ვგულისხმობ პროფესიულ ხაზებს. ის, რომ მე არ ვიცი ეს სფერო, არ არის ტრაგედია. სახელმწიფომ უკვე დაიწყო ლანჩხუთის სტადიონის რეკონსტრუქცია, ჩვენ გაქვს სამი კარგი გუნდი, ცოტა გვაკლდა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად და ვფიქრობ, გარემონტებულ სტადიონზე უფრო მეტს შეძლებენ. მაგრამ მე ეს არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო და ეს იმათ ევალებათ, ვინც ამ საკითხში კომპეტენტურია. თუ გული შესტკივა გურულ ფეხბურთზე ვინმეს, უნდა მიხედოს და სტადიონით, ფეხბურთელებით დაინტერესდეს.

_ კახი კალაძის ვიზიტებს გულისხმობთ, რომელიც მოსახლეობას ხვდებოდა?

_ არ ვიცი, მე არ დავსწრებივარ შეხვედრებს. მე მას დიდ პატივს ვცემ სხვათაშორის. ძალიან კარგი ფეხბურთელია და თუ აქვს ამბიცია, ფეხბურთსაც უნდა მიხედოს. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ და რომ ვფიქრობდე, ვეტყოდი.

_ ამბიცია ახსენეთ... სად გადის თქვენი ამბიციების ზღვარი, გარდა იმისა, რომ არჩევნები უნდა მოიგოთ? როგორც ამბობენ პრეზიდენტის მიერ დავალებული გაქვთ კონკრეტული პროცენტების აღება...

_ მე დავალებები არ მაქვს.

_ და... ამბიცია?

_ რომ პროცენტი იყოს მაღალი? ეგეც არ მაქვს. ჩემი ამბიციაა ჩემს გუნდს, რომელიც მოწადინებულია, რომ გურიაში რაღაცეები შეცვალოს, ჰქონდეს გურულების მანდატი, რომ ცვლილებები განვახორციელოთ.

_ ბიძინა ივანიშვილზე რას გვეტყვით? არის თუ არა მის მიერ გაკეთებული საქველმოქმედო პროექტები, მათ შორის _ ბევრი გურიაში, კარგი და მისაღები და უნდა გაგრძელდეს თუ არა ეს პროექტები?

_ თქვენ ჰკითხეთ ბიძინა ივანიშვილი რის გაგრძელებას აპირებს?

_ კი და აღნიშნა, რომ აუცილებლად გააგრძელებს ყველა პროექტს, თუკი ამის საშუალებას მისცემენ.

_ ვინმე არ აძლევს საშუალებას?

_ სხვა რამეზე რომ არაფერი ვთქვათ, ისიც კმარა, რომ მის ვერტმფრენებს, რომლებიც თეთრი პეპლის შეწამვლას ახორციელებდა, ლიცენზია შეუჩერეს...

_ როგორც ვიცი, სახელმწიფომ სერიოზული ზომები მიიღო ამის საწინააღმდეგოდ. როცა მოსახლეობა შეხვედრის დრო ამ საკითხებს სვამდა, ვესაუბრე ზაზა გოროზიას და ვიცი, იმაზე მეტი სითხეა შემოტანილი, რაც საჭიროა, რომ გურიაში ეს პრობლემა მოგვარებული იქნას. მე ლიცენზიებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და არც ის ვიცი, შეუჩერეს თუ არა...

_ ეს ფაქტი ვერა ქობალიამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ვერტმფრენები ევროსტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, რაც უცნაურია...

_ რომ არ დაიცვა სტანდარტი ადამიანმა და გარდაიცვალა, მთავრობის ცუდ მუშაობაში ჩათვალეთ. სწორია, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაგვეთმო, რადგან ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი.

_ ბატონო რამაზ, ივანიშვილს, რომელიც რამდენიმე მილიარდს ფლობს, თქვენი აზრით ევროპული სტანდარტის ვერტმფრენი არ ეყოლება?

_ არ ვიცი, არ ვარ კომპეტენტური და ნუ მიმაბამთ ამასთან. არ არის სწორი ჩემი მიბმა. მე ვამბობ, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა გააჩნდეს ხედვა იმისა, თუ რა დროს, რისთვის და როგორ უნდა გააკეთოს რაღაცა. ბატონ ბიძინას მე არ ვიცნობ და არ ვიცი მისი ხედვების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ უყვარს თავისი სამშობლო და რასაც საჭიროდ ჩათვლის, იმას გააკეთებს. მე, მაგალითად, არ მაქვს ამდენი ფული და ვერასდროს ვერ ვიფიქრებ იმ კაცის მაგივრად, რომელსაც აქვს ბევრი მილიარდი. იმიტომ კი არა, რომ ეს ცუდია _ ალბათ კარგია როცა მილიარდები გაქვს, მაგრამ მე რაც მაქვს და რა ხედვაც მაქვს, გულწრფელად გესაუბრეთ იმის შესახებ. რაც შეეხება ივანიშვილს ან სხვა ადამიანს არ ვიცი რას გააკეთებს და რას იფიქრებს.

_ გაკეთებული პროექტები რამდენად იყო მნიშვნელოვანი?

_ ეგეც არ ვიცი. მე ვიცი, რომ გააკეთა რაღაცეები და ეს ძალიან კარგია, როცა ადამიანი ქველმოქმედებას ჩადის და რაღაცას რომ აშენებს. ვინ გეტყვით, რომ ეს ცუდია? ეს არის ძალიან მაგარი და გააჩნია რა მიზნები აქვს. ეს ყველაფერი გამოჩნდება. ჩემთვის მთავარია შემდეგი _ ყველა ადამიანი, თავისი ადამიანური რესურსით, უნდა ემსახურებოდეს თავის ქვეყანას. არ მინდა ჩავერიო იმ საქმეებში, რომელიც არ მეხება. მე მაქვს ჩემი კონკრეტული ხედვა, თუ როგორ დავუდგე გვერდით გურიას და გურულებს. დარწმუნებული ვარ ეგეთი ხედვა გაქვთ თქვენც, გუბერნატორსაც და ბატონ ბიძინასაც. ეს გამოჩნდება იმ ნაბიჯების მიხედვით, რომელსაც გადადგამენ. მე პოლიტიკის ამ ნაწილში ჩაბმული არ ვარ, მოწოდებებს არ ვაკეთებ. ვარ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამინისტროს მინისტრი და ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, გუნდად, ერთად ვეცდებით ღირსეული მომავალი შევქმნათ ჩვენი შრომით.

_ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ნორმალურ ფაქტად მიგაჩნიათ?

_ თქვენ ცდილობთ, რომ პოლიტიკური კითხვები დამისვათ და ამის სრული უფლება გაქვთ, მაგრამ ეს არის თემა, რომლითაც შეიძლება უამრავმა ადამიანმა ისპეკულანტოს რაღაც მიმართულებიდან გამომდინარე. ჩემი გადასახედიდან ვფიქრობ, კონსტიტუციურმა ცვლილებამ, ამ ადამიანს, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ საქართველო წაიყვანოს უკეთესი მომავლისკენ, მისცა შანსი. ახლა არის ერთი "ნო" _ ამ ადამიანმა უნდა დაუმტკიცოს გურულებს, მეგრელებს, იმერლებს, რომ ის უფრო კარგად გააკეთებს ამას, ვიდრე აკეთებს ჩვენი გუნდი. მე ერთ რამეს დაზუსტებით გეტყვით _ გურულები ძალიან მაგარი ხალხია, ბევრად უფრო მაგარი, ვიდრე მეგონა, სანამ მჭიდრო ურთიერთობები მექნებოდა. მობილიზებულები არიან, ერთგულები არიან და მიუხედავად გაჭირვებისა, ფასეულობებიც სულ სხვა აქვთ. მე გამაოცეს და ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით მთელი ჩემი ოჯახით. დღეს ვიყავი სამრევლო სკოლაში ბავშვებთან შესახვედრად. ხომ არ გგონიათ, იქ სხვა მიზნით ვიყავი, სკოლის მოსწავლეებს ხმებს ვერ მოვთხოვდი _ რამაზ ნიკოლაიშვილი მეათეკლასელს აქციაზე არ გამოიყვანს. ნახეთ, ხვალ რა მოხდება და მერეც ვისაუბროთ. არ მინდა, რომ ჩვენით მანიპულირება მოახდინონ. ისინი უნდა გაერკვნენ იმ პრობლემებში, რომლებიც გურიაშია. ეს პრობლემები უნდა დადონ და მითხრან _ რამაზ, ეს არის პრობლემა, ეს არის გასაკეთებელი...

_ თქვენ მათ რჩევებს გაითვალისწინებთ?

_ რა თქმა უნდა. რა სისულელეა! თქვენს რჩევებსაც ვიღებ; მე ხმამაღლა ვაღიარე, რომ როცა ჩამოვედი გუბერნატორად, ყოველ დილას ვიწყებდი "გურია ნიუსის" კითხვით. იქ იყო რაღაცეები არასწორად დაწერილი, მაგრამ ბევრი რამ ბევრ ჩინოვნიკზე სწორი იყო და ვახდენდი კიდეც რეაგირებას. ახლაც ვკითხულობ... ამით იმის თქმა მინდა, რომ აუცილებლად მივიღებ და გავითვალისწინებ რჩევებს. მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩამოსული იყო გურიაში. გულწრფელად ვცემ პატივს, იმის გამო, რომ თავის სფეროში, თავის დროზე ბევრი რამე გააკეთეს საქართველოსთვის, მაგრამ ეს არავის არაფრის უფლებას არ აძლევს. მე რომ შენიშვნა მომცეს ადამიანმა, ჩემზე კარგად უნდა იცოდეს კონკრეტული საკითხი. მე რომ ახლა წავიდე და კალაძეს ფეხბურთის თამაში ვასწავლო, სირცხვილი იქნება _ ტელევიზორს იქით არ გავცდენივარ ამ სფეროს. მე კალაძის გულშემატკივარი, ფარი ვარ და მოხიბლული ვარ მისი ფეხბურთის თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ თავის კარში იტანდა გოლებს... მიმაჩნია, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელი და მზად ვარ, ეს ყოველთვის ვაღიარო. წარმოიდგინეთ რა იქნება, რომ სტურუას სპექტაკლის დადგმა ვასწავლო, ისე როგორც სტურუა ვერ მასწავლის როგორ უნდა მოვეფერო გურულებს და გავუკეთო რაღაცეები. პოლიტიკა დიდი და მრავლისმომცველია საერთოდ; თუმცა, ახლა ის არის მთავარი, რომ ავინაზღაუროთ დაკარგული დრო; ჩემს გუბერნატორობამდე, 22 წელი, გურიაში გზა არ იყო დანაგები. ამიტომ, ახლა მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად გადავდგამთ, იყოს დახვეწილი და შესაბამისი, რომელიც ზიანს არ მოუტანს გურულებს და საქართველოს. ახლა პიროვნული რაღაცეების დრო არ არის. თუ ჩემი გუნდის წევრები რამეს ამბობენ, დარწმუნებული ვარ რომ შეცდომაა, ისევე როგორც მეორე გუნდის მხრიდან მსგავსი რამეები... თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციის ლიდერი არასდროს ცუდს არ იტყვის არცერთ ჩინოვნიკზე; ეს არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ არავინ არავისზე არ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ გაქვს ქვეყანა, რომელიც უნდა იყოს გამარჯვებული _ მე ასეთი მიდგომა მაქვს და სულ მახსოვს, რომ სამ შვილს ვუზრდი ამ ქვეყანას!




 ახალი ამბები
  • გიორგი მარგველაშვილი: „იმედია, როდესაც ეს რაღაც ციებ-ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ“საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ: როგორც შეაფასებდა საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს და ამ დარღვევებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხს, პოლიტიკურ პროცესებში მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შესაძლო საკითხებსა და საზოგადოების ორად გაყოფისა და პოლარიზაციის შედეგებს. „ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მე -5 პრეზიდენტი და მე, ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული. მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20 % -ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტიურად კითხვები არ ისმება. თუმცა, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას ხვალ და ზეგ- როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება ზოგადად, საქართველოს როლი: -ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნები დაისვა არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად“,_განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მივედით ამ წერტილამდე, ჩვენ უნდა გავიაზროთ ამ წერტილის შედეგები ამ რეალობაში და ვიყოთ ადეკვატურები, რადგან ჩვენი პრიორიტეტი - დემოკრატიაა - რითიც ჩვენ ჩვენ თავს ვაწონებდით ჩვენი მხარდამჭერების გასამრავლებლად. „სამწუხაროდ, იმ შეცდომებს რაც დავუშვით, ვეღარ გამოვასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია დიალოგში შესვლა და მე საქართველოში ისეთ საარჩევნო სისტემას შევქმნი, რომელიც ცოტა მაინც დამაბრუნებს დემოკრატიული სტანდარტების ლიდერის რანგში. სამწუხაროდ, მე ამ ტენდენციას ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რადგან ეს არის სრული გაუაზრებლობა იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და საქართველოში როგორ იქმნება პოლიტიკური პროცესი და როგორ იქმნება პოლიტიკური დინამიკა. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არის შემდეგი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია, მე პირველივე დღეებში გამოვხატე ჩემი პოზიცია ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ და ვთქვი,  რომ მზად ვარ დავიწყო ცივილიზებულად უფლებამოსილების გადაბარების პროცესი, მაგრამ თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამდენი დარღვევა მოუტანა ქართულ საზოგადოებას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, პორტირებულებს ან ექპორტირებულებს, არამედ ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, ვისაც ამ სტანდარტით აფასებენ. იმედია, როდესაც ინაუგურაცია ჩატარდება და ეს რაღაც ციებ -ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ, რა ქვეყანაში, საზოგადოებაში და რეგიონში ცხოვრობენ, რა გამოწვევები აქვს ამ სახელმწიფოს და რომ ნაბიჯებია გადასადგმელი“,_განაცხადა ... ...
  • ხელფასის სახით 506 778 ლარი_ დეპუტატი 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებიამე-9 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია  პარლამენტის პლენარულ სხდომათა გამცდენ დეპუტატებს შორის, მოწინავე ადგილს იკავებს. დეპუტატის დისციპლინური მოსწრების შესახებ ინფორმაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა და დაადგინა, რომ ნაყოფია 2017 წელს 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებია. ამ დროის განმავლობაში, დეპუტატი არც 73 საკომიტეტო სხდომაზე იმყოფებოდა. „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, რომელმაც დეპუტატის სახელფასო შემოსავლებიც დააჯამა, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ხალხმა ნაყოფიას, ჯამში, 506 778 ლარი ... ...
  • „დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზად” _ ცისკარიშვილი„საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა შორის მომხდარი გაწევ-გამოწევა სამარცხვინო სანახავი იყო. როგორც ჩანს, დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზარდ, ვერ მომწიფდნენ. ჩვენს კანონმდებლებს არ აქვთ ამბიციური ქვეყნისთვის დამახასიათებელი დეპუტატების კულტურა, რაც სამწუხაროა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ცისკარიშვილი „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. „დღეს მთავრობა და პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის პრივატიზებული. სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია. დღემდე არაერთი მაგალითი გვახსოვს იმისა, რომ გუნდმა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა შექმნა, საზოგადოებისთვის დადებითი შედეგი ვერ მოიტანა“, _  აღნიშნა ... ...
  • „ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს“ _ ვახტანგ ძაბირაძე„ათეული წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავეს აკეთებდა, კადრებს ცვლიდა, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა და თუ ასე გაგრძელდება, არც მომავალში შეიცვლება მდგომარეობა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია აუცილებელია. „მხოლოდ საკადრო ცვლილებების გახორციელებით არაფერი გამოვა, თუ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია არ გახორციელდა და კომპლექტური სამოქმედო გეგმა არ ჩამოყალიბდა. დღეს მმართველობით სისტემაში რეფორმების გახორციელება კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ერთ სამინისტროში გახორციელებული რეფორმა ვერ იმუშავებს“, _ განაცხადა ძაბირაძემ. ექსპერტი „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა კონსტიტუციის მიხედვით არ იმართება. ექსპერტი ივანიშვილს მოუწოდებს, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. „ბიძინა ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. საქართველოს კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ  მისი ძალით იმართებოდეს ქვეყანა. ქვეყანაში ნომერ პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილმა, როცა მოუნდება მაშინ კი არ უნდა დანიშნოს, არამედ, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, თავად უნდა დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. თანამდებობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს იკავებს, კონსტიტუციურად, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს, ამიტომ ან საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან ან მისთვის შესაფერისი ადგილი დაიკავოს“, _ აღნიშნა ... ...
  • „რატომ მაიძულებთ „ნაციონალების“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!“_ ინაშვილი ჟურნალისტებს„რატომ მაიძულებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!  არ მაინტერესებს“, _ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა  დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებულ აქციას ეხებოდა. ინაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარება.   „სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვერავინ იტყვის, რომ ზურაბიშვილს არ აქვს ლეგიტიმაცია. ის მეორე ტურში ნამდვილად გახდა პრეზიდენტი და მოითხოვა ქართველი ხალხის მხარდაჭერა. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება 780 ათასი ხმის შესახებ, რომლებიც „ნაციონალებმა“ არჩევნებში მიიღეს, რამდენად რეალურია. პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიების, რომელიც ფაქტებს დადებს. არავითარი 700 ათასზე მეტი ხმა „ნაციონალებს არ მიუღიათ, რასაც დავამტკიცებ“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...