ექსკლუზივი - არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან

მთავარი თემა

ექსკლუზივი - არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან

2016 დეკ 19 04:02:01

"ამან მე ბავშვობის ძმაკაცი მომიკლა"; "ეს იყო ცივსისხლიანი მკვლელობა";  "დამნაშავეა და პასუხი უნდა აგოს"; "ეს არის დამნაშავე, აბა, მე ხომ არ ვარ?!" "ბატონო მოსამართლე, სროლა კარგად შეუძლია",_ ეს ფრაზები სხვადასხვა პროცესზე დაკითხვისას მოწმე შოთა შანიძეს ეკუთვნის.

2016 წლის 1 დეკემბერს, შოთა შანიძე 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, გამსახურდიასა (პეკინი) და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაიკითხა. შანიძე საქმეში მთავარი მოწმეა.

ამ დაკითხვიდან რამდენიმე დღეში, 2016 წლის 8 დეკემბერს, შოთა შანიძე ასევე მთავარ მოწმედ უკვე 2005 წლის 13 დეკემბერს, თბილისში, გამსახურდიას (პეკინის) ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკითხეს.

ზემოთ აღნიშნულ მკვლელობებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, თუმცა ორივე შემთხვევაში, პროკურატურა ამტკიცებს, რომ საქმე გახსნილია და დამნაშავე პირები დაკავებულები არიან.

ორივე მკვლელობის საქმე გახმაურებულია. მკვლელობის მოწმეები ერთიდაიგივე პირები არიან. საქმის პროკურორიც ერთია.

 პრეისტორია

 2004 წლის 27 ოქტომბერს, გამსახურდიასა (პეკინი) და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური დაჭრეს. ოთხმეზური საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 2016 წლამდე მკვლელობა გაუხსნელი იყო. 2016 წლის 29 მარტს, მთავარი პროკურატურის  გამოქვეყნებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობა გახსნილია და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძეა დაკავებული.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან, 5 დღეში, 2016 წლის 4 აპრილს, პროკურატურა უკვე 2005 წელს მომხდარი, ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის საქმის გახსნის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

ორივე საქმის მთავარი მოწმე ამჟამად პატიმრობაში მყოფი შოთა შანიძეა. ორივე საქმეს ერთი პროკურორი _ ამირან გულუაშვილი ჰყავს.

ამავე საქმეებში მოწმის სახით გამოდის გიორგი მორჩილაძე, რომელიც შოთა შანიძესთან ერთად ერთ-ერთ საქმეში მსჯავრდებული იყო, თუმცა უკვე გათავისუფლებულია.

შანიძე და მორჩილაძე, როგორც ისინი თავად აცხადებენ, ბავშვობის მეგობრები არიან. ზემოთ აღნიშნული მკვლელობების დროს კი, ერთად იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამოძიებისას მიცემული ჩვენებების დროს, 2015 წელს, შანიძე და მორჩილაძე ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ეს ფაქტი  გიორგი მორჩილაძემ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე თავად დაადასტურა. 

საეჭვო წარსულის "ოქროს მოწმეები"

"თქვენ ამ საქმის ოქროს მოწმე, მთავარი მოწმე ხართ", _ ასე მიმართა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მოწმე შოთა შანიძეს 2016 წლის 13 დეკემბერს, ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე. მოსამართლის ეს დამოკიდებულება კი, შანიძის პასუხებმა გამოიწვია, რომელიც აღელვებული ჰყვებოდა, როგორ მოუკლეს ბავშვობის მეგობარი. თუმცა, საქმის დეტალების გაცნობამდე, გავარკვიოთ ვინ არის შოთა შანიძე.

შოთა არჩილის ძე შანიძე (ზედმეტი სახელი "შიტკა"), დაბადებული 1989 წლის 18 მაისს, არაერთგზის ნასამართლევი ხულიგნობის, ძარცვის, მკვლელობებისთვის, სასჯელს იხდის ყველაზე მკაცრ, მე-6 დაწესებულებაში.

მის შესახებ ინტერნეტში არაერთი საინტერესო მასალა იძებნება. პირველად მისი სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი სიონის ტბაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გახდა. 2008 წლის 31 აგვისტოს დაბა სიონში ადგილობრივებსა და დამსვენებლებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ორი მათგანი - დავით ზურაბიშვილი და ზურაბ მიქაბერიძე გარდაიცვალა, ნუკრი ქავთარაძე კი დაიჭრა. აღნიშნულ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი შოთა შანიძე დააკავეს, რომელსაც სასჯელის სახით, მოგვიანებით, 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, რამდენიმე ამნისტიის შემდეგ შანიძის სასჯელი საგრძნობლად შემცირდა.

ამჟამად კი, შანიძე 2014 წლის 4 მარტს სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში მომხდარი გიგა ფარტენაძის გახმაურებული მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

ამ მკვლელობებამდე, შანიძის სახელი და გვარი სამართალდამცავებისთვის კარგად იყო ცნობილი. შანიძე, 2005-2006 წლებში არაერთგზისაა ნასამართლევი წვრილმანი ხულიგნობის და ძარცვისთვის, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში დევს და სასამართლო პროცესებზეც გამოიკვლიეს.

გარდა ამისა, 2005 წელს, ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის საქმეზე შოთა შანიძე ხულიგნობის და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს; თუმცა, იმის გამო, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო, შანიძე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პარტიმრობიდან ყოველგვარი თავდების გარეშე გაათავისუფლა. სწორედ ამ მკვლელობის საქმეზე გამოვიდა შანიძე მთავარ მოწმედ 2016 წლის 13 დეკემბერს. იგივე ბრალდება ჰქონდა წაყენებული შანიძეს 2006 წლის 15 მარტს, გამრეკელის ქუჩაზე მომხდარი თეიმურაზ კეშელავას მკვლელობის საქმეზეც. შანიძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში და გამოძიების შეცდომაში შეყვანაში ედებოდა. თუმცა მისი დანაშაული აქაც ვერ დაამტკიცეს.

შედარებით მწირი ინფორმაცია იძებნება მეორე მოწმე, გიორგი მორჩილაძის შესახებ, რომელიც შანიძესთან ერთად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხმეზურისა და გურაბანიძის მკვლელობების მთავარი მოწმეა.

ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში მოთავსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მორჩილაძე 1988 წელს არის დაბადებული. სასჯელს შანიძესთან ერთად სიონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იხდიდა, თუმცა, იმის გამო, რომ გასროლა შანიძის მიერ მოხდა, მორჩილაძეს ამ საქმეზე გაცილებით მცირე სასჯელის მოხდა დაეკისრა. გათავისუფლების შემდეგ, მორჩილაძეს სამართალდამცავებთან ურთიერთობა კიდევ რამდენიმე საქმეზე მოუხდა. კერძოდ, 2013 წელს ნარკოტიკების შენახვისთვის, მოგვიანებით კი, ავტომანქანის გატაცებისთვის, რისთვისაც ძებნილიც იყო.

შანიძეს და მორჩილაძეს წარსულში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ოთხმეზურისა და გურაბანიძის მკვლელობების საქმეზე სასამართლოში დაკითხვისას ადვოკატებმა რამდენჯერმე ჰკითხეს. თუმცა, იმის გამო, რომ პროკურორმა ადვოკატის კითხვა გააპროტესტა, მათ ნასამართლეობას, აღნიშნული მკვლელობების საქმეებთან კავშირი არ აქვსო, მოწმეებს დეტალურად არ უსაუბრიათ. თუმცა, ორივე მათგანი ადასტურებს, რომ არაერთგზის ნასამართლევები არიან. რამდენიმე საქმეზე კი, მათი პროკურორი  ამირან  გულუაშვილი იყო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე დაკითხვისას, გიორგი მორჩილაძემ დაადასტურა, რომ ორჯერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, სასჯელისგან სწორედ ამირან გულუაშვილის მიერ დაყენებული საპროცესო შეთანხმებებით გათავისუფლდა.

"გურია ნიუსთან" საუბრისას, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხევდველობის სამმართველოს პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ მოწმეების წარსული ამ საქმეებთან კავშირში არ არის და საინტერესოც არაა.

ჩვენს კითხვაზე: რატომ არიან ორივე მკვლელობის მთავარი მოწმეები არაერთგზის ნასამართლევი პირები და რას უპასუხებს ის ადვოკატის ეჭვს, რომ პროკურატურა საქმეების გახსნას ამ პირების მეშვეობით სპეციალურად ცდილობს, გულუაშვილი გვპასუხობს:

 "შოთა შანიძის და გიორგი მორჩილაძის გარდა საქმეში არიან სხვა თვითმხილველებიც, რომლებიც ამ მკვლელობებში ბრალდებულების ბრალეულობის საკითხს ადასტურებენ. მათი წარსული ნასამართლეობა მნიშვნელვანი არ არის. ვიცი, რომ ბრალდებულის ადვოკატს ბევრი ინფორმაცია აქვს მოკვლეული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ რაიმე ეჭვი ჩნდება, ამას მოსამართლე განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინებს", _ აღნიშნავს გულუაშვილი.

გარდა ნასამართლეობისა, ბრალდებული პირების ადვოკატები აღნიშნავენ, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს შანიძის მიმართ ჩატარებული არაერთი ექსპერტიზის დასკვნაც. მათი განმარტებით, შანიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. "გურია ნიუსისთვის" მოწოდებული დოკუმენტაციიდან (მასალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ, ავტ.) ირკვევა, რომ შოთა შანიძეს "უცნაური ქცევები" 9-10 წლის ასაკიდან გამოუვლინდა. სხვადასხვა პერიოდებში მკურნალობდა ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან. ექსპერტიზის დასკვნებით საჭიროებდა მუდმივ მეთვალყურეობას და მკურნალობას. რამდენჯერმე ჰქონდა სუიციდის მცდელობაც.

 ექსპერტიზის ერთ-ერთ დასკვნაში ვკითხულობთ: "შოთა შანიძეს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა", თუმცა ამავე დასკვნის თანახმად, მისი ქცევა "ფსიქიკური დაავადებებისთვის დამახასიათებელ დინამიკაში, ფსიქიკურ აშლილობათა  ცნობილი ფორმების კლასიკურ სურათში არ თავსდება და უნდა შეფასდეს როგორც დაყენებითი (სიმულაციური)".

ექსპერტიზის კიდევ ერთ დასკვნაში, რომელიც 2016 წელს ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარდა შანიძე ამბობს:

"მესმის რომ აინტერესებთ დაადგინონ იმ პერიოდში როგორ აღვიქვამდი და ახლა ჩვენების მიცემა თუ შემიძლია, გეტყვით რომ როდესაც მაგ ამბავს შევესწარი ვიყავი 15-16 წლის არაადეკვატური და არანორმალური ნამდვილად არ ვყოფილვარ არ ვმალავ რომ ციხეში მოხვედრის შემდეგ ვცდილობდი თავი ვადმყოფად მომეჩვენებინა, ამით სასჯელი ამერიდებინა, ეს თქვენ ხომ იცი. არცერთი თქვენი დასკვნა არ ადასტურებს ჩემს შეურაცხადობას. რასაც ექიმებს ვეუბნებოდი, მათ შორის ბოლო წლებში ხმები და მსგავსი რამე არასდროს არ მქონია, უბრალოდ ვეწეოდი სიმულიაციას და თან ვიცი როგორ უნდა მოვაჩვენო თავი, როცა საქმე ეხება მეხსიერებას, აღქმას, კონცენტრაციის უნარს სადაც გინდათ იქ შემამოწმეთ, ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს", _ ამბობს შანიძე ექსპერტიზის ერთ-ერთ დასკვნაში.

ამასთან დაკავშირებით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა. კაკაბაძემ აღნიშნა, რომ შანიძეს არა მარტო ფსიქიკური პრობლემები აქვს, მძიმე ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებს, რომელიც ნარკოტიკების შემცველია.

თუმცა, როგორც პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, შანიძეს არ აქვს ისეთი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუშლის აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს.

"ნარკოტიკებთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირები შანიძეს ჩაუტარდა ექსპერტიზა, ისევე როგორც ბეჟანიძეს. ექსპერტი  დავკითხეთ სასამართლო დარბაზში. მისი თქმით, შანიძეს აქვს ორგანული პიროვნული აშლილობა, ეს არის დაავადება, რომელიც არ პროგრესირებს, მაგრამ სულ აქვს და საჭიროებს კონტროლს. თუმცა, დამახსოვრებისთვის, აღქმისთვის, გადმოცემისთვის ამას არანაირი შემხებლობა არა აქვს. როცა დავნიშნეთ ექსპერტიზა, შანიძეს დაესვა ორი შეკითხვა: იყო თუ არა შერაცხადი მაშინ, როცა ოთხმეზურის საქმე მოხდა და ხომ არ აქვს ისეთი სიქიკური დაავადება, რომელიც ხელს შეუშლის მის რაღაცის დამახსოვრებას, აღქმას და გადმოცემას. ექსპერტმა თქვა, რომ მე შერაცხადობაზე ვერ ჩავატარებ ექსპერტიზას, რადგან ეს უნდა ჩატარდეს რაიმე ქმედებასთან დაკავშირებით, ეს უნდა ეხებოდეს შანიძის დანაშაულოსო. რომ მან ჩაიდინა რაღაც ქმედება და ამ ქმედებასთან მიმართებაში უნდა მეკითხებოდეთ იყო თუ არა მაშინ შერაცხადი. შანიძე მოწმეა და მე ვერ ავატარებ მის შერაცხადობაზე ექსპერტიზასო. ჩვენი მეორე კითხვა ეხებოდ _  შეუძლია თუ არა შანიძეს რაიმეს რომ დაინახავს სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და მოყვეს. ამაზე ექსპერტმა თქვა, რომ შეუძლია. ის სიქიკური პრობლემა, რომელიც ანიძეს გააჩნია, არანაირ შემხებლობაში არ არის მის მიერ რაღაც მოვლენების აღქმასთან", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორმა არ უპასუხა ადვოკატის განცხადებას, რომლის თანახმადაც შანიძეს სიმულაციის უნარი აქვს.

"სიმულიანტობასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, ჩვენ რაც გამოვიკვლიეთ ექსპერტი, იქ სიმულიანტობაზე არ გვისაუბრია", _ აღნიშნა გულუაშვილმა.  

რის გამო შეიძლება თანამშრომლობდნენ მოწმეები პროკურატურასთან

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, შანიძისა და მორჩილაძის პროკურატურასთან თანამშრომლობა ეჭვს აჩენს. ადვოკატი ფიქრობს, რომ შანიძე თანამშრომლობისთვის, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლონ.

"სისხლის სამართლის კოდექსის 373 პრიმა მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლოა გადაიხედოს მისი სასჯელი. კერძოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამრომლობის შედეგად ირკვევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას - მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის, ან სასჯელისგან სრულიად გათავისუფლების თაობაზე. სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შანიძე ამ მიზნით თანამრომლობს გამოძიებასთან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მას წარსულში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, 33 წელიც კი ჰქონდა მისჯილი და სასჯელი მინიმუმამდე აქვს დაყვანილი, კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება შანიძისა და პროკურატურის თანამშრომლობაზე", _ აღნიშნავს კაკაბაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 11-12 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეებში მოწმეებად დაკითხული პირები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ. თუმცა, "გურია ნიუსი" ამის შესახებ კიდევ ერთ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე დასკვნითი სიტყვები ბრალდებისა და დაცვის მხარემ ხვალ უნდა წაიკითხოს, ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის საქმეზე კი, ბოლო პროცესი 23 დეკემბერსაა ჩანიშნული.

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, 2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ, დავით ხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, სტატიაში ნახსენებ მეორე საქმეზე, რომელიც 2005 წელს მომხდარ, ირაკლი გურაბანიძის მკვლელობას ეხება, შოთა შანიძისა და გიორგი მორჩილაძის ჩვენებებზე დაყრდნობით, ამავე სასამართლოს მეორე მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ, ბრალდებულ გიორგი შალამბერიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

თუმცა, პრობლემა არის ის, რომ მოწმის გამოძიებასთან თანამშრომლობის ვადა კანონით დადგენილი არ არის. ეს კი ქმნის საფრთხეს, რომ საგამოძიებო უწყებამ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ამა თუ იმ პირის ჩვენება დანაშაულების გასახსნელად.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით მუშაობას სააპელაციო ეტაპზეც აგრძელებს.

ამავე თემაზე: 

პროკურატურის „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან - ნაწილი II

ექსკლუზივი - 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

ექსკლუზივი - რატომ შეუცვალეს საპატიმრო დაწესებულება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულს

რა არგუმენტებით დაასაბუთა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის უდანაშაულობა

მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტორეპორტაჟი)




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...