9 წელი აგვისტოს ომიდან და 9 გმირი გურიიდან

gurianews.com

მთავარი თემა

9 წელი აგვისტოს ომიდან და 9 გმირი გურიიდან

2017 აგვ 7 21:55:57

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან დღეს 9 წელი შესრულდა.

ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად.

მომდევნო დღეს _ 8 აგვისტოს, რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

 რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო.

რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში.

9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში _ 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა, ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან იყო, 9 ვაჟკაცი, რომელთა სახელები საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.

აპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე ოზურგეთიდან

2008 წელს მხედრული მამაცობისთვის მედალი მიიღო. იმავე წელს, გარდაცვალების შემდეგ კი მედალი _ "ქაქუცა ჩოლოყაშვილი".

იგი ფოთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. ფოთის პორტის დაბომბვისას, კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ომში რომ წავიდა, 29 წლის იყო.

მაკა დარბაიძე, მეუღლე: "1979 წლის 30 მაისს, სოფელ გურიანთაში დაიბადა. ორი ძმა ჰყავს. საშუალო სკოლაც გურიანთაში დაამთავრა. ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამ უკრაინაში წაიყვანა. სწავლობდა სამხედრო აკადემიაში და პარალელურად მუშაობდა.

უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. ერთმანეთს დეიდაჩემთან შევხვდით. ჩემი დეიდაშვილის ქორწილში ამიხსნა სიყვარული. მაშინ 22 წლის ვიყავი, თეიმურაზი 5 წლით იყო უფროსი... სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ბოლოს გავიპარეთ და დავოჯახდით. წლისთავზე გოგონა შეგვეძინა, რომელსაც თემურის დედის სახელი _ ნადია დავარქვით.

ერთად წელიწადი და რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ, ბავშვი 10 თვის იყო, ომში რომ წავიდა".

კაპრალი თამაზ ნიკიტინი ოზურგეთიდან

2008 წელი, მედალი მხედრული მამაცობისთვის.

დედა ომში წასულ შვილს შეეხმიანა. შვილი მალავდა, რომ ცხინვალში იბრძოდა, დედას მოესმა აფეთქების ხმა და "ვაიმე, დედა!" კავშირი გაწყდა _ 26 წლის ვაჟკაცი გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე.

მოუთმენლად ელოდა შვილს _ საბა მისი გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, შობა ღამით.

თამაზ ნიკიტინი 1982 წელს დაიბადა ქუთაისში. მშობლებისთვის მეორე ვაჟი იყო.

ნელი მჭედლიძე, დედა: "თავისებური ბავშვი იყო _ სულ სადღაც ეჩქარებოდა, სულ რაღაცის მოსწრებაზე იყო, ხშირად მითქვამს, დამშვიდდი, გააანალიზე და ისე მოიქეცი,-მეთქი, მაგრამ წამებში რეაგირებდა ყველაფერზე".

ძმებმა ერთად მოიარეს ბაღი, სკოლა, სამხედრო ლიცეუმი, ჯარი... სასაზღვრო ძალებში მსახურობდნენ. ჯარისკაცური შემართება გენებში ჰქონდათ _ ბიჭების ბაბუა თეთრგვარდიელი იყო, წითლებმა დახვრიტეს…

დედა: "იმდენად კარგი მონაცემები ჰქონდათ, რომ შემოგვთავაზეს, აკადემიაში გაეგრძელებინათ სწავლა. მაშინ დიდი თანხები იყო საჭირო, საშუალება არ გვქონდა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ჩხეიძე იყო _ მან გვითხრა, თუ ნახევარს გადავიხდიდით, სწავლის საფასურის ნახევარს დეპარტამენტი დაფარავდა, მაგრამ ამის საშუალებაც არ გვქონდა. ობლები იყვნენ, მამა ადრე გარდაეცვალათ. შემდეგ უკრაინაში გაგზავნა შემომთავაზეს, მაგრამ 4 წელი უნდა ესწავლათ, შემდეგ კიდევ 4 წელი უკრაინაში ემსახურათ _ ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იქნებოდა".

კაპიტანი მერაბ ახობაძე ჩოხატაურიდან

2008 წელი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი,

4 წლის იყო მომავალი მეუღლე რომ გაიცნო _ კარის მეზობლებს გოგონა შეეძინათ. მთელი ბავშვობა ერთად გამოიარეს. 17 წლის იყო სიყვარულში რომ გამოუტყდა თამარ რამიშვილს. 2004 წელს დაქორწინდნენ. მაშინ მერაბი 24 წლის იყო და, უკვე მეშვიდე წელი, ჯარში მსახურობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სამხედრო აკადემიაში განაგრძო.

აკადემიის დამთავრების შემდეგ, კრწანისში იყო განაწილებული, შტაბის უფროსად მუშაობდა, შემდეგ მეოთხე ბრიგადაში გადავიდა და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

თამარ რამიშვილი, მეუღლე: "ძალიან უნდოდა, რომ გოგო გვყოლოდა და ნატვრა აგვიხდა. ლიკა 3 წლის იყო, მერაბი რომ დაიღუპა. ძალიან ჰგავს მამას, რომელიც კარგად ახსოვს. ყველაფერი იცის, არაფერი დაგვიმალავს...

2004 წელს რომ შეტაკება იყო ცხინვალში, მაშინაც იქ იყო. 2008 წელსაც მისი დისლოკაციის ადგილი ზუსტად იმ ადგილას იყო, სადაც 2004 წელს...

მერაბის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, სწავლებების დროსაც ვაკითხავდი ბავშვთან ერთად პოლიგონზე, ახლა ნამდვილად მიკვირს, როგორ ვარ მის გარეშე, თურმე, შემძლებია...

ჩვენი გამომშვიდობების სცენა მუდამ ერთნაირი იყო _ ტირილი ლიფტთან.

კითხვა ყოველთვის ერთი და იგივე: "ამ საღამოს ხომ მოხვალ?"

პასუხიც ერთი და იგივე: "არ ვიცი"... ასე იყო 6 აგვისტოსაც. ტირილით გამოვემშვიდობე... იმ საღამოს აღარ მოსულა. 7 აგვისტოს სამ საათზე თვითონ დამირეკა, ცხინვალში მივდივარო. ავტეხე ტირილი... მითხრა, ტელეფონი მიჯდება, ხშირად არ დამირეკო, უნდა გავთიშო და როდესაც ჩავრთავ, მე თვითონ დაგირეკავ. ხომ იცი, რა მაგარი ქმარი გყავს, არაფერი მომივაო...

8 აგვისტოსაც ველაპარაკე, 9 აგვისტოს დილით მითხრა, ისეთი რამ, რაც არასოდეს უთქვამს _ ლიკას მიხედე, მე არაფერი მიჭირს, არაფერი მომივა და არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი...

ვლოცულობდი, რომ ცოცხალი მენახა, თუნდაც, დაჭრილი, თუნდაც უფეხოდ, უხელოდ, ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო... ყველა საავადმყოფო შემოვიარე თბილისში. ვერაფერი გავიგე, ვერსად მივაგენი.

10 აგვისტოს ჩოხატაურში წავედი, ბავშვი მყავდა იქ დატოვებული. გორი მაშინ გავიარე, როცა იბომბებოდა. ჩოხატაურში ჩავედი და გავიგე, რომ შტაბის უფროსი დაიღუპა. მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო... ვრეკავდი მერაბთან, არ მპასუხობდა. თან მქონდა მერაბის თანამშრომლების სია, ვურეკავდი ყველას, ვერაფერს ვიგებდი... 11 აგვისტო თენდებოდა, მერაბის ერთ-ერთ თანამშრომელთან რომ დავრეკე. მითხრა დაჭრილი ყოფილაო. როდის დაიჭრა,-მეთქი, ვკითხე. სამი დღის წინო. ანუ მკვდარია,-მეთქი? კიო და გამითიშა ტელეფონი... ვერ ვიჯერებდი, იმიტომ, რომ მიცვალებული არ მინახავს.

საბოლოოდ, დნმ-ით გაირკვა, რომ დაღუპული იყო...

დაგეგმარების უფროსი იყო და წესით, არ უნდა ებრძოლა, ბრძოლა უნდა ემართა, მაგრამ იბრძოდა. სამი ძმაკაცი სიკვდილის ბოლო წუთებამდე ერთად იყვნენ. სამივე შტაბის თანამშრომელი იყო, არც ერთს არ ეკუთვნოდა ბრძოლა, მაგრამ წინ წავიდნენ, რომ ჯარისთვის მაგალითი მიეცათ და სამივე ბრძოლის ველზე დაიღუპა.

ლიკა მამამისის ფოტოებს ყოველთვის უყვება მთელი დღის განმავლობაში რა გააკეთა. თუ ვტუქსავ, მიდის და მამის სურათს ეუბნება... ყველას უყვება, რომ მამამისი გმირია. სტუმრად ვიყავით და ბავშვებისთვის უთქვამს, რომ თქვენ კი გყავთ მამები, მაგრამ მამაჩემი უფრო მაგარია _ გმირიაო."

კაპრალი მურთაზ ირემაძე ჩოხატაურიდან

2008 წელი, მედალი მხედრული მამაცობისთვის.

მოწინავე პოზიციაზე იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან. 9 აგვისტოს სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე.

სიკვდილზე არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, ერთმანეთის იმედით და ვაჟკაცური რწმენით ვიბრძოდითო, _ იხსენებენ თანამებრძოლები, რომლებიც გმირი მეგობრის ხსოვნას უკვდავყოფენ და კვლავ სამშობლოს სამსახურში რჩებიან, მურთაზის გმირობის გასაგრძელებლად.

გურამ ირემაძე, მამა: "ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვიყავით. მეხმარებოდა შრომაში, მეც, რაც შემეძლო გვერდით ვედექი. ცოლის მოყვანაზე არ ფიქრობდა, მე ახლა ომში წასასვლელად ვემზადებიო, ერაყში მიდიოდა.

ასმეთაური დოლიძე რომ დაიჭრა, უფროსად ჩემი შვილი დანიშნა. ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ, უფრო ახლოს გავეცანი სამხედროების ცხოვრებას. ვიცი, რა უჭირთ, რა უხარიათ, რა აწუხებთ. ხშირად გვაქვს შეხვედრები მეოთხე ბრიგადაში, იქ, სადაც ჩემი შვილი მსახურობდა. ხშირად მივდივარ ვაზიანში".

კაპრალი ზაურ თენიეშვილი ოზურგეთიდან

2008 წელი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი.

ზაურ თენიეშვილი ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, მანამდე კი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები გადაარჩინა.

სულ რაღაც 21 წლის იყო, თუმცა, ცხოვრებაში იმაზე ბევრად მეტის გაკეთება მოასწრო, ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა _ სწავლა, სამსახური, ოჯახის რჩენა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის სამაგალითო თავდადება.

კაპრალ ზაურ თენიეშვილს, როგორც დედისერთას, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხებოდა, თუმცა, კომისარიატში საბუთების შესავსებად მისული ახალგაზრდა, მოულოდნელად სამხედრო სამსახურით დაინტერესდა.

დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეუცვლია, კონტრაქტი გააფორმა და შეიარაღებულ ძალებში რიგითი ჯარისკაცის სტატუსით ჩაეწერა. ზაურს მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, პირველი ჯგუფის შშმ დედის და მოხუცი ბებიის რჩენა 12 წლიდან საკუთარ თავზე აიღო. მის მშობლიურ ოზურგეთში, დღესაც კარგად ახსოვთ, როგორ აგროვებდა პატარა ბიჭი ჯართს და ცდილობდა, ოჯახისთვის ყოფა შეემსუბუქებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში მოეწყო, სტომატოლოგიის განხრით, კაბინეტის გახსნაზეც ფიქრობდა.

ხელფასი საკუთარ თავზე მეტად ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ემეტებოდა.

ნანი თენიეშვილი, ზაურის დედა: "წინააღმდეგი ვიყავი, ჯარში რომ წასულიყო, მაგრამ არ დაიშალა. ვაზიანში გაანაწილეს, სულ 8 თვე იმსახურა. პირველად სამი თვის ხელფასი ერთად მისცეს. იმ დროს გამზრდელი ბებია დაეღუპა და მის დაკრძალვას მოახმარა პირველი ხელფასი.
ვაზიანში სამხედრო სამსახურის შემდეგ რუსთავში დეიდაშვილთან რჩებოდა. პირველად სწორედ მას გაუმხილა შეყვარებულის შესახებ. ერაყშიც უნდოდა წასვლა, მაგრამ სწორედ შეყვარებულის გამო გადაიფიქრა, მალე ცოლადაც აპირებდა მოყვანას".

სერჟანტი ფილიპე მგალობლიშვილი ჩოხატაურიდან

2008 წელი, მედალი მხედრული მამაცობისთვის.

7 აგვისტოს ერგნეთთან ავტომანქანების კოლონა მიდიოდა. ზაზა ერთ-ერთ მანქანას მართავდა… ფეხი ახალი ნაოპერაციევი ჰქონდა, მაგრამ ომში მაინც წავიდა. გამოგადგებითო, უთქვამს მეგობრებისთვის. საჰაერო დაბომბვის დროს დაიღუპა, ქორწინების მეცხრე წლისთავზე.

თამარ ჩხიკვიშვილი, მეუღლე: "ბოლოს 6 აგვისტოს მელაპარაკა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო, მაგრამ მაშინ, რომ ველაპარაკე ტელეფონით, ისეთი ცივი და გაყინული ხმა ჰქონდა, ვერ მივხვდი, რატომ იყო ასეთი. ვუთხარი, დაწყნარდი, კიდევ დაგირეკავ,-მეთქი. იმის მერე ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული იყო.

სად იყო და როგორ იყო, არ მეუბნებოდა. 7 აგვისტოს ბავშვებთან ერთად ურეკში ვიყავით. ჩვენი მეგობარი გოგოა, მეოთხე ბრიგადაში მუშაობს, იმან დამირეკა და მითხრა, ვაზიანი დაბომბესო...

ნათესავები მამშვიდებდნენ, ნუ გეშინია, ფილიპე არც დაჭრილების სიაშია და არც გარდაცვლილებშიო. 10 აგვისტოს, იმ ტყვიების ზუზუნში, ბიძაშვილმა და მეზობელმა ღამე ჩამოასვენეს გურიაში. ყველას სცოდნია, მაგრამ არ გვეუბნებოდნენ. მეორე დღეს გავიგეთ.

15 აგვისტოს, სოფელ ერკეთში, დედათა მონასტრის ეზოში დავკრძალეთ…

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არა. ყოველდღე უფრო მიმძაფრდება ეს ტკივილი…

ბოლო პერიოდში უფრო თბილი და მოსიყვარულე გახდა. მისმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბოლო პერიოდში სამსახურში ძალიან ხშირად გახსენებდაო.

იმ ღამეს, როცა ომი დაიწყო, სახლში მარტო არ გაჩერებულა, მეგობრისთვის დაურეკავს და ჩემთან ამოდიო უთქვამს. კომპიუტერთან დამჯდარა და სიმღერებს იწერდნენ, ყოველ მეორე სიმღერაზე ამბობდა, თურმე, ეს თამუნას უყვარსო."

კაპრალი ემზარ წილოსანი ლანჩხუთიდან

2008 წელი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი.

კაპრალი ემზარ წილოსანი ცხინვალთან ახლოს სოფელ შინდისში, ტრაგიკულად დაიღუპა. იგი 29 წლის იყო, როცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოსთვის გმირულად დაეცა.

თეონა წილოსანი, მეუღლე: "1978 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. პირველი შვილი იყო. ერთი და ჰყავს… სკოლაში კარგად სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს.

ერთმანეთი 2006 წელს გავიცანით. თავიდან მობილურით ვკონტაქტობდით, მერე ერთმანეთს შევხვდით. ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს _ მესამე და ბოლოს დავქორწინდით…

ორი წელი და ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად. პირველი ბიჭი შეგვეძინა, მეორე _ გოგო… მეორე ბავშვი ომამდე ერთი თვით ადრე გაჩნდა.

შვებულება ჰქონდა აღებული და ერთი თვე ჩვენთან გაატარა. ძალიან ბედნიერი იყო, სამომავლოდ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა.

მოსწონდა ჯარისკაცური ცხოვრება და კიდევ აპირებდა კონტრაქტის გაგრძელებას."

კაპრალი რუსლან წულაძე  ლანჩხუთიდან

2008 წელი, მედალი მხედრული მამაცობისთვის.

რუსლან წულაძე გააფთრებული ებრძოდა, შინდისში ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს. იმ დღეს დედამ არ იცოდა, რომ შვილი უკვე აღარ ჰყავდა... დილით, შინიდან გამოვიდა _ ეკლესიაში მიდიოდა.

დედა: "მეზობლები სხვანაირად მიყურებდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, თურმე, ყველამ იცოდა ჩემი შვილის გარდაცვალების ამბავი."

დედა ავტობუსში ავიდა, მის უკან ზურგით მეზობლის გოგონა იჯდა და თანასოფლელს უყვებოდა, სამი ძმანი რომ არიან, იმათგან ერთი მოუკლავთო.

დედა: "შევცბი. იმ გოგოს ვკითხე, ვისზე ლაპარაკობ,-მეთქი, გაოგნებული მიყურებდა. მერე მითხრა, თქვენ არ იცნობთ, ოზურგეთში ცხოვრობსო. თურმე, ჩემი შვილის სიკვდილის ამბავს ყვებოდა."

დედა ტაძარში შევიდა. ყველა მას უყურებდა და ტიროდნენ.

დედა: "გამიკვირდა. ვიფიქრე, ქვეყანაში ომია და ყველა დაძაბულია,-მეთქი. მეც ავტირდი... თურმე, ჩემს შვილს დასტიროდა ხალხი ტაძარში!"

ტაძრიდან გამოსულმა დედამ მეუღლეს მიაკითხა სამსახურში. მეუღლე სამსახურში არ დახვდა…

დედა: "გამიკვირდა, ცუდად ვიგრძენი თავი. იქვე მეზობლის ბიჭი ვნახე და ვთხოვე ქვიანში, ჩვენს სოფელში ავეყვანე."

დედა შინ დაბრუნდა და მიხვდა, რა უბედურებაც ტრიალებდა მის თავს.

რუსლან წულაძე 1983 წლის 30 აგვისტოს დაიბადა, ლანჩხუთში. ლიდია ინშუნა და ვალერი წულაძე სამ ვაჟკაცს ზრდიდნენ.

დედა: "რუსლანი ძალიან განსხვავდებოდა ძმებისგან. საოცრად მოსიყვარულე იყო, მშვიდი და გაწონასწორებული. უყვარდა ბუნება, სილამაზის აღქმა შეეძლო. ხატავდა, ხისგან ულამაზეს ფიგურებს აკეთებდა, პატარა ზომის ქანდაკებებს ასხამდა.

უსაქმოდ არასდროს იჯდა, ყოველთვის რაღაცით იყო დაკავებული. საქართველოს ისტორია უყვარდა უზომოდ. ოცნებობდა, საქართველოს ყველა კუთხე შემოევლო. სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა, 8 წლის იყო, რომ  მითხრა, მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო. ფული არ გვქონდა. წავიდა და სთხოვა, სიმინდში გაგვიცვალეო. სიმინდში გავუცვალეთ იმ კაცს ფორმა. იმ ფორმით დადიოდა მე-10 კლასამდე. რომ გაიხდიდა, დაკეცავდა და კოხტად დადებდა. რომ ჰკითხავდნენ, ფორმა რატომ გაცვია, ჯარისკაცი ხომ არა ხარო, იცინოდა და კიო, პასუხობდა… კითხულობდა წიგნებს იარაღზე, სამხედრო ტექნიკაზე, უნდოდა, ყველაფერი ცოდნოდა."

სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო ვალი მოიხადა სენაკის ბაზაზე. შემდეგ კვლავ სოფელში დაბრუნდა. სამი თვის შემდეგ კი პოლკოვნიკი გია ჭელიძე ნახა შემთხვევით.

დედა: "მითხრა, გადავწყვიტე, კონტრაქტი დავდო და ჯარში დავბრუნდეო. მეორე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში მსახურობდა, ძალიან კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით, ერთხელ მითხრა, ამ ყველაფერს სამშობლოს სიყვარულის გამო ვაკეთებო. რუსლანს უსაზღვროდ უყვარდა საქართველო…

როცა ვკითხავდი, სიბერემდე ჯარში დარჩენას ხომ არ აპირებ,-მეთქი, გაიცინებდა და მეტყოდა, სანამ საჭირო იქნება იქ დავრჩებიო. ცოლის მოყვანა უნდოდა. შეყვარებული ჰყავდა, მაკა ერქვა. ხშირად ამბობდა ბევრი შვილი მინდა მყავდესო. მაკა დღესაც მეხმიანება, მასაც ჩემს შვილად მივიჩნევ. 21 ნოემბერს აპირებდა ქორწილის გადახდას, არ დასცალდა."

დედა გაიხსენებს რომ 20 ივნისს, შინ ათდღიანი შვებულებით ჩასული შვილი, გაუთავებლად ქორწილზე და ომზე ლაპარაკობდა.

დედა: "გავბრაზდი, სულ ომს რატომ ახსენებ,-მეთქი. გაეცინა, პასუხი არ მოუცია. მოგვიანებით კი მითხრა, დე, ომი რომ დაიწყოს, შენ ისეთი ხარ, იქ ჩამომაკითხავ და ძებნას დამიწყებ, იქაურობას აიკლებ, "რუსლანჩიკ, შვილო, სად ხარო". ძმები იცინოდნენ, მე ხმა არ ამომიღია, არ მომეწონა ეს ხუმრობა.

სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა და დამიბარა, ეს შენ ატარეო. ჩვევად მქონდა, ჯარში რომ მიდიოდა, დავლოცავდი ხოლმე და პირჯვარს გადავსახავდი. იმ დღეს მისი საქციელით ნაწყენი ვიყავი და უგულოდ გადავსახე პირჯვარი.

გამომხედა ნაღვლიანი თვალებით. არასოდეს დამავიწყდება ის თვალები. 5 აგვისტოს დამირეკა, პოლიგონზე მივყავართ სავარჯიშოდ და ტელეფონი გამორთული რომ მქონდეს, არ შეგეშინდესო. მე ეჭვი არ შემპარვია, არ მეგონა, ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ იყო. ომი რომ დაიწყო, შიშმა ამიტანა.

9 აგვისტოს დამირეკა, ოსიაურში ვარ, ომში არ მივყავართ, ნუ გეშინია, ტირილს მორჩიო, მკაცრი ხმით მითხრა. უცებ აფეთქების ხმა გავიგე, ისევ მომატყუა, წვრთნებს გავდივართ, ნუ გეშინიაო. მას შემდეგ სულ გამორთული ჰქონდა ტელეფონი".

რუსლან წულაძის გამოსვენება 17 აგვისტოს მოხერხდა უწმინდესის ძალისხმევით. დედამ არ ისურვა შვილის ცხედრის ნახვა _ უნდოდა ისეთი ხსომებოდა, როგორიც იყო _ სიცოცხლით სავსე…

დედა: "შინდისში, იქ სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, წელიწადში ორჯერ მივდივარ. პირველად რომ ჩავედი, ომი ახალი დამთავრებული იყო, მიწას სისხლის კვალი ეტყობოდა, ირგვლივ ქაოსი სუფევდა. ჩემი შვილის დაღუპვის ადგილიდან მიწა წამოვიღე _ როცა მოვკვდები მინდა, გულზე დამაყარონ.

მეორედ რომ ჩავედი, სისხლიანი მინდორი უკვე მწვანედ ბიბინებდა, იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი და მისი მეგობრები დაიღუპნენ, ჯვარი იყო აღმართული, გული გამინათდა…

სანამ ცოცხალი ვარ, შინდისში სულ წავალ, იმ ადგილს არასდროს მივატოვებ, რადგან იქ დაიღვარა ჩემი შვილის სისხლი, ის ხომ მხოლოდ 24 წლის იყო!

ადრე სიცოცხლე არ მინდოდა, ახლა პირიქით, მინდა ვიცოცხლო დიდხანს და ბევრი რამე გავაკეთო მისთვის. ჩვენი სოფლის ცენტრში, მემორიალი დაუდგეს ჩემს შვილს.

მინდა პატარა სამლოცველო ავაშენო რუსლანის სახელზე, სადაც ყველა დაღუპული გმირის მოგონებას შეძლებს ხალხი. ყველა დაღუპულ ჯარისკაცს მინდა მოვეფერო.

ისინი ღმერთთან არიან. მინდა ყველა შვილმკვდარ დედას ვუთხრა, რომ გამაგრდნენ, ჩვენი შვილები სამშობლოსთვის დაიღუპნენ და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში!"

ვასილ სმირნოვი ლანჩხუთიდან

დაიბადა 1990 წელს. 1999 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. 2004 წელს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის სამაჩაბლოში იბრძოდა, სადაც დაიჭრა კიდეც. 2007 წელს ერაყში მისიით იმყოფებოდა და სამშობლოში 2008 წლის თებერვალში დაბრუნდა.

ქუთაისის 32-ე ბატალიონის წევრი იყო, რომელიც ცხინვალში 7 აგვისტოს გადასხეს. ცხინვალში 5 დღე იბრძოდა, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით ჯარისკაცებს ტერიტორიის დატოვება მოუხდა. გორში ჩამოსული ვასილი მიკროავტობუსით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც რუსებმა საჰაერო იერიში განახორციელეს და მიკროავტობუსი ააფეთქეს. ვასილი ადგილზევე დაიღუპა.

მის ცხედარს ახლობლებმა სამდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს.

დედა" "ბოლო დღეებში კონტაქტი მქონდა ვასილთან. იმ ავადსახსენებელ დღესაც დამირეკა. მშიერი, დასვრილი მოვდივარ და თბილი წყალი დამახვედრეო. რომ არ დაბრუნდა, ვიფიქრე, რუსის გვარი აქვს და იქნებ, ტყვედ ჩავარდა,-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილი აღარ იყო!"

 სტატიაში გამოყენებულია მასალები წიგნიდან _ "გმირები"



 ახალი ამბები
  • არჩევნების დღეს პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადისშინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრაზე, რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. „შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება. პოლიცია არის აპოლიტიკური და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა თათბირზე შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • თავდასხმა თბილისის ცენტრში _ მაღაზიაში ყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა თავდასხმა თბილისის ცენტრში _  ყუმბარით შეიარაღებული პირი მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ შეიჭრა და  მუქარით მოლარეს ფული გამოსძალა.  მაღაზიის ადმინისტრაციის განმარტებით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი ჰქონდა.შსს-ს ინფორმაციით,  დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი ქობულეთში გადმოასვენეს (R) აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი წუხელ ღამით თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახში გადმოასვენეს. გმირს ქობულეთის გამგებელმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანამოქალაქეებმა პატივი მიაგეს. „მინდა, მივუსამძიმრო თითოეული გმირის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს… საამაყოა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქეა. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ ასეთი ადამიანების გმირობებზე დგას ჩვენ ქვეყნის მომავალი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და საუკუნე ნეტარება დაუმკვიდროს“ - განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ. დღეს სამოქალაქო პანაშვიდი ჯორბენაძის მშობლიურ სახლში გაიმართება, 19 ოქტომბერს ცხედარს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენ და საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თეიმურაზ ჯორბენაძე სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. იგი 24 წლის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული. გმირის ნეშთი 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე იქნა აღმოჩენილი. თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თეიმურაზ ჯორბენაძე 1993 წლის 27 სექტემბერს 31 წლის ასაკში დახვრიტეს. ახალგაზრდა გმირს დარჩა მეუღლე და სამი შვილი. 2014 წელს ქობულეთის N3 საჯარო სკოლას თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი მიენიჭა, ასევე ქალაქში ერთ-ერთი გადასასვლელი გმირის სახელს ატარებს. ... ...
  • "ქართული ოცნების" ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს (R)"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’-ს ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს: "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღე დარჩა. საზოგადოების გულწრფელი მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ ამჯერადაც იმდენად ღიაა, რომ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები გარდაუვალი დამარცხების შიშმა პანიკაში ჩააგდო. საზოგადოების მხრიდან არაერთხელ უგულვებელყოფილი პარტიები ‘’ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ. უპირველესად უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ გაერთიანებაში თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებამ არაერთხელ უარყო. ამ ადამიანებისთვის ნულის ტოლფასია საზოგადოებრივი ინტერესები და სახელმწიფოებრივი აზროვნება. მათთვის მთავარი პრიორიტეტი პირადი ამბიციები და დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ნათლად ხედავს, თუ როგორი გამჭვირვალე და თანაბარი პირობების მქონე საარჩევნო გარემო შექმნა ხელისუფლებამ, ოპოზიციური პარტიები მაინც ჯიუტად ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და თეთრზე შავის მტკიცებას ვერ ელევიან. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ‘’ქართული ოცნება’’ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ქვეყანაში სიმშვიდე, უსაფრთხოება და წესრიგი უზრუნველყო, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყო და საზოგადოების სრული ნდობა მოიპოვა. ‘’ქართული ოცნების’’ მთავარი ინტერესია, საარჩევნო პროცესი ჩატარდეს კანონის სრული დაცვით და ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ დამკვირვებელს, რომლებიც საარჩევნო პროცედურებს დააკვირდებიან. ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იქონიონ პოლიტიკური კულტურა და თავიანთი საქმიანობის მანძილზე ერთხელ მაინც დააყენონ საზოგადოებრივი ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა" _ აღნიშნულია ... ...
  • ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო (R)ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი პიტერ ტასკერი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ექპერტი სისტემური რეგისტრაციის პროექტის ერთ-ერთ საპილოტე არეალში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში იმყოფებოდა. პიტერ ტასკერი საველე სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო. ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა  სოფელ ჯიმითის საველე ოფისში მონაცემების დამუშავების პროცესიც გააცნეს. პაპუნა უგრეხელიძემ საგენტოს თანაშრომლებთან ერთად სოფელ ჯიმითში მცხოვრებ ჯიმშერ ბერიაშვილს მისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი წარუდგინა და რესგიტრაციის პროცესი დეტალურად განუმარტა.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მოქალაქეებზე განაკერძოა, ასევე ჩატარდა რეფორმა 1992-199 წლებში, თუმცა, მიწის რეგისტრაციის პროცესი განხორციელდა ხარვეზებით და პროცესი სრულყოფილად ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი. „ეხლა უკვე ჩვენ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პროაქტიულად, ჩვენივე ძალებით მივაკითხავთ ჩვენს მოქალაქეებს, დავადგენთ მათი საკუთრების უფლებას, ავზომავთ მიწის ნაკვეთებს, მოვიყვანთ შესაბამისობაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან და სხვა მიმდებარე გეორგაფიულ ობიექტებთან. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ აღურიცხავი მიწის ნაკვეთი და დაურეგისტრირებელი საკუთრების უფლება. ამჯერად მივყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, პარალელურად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში დაიწყება აზომვითი სამუშაოები, საკუთრების უფლების დადგენის პროცესი და საბოლოო შედეგი იქნება რეგისტრირებული საკუთრების უფლება. ეს ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს მათი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევას.  ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი სწორად და კარგად წარიმართოს", - განაცხადა პაპუნა უფრეხელიძემ. ჯიმითის მკვიდრმა ჯიმშერ ბერიაშვილმა მიმდინარე სამუშაოებისა და პროექტის გამო კმაყოფილება გამოთქვა. პიტერ ტასკერი სოფელ ჯიმითში საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2015-2018 წლების მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების შესრულების შეფასების მისიის  ფარგლებში იმყოფებოდა.  ვიდეომასალა იხილეთ ლინკზე: https://wetransfer.com/downloads/7c4462e9d02fd17ee4d5f5fdeccdd87d20171018103139/dff92b659ce2249b7bd28f329a5f7e1a20171018103139/655d6c  ... ...

არქივი

ზაფრანი

ხარების დოღი

გაზაფხულობით, ინდოეთის შტატ კერალაში, ტრადიციული...

გიგანტი კვერცხი

ცოტა ხნის წინ "კრისტის" აუქციონზე...

"ცეკვის სკოლა" ცხენებისთვის

ანდალუზიური ჯიშის  ესპანური მერანი ოკლი...

„მკაცრი“ მცველები

ბერკშირის საგრაფოში ინგლისელი ფერმერი ქალები...

„მახინჯი“ ტუნა

ჩიხუახუასა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლი...

ელვის პრესლის მანქანა იყიდება

აშშ-ის საავტომობილო აუქციონზე იყიდებოდა "Cadillac...
კარმიდამო ჩემი

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...

ლიმონის ინფექციური დაავადების განახლებული საფრთხე

დღეს საქართველოში მცენარეთა ახალი დაავადებებების...

რაც ადრე ჩავატარებთ აგროტექნიკურ სამუშაოებს სათხილეებში, მით უკეთესია

ზოგადად, შემოდგომაზე ყოველთვის კარგია აგროტექნიკური...