"მე ვარ აჭარის მთავრობის ერთადერთი თავმჯდომარე, რომელიც არსად არ გაიქცა"

მთავარი თემა

"მე ვარ აჭარის მთავრობის ერთადერთი თავმჯდომარე, რომელიც არსად არ გაიქცა"

2013 მარ 27 18:30:33

რა ინფორმაცია ჰქონდა ლევან ვარშალომიძეს "ტელეარხი 25"-ის გასხვისებასთან დაკავშირებით და რა კონკრეტულ რჩევებს აძლევს იგი სამართალმემკვიდრეებს? "გურია ნიუსი" აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

_ ბატონო ლევან, როგორ შეაფასებთ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს? როგორი სამართალმემკვიდრეა?

_ შეფასება ჯერ ადრეა _ მხოლოდ 3-4 თვეა გასული, მაგრამ, ფაქტობრივად, ბატონ არჩილს დავუტოვეთ ისეთი მემკვიდრეობა, რომელზეც, 9 წლის წინ ჩვენ რომ დავიწყეთ, ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. გაპარტახებული ქვეყნიდან რეალურად დავუტოვეთ ქვეყანა თავისი სისტემით, თავისი სტრუქტურით, თავისი ხაზინით, პროექტებით და, რაც მთავარია, ხალხით. მართლაც კვალიფიციური კადრებია; მართლაც მიხარია და ვამაყობ იმით, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ბათუმში მოვიდა ახალი თაობა, ახალი ბიუროკრატია შეიქმნა, რომელსაც თავის მხრივ დამოუკიდებლად შეუძლია მართოს. რა თქმა უნდა, შედეგები დროს მოყვება ხოლმე. მაგალითად ახალ ამბებს ვუყურებდი და მართლაც მიკვირს, როცა მანდარინზეა საუბარი და წარმატებაზე ვლაპარაკობთ _მხოლოდ გუშინ დაიწყეს ჩაბარებული მანდარინის თანხების გასტუმრების პროცესი. როდისაა მანდარინის სეზონი და როდის ისტუმრებენ თანხებს? საზოგადოებისთვის ყველაფერი მარტივი და ნათელი უნდა იყოს _ მე მგონი, არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში მანდარინის თანხების მარტში გასტუმრება. ვფიქრობ, ამის რესურსიც იყო, ამის საშუალებაც და რატომ არ გააკეთეს, არ ვიცი.

_ რას ფიქრობთ, როგორი მენეჯერია არჩილ ხაბაძე?

_ ჯერ მაგის განსაზღვრაც რთულია. საბანკო სექტორში ნამუშევარია, იმედია წაიყვანს სექტორს. მთავარი არის, რომ ამ სტრუქტურებთან ერთად ჩვენ მთავრობას დავუტოვეთ ჩვენი სტრატეგიული გეგმა. ეს, ეგრეთ წოდებული, "შპარგალკა" რომელიც შეიძლება გადაშალოთ და ყოველდღიურად გაწერილია სამოქმედო გეგმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში _ რომელ წელს, რომელ სექტორში რა უნდა გააკეთო, გაწერილია. მთავარია, ეს მიმართულებები და სტრატეგიული პრიორიტეტები არ უნდა შეცვალო. აჭარა იყო ტურისტული რეგიონი, იყო სოფლის მეურნეობა და ახალი მიმართულებით, რომელიც გვქონდა აღებული, ამ სფეროების განვითარება გვინდოდა. გვინდოდა რეგიონის ინდუსტრიალუზაციაც, რომელიც მართლაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ხალხი დასაქმდეს, თუმცა, სამწუხაროდ, რასაც ვუყურებ დღეს, დასაქმება კი არა, ბევრი ობიექტი იხურება. ამას მართლაც სჭირდება დიდი ყურადღება.

_ თქვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი მთავრობისათვის ტურიზმი აღარ არის პრიორიტეტი.

_ ტურიზმი პრიორიტეტად არ რჩება _ ეს იქედანაც ჩანს, რომ ჯერ ტურისტული პაკეტი არ არის, პროდუქტი არ არის. ტურიზმი მხოლოდ მაისში არ უნდა დაიწყოს ახლანდელმა მთავრობამ. იგი ხელისუფლებაში ოქტომბერში მოვიდა და ეს თვეები არ უნდა გაეშვათ. ტურიზმი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ გამოფენებში მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის მთელი სექტორი, სადაც მთელი საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს. ნაკლები ტურისტი, ნაკლები დახარჯული ფული, ნაკლები შემოსავალი მართლაც მტკივნეულია.

_ ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში ინფრასტურუქტურული სამუშაოების გამო, ტურისტებს ეშლებოდათ ხელი. ახლა როცა სამუშაოები დასრულდა და ტურისტებისთვის უფრო კომფორტული გარემო შეიქმნა, ტურიზმი უფრო მეტად პრიორიტეტული არ უნდა იყოს?

_ პირდაპირ ვთქვათ _ გარკვეული არაა, თუ რა არის პრიორიტეტი. ტურიზმი ხან არის, ხან _ არ არის პრიორიტეტი, მაგრამ რომ უარია, ეს ფაქტია. რეალურად, ტურიზმის დეპარტამენტის 10 თუ 20 თანამშრომელი ვერ შეძლებს ტურიზმის განვითარებას. აქ მთელი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს ჩართული. ტურიზმის სექტორში ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდა _ იყო ზღვის, იყო სოფლის, იყო მთის. და რა ხდება მთაში? გომარდული - არ ვიცით, რა ხდება აქ, თანხა არ არის გამოყოფილი გოდერძის უღელტეხილზე, გზის გაკეთების გეგმა საერთოდ არ არის. უფრო მეტსაც გეტყვით _ არსებულ კურორტ "ბეშუმს" ლიკვიდაცია გაუკეთეს. მთა რომ გაურკვეველ მდგომარეობაშია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ იგივე მდგომარეობაა საზღვაო ტურიზმშიც. ბევრი გვსაყვედურობს, რომ კონცერტები და ტაშ-ფანდური გქონდათო, მაგრამ კონცერტს მოჰყავს ტურისტი, სანახაობას მოჰყავს დამატებით ხალხი. მთავრობამ თუ თანხა არ დახარჯა და გვერდით არ დაუდგა ტურისტულ ინფრასტურქტურას, ისე, თავისით, რთული იქნება. მე კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 2004-ში 80 ათასი ტურისტი იყო და გვიხაროდა ამ რაოდენობის ტურისტი. მაგრამ უკვე გადავლახეთ ის ზღვარი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო _ 800 ათასი ტურისტი, შარშან კი მილიონნახევარზე ავედით. დღევანდელ ტურიზმის დეპარტამენტს ან მთავრობას შეიძლება ეს ციფრები არ მოსწონს, მაგრამ, თუ უნდათ, თავიდან გადათვალონ.

_ თქვენი ხელისუფლებიდან ბევრი ადამიანი გადავიდა ახალ მთავრობაში და პოლიტიკური შეხედულება 2 ოქტომბერსვე შეიცვალა. ეს ადამიანები თქვენი დასაყრდენი ძალა იყო. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

_ მართლაც სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები არსებობს. მაგრამ ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ალბათ, საჭიროც იყო და ლუსტრაციაც მოხდა, ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს. ჩვენი მთავარი მიზანია, ეს ყველაფერი გავაგრძელოთ და ქვეყანა შევიდეს პოლიტიკური ცხოვრების ახალ რიტმში. გასაკეთებელი მართლაც ბევრია. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ჩავუდგეთ კრიჭაში და რაღაც ვაფუჭოთ. ჩვენი უნდა ვიზრუნოთ დანაპირების შესრულებაზე და უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. ზუსტად ოქტომბერში, როდესაც მოხდა ხელისუფლების გადაბარება, ძალიან ბევრი პროექტი დავტოვეთ. ამას სჭირდება მიხედვა, ამას სჭირდება გაძღოლა და ამას სჭირდება ბოლომდე მიყვანა. სამწუხაროდ, თუ დავკავდებით მხოლოდ ძველი ხელისუფლების კრიტიკით, ახალს ვერასდროს ვერ შევქმნით.

_ რა პროექტები დაუტოვეთ სამართალმემკვიდრეებს?

_ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინფრასტურქტურიდან დაწყებული, დამთავრებული სამრეწველო პროექტებით და არა მარტო პროექტები. ოთხი თვის მანძილზე არც კი მოუკითხავთ და არც რამე კითხვა გასჩენიათ. მუდამ მზად ვიყავით დავხმარებოდით, რომ ყველა პროექტი გახორციელებულიყო. თუნდაც ეს მაგალითი ავიღოთ _ ქალაქმა ბათუმმა 140 მილიონი ლარით ნაკლები დაფინანსება მიიღო, მთლიანად რეგიონმა კი პლუს 200 მილიონით ნაკლები. ეს 400 მილიონამდე თანხა, რომელიც არ დაიხარჯა რეგიონში, ცუდად იმოქმედებს იგივე სამუშაო ადგილების შექმნაზე. ბათუმის ბიუჯეტი შარშან 220 მილიონი იყო, წელს _ 80 მილიონია. მე მთავრობას ვურჩევდი, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს უმუშევრობის პრობლემას, რომელიც მოსახლეობას ჩვენს დროსაც ჰქონდა და დღესაც აქვს.

_ თუმცა, თქვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტების ნაწილი შეჩერდა, ნაწილი კი გრძელდება.

_ ფაქტობრივად, ყველა ჩვენ მიერ დაწყებული პროექტი გრძელდება. სასტუმრო "მარინასთან" დაიწყო ახალი მშენებლობა - კოლიზეუმის მაგვარი, შენდება "სემირამიდას ბაღები", შენდება "ჰოლიდეი ინნი", შენდება "ზღვის ჰოტელი", შენდება "ჰილტონი", "კემპინსკის" მშენებლობა გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ქალაქს ამ ორი წლის მანძილზე ექვსი ახალი სასტუმრო შეემატება. ანურიის მთაზე საბაგირო გაიხსნება. მიხარია, რომ ქალაქს ემატება ისეთი სიმბოლოები.

_ თქვენ საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავდით კონცერტებში. იყო ეს "გადაყრილი ფული"?

_ ბათუმი ძალიან პატარაა და ყველა ყველაფერს ხედავს. გაიარეთ ქალაქში და ნახეთ. ტურიზმის პატარა და ნათელი მაგალითია რესტორანი. 7-8 რესტორანი დახურულია. და რატომ არის დახურული? ლოგიკას რომ მივყვეთ, პასუხი მარტივია _ მომხმარებელი არ არის. მომხმარებელი ვინ იყო? ტურისტი იყო. ეს იანვარი-თებერვლის სტატისტიკაა და არ ტყუის. თითოეულ რესტორანში 10-15 ადამიანი მუშაობს. ეს ადამიანები უმუშევრები დარჩნენ.

_ დაუშვა თუ არა ახალმა მთავრობამ შეცდომები?

_ ჩვენც დავუშვით შეცდომები და ამ შეცდომებზეც უნდა ისწავლონ. 9 წლის განმავლობაში ჩვენც დავუშვით შეცდომები, მაგრამ როდესაც მუშაობ და საქმეს აკეთებ, შეცდომებსაც დაუშვებ, მაგრამ მუდმივად არ უნდა დაუშვა და მით უმეტეს, შეცდომა არ უნდა გაიმეორო. მთავარი მაინც არის ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ის, რომ ინდუსტრიალიზაციასზე გადავიყვანოთ რეგიონი.

_ რას ნანობთ? რა ვერ გააკეთეთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს?

_ პირველ რიგში დიდ მადლობას ვეტყვი, ჩემთან ერთად ვინც მუშაობდა. მართლაც ბევრი ვიმუშავეთ. ქალაქზე და რეგიონზე უზომოდ შეყვარებული გუნდი იყო. რეალურად, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ვმუშაობდით. დასანანი ისაა, რომ უფრო მეტი პროექტი უნდა გაგვეკეთებინა. დრო იყო ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. შეცდომებს კონკრეტულად ვერ ჩამოგითვლით. 9 წლის განმავლობაში პოლიტიკური თანამდებობა გვეკავა, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკით არ ვიყავით დაკავებულები _ დაკავებულები ვიყავით კონკრეტული გეგმით. ეს იყო ბათუმის და მთლიანად აჭარის მშენებლობის პროცესი.

_ იყო მომენტი, როდესაც გინდოდათ მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვება?

_ კი, ერთი-ორჯერ იყო.

_ რამდენიმე წლის წინ, თქვენ გააკეთეთ განცხადება დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით. მაშინ პრეზიდენტს მოსთხოვეთ ,აჭარის ავტონომიის უფლებების გაზრდა. რატომ აღარ გააგრძელეთ ეს თემა?

_ რაღაც დონეზე ეს პროცესი დაიძრა. 2 წლის წინ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილებებზე საუბარი და ერთ-ერთი ცვლილება იყო ის, რომ საქართველოს კონსტიტუციაზე მომუშავე რეფორმის ჯგუფს მომავალში უნდა გაეგრძელებინა აჭარის კონსტიტუციის რეფორმაზე მუშაობა. რეგიონსა და აჭარას მართლაც სჭირდებოდა ცვლილება. 2004 წლის და დღევანდელი რეალობა მართლაც სხვადასხვაა. სადაც იყო ცენტრი, იქ რეგიონიც უნდა ჩართულიყო.

ჩემი იმ განცხადებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პროცესი წავიდა, ბევრი უფლებამოსილება გადმოვიდა. სხვათა შორის, ახლა უმაღლესმა საბჭომ გააგზავნა იგივე კანონპროექტი, რაც ჩვენ ძველ მოთხოვნებში იყო, ანუ პროცესი დღესაც გრძელდება. ვნახოთ _ პარლამენტის უფლებამოსილებაა, გადაწყვეტილება მიიღოს. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ რეგიონების დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს. ახლა არის მართლაც შანსი, რომ აჭარას უფრო მეტი უფლებები მიეცეს, რაც ახლა საქართველოს და აჭარის კონსტიტუციებით ეკუთვნის.

_ "ტელეარხი 25"-ის მფლობელების ახლობლებისთვის ქონების გადაცემას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რატომ გადასცა აჭარის მთავრობამ კერძო ტელევიზიის მფლობელების ახლობლებს ქონება?

_ აჭარის მთავრობას არაფერი არ გადაუცია. ჩვენ ვაკეთებდით ერთ პირთან მოლაპარაკებას. დოკუმენტები საჯაროა და ყველას შეგიძლიათ ნახოთ. არც ერთი ქონება აჭარის მთავრობას არ გადაუცია.

_ თუმცა ამის შესახებ პრესაში დოკუმენტები გამოქვეყნდა.

_ ვიმეორებ _აჭარის მთავრობას არ გადაუცია. ერთ პირთან მოლაპარაკებით რა ქონებაც გაიცა, ყველას სია არსებობს. ქონება ყველას გადაეცა რაღაც ვალდებულებებით. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ერთ პირთან მოლაპარაკებებით გადაცემულ ქონებებზე. ამბობდნენ, ჩვენ მოვალთ და განვიხილავთო და ა. შ. მარტივია _ მოვალთ და განვიხილავთ, მაგრამ ყველა არის ვალდებულებით გადაცემული. თუკი ვერ შეასრულა ვალდებულება, ძალიან მარტივია _ სახელმწიფო არაფერს კარგავს და უკან იბრუნებს ქონებას. შეუძლია ახალ მთავრობას განკარგოს ეს ქონება, როგორც მას სურს.

_ "ტელეარხი 25"-ის წილის გაყიდვასთან დაკავშირებით გქონდათ ინფორმაცია?

_ არა.

_ ერთ ლარად გაყიდული ქონება ახსენეთ. ამაზე დღესაც ბევრს საუბრობენ. ამბობდნენ, რომ ვარშალომიძემ აჭარა გაყიდაო. რა მიზნით ასხვისებდით ქონებას ერთ ლარად?

_ თითოეული ამ ბრალდების უკან ანუ ერთ ლარად გაყიდულ ქონებებში, არის ვალდებულებები. ერთ ლარად გაყიდული ქონების დიდი სიაა, მაგრამ ამ სიაში არის ბევრი ის მოქალაქე, რომელსაც მისივე ქონება დავუკანონეთ. ის დიდი ობიექტები, რომლების გასხვისებაც მოხდა, გასხვისდა იმ კუთხით, რომ ქვეყანაში აშენებულიყო, გახსნილიყო და შექნილიყო საწარმო თუ თუ სხვა ობიექტი, სადაც დასაქმდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. მე, ნებისმიერ ერთ ლარად გასხვისებული ქონების შესახებ შემიძლია პასუხი გაგცეთ, რატომ და რისთვის მოხდა გასხვისება.

_ სწორედ გასხვისებული ქონების გარშემო ჰქონდათ სამართალდამცავებს კითხვები, როცა დაკითხვაზე დაგიბარეს. როგორ ფიქრობთ, კიდევ მოხდება თქვენი დაკითხვა?

_ თუ ერთი ობიექტის გასხვისებაზე გაუჩნდათ კითხვები, არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ობიექტის გასხვისებაზეც გაუჩნდეთ. ჩვენ თუ გვიბარებენ ძალოვან სტრუქტურებში იმის გამო, რომ ქალაქი და რეგიონი ავაშენეთ, მე მზად ვარ მივიდე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე.

_ ბევრს საუბრობდნენ თქვენი ოჯახის ქონების შესახებაც. ამბობენ, რომ თქვენ ძალიან დიდი ქონება ძმასა და მამაზე გაქვთ გაფორმებული და ამ ქონების უკანონობაზე საუბრობენ.

_ ძალიან ბევრი არაა ის შენობა, რომელშიც ვცხოვრობ. თუ კონკრეტულად გაინტერესებთ ამის ფინანსური ანალიზი, შემიძლია წარმოგიდგინოთ ის სახსრები, საიდანაა ეს შეძენილი. აქ დასამალი არაფერია. თუ ამის დადასტურება მოგინდებათ ან მოუნდება ნებისმიერ ორგანოს, ყველას წარვუდგენ.

_ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნანობს იმას, რომ ჟურნალისტებთან უფრო ხშირი ურთიერთობა არ მქონდაო. არც თქვენ იყავით ადვილად მისაწვდომი ჟურნალისტებისათვის. რატომ?

_ მე გითხარით უკვე, რომ 9 წლის განმავლობაში პოლიტიკური თანამდებობის პირი ვიყავი, მაგრამ პოლიტიკოსი არ ვიყავი. ყველას უფრო მეტად პოლიტიკური კითხვები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად გადართული ვიყავით ინფრასტრუქტურაზე და სამეურნეო საქმიანობაზე.

_ ანუ, თქვენი სურვილი არ იყო აქტიურად გეთანამშრომლათ მედიასთან?

_ შეიძლება, ასეც ითქვას.

_ როგორ წარმოგიდგენიათ ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა, როცა მათ აქვთ თქვენს მიმართ პრეტენზიები?

_ მე ახალ მთავრობას ვურჩევ გადაბრალებას და დაბრალებას დაანებოს თავი. ადგილობრივ მთავრობამ უფრო მეტად იმ დანაპირების შესრულებაზე იზრუნოს, რომელიც მისცა მოსახლეობას. მანდარინის თემა ვახსენე. კარგია, რომ გადაწყდა, თუმცა, დაგვიანებით. დღეს სოფლებში რომ გახვიდეთ, სოფლის ვაუჩერებზე უამრავი კითხვაა; კითხვებია სამუშაო ადგილების შექმნაზეც, დაზღვევის თემაზეც უამრავი კითხვა არსებობს. მე მართლაც ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ ძველების რისხვას ჯობია, საქმე დაიწყონ, ახალი ინვესტორები მოიზიდონ, გარკვეულწილად, არსებული შეინახონ და ახალიც დაამატონ.

_ მას შემდეგ, რაც თავმჯდომარის პოსტი დატოვეთ, რამდენჯერმე პრეზიდენტთან ერთად იყავით სხვადასხვა ობიექტებზე. ამბობენ, რომ თქვენ მთავრობის თავმჯდომარის ამპლუიდან ვერ გამოხვედით. ასეა?

_ გამორიცხულია. პრეზიდენტს ხომ აქვს უფლება, დაათვალიეროს ობიექტები? მასთან ერთად, როგორც უბრალო მოქალაქეს, მეც ხომ მაქვს უფლება ვიარო? მე არც მაქვს პრეტენზია და არც სურვილი, რომ მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენცია გავაგრძელო დღეს. მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი აჭარაში მთავრობის თავმჯდომარე და გვეკეთებინა ის დიდი საქმე, რაც ჩვენი ხელისუფლების კეთდებოდა. ჩვენი დანატოვარი არის ის, რაც შესამჩნევია. სანაპირო ზოლზე რომ გახვიდე, ისიც კი საკმარისი იქნება თვალსაჩინოებისთვის. მიხარია, რომ ჩვენს დროს ბათუმი სამჯერ გაიზარდა; დაიწყო ბათუმის და ქობულეთის წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ გოდერძის უღელტეხილზე ასეთი კურორტი გაკეთდებოდა _ აჭარას ამის ფუფუნება არ ჰქონდა. მე კარგად მახსოვს, კომუნისტების დროს აჭარა ბოლო ადგილზე იყო და ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომ ყველა გაკვირვებულია. ბათუმმა ყველაზე მზარდი, ყველაზე განვითარებადი ქალაქის სტატუსი მიიღო და ამას გაჩერება არ შეიძლება. ნებისმიერი ინვესტორი უყურებს ამ დინამიკას. იმას, რომ 140 მილიონი, რომელიც ბათუმში აღარ დაიხარჯება, პირველ რიგში, ბათუმის მოსახლეობა იგრძნობს _ ამას მე ძალიან განვიცდი. ახლა რაც კეთდება, ძველი, ჩვენი პროექტებია. მაისში, როცა ამ პროექტების ნაწილი დასრულდება, ინვესტორი უკვე დაფიქრდება.

_ სამომავლოდ სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი _ რომელ პოლიტიკურ თანამდებობაზე?

_ ეს მომავლის საქმეა, მაგრამ, მოდით შევეგუოთ იმას, რომ ქვეყნისთვის კარგი მოხდა _ ქვეყნის ისტორიაში, პირველად გადაეცა ხელისუფლება არჩევნების გზით. რაც მოხდა აჭარაში, სიმბოლურია. მე ვარ აჭარის მთავრობის ერთადერთი თავმჯდომარე, რომელიც არსად არ გაიქცა და საკუთარ ქალაქში ცხოვრობს. მართლაც მიხარია, რომ აქ ვარ ჩემ ხალხთან ერთად. არჩევნები, შეიძლება, წააგო. სამწუხაროა, რომ ბათუმში წავაგეთ. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ამ ქალაქში უდიდესი რაღაცა გაკეთდა, ძირეული გარდაქმნა მოხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც წავაგეთ. აქედან გამომდინარე, უნდა მივეჩვიოთ, ამ წაგებას. წავაგეთ და უნდა შევეცადოთ, ვიყოთ ოპოზიციაში.

_ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ არჩევანი ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის იყო?

_ ალბათ კი. ძალიან პოლარიზებული იყო ქვეყანა. სახელებიც არ იყო _ იყო "41" და "5".

_ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებით? ვინ იქნება თქვენი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი?

_ ჯერ არაა ცნობილი, ჯერ მზადებაც არ დაგვიწყია.

_ მანამდე რას აპირებთ?

_ ვაგრძელებთ მუშაობას.

_ პირად ცხოვრებაში რა ხდება? თქვენ არაერთხელ დაგასახელეს სასურველი სასიძოდ.

_ აჰა კიდევ ერთი კაცი (იცინის).

_ პრეზიდენტმაც არაერთხელ მოგცათ რჩევა, დაოჯახებულიყავით.

_ ბევრი რეკომენდაცია მოდის. დამანებე თავი (იცინის)! როგორც კი რამე იქნება, აუცილებლად გეტყვით.

ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2004 წელს პრეზიდენტის წარდგინებით უმაღლეს საბჭომ აირჩია. იგი აჭარის რეგიონს 2012 წლის ოქტომბრის ბოლომდე მართავდა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...