"ნაჩუქარი" ვაუჩერი მოსახლეობას თავზე გადაახიეს! _ ვიდეო

მთავარი თემა

"ნაჩუქარი" ვაუჩერი მოსახლეობას თავზე გადაახიეს! _ ვიდეო

2011 აპრ 8 09:13:29

2007 წელს, წინასაარჩევნოდ, "მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგებისა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით", სოციალურად დაუცველ ადამიანებს საშეშე ვაუჩერები დაურიგეს. ამასთან, უკიდურესად დაზარალებულ მოსახლეებს, ვისაც სახლი დაეწვა ან მეწყერმა დაუნგრია, "უფლება" მისცეს ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების ნებართვით, სამასალე მორი დაემზადებინა. საშეშე მერქნისა და სამასალე მორის დამზადება მოსახლეობას უკიდურესად მძიმე ვითარებაში მოუხდა _ მერქანი სამანქანე გზებიდან ათეულობით კილომეტრით დაშორებულ კვადრატებში მიეზომათ, საწვავის შეძენა, ავტომანქანის, შეშისმჭრელების დაქირავება ნასესხები ფულით ზოგმა შეძლო, უმეტესობამ, ცხადია, ვერ მოახერხა და ამჯობინა "პრეზიდენტის საჩუქარი", ნომინალურ ფასად მაინც გაეყიდა. ამას მოჰყვა სახერხების არაერთგზის შემოწმება, დაყადაღება, საბოლოოდ კი, დალუქვა. მოსახლეობას კი ურჩიეს "სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებოდნენ" და ზამთარშიც სამართლის იმედით გამთბარიყვნენ... ასე გავიდა არა ერთი ზამთარი. ახლა კი, ყველაფერს ერთბაშად მოხვიეს ხელი და... წაიღეს!

ხალხზე ზრუნვის "დიადი მიზნის" ოფიციალური ენა:

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის #255 დადგენილება: "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგებისა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) უზრუნველყოს 920 000 (ცხრაას ოცი ათასი) ცალი სათბობი შეშის ვაუჩერის დამზადება.

2. თითოეული ვაუჩერის ნომინალი განისაზღვროს 5 კბმ-ით.

9. ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის წარდგენა და სათბობი შეშის მოპოვების უფლების მიღება გახორციელდეს შემდეგი ფორმით:

ა) ბენეფიციარი ვაუჩერს წარუდგენს შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სატყეო დეპარტამენტის რეინჯერს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის უფროსს და უბნის უფროსს (მათ შორის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებული, შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების/დირექციების დაცვის სამსახურის უფროსს და უბნის უფროსს), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუეწყებო დაწესებულების _ სატყეო სამმართველოს უფლებამოსილ პირს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფლებამოსილ პირს;

ბ) ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის წარდგენის შემდგომ ამ პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, ბენეფიციარის მოთხოვნის მიხედვით უზრუნველყოფს საშეშე მერქნის გამოყოფას (მონიშვნას) და აღრიცხვას;

გ) ბენეფიციარის მიერ საშეშე მერქნის დამზადების შემდგომ ამ პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი უზრუნველყოფს "საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის" გაცემას, რომელიც არის ბენეფიციარის მიერ საშეშე მერქნის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი აუცილებელი და საკმარისი დოკუმენტი."

"დაითვლიან ყველაფერს, ნახავენ საბუთიერად და... "მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების უმეტესობას სათბობი შეშისა და უკიდურესი აუცილებლობის საფუძველზე მიკუთვნებული 5-5 კუბური მეტრი სამასალე მორის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი აუცილებელი და საკმარისი დოკუმენტები გააჩნიათ, ორ წელზე მეტი ხანი მათი კუთვნილი მორები სახერხებზე უკანონოდ მოჭრილის საბაბით ეყარა.

2010 წლის დასაწყისში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ჩვენ გაზეთთან საუბრისას ამბობდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ, კუთვნილ მორებს მიიღებდნენ:

_ დალუქულ სახერხებზე უნდა გკითხოთ. პრეზიდენტის მიერ "საჩუქრად" გამოყოფილი 5-5 კუბური მეტრი სამასალე მორი მოსახლეობის უმეტესობას სახერხებზე უწყვია. სახერხები კი, ორ თვეზე მეტია დალუქულია. გარდა ამისა, დაკავებულია სატყეო სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელი. რა ხდება?

_ სატყეოსთან ადრეც იყო და ახლაც არის პრობლემები. ამას იძიებს გარემოს დაცვის საგამომძიებლო დეპარტამენტი. რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე უნდა დამთავრდეს გამოძიება. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიღებული 5 კუბმეტრი მასალა, თავისი ყველა შესაბამისი საბუთით, პრობლემა არ აქვთ და არც სახერხებს ექნებათ.

_ თუმცა, ორი თვეა, ეს პრობლემა მოუგვარებელია...

_ არც ერთ სახერხს არ ექნება პრობლემა, თუკი საბუთები წესრიგშია. მაგრამ თუ არ არის, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და, შესაბამისად, სწავლობს ის ორგანო, რომელმაც უნდა შეისწავლოს.

_ თუ საბუთები წესრიგში აქვთ, მაგრამ მასალით ვერ სარგებლობენ დალუქული სახერხების გამო?

_ არ არსებობს. დალუქულია მანამ, სანამ იქნება შემოწმება. დაითვლიან ყველაფერს, ნახავენ საბუთიერად და...

_ და ეს ზამთარიც გავა...

_ ზამთარი არა. მე რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე უნდა დასრულდეს ეს პროცესი"

ამ საუბრიდან ერთ წელზე მეტია გასული. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გუბერნატორმა, პარლამენტარ ვახტანგ ბალავაძესთან ერთად ჩოხატაურში სტუმრობისასაც აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ეცდებოდა.

"სამართალს" გადაადგილება უჭირს!

თუმცა, ეს "მცდელობა" მიმდინარე წლის 7 აპრილს იმით დასრულდა, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სახერხზე თავმოყრილი მასალა წაიღო.

როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ხალხის ფულით მოჭრილი სამასალე მორი სახელმწიფოს კუთვნილებაში გასული წლის 18 აგვისტოს სასამართლოს დადგენილებით გადმოეცათ. თუმცა, ვერ აგვიხსნეს, რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ მორების მეპატრონეებს ან სახერხის მფლობელს. როგორც ჩანს, "სამართალს" საქართველოში გადაადგილება უჭირს!

სახერხის მეპატრონე, დავით ბარამიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი:

_ არც სასამართლოს და არც სხვა უწყების დადგენილება ჩემამდე არ მოსულა, _ გვითხრა ბარამიძემ.

2010 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს საგამოძიებლო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე დავით ბარამიძეს წერს, რომ "მის (ბარამიძის) მიერ გამოძიების პროცესში და განცხადებაში მითითებული გარემოებები განხილული და გათვალისწინებული იქნება საქმეზე საბოლოო ობიექტური, კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს".

თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, ამ წერილის მოწერისას, გადაწყვეტილება უკვე იყო გამოტანილი და "ობიექტურობისთვის" გასათვალისწინებელიც აღარაფერი ჰქონდათ!

ბარამიძის კუთვნილ სახერხზე 46 ადამიანის სამასალე მორი ეწყო. არც ერთი მათგანი სასამართლოზე არ დაუბარებიათ. ისინი საკუთარი სურვილით ქუთაისის პროკურატურაში ჯერ კიდევ 2009 წელს ჩავიდნენ და სიმართლის გარკვევა კანონის ზედამხედველებისგან მოითხოვეს. უფრო მეტიც, მიმდინარე წლის 13 იანვარს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ერთობლივი საჩივრით მიმართეს.

"მოგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის პოლიციის და საგადასახადო ინსპექციის მუშაკთა მიერ ერთობლივად ჩატარებული რეიდის შედეგად, 2009 წლის ნოემბრის თვიდან, დაყადაღებულია ჩვენი კუთვნილი ხე-მასალა, რომელზედაც გაგვაჩნია ყოველგვარი დოკუმენტაცია. ეს მასალა დასახერხად მიტანილი გვქონდა შპს "ქრისტინას" სახერხში (დირექტორი დავით ბარამიძე). ადრე სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა გამომძიებელი გიორგი ლომთაძე. გურიის სატყეოს მთელი რიგი რეინჯერები პასუხისგებაში იქნენ მიცემული და გაასამართლეს, მაგრამ ჩვენი კუთვნილი ხე-მასალა, რომელიც დღემდე უპატრონოდ ყრია სახერხებში და ფუჭდება, მაინც არ გვიბრუნდება. როდესაც მივმართეთ შპს "ქრისტინას" დირექტორს, დავით ბარამიძეს, მან უარი გვითხრა ჩვენი კუთვნილი ხე-მასალის დაბრუნებაზე იმ მოტივით, რომ ხე-მასალა დაყადაღებულია და მის კომპეტენციაში არ შედის ამ საკითხის გადაწყვეტა. მას ამ საკითხზე, საოლქო პროკურატურაში შეტანილი ჰქონდა იგივე მოთხოვნა-განცხადება ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბრის თვეში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ იქნა მიღებული.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს მსგავს მდგომარეობაშია დარჩენილი დაახლოებით ორმოცამდე მესაკუთრე, რომელთა კოლექტიური განცხადება ადრე წარმოდგენილი გვქონდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, მაგრამ მასზე რეაგირება არ მომხდარა.

მოგმართავთ წინამდებარე განცხადებით და გაყენებთ საქმის კურსში, რომ ხე-მასალა ჩვენს მიერ შეძენილია კანონიერად, შესაბამისი კანონიერი პროცედურების გავლით და მხოლოდ დასახერხად მივიტანეთ ბარამიძის საამქროში. გადახდილი გვაქვს ყველა სახის გადასახადი და ხე-მასალა გვესაჭიროება ჩვენი პირადი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რის გამოც გთხოვთ, მიგვიღოთ პირადად, მოისმინოთ ჩვენი პრობლემები და გასცეთ განკარგულება, რათა საკითხი გადაწყვეტილი იქნას დროულად, კანონიერად და ჩვენი ინტერესების შესაბამისად," _ ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 6 ადამიანი აწერს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორიდან, ვალერი კუჭუხიძის წერილიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განცხადება საქართველოს გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საგამოძიები ჯგუფის უფროს გამომძიებელს, დავით ცქიტიშვილს გადაეგზავნა დასავლეთის საგამოძიებლო ჯგუფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად და გამოძიების პროცესში გასათვალისწინებლად."

არცერთ წერილში არ არის აღნიშნული, რომ გამოძიება და ყველანაირი მოკვლევა დასრულებულია. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ამ ადამიანებს, მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებისა და ბანკში გადახდილი ქვითრებისა, ქონება ისე წაართვა, რომ არც კი მოუსმინა.

ფინანსთა სამინისტროს სააგენტოს წარმომადგენლებმა 7 აპრილს, ბარამიძის კუთვნილ სახერხ საამქროსთან, დაზარალებულთათვის რჩევა-დარიგების მიცემა "არ დაიშურეს":

_ მიმართეთ სასამართლოს და თუ იქ გადაწყვეტენ, რომ კანონით გეკუთვნით, კი, ბატონო! ახლა ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება _ ეს მორები სახელმწიფოს საკუთრებაშია და გადაგვაქვს სახერხზე დასახერხად. ასეთია ბრძანება. თუ ხელს შეგვიშლით, გამოვიძახებთ პოლიციას და კანონის შესაბამისად მოვიქცევით, _ განმარტება გააკეთეს სააგენტოს წარმომადგენლებმა.

ამ განმარტებამ სახერხზე შეკრებილი ადამიანები ძალიან გააღიზიანა:

_ ამათ რომ ჰკითხოთ, ქურდებს და ყაჩაღებს იჭერენ, არადა პირიქით _ თვითონ გვაყაჩაღებენ, _ გაბრაზება არ დაუფარავს ვასილ ლომთაძეს და სამინისტროს წარმომადგენლებს ბანკში გადახდილი 120 ლარიანი ქვითარიც აჩვენა, თუმცა, ამ საბუთის ჩვენებას შედეგი არ მოჰყოლია.

"ასეთია ბრძანება და მორჩას" მოტივით მანქანები მორების წასაღებად მოამზადეს, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.

_ ამ მორების აქამდე ჩამოტანა უზარმაზარი ფული დამიჯდა. ვისესხე და მოვჭერი. ვინმემ არ თქვას საჩუქარიაო, საჩუქარი კი არა, ხაფანგია. ჩემი სახლი სტიქიისგან სადაცაა დაინგრევა. კომისიის დასკვნაც მაქვს და სხვა ყველა შესაბამისი დოკუმენტი. იმიტომ ვიწვალე, რომ სახლი გადამეხურა, იმიტომ ვიშრომე, რომ შვილები ქუჩაში არ დამეტოვებინა! ახლა კი ჩემი ნაშრომი და ნაოფლარი იმ სახელმწიფომ წამართვა, რომელიც წესით მე უნდა მიცავდეს?! არ გავატან, დამიჭირონ, ამაზე მეტს რაღაც მიზამენ?! _ გვითხრა ტარიელ კეკელიძემ.

_ ლტოლვილებს უნდა გადასცენ ეს მორებიო. ჩვენ წაგვართვან და სხვას მისცენ?! ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სოფელში ლტოლვილებად ჩვენვე გვხდიან. ეს არის პრეზიდენტის საჩუქარი?! _ გვითხრა გიორგი მახარაძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს მორებს დასახერხად ბარამიძის კუთვნილი სახერხიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, დავით კუტუბიძის სახერხზე გადასატანად ამზადებდნენ. ეს ის კუტუბიძეა, ცოტა ხნის წინ ქრთამის შეთავაზების ბრალდებით რომ დააკავეს და თავისუფლების სანაცვლოდ 40 000 ლარი გადაახდევინეს. როგორც კუტუბიძის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მორების დახერხვის უფლება მათ ტენდერის სახით მოიპოვეს. თუმცა, ვერ დაგვიკონკრეტა ვინ და როდის გამოაცხადა ტენდერი და ვერ ის გვითხრა, რა თანხას უხდიდნენ მათ ამ მორების დახერხვის სანაცვლოდ.

ადგილობრივ ხელისუფლების სამსიტყვიანი ლექსიკური მარაგი: _ დამშვიდდით, საკითხს შევისწავლით!

სახერხზე შეკრებილ ხალხთან ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც სიტუაცია გამწვავდა _ გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაურეკეს, საარჩევნოდ დადებული პირობა _ ხალხის გვერდში ყოფნა შეახსენეს და სახერხზე მოსვლა სთხოვეს:

_ სურები საერთოდ არ ახსენდებათ, არჩევნებზე ამოდიან და იცოცხლე, მიაქვთ და მიაქვთ ხმები. ყველა არჩევნებზე იტყუებიან. ახლა ნახონ, რა ხმებსაც წამოიღებენ. სახერხზე მოსვლაც კი არ იკადრეს. ვიღაცეები მოგვიგზავნეს და აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ახლა გვაყენებენ საქმის კურსში, _ თქვა ნათელა სანიკიძემ.

სახერხზე მოსულმა საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა:

_ თქვენ არ დაზარალდებით. ვიცით, რომ არაფერ შუაში არ ხართ. რაღაც დოკუმენტაციაა გასარკვევი. ზოგის ყალბი არისო. თქვენი ვიცი, რომ არ არის ყალბი. ახლა აქ რომ ვიდგეთ, ვერაფერს ვიზამთ. თქვენთან შეხვედრა გუბერნატორს უნდა და წამობრძანდით გამგეობაში, ის გაგარკვევთ ყველაფერში. ამ მორების რაღაც ნაწილი მუნიციპალიტეტს გადმოეცა. ჩვენ შევისწავლით თქვენი ოჯახების მდგომარეობას და დაგეხმარებით. გამორიცხულია, რომ თქვენ დაზარალდეთ, _ თქვა ხუნდაძემ. საინტერესოა, ევალება თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას ინფორმაცია მაინც მიაწოდოს მოქალაქეებს, რომელსაც მოსახლეობისთვის ჩამორთმეული ქონება აჩუქეს და ახლა, საკუთარივე ქონებით "დიდსულოვნად დახმარებას" ჰპირდება დაზარალებულებს?!

შეხვედრა გამგეობაში მართლაც შედგა, თუმცა, მასზე ჩვენი დასწრება გუბერნატორმა არ ისურვა. თითქმის ნახევრსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ (რომლის პარალელურად სახერხიდან მორებით დატვირთული მანქანები გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდი-მოდიოდნენ), გუბერნატორის მიერ უკვე მერამდენედ დაიმედებულმა ადამიანებმა გვითხრეს:

_ ბატონი ვალერი დაგვპირდა, დაგაკმაყოფილებთ იმ ადამიანებს, ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და ჩვენ გვჯერა, გვინდა, რომ დავიჯეროთ.

ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ამ ადამიანების დახმარებას გუბერნატორი თუ სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, და ეს დაპირებაც, სხვა მრავლის მსგავსად, ხომ არ დარჩება მხოლოდ დაპირებად, ჩიტაიშვილმა გვიპასუხა:

_ მე ამ ადამიანებს ვუთხარი, რომ მომიტანონ დოკუმენტაცია და თუკი ყველაფერი სწორად იქნება, მათ გვერდში დავდგები.

რაში გამოიხატება გვერდში დგომა, ჩიტაიშვილს არ დაუკონკრეტებია. არც ის, იგივე დოკუმენტაციაში სასამართლომ თუ "ვერ იპოვა" ხალხისთვის სასარგებლო კანონიერი მოტივაცია, ჩიტაიშვილი როგორღა იპოვის.

"სოფლის მოსახლეობის ტყის რესურსებთან ხელმისაწვდომობის პრობლემა მხოლოდ შეშის მომარაგებით შეფერხებაში არ გამოიხატება. ტყით სარგებლობის არსებულმა სისტემამ და წესებმა შეუძლებელი გახადა, რომ სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა ლეგალური გზით მოიპოვოს ტყიდან მასალა სახურავისა და ღობის შესაკეთებლად, ბეღლისა და ბოსლის გასამართავად, ვაზის ჭიგოსა და ლობიოს სარის დასამზადებლად. ლაპარაკი აღარაა სახლის ასაშენებლად, თუ შესაკეთებლად სამასალე მერქნის მოპოვებაზე. ასეთმა ლეგალურმა ბაზამ, ნაცვლად სოფლების გაძლიერებისა და ახალმოსახლეობისა, შესაძლებელია, მათი აყრა გამოიწვიოს.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით არ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის რეალური საჭიროებებისა და საზოგადოების აზრის დროულად გათვალისწინება. მთავრობის ბოლო დროის პრიორიტეტი ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გაყიდვით ბიუჯეტის მაქსიმალური შევსებაა, რამაც მეორე პლანზე გადასწია ყველა პრობლემა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის პირველადი, ელემენტარული საჭიროებების დროულად დაკმაყოფილება" _ ეს დასკვნა ასოციაციამ "მწვანე ალტერნატივა" ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა.

გასულ წელს, გურიის გუბერნატორი ამბობდა, რომ მისთვის მთავარი საქმის კეთებაა: "ჩვენთვის მთავარია, ზოგადად საქმე ვაკეთოთ როგორც არჩევნების დროს, ასევე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ისიც არ შეიძლება, ადამიანებმა ვერ დაინახონ, რა კეთდება ან არ დაინახონ. ბევრი რაღაცეები კეთდება, ბევრი გაკეთდება, ბევრი გასაკეთებელი იქნება. ეს ცოცხალი პროცესია, რომელშიც ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ერთი ადამიანის მიერ რთულია ყველაფრის კეთება(?!). ყველა გურული უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ გააკეთოს კიდევაც!"

რამდენად არის გუბერნატორი მზად დაპირების შესასრულებლად, ამას მომავალი აჩვენებს. ამ ეტაპზე კი რეალობა ასეთია _ შეუსრულებელი დაპირებები, ხალხის ფულით შევსებული ბიუჯეტით გაზრდილი ხელფასები, დარიგებული პრემიები და ფეხებზე დაკიდებული, დაყაჩაღებული და უფლებააყრილი მოსახლეობა!


"ნაჩუქარი" ვაუჩერი მოსახლეობას თავზე გადაახიეს! _ ვიდეო




 ახალი ამბები
  • სახურავგადახდილი დარბაზი და წვიმისგან დაზიანებული ინვენტარი _ ვის ეკისრება პასუხისმგებლობალანჩხუთის სპორტულმა  ცენტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაასაჯაროვა ინფორმაცია საჭიდაო დარბაზ „ფალავანში" სარემონტო სამუშაოების დაწყების თაობაზე. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის საჭიდაო დარბაზ "ფალავანში", დაიწყო სარემონტო სამუშაოები. იცვლება შენობის სახურავი და მოპირკეთდება გარე ფასადი“ _ სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ამ მოკლე ინფორმაციას ფოტოებიც მრავლად ერთვოდა, მათ შორის საჭიდაო დარბაზის სახურავახდილი შენობისაც.  მიუხედავად იმისა, რომ ლამის ერთი თვეა გასული ამ შემთხვევიდან,  როგორც მოვლენებმა ცხადჰყო, შენობა ჯერ კიდევ სახურავის გარეშეა, რამაც თავისი საქმე ქნა.   გასული კვირის ბოლოს ლანჩხუთში ხვავრიელად იწვიმა და როგორც ირკვევა,  საჭიდაო დარბაზიც გვარიანად დააზარალა.  სპორტული ცენტრის ჭიდაობის მასწავლებელს,  დავით მჟავიას თუ დავერწმუნებით,  შენობაზე სახურავის არ ქონის გამო რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ინვენტარია განადგურებული. მწვრთნელი მომხდარში სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხსაც არ გამორიცხავს. „ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული.  ახალ დაგებული იატაკი, კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, სუფთა ვანდალიზმი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება - სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია,. ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. 20 სურათი რომ დადო სპორტული ცენტრის დირექტორმა "ფეისბუქზე", სახურავის შეცვლას ვიწყებთო და თავს რომ იწონებდა, ყველაფერი ჩემი ინიციატივითააო, პირველ რიგში, ეს გაეთვალისწინებინა, რომ წვიმის შემთხვევაში, რა მოხდებოდა... ყველამ უნდა აგოს პასუხი!" – საკუთარ პოზიციას ასე აფიქსირებდა მომხდართან დაკავშირებით სპორტული ცენტრის მასწავლებელი. მჟავიასგან განსხვავებით  ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში შემნილ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით  სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს  ჭიდაობის განყოფილების უფროსი, იგი მომხდარზე  პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებს.  „რა შუაშია აქ სპორტული ცენტრის დირექცია? ტენდერის შემსრულებლებს უნდა გაეთვალისწინებინა ამინდის გარემოება და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან ზარალის ანაზღაურებაზე" - ამბობს  კახა აფხაზავა. საჭიდაო დარბაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობამ  განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებების გამოსწორების ვალდებულებას სამუშაოების მწარმოებელი ფირმა იღებს. „უამინდობის გამო სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას დარბაზში ჩამოსულმა წვიმის წყალმა ნაწილობრივ დააზიანა დარბაზის კედლები. მიუხედავად ამისა, სამშენებლო ფირმა იღებს ვალდებულებას აღმოფხვრას ყველა ხარვეზი და დარბაზში დღეს შექმნილი ვითარება ათი დღის ვადაში გამოასწოროს. რაც შეეხება ტატამს, ამ დროისთვის თითოეული მათგანი წესრიგშია" - ვკითხულობთ სპორტული ცენტრის მიერ გავრცელებულ ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართადღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიჭინაძე მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგროვებითი საპენსიო სქემა გააცნო. მენეჯმენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩართულნი არიან სქემაში და რეფორმის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვთ. მათი შეკითხვები საინვესტიციო საკითხებს და სანდოობას შეეხო. გიორგი ჭიჭინაძემ მათ დეტალურად აუხსნა სქემის ბენეფიტები, რა ეტაპზეა ახლად ჩამოყალიბებული საინვესტიციო საბჭო და რა მიმდინარე სიახლეებია საპენსიო სააგენტოში. მესტიამდე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა. ... ...
  • "სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ამიტომ გვსჯის ღმერთი" _ ბობოხიძე მეუფე სპირიდონზე"მეგონა, რომ სპირიდონი იდიოტი იყო, სამწუხაროდ, შეგნებული პროვოკატორია", — ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროპული საქართველოს დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის ქადაგებას TV პირველთან საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინის ტყუილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ქართველების ცოდვის შედეგია. "ცოდვები იმდენი რამდენიც აქვს რუსეთს, ალბათ, მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს არ მოეძებნება. როგორც ჩანს, მე და სპირიდონს ერთი ღმერთი არა გვყავს. იქნებ, სპირიდონმა მითხრას მისი ღმერთი რატომ არ სჯის ცოდვებისთვის რუსეთს და რა დააშავა ასეთი საქართველომ, რომ ჩვენ გვსჯის? ეტყობა სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ეგ დააშავა", — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. ქადაგების ტექსტი ბათუმელებმა გაავრცელა. მეუფე სპირიდონმა თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. მისი მთელი ქადაგება სიძულვილის ენის შემცველი იყო. მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა რუსეთის ლიდერის პოლიტიკა დაახასიათა, როგორც ევროკავშირის "ცოდვილი" პოლიტიკის მთავარი ... ...
  • სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა.  პრემიერის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი "დედა ენას" უფასოდ მიიღებს. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს. ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.  საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, სამინისტრომ ქართული საანბანე სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადა. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეიქმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ კი, სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეფუძნა. იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში ... ...
  • საქართველოს გავლით რუსეთში რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ - სუს-ისაქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში  რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ. სუს-ის ინფორმაციით, უწყებამ რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.  სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის" გადატანის მცდელობას. "ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს "თორიუმ 232", რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების პროცესში დაკავებული იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ, რომელსაც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა,"-ნათქვამია განცხადებაში.  გამოძიება რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...