საჯარო მოხელე: "დანამატებში და ჯილდოებში გაცემული თანხა, შეიძლება, ჯამურად "ყვიროდეს"...

მთავარი თემა

საჯარო მოხელე: "დანამატებში და ჯილდოებში გაცემული თანხა, შეიძლება, ჯამურად "ყვიროდეს"...

23 იან. 2020, 13:24:58

სახეშეცვლილ "პრემიებზე", რომელსაც ახლა "დანამატი" და "ჯილდო" ჰქვია, გურიის ადგილობრივ ხელისუფლებაში წლის განმავლობაში ასეულობით ათასი ლარი დაიხარჯა. "გურია ნიუსის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მანამდე დახარჯულ სახსრებს, საახალწლოდ გაცემული ჯილდოებიც დაემატა.

2019 წლის ბოლოს, საახალწლოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ _173 535 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ _ 22 900 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ _ 10 880 ლარი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ _ 21 250 ლარი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ _ 1 400 ლარი გასცა. აქვე უნდა ითქვას, რომ დანამატი და ჯილდოები, ოზურგეთის მერის მოადგილეების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტების მერებზე, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებზე არ გაცემულა.

თანამდებობის პირებიდან, წლის ბოლოს, საახალწლო ჯილდო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სამივე მოადგილეზე გაიცა: პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ 2 600 ლარი, ოსიკო თოთიბაძემ და ირაკლი სირაძემ _ 2 400-2 400 ლარი მიიღეს.

ყველაზე მეტი ხმაური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დარიგებულმა დანამატმა და ჯილდომ გამოიწვია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოგზავნილი ოფიციალური წერილიდან ირკვევა, რომ 211 ადამიანზე 173 535 ათასი ლარი გაიცა. ამას თუ დავუმატებთ წლის განმავლობაში გაცემულ დანამატებს, რამაც 46 807,5 ლარი შეადგინა, ჩანს, რომ ხელფასის გარდა, საჯარო მოხელეებს ჯილდოდ და დანამატად ოზურგეთში 220 ათასზე მეტი გადავუხადეთ.

ოზურგეთის საკრებულომ, წლის განმავლობაში, აპარატის თანამშრომლებზე ორჯერ გასცა დანამატი, რამაც 23 700 ლარი შეადგინა. ხოლო, ჩვენი წერილის პასუხად, წინასაახალწლო დღეებში გაცემული ჯილდოს შესახებ, ასე გვიპასუხეს:

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2019 წლის 18 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეებზე, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, წახალისების მიზნით, გაიცა ფულადი ჯილდო 21 100 (ოცდაერთი ათას ასი) ლარის ოდენობით; ხოლო სახელფასო დანამატი 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით გაიცა ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე. საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე ჯილდო/დანამატი არ გაცემულა".

საბოლოო ჯამში, ოზურგეთის საკრებულომ დანამატებსა და ჯილდოებზე 46 600 ლარი დახარჯა. ოზურგეთის საკრებულომ მოგვაწოდა საშტატო ნუსხა, თუ ვისზე გადანაწილდა დამატებითი ანაზღაურება.

რაც შეეხება ლანჩხუთის მერიას, "გურია ნიუსის" მიმდინარე წლის 3 იანვარს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად, გვაცნობეს, რომ 2019 წლის 18 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დანამატის სახით, 17 650 ლარი გასცეს, ჯილდოდ კი _ 3 600 ლარი. მანამდე, წლის განმავლობაში, ჯილდოდ 1600 ლარი გაიცა, ხოლო დანამატის სახით _ 12 135,76 ლარი; ჯამში _ 34 985, 76 ლარი. თუ ვინ მიიღო ეს თანხა და რატომ, ლანჩხუთის მერიიდან გვწერენ, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და ვერ გაასაჯაროებენ:

"მიმდინარე წლის 3 იანვრის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2019 წლის 18 დეკემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტებზე გაიცა დანამატი, თანხით 1400 ლარი", _ წერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოგზავნილ წერილში. რაზეც წლის მანძილზე გაცემული 5 657 ლარის დამატებით, თანხამ 7 075 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ჩოხატაურის მერიას, საახალწლო დანამატები აღარ გაცემულა და წლის მანძილზე ჯილდოს და დანამატის სახით გაცემულმა თანხამ 10 800 ლარი შეადგინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერზე და მის მოადგილეებზე დანამატი ან ჯილდო არ გაცემულა.

მხოლოდ წლის ბოლოს, როგორც ოფიციალურ პასუხში წერია, წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს შეჯამების შემდეგ, დაზოგილი სახსრებიდან, "ჩოხატაურის საკრებულომ  საკრებულოს აპარატის მოხელეებზე გასცა ჯილდო _ 5 120 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი _ 5 760 ლარი, სულ _ 10 880. თანამდებობის პირებზე (საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეები, ასევე, საკრებულოს წევრებზე) 2016 წლიდან დღემდე, ჯილდო და სახელფასო დანამატი არ გაცემულა".

გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას მიაჩნია, რომ რადგან მუნიციპალიტეტები თითონ განკარგავენ თავიანთ ფინანსურ რესურსებს, უფლებაც აქვთ, ადამიანები წაახალისონ კიდეც:

"ჩვენ, სახელმწიფო მოხელეებისთვის გვაქვს სპეციალური შეფასების კრიტერიუმები. ადამიანი, რომელიც წლის განმავლობაში იქნა შეფასებული მაღალი მაჩვენებლებით, ალბათ, იმსახურებს, რაღაც გარკვეული წახალისება ჰქონდეს", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ზურაბ ნასარაია.

საჯარო მოხელეებზე გაცემული ჯილდოების და დანამატების შესახებ, "გურია ნიუსმა" კითხვა საქართველოს პრეზიდენტსაც დაუსვა: "ჩვენ აღარ ვართ სოციალისტურ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი გაიგივებულია. თუ ადამიანები მუშაობენ ეფექტურად და თუ საჭიროა წახალისდეს მათი ინიციატივები, ეს ინიციატივები უნდა არსებობდეს. მაგრამ, ეს ისე უნდა იყოს გამოყენებული, მართლაც ჰქონდეს ეფექტური გავლენა მუშაობის ხარისხზე", _ გვითხრა სალომე ზურაბიშვილმა.

დანამატების და ჯილდოების შესახებ "გურია ნიუსთან" კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ:

"მე არ მინახავს ეს რიცხვები და აუცილებლად გავეცნობი. თუმცა, გეტყვით, რომ მომხრე ვარ, მაღალი ჯილდოები ჯერ მიიღონ იმ უბრალო მოხელეებმა, რომლებიც პასუხისმგებლობით მუშაობენ; მერე კი _ თანამდებობის პირებმა. ამიტომ არის, რომ ჩვენ ხელფასებს ვუზრდით პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ექიმებს, შშმ პირებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს", _ თქვა თალაკვაძემ.

 იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სამართლებრივად, ჯილდოს და დანამატის არსი არის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან წახალისება. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სამართლიანად ეძლევა საჯარო მოხელეს დანამატი ან ჯილდო. ხოლო ჩვენს შეკითხვაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ჯილდოს ან დანამატის გაცემა მაღალანაზღაურებად საჯარო მოხელეზე საახალწლოდ, როცა სოციალურ საჩუქრებზე ძალიან მცირე თანხაა გამოყოფილი, ასე გვპასუხობს:

"მიზანშეწონილობით რომ იმართებოდეს ეს ქვეყანა, ყველა კარგად ვიქნებოდით... ჩვენთან საჯარო მართვის რეფორმა ჯეროვნად რომ გახორციელებულიყო, საჯარო მოხელეთა ანაზღაურების საკითხი უკეთესად იქნებოდა მოწესრიგებული. უმთავრესი პრინციპი, რომელსაც დაეფუძნებოდა საჯარო მოხელეებზე გაცემული ანაზღაურება, იქნებოდა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობა. დღეს რა არის? საჯარო მოხელეები დადიან სამსახურში, აკეთებენ ან არ აკეთებენ საქმეს და ამ სიარულში იღებენ ხელფასს. ყოველ კვარტალში და დღესასწაულებზე იღებენ დანამატებს ან ჯილდოებს. ამ დროს შინაარსი აქვს დაკარგული ანაზღაურებას და წახალისებას, თუნდაც დანამატს. რატომ უნდა იყოს, მაგალითად, დანამატი ან ჯილდო კვარტალური თუკი დაიმსახურა რომელიმე საჯარო მოხელემ ან მერიის თანამშრომელმა?! იყოს ყოველთვიურად. ამას მაგალითისთვის ვამბობ ან პირიქით, საერთოდ არ გაიცეს. სისტემაა მოსაწესრიგებელი და იმის გამო არ აწესრიგებენ, რომ საჯარო მოხელეთა დაახლოებით 300 000-იანი არმიის ლოიალობა ხელისუფლების მიმართ, ამ, ამის წინა და იმის წინა ხელისუფლების ინტერესებშია. რეალურად, ჩვენთან ხელფასი, დანამატი, ჯილდო ეძლევა საჯარო მოხელეს იმისთვის, რომ სამსახურში დადის! შეფასების სისტემა, თუ როგორ მუშაობს ეს ადამიანი, რისთვის უნდა წახალისდეს ან პირიქით _ დაისაჯოს, არ მუშაობს.

_ გურიის გუბერნატორმა ამ პროცესის შეფასებისას თქვა, რომ "ადამიანი, რომელიც წლის განმავლობაში იქნა შეფასებული მაღალი მაჩვენებლებით, ალბათ იმსახურებს, რაღაც გარკვეული წახალისება ჰქონდეს"...

_ რა არის ეს მაჩვენებელი, რომ არ აცდენს სამსახურს თუ ზუსტ დროზე რომ მოდის და ზუსტ დროზე მიდის სამსახურიდან?! თუ მოსახლეობის კვლევა  _ რამდენ ადამიანს შეხვდა მერი, ამ შეხვედრიდან რამდენი იყო კმაყოფილი, რა გადაწყდა, როგორ გადაწყდა?! რაც გუბერნატორმა თქვა, ისედაც წერია კანონში, მაგრამ როგორ ხდება პრაქტიკაში, ესაა საკითხავი! _ ამბობს ლევან ალაფიშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და "ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილი მიიჩნევს, რომ მძიმე სოციალურ ფონზე, ასეულობით ათასი ლარის ჯილდოდ გაცემა მოსახლეობის აბუჩად აგდებაა:

_  ახალი წლის დღეებში გურიაში და არა მარტო ჩვენს რეგიონში მცხოვრებთა უმეტესობა იმაზე ფიქრობდა, რა სახსრებით შეხვედროდა ახალ წელს. ამის ფონზე, 175 000 ლარის გაცემა დანამატების და ჯილდოების სახით პატარა ოზურგეთში,  მოსახლეობის აბუჩად აგდებაა. ეს თანხა უნდა გაცემულიყო მიზანმიმართულად _ სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის, მათ მისცემოდათ ღირსეული საჩუქარი და არა ის, რაც დაურიგეს. 14 000 ლარი გამოიყო საახალწლო საჩუქრებისთვის ხოლო საჯარო მოხელეებზე უზარმაზარი თანხები გაიცა პრემიების სახით! ეს არანაირად არ შეიძლება, ეს სირცხვილია!

_ ბატონო მიხეილ, ოპოზიცია ნაკლებად საუბრობს გაცემულ დანამატებსა და ჯილდოებზე _ მხოლოდ მაშინ აკეთებთ კომენტარს, როცა ჟურნალისტი გიკავშირდებათ... კონკრეტულად თქვენ რა გიშლით ხელს, რომ ფაქტის შემდეგ არ ისაუბროთ, საკრებულოს წევრი ხართ...

_ როგორც იცით, ოპოზიცია ვიყავით ბოიკოტის რეჟიმში. ჩემი ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს ბიუჯეტში დანამატები და ჯილდოები არ იყო გათვალისწინებული. ბოლო წლებში, ყოველ წელიწადს გახდა ტრადიცია, რომ ოზურგეთის ბიუჯეტში რჩება მილიონობით აუთვისებელი ლარი, ანუ არ იციან ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა და შემოსავლების განსაზღვრა, მაგრამ კარგად საზღვრავენ, როგორ გასცენ დანამატები და ჯილდოები! არც ბიუჯეტი იციან, რომელიც გაუმჭვირვალეა და ამიტომაცაა ანარქია!

ახლა ვნახოთ, როგორ აფასებს საკუთარ დაჯილდოებას მაღალი რანგის საჯარო მოხელე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე:

_  როგორ ფიქრობთ, საჯარო მოხელემ, გინდ დასაქმებულმა კერძო სექტორში, რომელსაც ეძლევა ჯილდო ან დანამატი, არ იცის, რისთვის გადაეცემა ეს თანხა?! თქვენ როგორ ფიქრობთ? _ შესაბამისად გაწეული სამუშაოების წარმატებულად შესრულებისთვის.

_ კონკრეტულად შეგიძლიათ, გვითხრათ, ვინ რა დამსახურებისთვის მიიღო ჯილდო და დანამატი?! ის ვიცით, რომ ხდება მუნიციპალიტეტის სამსახურების და მერის მიერ საჯარო მოხელეების შეფასება.

_ გცოდნიათ პასუხი!

_ დავასრულებ კითხვას _ თქვენ შეგაფასათ მერმა და მიიჩნია, რომ იმსახურებთ ჯილდოს... ჩვენც რომ გვითხრათ, კონკრეტულად რისთვის გადმოგეცათ ჯილდო?

_ ეს არის მერის ექსკლუზიური უფლება; თვითმმართველობის კოდექსში გაწერილია, როგორ  ხდება ჯილდოს და დანამატის გაცემა. ჯილდოს იღებს ადამიანი მის მიერ გაწეული სამუშაოებისთვის წლის განმავლობაში და შესრულებული მოვალეობიდან გამომდინარე. მერს აქვს ექსკლუზივი, წლის განმავლობაში შედეგების მიხედვით, თუნდაც შეფასებიდან გამომდინარე გასცეს შესაბამისი ჯილდო.

_ ოპოზიცია გსაყვედურობთ, რომ მძიმე სოციალურ ფონზე 173 000 ლარის ჯილდოდ გაცემა საჯარო მოხელეებზე და სოციალური პაკეტისთვის საახალწლოდ 14 000 ლარის "გამეტება" ამორალურია...

_ არასწორი ინტერპრეტაციაა და განვმარტავ მარტივად: პროგრამული ბიუჯეტი არის ცოცხალი ორგანიზმი, თავისთავად წინასწარ დამტკიცებული, განსაზღვრული მუხლების მიხედვით, სადაც გაწერილია შრომის ანაზღაურება, ჯილდო, დანამატი და ა. შ. ასევე, გაწერილია სოციალური პაკეტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვის პროგრამები. ეს ჯილდოები და დანამატები ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან არ არის გადმოტანილი; ეს არის თავის დროზე განსაზღვრული... ესაა შრომის ანაზღაურების ფონდიდან გაცემული თანხები და ნამდვილად არ წამოღებულა ეს თანხები სხვა პროგრამიდან ან პროექტებიდან.

ის ჯილდოები, რაც გაიცა, მე პირადად ან ჩემ ირგვლივ რამდენიმე ადამიანს (სახელ-გვარს არ ჩამოვთვლი) სახლში კი არ წაგვიღია _ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გავუმართეთ ხელი; ეს არსად ჩანს და არსად გაგვიპიარებია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ გაიცა დიდი თანხები და ჩვენს ფუფუნებას მოხმარდა, ძალიან ცდება! გაცემული თანხა დანამატებში და ჯილდოებში შეიძლება ჯამურად "ყვიროდეს", მაგრამ მის დეტალიზაციას, სოციალურ პაკეტებთან შედარებას არ ვეთანხმები! არც ერთ პროგრამას და პროექტს თანხა არ მიკლებია, _  გვითხრა ალექსანდრე სურგულაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს "ექსკლუზიურად" ბიუჯეტის თანხების განკარგვისას, არ ახსენდებათ მოქალაქეების ექსკლუზიური უფლებამოსილება; იმ მოქალაქეების, რომლებიც ბიუჯეტს საკუთარი ჯიბიდან აფინანსებენ და მათივე კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად დროებით ქირაობენ საჯარო მოხელეებს!




 ახალი ამბები
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. ბერძენიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერძენიშვილს ... ...
  • "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ" _ ბიძინა კულუმბეგოვი"ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს", _ აღნიშნულის შესახებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls