ხამანწკებიდან _ ვაშინგტონის სახელით აფიორამდე

მთავარი თემა

ხამანწკებიდან _ ვაშინგტონის სახელით აფიორამდე

2018 ივნ 15 15:33:51

ბიზნესიდეების დაფინანსება 10 ლარად _  ეს ინფორმაცია გასული წლის ბოლოს გურიაში კარდაკარ გავრცელდა. მოსახლეობას ამის შესახებ მერის წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა უამბეს, რომლებმაც იდეების დამფინანსებელი ფონდის კონტაქტები, ერთ ფურცელზე დატეული განაცხადის ფორმაც დაარიგეს. 10-ლარიანი განაცხადის ეს ფორმები "ფინანსების გამცემი" ფონდის გურიის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ შენობებში გამართული შეხვედრების დროს გადასცეს.

ამ ამბავმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია _ განაცხადის უმარტივესი ფორმა ათეულობით ადამიანმა შეავსო და ფონდის ანგარიშზე 10-10 ლარიც შეიტანეს:

_ ეს რა კარგი ფონდი გამოჩნდა! 10 ლარს შეიტან, შენს იდეას ჩაწერ და დაგაფინანსებენ _ ეზოს შეგიღობავენ, ბოძებს დაგიდგამენ, ფუტკრის სკებს შეგიძენენ, _ ამბობდნენ გურიაში.

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ დონორ ფონდებთან შეხება, ეს ამბავი თავიდანვე საეჭვო იყო, რადგან არც ერთი სოლიდური და ავტორიტეტული ფონდი განაცხადის შევსებაში გადასახადს არ ითხოვს.

"გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ე. წ. პროექტში ჩართვით ეცადა.

როგორც გავარკვიეთ, ამ ფონდის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი გია გოგუაძე იყო, რომელიც თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრებს, როგორც მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან, ასევე, რწმუნებულებთან და დეპუტატებთან მართავდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, გია გოგუაძე სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრის თხოვნით დაუკავშირდა:

დაგვიკავშირდა ბატონი გია გოგუაძე არასამთვრობო ორგანიზაციის _ მრავალმხრივი დიპლომატიის ინსტიტუტის“ სახელით და გვითხრა, რომ იწყებოდა პროექტის გახორციელება სათაურით _ ამერიკელების ფული ქართველი ხალხისთვის. თხოვნა იყო სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრა ინფორმაციის გადაცმის მიზნით, რაც გახორციელდა კიდეც.

ბატონ გიას თან ახლა აკაკი სიხარულიძე, რომელიც გოგუაძის განმარტებით, მას შემდეგ რაც ორგანიზაციის გურიის ფილიალი დაფუძნდებოდა იქნებოდა გაცემული გრანტების უსაფრთხოებისა და მონიტორინგის ნაწილში. სხვა ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ინფორმაცია არ გაგვაჩნია, _ გვითხრა კუჭავამ.

სიტუაციაში რომ უკეთ გავრკვეულიყავით, პირადად გია გოგუაძეს დავურეკეთ, ფონდის შესახებ ვკითხეთ და ვთხოვეთ, აეხსნა, როგორ შეგვევსო განაცხადი.

გოგუაძე დაგვპირდა, რომ ჩოხატაურში ჩამოსვლისთანავე შეგვხვდებოდა, მაგრამ არ გამოჩენილა, თუმცა, გამოჩნდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც ჯერ ხელმძღვანელ პირებს, შემდეგ კი მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

გოგუაძესთან ერთად, შეხვედრაზე უშიშროების ყოფილი თანამშრომელი აკაკი სიხარულიძე და ფონდის სხვა თანამშრომლებიც იყვნენ.

ასე იყო სხვა მუნიციპალიტეტებშიც _ მოქალაქეებს შეხვდნენ, დააჯერეს, განაცხადებიც შეავსებინეს და თანხაც გადაახდევინეს.

გავიდა თვეები, თუმცა, დაფინანსება ვერავინ მიიღო. პარალელურად, ფონდის დამფუძნებლებს და პარტნიორებს შორის განხეთქილება მოხდა და ითქვა, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას.

გაირკვა ისიც, რომ "იდეების განვითარების ფონდს" გამოეყვნენ ამერიკაში მცხოვრები, ბიზნესმენად ცნობილი დავით კარტოზიას ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებმაც "იდეების განვითარების ფონდის" სახელით, ცალკე ოფისები დააარსეს.

რეესტრში ეს ფონდები რეგისტრირებულია, როგორც _ "ზეიტერ სამეგრელო", "ზეიტერ გურია", "იდეების განვითარების ფონდი _ კახეთი" და ა. შ.

"იდეების განვითარების ფონდის" დირექტორმა დიანა სახურიამ "ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას" აღნიშნა, რომ რადგან ეს სახელი დაპატენტებული არ ჰქონდა, ვერაფერი მოიმოქმედა, რომ იმავე სახელით სხვა ფონდი არ დარეგისტრირებულიყო.

აღსანიშნავია, რომ "ზეიტერ სამეგელოსა" და "ზეიტერ გურიას" გარდა, არსებობს "ზეიტერ თელავი", "ზეიტერ ქვემო ქართლი", "ზეიტერ ჯორჯია" და თქვენ წარმოიდგინეთ, "ზეიტერ საბერძნეთიც" კი.

სახურიამ გამოცემასთან იმ სქემაზეც ისაუბრა, თუ ვინ და რაში იღებდა ფულს ფერმერებისგან და ვისი გრანტით უნდა მომხდარიყო მათი დახმარება. როგორც მან აღნიშნა, უშუალოდ მის ფონდში 10-ლარიანი მოსაკრებელი 6 ათასამდე ფერმერს აქვს შეტანილი. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ბედი ეწია ამ 6 ათასამდე ფერმერს და მათ მიერ გადახდილ თანხას, სახურიამ თქვა, რომ მათთვის თანხის დაბრუნება ასე მარტივად ვერ მოხერხდებოდა, რადგან თანხის ნაწილი ამერიკაში იყო გადაგზავნილი. თუმცა, მისი თქმით, ყველასთან ჰქონდათ საუბარი და აუხსნა, რომ ფონდი ცდილობს, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს თუ ორგანიზაციებს მოელაპარაკოს და მათ გრანტის მიღებაში მაინც დაეხმაროს: 

"ფერმერების მიერ შემოტანილი თანხა საქართველოში ფონდის ანგარიშზე ირიცხებოდა, საიდანაც 30% -ს ამერიკაში დავით კარტოზიას ვურიცხავდით. ორჯერ კი თანხა ვინმე ივი სარმიენტოსთან გადავგზავნეთ. რაც შეეხება სქემას, თუ როგორ ხდებოდა ფერმერებთან მუშაობა: ფერმერს შემოქონდა იდეა, შემდეგ ამ იდეებს დარგების მიხედვით ვანაწილებდით და ამერიკაში კარტოზიას ვუგზავნიდით, რადგან პროექტები იქ უნდა შექმნილიყო. ამისთვის ირიცხებოდა ფერმერების მიერ შემოტანილი თანხის 30%-იც.

რაც შეეხება გრანტებს, თანხების მობილიზებაზე ამერიკაში არსებულ ორგანიზაციას _ IMTD-ს უნდა ეზრუნა, რომლის დირექტორიც კერინ დიკმარი იყო. მისი გამოგზავნილი დოკუმენტიც მაქვს, რომელზეც მხოლოდ ხელმოწერაა და არანაირი ბეჭედი. სწორედ ამ ორგანიზაციას უნდა უზრუნველეყო დონორებზე გასვლა და დაფინანსების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ კარტოზიასთან თანამშრომლობის გაწყვეტამდე, კერინს ორჯერ ველაპარაკე და დამპირდა, "ყველაფერი იქნებაო". ამის შემდეგ არანაირი ურთიერთობა აღარ გვქონია. მცდელობის მიუხედავად, მასთან ურთიერთობა ვერ მოვახერხეთ, რადგან მის "ფეისბუქს" და "სკაიპს" უკვე კარტოზია პასუხობს", _ ამბობს სახურია. 

სახურიას საუბრიდან კარგად ჩანს, რომ ფონდს არავითარი საგრანტო დაფინანსება არ ჰქონდა და უკეთეს შემთხვევაში, სხვადასხვა დონორთან მოლაპარაკებას შემდგომ გეგმავდა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რას ნიშნავდა სახელწოდება _ "ზეიტერი" და ხომ არ ჰქონდათ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში საქართველოში დარეგისტრირებულ "ზეიტერებს" სათაო ოფისი, თუმცა, მსგავსი დასახელების მხოლოდ ერთ ორგანიზაცია მივაგენით _ აშშ-ში, კალიფორნიაში "ზეიტერი" სამედიცინო დაწესებულებას ჰქვია. ამის შემდეგ "ზეიტერ გურიას" დამფუძნებელს გია გოგუაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ "ზეიტერი" აბრევიატურაა და "დროს, სისწრაფეს და ხარისხს" ნიშნავს, თუმცა, რომელ ენაზე, ეს ვერ გავარკვიეთ.

კარტოზიასთან დაკავშირება "გურია ნიუსმა" არა ერთხელ სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენს გზავნილებს ნახულობდა, პასუხი არც ერთ კითხვაზე არ მოგვწერა. კარტოზიამ, ასევე, უპასუხოდ დატოვა კითხვა, როგორ და ვისი მეშვეობით შეარჩია გურიის წარმომადგენლობა.

კარტოზიასთან განსხვავებით, კითხვებზე გვიპასუხა გია გოგუაძემ, რომელიც კარტოზიას გუნდის წევრია. ყოფილი გამგებელი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და ახლა უკვე ფონდის გურიის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არანაირი თაღლითობა არ ხდება:

_ 2 ივნისს მოგვივიდა მოწვევა რეგიონის ოფისების ხელმძღვანელებს და ამერიკაში მივდივართ, ფონდის სათაო ოფისში. ეს რომ თაღლითობა იყოს, როგორ წავიდოდი?! _ გვითხრა გია გოგუაძემ.

მისივე თქმით, გურიაში სულ 500 განაცხადი აქვს მიღებული:

_ ყველა განაცხადი გადაგზავნილია ამერიკის ოფისში. მონიტორინგიც დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის არა რაოდენობა, არამედ ხარისხია მთავარი. დაახლოებით 50 ადამიანს ფული არ გადავახდევინე მე პირადად _ ავიღე საკუთარ თავზე, რადგან სოციალურად დაუცველები იყვნენ, _ ამბობს გოგუაძე.

კიდევ ერთი დეტალი, რის გარკვევაც ჩვენ გვაინტერესებდა, ის იყო, თუ რატომ ჩაერთნენ ამ ამბავში უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც შეხვედრებზე ამბობდნენ, რომ ეს ამერიკის მთავრობის (USAID-ის) მოთხოვნა იყო.

_ ბატონი აკაკი სიხარულიძე წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურს. მის შესახებ ოფისიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვენთან იქნებოდა. უშუალოდ ჩემთან არ მუშაობს _ ამ განვითარების ფონდის ცენტრალური ოფისის უსაფრთხოების სამსახურია. მათ უფრო მეტი საქმე გრანტების გაცემის შემდეგ ექნებათ. მარტივად რომ ვთქვათ, კონტროლი ევალება, რომ, ვთქვათ, მე და გრანტის მიმღები გარიგებაში არ შევიდეთ, _ გვითხრა გოგუაძემ.

ფონდის გურიის ოფისის ხელმძღვანელისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის აკაკი სიხარულიძე: კითხვაზე, რა სტატუსით ესწრებოდა შეხვედრებს, ამბობს, რომ არც სტატუსი და არც შეხება ამ ფონდთან არ აქვს:

_ შეხვედრებზე ვიყავი. კი, მაინტერესებდა... არაფორმალური პოზიციით(?!). მერიაში გიას ვახლდი. მაშინ, იქ მაშინ მისულთაგან არავის ჰქონდა სტატუსი. არსებობდა მონახაზი, _ გვითხრა აკაკი სიხარულიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია ფონდის თაღლითური სქემის შესახებ, რომელზეც თვეებია, ბევრი იწერება, გვიპასუხა, რომ ინფორმაციის გადამოწმება Google-ში შეგვიძლია:

"ნახეთ ზეიტერი გუგლში და მოისმენთ, ნახავ, იმდენი რამ დევს", _ ამბობს სიხარულიძე.

_ ბატონო აკაკი, ეს რომ ვნახეთ, იმიტომაც გვაქვს შეკითხვები.

_ არ ვიცი. ჰკითხეთ გია გოგუაძეს. მან ჩემზე ასჯერ მეტი იცის, _ გვითხრა სიხარულიძემ და დაგვპირდა, რომ "თუ რამე იქნა სიახლე ან თუ სტატუსს მოიპოვებს", გაგვაგებინებს.

ის, რის თქმაც სიხარულიძემ არ ისურვა, გვითხრა გოგუაძემ _ მისი ინფორმაციით, აკაკი სიხარულიძესთან ფონდის საქმეებზე ბოლო საუბარი მაისის შუა რიცხვებშიც ჰქონდა:

_ რა თქმა უნდა, ფონდის საქმეებზე ვისაუბრეთ. ის უშუალოდ ჩემი თანამშრომელი არ არის და ვიცი, რომ სამომავლოდ უსაფრთხოების სამსახურს წარმოადგენს. ესენი საზოგადოებრივ საწყისებზე არიან. ჩვენც საზოგადოებრივ საწყისებზე ვართ.

_ ბატონი აკაკი ამბობს, რომ ფონდთან შეხება არ აქვს...

_ შეიძლება, უშუალოდ ჩვენს ფონდთან შეხება არ აქვს და არ ერევა რაღაცეებში, მაგრამ ცენტრალური ოფისიდან დამირეკეს და შეხვედრებზე დადის, _ დაგვიზუსტა გია გოგუაძემ.

ამ საუბრის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ დავით კარტოზიასთან დაკავშირება და იმის გარკვევა, რატომ ჩართეს ფონდის საქმიანობაში უშიშროების ყოფილი თანამშრომლები და რის საფუძველზე პირდებიან ადამიანებს დაფინანსებას. კომუნიკაცია არც ამჯერად შედგა _ კარტოზია არ გვესაუბრება, მის ფეისბუქზე გამოქვეყნებული ერთ-ერთ ინტერვიუში კი ამბობს, რომ მის ორგანიზაციას ფილიალები მხოლოდ საქართველოში არ აქვს. კარტოზია განაცხადის შეტანის საფასურს _ 10 ლარს "საწევროს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს თანხა ნაწილდება:

"რაც შეეხება საწევრო გადასახადის თემას, ჩვენ რომ ამერიკიდან ფულით შემოვსულიყავით და ამ ორგანიზაციის გახსნა დაგვეწყო, ეს მონათლული იქნებოდა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი, რის მცდელობებიც იყო. ამიტომ, ამის თავიდან ასარიდებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ სერიოზული ორგანიზაცია ვართ და ხალხის ნება-სურვილს ვეყრდნობით, შევქმენით თვითდაფინანსება. აქ იგულისხმება ის 10-ლარიანი საწევრო განაცხადი/გადასახადი, რომელიც შემოდის ორგანიზაციაში და ნაწილდება. კერძოდ, 5 ლარი მოდის ამერიკაში, 5 რჩება საქართველოში. ეს ყველაფერი კი სისტემის შექმნას ხმარდება", _ ამბობს დავით კარტოზია.

ამ ინტერვიუში კარტოზია იმასაც ამტკიცებს, რომ ამერიკის მთავრობა და USAID გამოდის წინადადებებით და ეკონომიკის აღორძინებისთვის გამოყოფს 20 მილიონ დოლარს:

"თუ ჩვენ მიერ გაჟღერებულ და USAID-ის მიერ დასახელებულ თემებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ეს 20 მილიონი არავისზე არაა მიმართული და საბუთს თუ წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ უნდა იყოს ახალი მიდგომები, ახალი სისტემები შექმნილი და სწორედ ამ სისტემას ვქმნით ჩვენ", _აღნიშნავს კარტოზია. 

კარტოზიას მტკიცებით, "მას შემდეგ, რას USAID-მა შეწყვიტა საქართველოსთვის გრანტების მიცემა, ჩატარდა კოლოსალური სამუშაო და ბოლო-ბოლო მივიღეთ შედეგი _ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოს დახმარების სახით, პირველ ტრანშს გამოუყოფს 20 მილიონ დოლარს. ეს 20 მილიონი საწყისია იმ დიდი პროექტისა, რომლის გახორციელებაც აშშ-მ საქართველოში დაიწყო", _ ამბობს კარტოზია.

მისივე თქმით, "იმაში, რომ ეს აშშ-მ ეს პროექტი დაიწყო, დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს მთავრობას და მის (ანუ კარტოზიას) ჯგუფს" (??!!).

კარტოზიას მიერ გაკეთებული განცხადებების გადამოწმება ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ვცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ არც საელჩოს და არც USAID-ს ამ ადამიანთან არანაირი კავშირი არ აქვთ და კარტოზიას შესახებ მხოლოდ მედიით სმენიათ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ დავით კარტოზია, წლების წინ, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "ლაზიკას" პროექტის იდეის მოპარვას ედავებოდა.

დავით კარტოზია მაშინ აცხადებდა, რომ პროექტი, რომლის თანახმადაც, 30-32 ათას მოსახლეზე გათვლილი "ლაზიკა" 22-ე საუკუნის, "მწვანე ქალაქი" უნდა ყოფილიყო და რომლის მცხოვრებლებიც, ძირითადად, ხამანწკების წარმოებაზე დასაქმდებოდნენ, საქართველოს მთავრობას 2010 წლის 16 დეკემბერს შესთავაზა, თუმცა, 2012 წლის 14 დეკემბერს შეიტყო, რომ "იდეა მოპარეს და პროექტს მიღმა დატოვეს". ამის შემდეგ, კარტოზიას, მისი თქმით, ივანიშვილთან თანამშრომლობა სურდა და მის გუნდშიც კი გეგმავდა გაერთიანებას.

ჩვენ ინტერნეტში გადავამოწმეთ და მოვიძიეთ "ზეიტერის" ვებგვერდი: zeiter.ge, თუმცა, ამ ვებგვერდზე ვერსად ვიპოვეთ, თუ რა სახის გრანტებს და რა პირობებით გასცემს აღნიშნული ორგანიზაცია; ვერც ის გავიგეთ, თუ რა მისია აქვს "ზეიტერს" და ვინ არიან მისი თანამშრომლები _ ღილაკი "ჩვენ შესახებ" არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს. ვებგვერდზე განთავსებულია ვინმე ნინო ქობალიას ტელეფონის ნომერი და რაც მთავარია, ისევ განთავსებულია განაცხადის გაგზავნის ღილაკი, რომელზე დაწკაპუნებითაც გადადიხართ განაცხადის შევსების ფორმაზე, სადაც მუქი შრიფტითაა მითითებული ანგარიშის ნომერი, რომელზედაც უნდა გადარიცხოთ ათი ლარი! ამ მწირი ინფორმაციების ფონზე, აშკარად თვალშისაცემია ფოტო გალერეა, სადაც გამოქვეყნებულია სხვადასხვა რეგიონებში ფონდის შეხვედრების ფოტოები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მოქალაქეების პორტრეტები და სხვადასხვა თვალსაჩინო მასალა ყოველგვარი განმარტებების გარეშე.

ამ ყველაფრის პარალელურად, ქვეყანაში, დაახლოებით 30 000-მდე ადამიანი დაფინანსებას ელოდება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც განაცხადი შეავსეს და 10-ლარიანი გადასახადიც გადაიხადეს.

მათ ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ, თუმცა, პირად საუბრებში არ მალავენ, რომ თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ. უფრო მეტიც, როგორც გვითხრეს, გურიაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი პროკურატურაში განცხადების შეტანასაც კი გეგმავს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ თემაზე მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც _ როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ეს და მსგავსი თაღლითობა საქართველოში დასავლური კურსის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, რაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება: "არ არის გამორიცხული, ამ აფიორის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. საინტერესოა, სად არიან სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა, სახელმწიფო, როცა ქვეყანაში ასეთი მასშტაბური თაღლითობა ხდება, თანაც პარტნიორი ქვეყნის სახელით!" _ ამბობს ჩვენი წყარო.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "თუ ეს ყველაფერი სიმართლეა და არავის არაფერზე აქვს კონკრეტული პასუხები, ნამდვილად მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს მთელი აპლიკაციის პროცესი":

"საწევროს _ 10 ლარის გადახდა ერთი პირისთვის შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ თუ მართლა 30 000 ადამიანს აქვს გადახდილი, ეს უკვე 300 000 ლარია, რაც უკვე აღარ არის მცირე თანხა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს 300 000 ლარი არც იმდენია, რომ დიდი მასშტაბების ფონდის თუნდაც ადმინისტრაციული ხარჯები შეინახოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თან მაშინ, როგორც ამბობენ, როდესაც თანხის ნახევარი აშშ-ში მიდის. აქედან გამომდინარე, ნამდვილად შეიძლება საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდეს მთელი ამ სქემის რეალურობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ის, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ პირებთან საუბრებით და არ დასტურდება სხვა წყაროებით, დამატებით აჩენს ეჭვებს და ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ქვეყნებისა (აშშ) თუ ფონდების (USAID) სახელების გამოყენებით, მოცემული სქემის ავტორები ლეგიტიმურობის მოპოვებას ცდილობენ.

თუ სქემა თაღლითურია, რის გამოცდილებაც გვაქვს საქართველოში (მაგალითად, პირამიდას ტიპის ქსელები) და დავუშვებთ, რომ გამიზნულად და გაცნობიერებულად ხდება აშშ და USAID-ის სახელების გამოყენება, კონკრეტულად რა მიზანს შეიძლება ეს ემსახურებოდეს, რთულია თქმა. თუმცა, შეიძლება ორ ვერსიაზე საუბარი. ერთზე თქვენთან, როგორც აღნიშნეთ, წყაროც საუბრობს, რომ. შესაძლოა. საქართველოს პროდასავლური კურსის დისკრედიტაციაზე იყოს მომართული ეს ყველაფერი, რადგან 30 000 ადამიანის იმედგაცრუება და გაბრაზება მიმართული იქნება არა მხოლოდ ამ სქემის ავტორებისკენ, არამედ აშშ-ს მისამართითაც. ამის უკან რამდენად დგას რუსეთის სპეცსამსახურები, ეს კიდევ ცალკე საგანია და შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ. მეორე ვერსია არის უბრალოდ თაღლითური სქემისთვის სანდო სახელებისა და აქტიორების გამოყენება იმისთვის, რომ მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული ნდობა გახდეს საფუძველი სქემის მიმართ ნდობისა. ამ შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, რომ უფრო მაღალი პოლიტიკური დღის წესრიგი, შეიძლება, უბრალოდ არ არსებობდეს", _ ამბობს კახიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების ვერსია იმ მოსაზრებით შეიძლება გამყარდეს, რომ თანხა რეალურად არ არის დიდი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანია ფონდის ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართული და რამდენი შეხვედრის ჩატარება უწევთ მათ:

"შესაბამისად, ფინანსური დაინტერესება შეიძლება მინიმალურიც კი იყოს. ამიტომ, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ რეალობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იმის გარკვევა, დგას თუ არა რუსეთი ამ სქემის უკან, არის ის, თუ როგორ და რატომ ხდება, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მსგავს ხაფანგში (თუ დავუშვებთ, რომ ეს ყველაფერი ფულის გასაკეთებელი მანქანაა) ებმება; რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური განათლება ჰქონდეთ, რომ ასე მარტივად არ დაიჯეროს მსგავსი იდეები. ეს უფრო მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთი საეჭვო სქემების მიმართ არის მოწყვლადი. საჭიროა საზოგადოების მედეგობის გაზრდა და მათ განათლებასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უფრო აქტიური მუშაობა, ვიდრე ეს ახლა ხდება", _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ლევან კახიშვილი.




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...