მილიონიანი სახელმწიფო ქონება 9 ათას ლარად გაიყიდა_ კორუფციული გარიგება თუ კანონიერი გასხვისება

მთავარი თემა

მილიონიანი სახელმწიფო ქონება 9 ათას ლარად გაიყიდა_ კორუფციული გარიგება თუ კანონიერი გასხვისება

9 მარ. 2018, 18:19:13

ურეკში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, 2 ჰექტარი მიწის აუქციონის წესით გაყიდვა საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს. როგორც „გურია ნიუსს“ აცნობეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის სკოლის პედაგოგები სასამართლოს გზით აპირებენ აღნიშნული მიწის გაყიდვის კანონიერების დადგენას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე ვწერდით.

2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ურეკში, ე. წ. “ჩირეს“ ტერიტორიაზე, სოფელ შრომის სკოლას ამავე სოფლის გამგეობამ 2004 წლის 4 იანვარს საჩუქრად გადასცა, დღეს კი ეს ტერიტორია გაყიდულია. სოფელ შრომის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ყოფილი გამგებელი ზურაბ მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას, აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მიერ კორუფციულ გარიგებას უკავშირებს. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს და იქ 1 კვმ. მიწის ნაკვეთი, დაახლოებით, 40 დოლარი მაინც ღირს.

_ 50 თეთრადაა გაყიდული 1 კვადრატული მეტრი და 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთში 9 ათასი ლარია გადახდილი, მაშინ როცა, მინიმუმ, მილიონი ლარი მაინც ღირს. 1995 წლიდან 2011 წლამდე ვმუშაობდი შრომის თემის გამგებლად და ამ ხნის განმავლობაში, ამ ნაკვეთის გაყიდვის ან სხვისთვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ საკითხი არ დასმულა, _ ამბობს მჟავანაძე.

როგორც ყოფილი გამგებელი ამბობს, შრომის სკოლას, სოფლის ყრილობის გადაწყვეტილებით, 1994 წელს გადაეცა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ურეკში, ე. წ. “ჩირეს“ ტერიტორიაზე; ნახევარი ჰექტარი კი ასევე შრომის თემში შემავალ ხრიალეთის არასრულ საჯარო სკოლას გადასცეს. სკოლები მაშინ ამ მიწებს სანერგე მეურნეობად იყენებდნენ. მაშინ სოფლის გამგებელი ჯუმბერ ქურცუა იყო.

_ შემდეგ დაისვა საკითხი, რომ ოფიციალურად გაფორმებულიყო ეს მიწის ნაკვეთი სკოლაზე. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ეს უზურფრუქტის წესით მომხდარიყო. დღესაც არსებობს ყრილობის ოქმი. ამას გარდა, ამის დამტკიცება მოწმეებსაც შეუძლიათ.

როცა გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობები, ეს მიწაც მუნიციპალიტეტის ქონება იყო და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, თუმცა, ყველამ იცოდა, რომ ეს იყო პრივატიზაციის გარეშე დატოვებული მიწა.

კარგად ხედავთ, როგორი ტერიტორიაა და ვინ დატოვებდა პრივატიზაციის გარეშე, თუმცა, რადგან სკოლისთვის იყო გამოყოფილი, პრივატიზაცია არ შეხებია.

გაოგნებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ  50 თეთრად არის გაყიდული 1 კვადრატული მეტრი, როცა ამ ტერიტორიაზე. დღეს, 30-40 დოლარია მინიმალური ფასი. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან. ისეთ პიროვნებას აქვს ნაყიდი, რომელიც სოფელთან არანაირ კავშირში არ არის და შესაბამისად, ეს მისი პირადი ინტერსებისთვის არის შეძენილი. ვინ დგას ამ პიროვნების უკან _ ეს კიდევ გამოძიების საქმეა.

და კიდევე ერთი_ რატომ არის ოფიციალურად დაფიქსირებული 18 350 კვ.მ.? მიწის ნაკვეთი 2 ჰექტარი იყო _ სად და როდის გაქრა 1 650 კვადრატული მეტრი? ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, _ ამბობს ზურაბ მჟავანაძე.

ჩვენ შევეცადეთ ყველა პასუხისმგებელი პირისგან მოგვეპოვებინა კომენტარები.

შრომის ყოფილი გამგებელი მაყვალა დარჩია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას დაა, ამბობს რომ ეს კითხვები მას არ ეკუთვნის.

_ ქალბატონო მაყვალა, თქვენი გამგებლობის პერიოდში მოხდა სოფელ შრომის სკოლაზე გადაცემული მიწის ნაკვეთების გაყიდვა. რას ფიქრობთ, რამდენად კანონიერად გასხვისდა ურეკში 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი?

_ კანონიერად ეს ნაკვეთი შრომის სკოლის არასოდეს ყოფილა _ არ არსებობს ამის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. ეს იყო სიტყვიერი შეთანხმება სკოლის დირექციასა და მიწის მართვის მაშინდელ სამსახურს შორის. რაც შეეხება კანონიერ გასხვისებას, აღნიშნული ნაკვეთი იყო მუნიციპალური ქონება. ის გასხვისდა ღია და საჯარო აუქციონის წესით, რომლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო ადგილობრივ გაზეთში და ვებგვერდზე.

_ თქვენ, როგორც შრომაში მცხოვრები, ფლობდით თუ არა ინფორმაციას, რომ ეს ტერიტორია შრომის სკოლას სოფლის ყრილობამ საჩუქარად გადასცა და წლების მანძილზე ამ ნაკვეთით პედაგოგები სარგებლობდნენ ?

_ მსგავსი ყრილობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. თუ შეიძლება მიწის ჩუქება მხოლოდ სიტყვიერად, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე, მაშინ სიტყვიერად იმდროინდელ გამგებელს გაუსხვისებია და შეგიძლიათ მას შეეკითხოთ. თუკი ასეთ შემთხვევას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაშინ სოფლის ხელმძღვანელობამ, შრომის საშუალო სკოლების დირექტორებმა და, შესაბამისად, პედაგოგებმა 1996 წლიდან 2006 წლამდე, როცა მიმდინარეობდა მიწების პრივატიზება, რატომ არ იბრძოლეს იმისთვის, რომ მოეხდინათ აღნიშნული ნაკვეთის პრივატიზება? _ ამბობს მაყვალა დარჩია.

ჩვენ დავინტერესდით, ფლობს თუ არა ინფორმაციას სადავო საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, იცის თუ არა, რამდენად გაიყიდა 1 კვ.მეტრი, რაა ამ მიწის რეალური ფასი, ვისი ინიციატივით გაიტანეს ეს ნაკვეთი აუქციონზე, ვინაა რეალური მფლობელი და იცოდა თუ არა მან, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს სოფელ შრომის სკოლა სარგებლობდა წლების მანძილზე:

_ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხის მობილიზების მიზნით, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის შემუშავებას და საკრებულოში ინიცირებას ახდენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. საპრივატიზაციო ქონების ნუსხა მტკიცდება განკარგულებით, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიური ორგანო _ საკრებულო. განკარგულების მიღებამდე, ნუსხაზე მსჯელობს შესაბამისი დარგობრივი კომისია, ბიურო და საბოლოოდ განიხილება საკრებულოს სხდომაზე. განხილვის პროცესში, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირი მოსარგებლე არ დაფიქსირებულა, სადავო არ გამხდარა საკითხი და შესაბამისად, საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა განკარგულება საპრივატიზაციო ქონების ნუსხის შესახებ, რომელშიც შევიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთიც.

პრივატიზება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხდება საჯარო აუქციონის გზით; მიწის ნაკვეთის ფასი კი დგინდება დამოუკიდებელი აუდიტის მეშვეობით. აუქციონისა და საპრივატიზებო ობიექტების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ადგილობრივ მედიასაშუალებაში, ასევე ბებ გვერდზე eauction.ge და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა აუქციონში, _ გვითხრა დარჩიამ.

_ ჩვენთან საუბრისას, რესპონდენტები აღნიშნულ ფაქტს კორუფციულ გარიგებას უკავშირებენ...

_ ამ შემთხვევაშიც მიწის პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით მოხდა. მუნიციპალიტეტის საკრებულო დღემდე მოქმედებდა და მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

“გურია ნიუსი“ კომენტარისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, არჩილ ყაზაიშვილს დაუკავშირდა. ყაზაიშვილი იმ პერიოდში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გამცემ მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიასაც ხელმძღვანელობდა.

_ ბატონო არჩილ, რამდენად კანონიერად მოხდა 2 ჰექტარი მიწის გატანა აუქციონზე  და გაყიდვა ე.წ. “ჩირეს“ ტერიტორიაზე, რომელიც შრომის მცხოვრებლების, ყოფილი გამგებლის, ასევე პედაგოგების თქმით, მათ ეკუთვნოდათ?

_ აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება გახორციელდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

_ რა ღირს აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი და ვის მიერ არის შეფასებული?

_ მუნიციპალიტეტში საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი ფასის ოდენობით.

_ აუქციონი არჩევნების პერიოდს დაემთხვა, საკუთრების გაფორმება კი მეორე ტურის დამთავრების მეორე დღეს მოხდა. გვაქვს თუ არა საქმე კორუფციულ გარიგებასთან, რის შესახებაც სოფელ შრომის მცხოვრებლები საუბრობენ?

_ მუნიციპალური ქონების მართვა-განკარგვა ჩვეულებრივ სამუშაო პროცესს წარმოადგენდა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებდით. საჯარო აუქციონები იმართებოდა, მინიმუმ, თვეში ერთხელ მაინც და ეს პროცესი არანაირად არ იყო არჩევნებთან კავშირში; მით უფრო, რაიმე კორუფციულ გარიგებაზე საუბარიც ზედმეტია, _ამბობს ყაზაიშვილი.

როგორც უკვე ვწერდით, სადავო ნაკვეთი ლაშა მგელაძემ შეიძინა. მან გასული წლის შემოდგომაზე, ნაკვეთში, რომლის საკადასტრო კოდი იყო 26.34.01.244, ხოლო ფართობი _18 350 კვადრატული მეტრი, 9 000 ლარი გადაიხადა. 2018 წლის მარტში, მგელაძემ ეს ნაკვეთი ორ ნაწილად გაყო _ ერთის ფართობი დღეს 16 850 კვადრატული მეტრია საკადასტრო კოდით _ 26.34.01.319, მეორე კი 1 500 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდით _26.34.01.320. როგორც მგელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობდა, იგი აუქციონში მონაწილე 9 პირს შეუთანხმდა და ისე იყიდა აღნიშნული ნაკვეთი. მგელაძის ნათქვამიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ მან უკვე დაიწყო მიწის ნაკვეთის შეთანხმებაში მონაწილე 9 პირზე განაწილება. ამ ეჭვს სოფელ შრომის სკოლის მასწავლებლებიც იზიარებენ _ ისინი ამბობენ, რომ, მათი ინფორმაციით, მგელაძემ ნაკვეთის ერთი ნაწილი უკვე გაყიდა.  

როგორც ჩვენ მიერ მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, მიწის ნაკვეთის ღირებულება ინდივიდუალურმა აუდიტორმა დავით რობაქიძემ შეაფასა და კვადრატული მეტრის ფასად 50 თეთრი განსაზღვრა.

რობაქიძის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, მან „მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერება-შემოწმებისა და მის შესახებ არსებული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად დაადგინა, რომ 18 350.0 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი არასწორი რელიეფისაა, არ აქვს მისასვლელი სამანქანო გზა და დღეისათვის გაუმჯობესების გარეშეა. ამ ნაკვეთის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით მისი საუკეთესოდ და ეფექტიანად გამოყენების პირობებში.

ჩატარებული მოკვლევებისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოთხსენებული მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: 26.34.01.244) 1.0 კვ.მ.-ის ღირებულება განისაზღვრება 0.50 (0 ლარი და 50 თეთრი) ლარით, შესაბამისად მთლიანი ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრება (18350x0.5) 9175.00 (ცხრაათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარით“, _აღნიშნულია აუდიტორის დასკვნაში.

გარდა ამისა, რობაქიძე ჩვენთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ თუ კარგად ახსოვს, ნაკვეთი დაჭაობებულიც იყო.

არადა, ჩვენ მიერ და თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მიწის ნაკვეთი ვაკეს წარმოადგენს, არც ჭაობია სადმე, გარშემო საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა, პლაჟიდან 350 მეტრითაა დაშორებული და, რაც მთავარია, გვერდით ფართო სამანქანო გზა ჩამოუდის.

დავით რობაქიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულად არ ახსოვს, იმყოფებოდა თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე და ახლდნენ თუ არა ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლები.

_ ბატონო დავით, ურეკში მიწის ნაკვეთის  1 კვ.მეტრი  50 თეთრად შეაფასეთ. დასკვნაში გიწერიათ, რომ 2 ჰექტარი მიწა არის არასწორი რელიეფის და არ არსებობს მასთან მისასვლელი სამანქანო გზა. არადა, როგორც ვნახეთ, ნაკვეთი ვაკეს წარმოადგენს, მდებარეობს ურეკის ცენტრში და იქ ფართო გზაც მიდის...

_ ეს ურეკში? არა მგონია მასე ყოფილიყო. იცით, რაა?  როცა ასეთ სერიოზულ, დიდ მიწას ეხება საქმე,  იმას აუცილებლად ადგილზე ვნახულობ. შეიძლება, სადღაც სოფელში, დაკარგულში არ ჩავიდე და რუკაზე ვნახო. მაქ კი მახსოვს დიდი ნაკვეთი იყო. მგონი, დაჭაობებული, ასე მახსოვს,

_ როგორ დაწერეთ დასკვნა, რომელში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება?

_ ხშირად ხდება, რომ მივყავარ მათ და მაჩვენებენ, რომელ ტერიტორიაზეა საუბარი.

_ ამ ტერიტორიის დათვალიერებისას  ადგილზე ვინ გახლდათ?

_ ასე კონკრეტულად აღარ მახსენდება, არ ვიცი სახელი და გვარები. ვისაც მანქანა ჰყავდა, ის დამყვებოდა.

_ საერთოდ ხართ ნამყოფი იქ?

_ ვიქნებოდი, კი.

_ რა თანხა გადაგიხადეს სამუშაოს შესრულებაში?

_ მე ვარ ტენდერში გამარჯვებული, მაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. შესაბამისად, რასაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება, ის გადამიხადეს _ სხვა რა თანხას გადამიხდიდნენ?!

_  ზღვის სანაპიროზე მდებარე მიწის კვადრატული მეტრის ფასი _ 50 თეთრი როგორ განსაზღვრეთ?

_ ფასიც მე დავწერე, კი. მახსოვს დიდი ტერიტორია იყო, გრძელი ნაკვეთია. როდესაც ნაკვეთი გამოუსადეგარია, მაშინ ღირს იაფი. მე, როგორც მახსოვს, მაჩვენეს და შენობებიდან მოშორებული იყო. ასეთი დაბალი ფასი ღირს... იცით, როგორ იყო? ასე დავწერე? მინიმალური ფასი მაქ  5 და 10 ლარი მიწერია და რა ვიცი, აბა?! _ ამბობს რობაქიძე.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის განყოფილების ყოფილ უფროსს მალხაზ გორგოშიძეს, რომელიც ამბობს, რომ აუდიტორის შეფასებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს:

 _ როგორ აფასებდა აუდიტორი არ ვიცი. მე ვიყავი მაშინ აუქციონატორი და ასევე ქონების მართვის განყოფილების უფროსი. აუქციონზე გასატან მიწებს შესაბამისი კომისია სწავლობდა. აუდიტორი აკეთებდა დასკვნებს. როგორ აფასებდა და რა კრიტერიუმით, არ ვიცი.

_ იყავით თუ არა აუდიტორთან ერთად ადგილზე, როცა ის ნაკვეთს აფასებდა?

_ არა, არ ვყოფილვარ. თვითონ შეიძლება კი ნახა, თუმცა, მე არ ვიცი, რა ქნა. მე დავდიოდი იქ, სადაც იყო შენობები. მაქ არ ვყოფილვარ და მართლაც არ ვიცი, როგორ ხდებოდა შეფასება, _ გვითხრა გორგოშიძემ.

სოფელ შრომის სკოლის თანამშრომლებმა მიწის ამ ნაკვეთის გაყიდვის გამო, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. პედაგოგი ლალი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ იგი პირადად ესწრებოდა იმ ყრილობას,  რომელმაც შრომის სკოლას აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადასცა:

_ ის ჩვენი ნაკვეთი იყო _ დავდიოდით, ვმუშაობდით, ვთესავდით და ვიღებდით მოსავალს. ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს მიწა პირად სარგებლობაში გადმოეცათ, თუმცა, ეს არ მოხერხდა _ გვატყუებდნენ. დაიკარგა საბუთებიც, იყო დადგენილებები, რომელიც გაქრა.  ხელისუფლების  ყველა ცვლილების დროს სხვადასხვა პასუხს ვიღებდით _ რამდენი ხელისუფლება შეიცვალა, იმდენ სხვადასხვა პასუხს ვიღებდით: „გაქრა; არ არის; ვერ ვნახეთ; ჰაერშია გამოკიდებული ეს მიწა...“

ჩვენ არ ვიცოდით, ამ მიწის აუქციონზე გაყიდვა თუ შეიძლებოდა. ეთქვათ ჩვენთვის და შევისყიდდით, ასე ჩუმად რომ გაყიდეს! უკვე მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვთ ამ მიწების დაბრუნებას, _ ამბობს ჯახუტაშვილი.

“გურია ნიუსი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და მოკვლეულ მასალებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა,   ლევან ... ...
  • აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დაჯარიმდა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ "რეფორმერი ფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322-ე დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ქ. ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი". ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ ქ. თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2  დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ... ...
  • უბედური შემთხვევა ჩოხატაურში _ ბიჭი ე.წ. "დრაბილკაში" ჩავარდაუბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მდინარე სუფსის ნაპირზე მდებარე ქვის სატეხი საამქროს ე.წ. დრაბილკაში ბიჭი ჩავარდა. იგი მძიმე დაზიანებებით ჩოხატაურის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სადაც ჩვენივე ინფორმაციით ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პაციენტს ჰქონდა მუცლის და გულ-მკერდის ძლიერი ტრავმა ჰქონდა. მუცლის დახურული ტრავმა. დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. ოპერაციები ჩაუტარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაზიანებები შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან“, _ გვითხრა მედალფას ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელმა ანტონ ხუნდაძემ. დაღუპული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. ის 37 წლის ... ...
  • უწყლობა ხიდისთავში- როდის მიეწოდება მოსახლეობას წყალიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. სოფელში უწყლობის პრობლემა წყალსადენი მილის დაზიანებას უკავშირდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა. „დილიდან ამ პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. უკვე მესამეჯერ მივდივარ გორთაფონში. ხვალ დილისთვის სოფელს წყალი ექნება“,_ გვითხრა მერის ... ...
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. "ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...